fbpx

მზის გულზე მოსიარულეები – ლისაბონის გზამკვლევი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

ფოტო: სალომე კიკალეიშვილი

 

როგორ ხარ, აბა? არ დაიწყო ახლა, რა არის ეს შპალერები, ვოისმესიჯები გამოუშვიო. ხომ იცი ჩემი ამბავი, არა? არ მევასება ეს „დააჭირე, ილაპარაკე, გააგზავნე“, მერე ვუსმენ და მაჟრიალებს ხოლმე ჩემს ხმაზე. შენ თუ გინდა, მიგზავნე შენი ნარნარა ხმა, მაგრამ მე მოგწერ. 

ახლა უფრო ვხვდები, სად ვარ. 15 წლის წინ ჩამოვედი პირველად პორტუგალიაში და მაშინვე ეგ გავიფიქრე, აი, ამ ზღაპარში ვიცხოვრებდი-მეთქი. აქ ჩემი თვალები სულ ბედნიერია. ტვინი კი აურევს ხოლმე, მაგრამ მერე ზევით ავიხედავ და – სახურავებზე ამოსული ბალახ-ბულახი, კედლებზე მიტყეპებული კერამიკის ფერადი ფილები, წვრილ, დაკლაკნილ ქუჩებზე გასაშრობად გადმოფენილი სარეცხი… არ ვიცი, სადამდე გამყვება ეს გულის ფანცქალი, მაგრამ ჯერჯერობით ხომ არის?! 

ძალიან კარგ უბანში ვცხოვრობთ – საუ ბენტუზე, აი, განთქმული ბაიშა-შიადუს გვერდზეა, მთლად ცენტრში. არ მკითხო, როგორ ვიშოვე ეს ბინა. ძლივს, ნაცნობობით და „ჯერ შენ დაურეკე და მერე მე ეგრევე მივწერ“ – სულ ასე. თან ყველაზე სასაცილო ისაა, რომ არავის ვიცნობდით აქ, მაგრამ ერთი კინომცოდნე კაცი კი გავიხსენე, 1902-ში რომ გავიცანი სეტუბალში, კინოფესტივალზე. მივწერე – ოლა, პაოლო, მანდ ვაპირებ ცოტა ხნით გადმოცხოვრებას ოჯახთან ერთად და ერთხელ გნახავ-მეთქი. დავიღალეთ ოჯახი: პანდემია, უბედურება, ამდენი რუსი… ცოტა ხანი ამათგან მინდა დავისვენოთ-მეთქი. ეგრევე მიპასუხა – ოლა, ოლა, ჩემო სალომე! ჩამო, რა კარგია! თან ჩემს ახალ ცოლს გაგაცნობ, ძაან კაი გოგოა, რუსიო! 

პირველი კვირები ლოკალურად ვმოძრაობდი, სახლთან ახლო რადიუსში. სანახავი ადგილების სია გავაკეთე და გეგმის შესრულებას გულდასმით შევუდექი: ალფამას ძველი უბანი საუ ჟორჟის ციხესიმაგრითა და იქ მოყაყანე ფარშავანგებით; ბელემის კულტურული ცენტრი აღმომჩენთა მონუმენტით, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმითა და წმ. მარიას ეკლესიით (ამ ეკლესიაში იცი, როგორი სანთლებია? ფულს ჩააგდებ და თვითონ ინთება! ე ლ ე ქ ტ რ ო!); Maat-ის თანამედროვე და ელექტრობის მუზეუმები, ოკეანარიუმი და ვასკო და გამას თანამედროვე არქიტექტურა; გოტიკური Convento do Carmo-ს ნანგრევებად ქცეული კედლები, მუმიფიცირებული ბავშვებით… და, რაღა თქმა უნდა, სახელგანთქმული 28E. 

28E ყვითელი ტრამვაია, ლისაბონის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობა. ეს მხცოვანი, ხრიგინა, საუკუნოვანი ტრანსპორტი მარტინ მონიზიდან იღებს სათავეს და ტელეფონებით მომარჯვებულ ტურისტებს ძველ უბნებში დაატარებს. ხმაურითა და დიდი სისწრაფით დააგრიალებს ლისაბონის ვიწრო ქუჩებში და ისე ახლოს გადის ერთმანეთს მიტყუპებულ სახლებთან, რომ თუ მოგინდა, თავისუფლად შეყოფ ხელს რომელიმე მეზობლის ფანჯარაში და ყვითელი ტრამვაიდან გულითადად მიესალმები. ხოლო თუ ქუჩაში სეირნობისას წამოგეწია, მაშინ უკვე თანმიმდევრულად: იკავებ სუნთქვას, ხელებს შლი განზე და მთელი ტანით ეკვრები კედელს; ხოლო მუცელს, რაც ძალი და ღონე გაქვს ისრუტავ შიგნით. ნელა ითვლი – ერთი, ორი, სამი და მერე ჩვეულებრივად აგრძელებ ცხოვრებას. ისე, იმ დღეს მძღოლს ვუყურებდი, ხრიგინა მანქანის რკინის მრგვალ საჭეს რომ ატრიალებდა და ჯარმუში გამახსენდა – აი, მეც რომ ვისწავლო და ვატარო, რაა? ვითომ ვერ ვიზამ? იქნებ ლექსების წერაც დავიწყო. 

ქალაქში დაკარგვა ყველაზე მაგარი რამ ყოფილა. როცა წინასწარ დაგეგმილი არაფერია და სადღაც, მოსახვევში, აღფრთოვანების მოულოდნელობა დაგატყდება ხოლმე თავს. მგონია, რომ მაგ დროს ყველაზე გულწრფელ აღმოჩენას აკეთებ. ეგრე აღმოვაჩინე ჩემი საყვარელი სანტა ლუზიას ტერასა, რომელიც ლისაბონს ზემოდან გადმოყურებს. მგონი, მაგაზე მაგარი ხედი მთელ ლისაბონში არაა. პირველად რომ ამოვედი, იმპრესიონისტების ტილოზე მეგონა თავი: ლურჯი ცა, ყვითელი მზე, ქვემოთ ვეებერთელა თეთრი საკრუიზო გემი და უთვალავი წითელი სახურავი, ერთმანეთზე სასაცილოდ  და ოკრობოკროდ რომ მიტმასნილან. ბრტყელი ადგილი ამ ქალაქში თითქმის არაა. ან ზემოთ ადიხარ ან  ქვემოთ ჩადიხარ. მოკირწყლული ქუჩები ისეთი ვიწრო და პრიალაა (უნდა განახა, რას რეცხავენ ყოველ ღამე!),  ერთი კარგი გაგორების გარეშე ამ ქალაქის სტუმრობა წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, არც ჩვენმა ოთხკაციანმა ოჯახმა დაარღვია ლისაბონის დაუწერელი კანონი და „ღირსეულად მოსრიალება“, „უცერემონიოდ გათხლაშვა“ ან „მოულოდნელად აყირავება“ რამდენჯერმე გავითამაშეთ. დადა დამცინოდა იმ დღეს, მაღაზიიდან გამოსული რომ აყირავდი, პირველ რიგში, ჩანთის ქექვა რატომ დაიწყეო. აღარ მითქვამს, გადარჩენილ კვერცხებს ვითვლიდი. 

აქ რომ იყო, ხან რომელ ავტობუსში მომკრავდი თვალს და ხან რომელ ტრამვაიში. არც მეტროს ვაკლებ. ტრანსპორტის ერთთვიანი აბონემენტი ავიღე და 40 ევროდ მთელი თვე „ვგულაობ“. იაფი ქვეყანაა ეს ოხერი! დორადო, შმორადო, ორაგული, შმორაგული, მიდია, ხამანწკა, ლოკოკინა, რაც კი დაფოფხავს და დაცურავს ყველაფერი აწყვია დახლზე. დადას ვეუბნებოდი იმ დღეს – დეე, გახსოვს, მარტო „ბარაბულკაზე“ რომ გინათდებოდა თვალები და ისიც ბათუმში წასვლა რომ იყო ამისათვის საჭირო, ახლა თითი დაადე და აირჩიე-მეთქი. დახლზე ზოგ რაღაცას გაფართოებული თვალებით ვუყურებ, სახელს ვგუგლავ და ისე ვიგებ, საიდან იჭმევა. 

საღამოობით, გასაგრილებლად, ჩვენს ზემოთ უბანში, ესტრელაში ავდივარ. ლამაზი ეკლესიაა, წინ უუუმშვენიერესი ბაღით. ბაღი კი არა, მწვანეში ჩაფლული პატარა სამოთხეა. მაგ პარკში ყველაზე მეტად ხმების მოსმენა მიყვარს: ქოლგასავით გადაშლილი ხის ფოთლების, პალმის ვეებერთელა გრძელი ფურცლების, ქარის მოტანილი გაუგებარი სიტყვების. შენ წარმოიდგინე,  აქ ფარშავანგების ყროყონიც კი შემიყვარდა. აქა-იქ ძირს დაფენილ პარალონზე უცნაურად დაკრუნჩხული ხალხი დაგხვდება – იოგა, პილატესი, აქაც მაგრად ევასებათ. მე კიდე ჩემი ვარდისფერი „ჟგუტით“ დავდივარ, აი, ის, დინამოსთან რომ ვიყიდე 10 ლარად და ტრიცეპსებს ვამუშავებ ხოლმე. 

 

***

ანამ ბრაზილიელი გოგოები გაიცნო და მათთან ერთად პიკნიკზე დადის ხოლმე. ზოგჯერ კარკაველუშის სანაპიროზე მიდიან. ლისაბონიდან მატარებლით 30 წუთში ჩადიხარ და კაშკაის ჩაჭეჭყილ სანაპიროებს ნამდვილად სჯობს. დიდია და დემოკრატიული – ზოგი ფრიზბით თამაშობს, ზოგი – ბურთით, ზოგიც სერფინგისთვის ემზადება და ნაპირზე სახსრებს ახურებს. თითო-ოროლად წამოკოტრიალებულებს იშვიათად ნახავ, უფრო ჯგუფ-ჯგუფად უყვართ მოსვლა, ოჯახურად. სპეციალური ჩანთებით, როგორც წესი, აურაცხელი რაოდენობის ჩაციებული ლუდი მოაქვთ და JBL-ის დინამიკი. საერთოდ, როგორც დავაკვირდი, დინამიკი ყველა წესიერ პორტუგალიელს თან დააქვს ჯიბით, ჩანთით ან მხარზე გადაკიდებული. რა თქმა უნდა, ჩართული და ბოლო ხმაზე აწეული მუსიკით. 

მართალი გითხრა, პირველი თვე ვერ ვიგებდი, რატომ ჰქონდათ ეს გაუთავებელი ტაშ-ფანდური, ფესტივალები, კონცერტები. მერე შევეშვი, მივხვდი, მე სხვა ქვეყნიდან ვარ, ისინი – სხვა. გართობა ისეთი იციან, რომც არ გინდოდეს, მაინც აჰყვები – ვინმე გამვლელთან ერთად წაიცეკვებ ქუჩაში, შიადოს მოედანზე სიმღერაში შეეშველები ქუჩის მუსიკოსს, ანდა ჩემს საყვარელ ესტრელას პარკში, ბელვედერში საცეკვაოდ შეკრებილ უცნობებს შეუერთდები. აი, მთელი ივნისი წმინდა ანტონიოს დღესასწაულს აღვნიშნავდით – ქუჩაში გაშლილი სეფებით, გრილზე შეპიწკინებული სარდინებით (ინდოელმა ბიჭმა მითხრა, წმ. ანტონიოს უყვარდა სარდინი და ამიტომ ყველამ ეგ უნდა ვჭამოთო), ტონობით ლუდითა და დოლების ბათქუნით. ამ დროს, როგორც წესი, თავზე ყველას ლუდის კათხის ან სარდინის ფორმის ქუდი ახურავს. ბრაზილიელების მსგავსი კარნავალიც იყო ლიბერდადეზე (აქაური თავისუფლების მოედანი), კოსტიუმირებული გამოსვლებითა და მხარ-თეძოების ფრიალით. ისე, სარდინის ორი ქუდი რის ვაივაგლახით მოვიპოვე და ერთს აუცილებლად ჩამოგიტან.

 

 

ბაირუ ალტუს კანაფის მაღაზიებით გატენილ ვიწრო ქუჩებზე პარასკევს ან შაბათს ვერ ახვალ. ყოველ ნაბიჯზე მინიმუმ 2 ბარია, ყველგან სხვადასხვა მუსიკას უკრავენ და ლოგიკაში რომ არ ჯდება, იმ რაოდენობის ხალხი ირევა. 2-ევროიანი ვეებერთელა ლუდის ჭიქებით, ერთი ბარიდან მეორეში ხავილით შერბიან და ძალიანაც თუ დაიღალნენ, იქვე, ასფალტზე აგრძელებენ კოტრიალს. ქვემოთ რომ ცნობილი ადგილია, ფოტოები მაინც გექნება ნანახი – ვარდისფერი გზაა და ზედ ყვითელი ხიდი გადადის; აი, მანდ ადგილი თუ იშოვე საღამოს, ჩათვალე, რომ ცხოვრებაში მაგრად გაგიმართლა. მაგრამ იცი რა, იმ დღეს პინა კოლადა ავიღეთ და კამეჩის მაწონის ფორმის თიხის ჭიქით მოგვიტანეს სასმელი, თანაც მჟავე იყო. ასე რომ, არ გირჩევ. ჩვენ უფრო ტეჟუს ნაპირზე გავდივართ ხოლმე, Cais do Sodré-ს სადგურთან. ერთი ბოთლი პორტვეინი ან ვინო ვერდე, ბორნებისგან აქაფებული ტალღები და საიდანღაც შორიდან მოპარული ჟრიამულის ხმა – მე პირადად ეგეც მყოფნის. 

ისე, კაი ხმაურიანი ქალაქია. დასვენების დღეებში, როგორც წესი, ან გატრეტილი ბრიტანელების ბღავილი მაღვიძებს, ან კიდევ შეყვარებულთა გარჩევები ფანჯრის ქვეშ – não, não!; – mas porque?; მერე კიდევ, უთენია გაზის ჩამოტარებას იწყებენ და ამ ქვაფენილიან დაღმართებზე ისე მიახრიგინებენ ბალონებით დატვირთულ მანქანებს, გეგონება, ჰაა და მეორედ მოსვლა იწყებაო. პორტუგალიაში სახლების გათბობა არ არსებობს, არც ცენტრალური და არც არაცენტრალური, წარმოგიდგენია?! ცხელი წყალიც გაზის ბალონზეა და უნდა ნახო, რა ისტერიკაა ხოლმე – ჩაკეტე, მოუშვი, ჩაკეტე, მოუშვი. ასე როგორ ძლებთ-მეთქი, ვკითხე პაოლოს რუს ცოლს და შენ ზამთარი უნდა ნახო, სახლები რომ არ თბება და 3-3 ან 4-4 ფენა ტანსაცმელი გვაცვიაო. ეგრე ხომ ჩვენ უკვე გვეცვა-მეთქი, 90-იანებში!

 

***

კი გავიფიქრე – რა ეტლების მუზეუმი, რის ეტლების მუზეუმი, რას არ მოიგონებ-მეთქი. მაგრამ წვიმდა, ქარიც უბერავდა და წამო, დე, ბელემში, ეტლები დავათვალიეროთ-მეთქი, ვუთხარი დადას. ეს რა ვნახე! ვეღარ გამოვდიოდი! ასე მეგონა, დიუმას წიგნებში დავაბიჯებდი. ეტლი რომ ტრანსპორტი იყო, ეგ კი ვიცოდი, მაგრამ ხელოვნების ნიმუშიც თუ შეიძლება ყოფილიყო, აი, მაგაზე არასდროს მიფიქრია! ყველა ეტლს ახსნა-განმარტებითი ტექსტი და ვიდეო მოჰყვებოდა, რომ მასზე დახატული, ამოტვიფრული, გამოქანდაკებული ფორმები უკეთ „წაგეკითხა“ – ღმერთები, კაცები, ქალები, ვარდები, კენტავრები, ჩიტები, ანგელოზები, ცელიანი მაჯლაჯუნები… ყველაფერი ზედ იყო. კირჩხიბიც კი ვიპოვე ერთ ბორბალზე, ჩემი კირჩხიბი! ზოდიაქოს ნიშნებიანი ეტლი იყო, ვინმე ნათელმხილველის იქნებოდა. „ეს ეტლი, ქორწინების მისალოცად მეფე პედრუშ II-მ გადასცა თავის დას, მარიანეტა ანტუანეტას, როდესაც ის ცოლად გაჰყვა…“, „ძღვენი მეფე პუსკა III-ისგან დედოფალ ბლაბლაბლას“ – არ მთავრდებოდა. დადამ წლამდე პრინცების ეტლებს უყურა დიდხანს და მეც მინდა ასეთით მაკატავოო.  

ბელემის მონახულება თანამედროვე მუზეუმის გარეშე წარმოუდგენელია. ოღონდ ყველაფერს ერთ დღეში ვერ ჩაატევ და გაწყდები, 2 დღეზე მაინც უნდა გათვალო. ოთახებში ექსპონატები მიმდინარეობების მიხედვითაა დაყოფილი და დადაიზმიდან კუბიზმში, ექსპრესიონიზმიდან იმპრესიონიზმში ისე გადადიხარ, გეგონება, კარგად ილუსტრირებულ სახელმძღვანელოში ხარ. დავით კაკაბაძის ერთი ტილოც ვიპოვე და მოულოდნელობისგან ისე შევკივლე, ხომ კარგად ხარო, გამომხედეს. მერე სახლში მოსულმა დეისაძე ჩავრთე და საღამო მელანქოლიურად გავატარე. 3 თვე ჯერ რაა? არაფერი, მაგრამ, ეტყობა, ეს ემიგრაცია ბოლომდე შევიფერე.

ჰო, იცოდე, თუ აქ უჩემოდ მოხვდი, ბელემიდან ისე არ წამოხვიდე, რომ ტურისტული მარშრუტი ღირსეულად არ დაასრულო. ბელემის ცნობილ საკონდიტროში – „pastéis de Belém“-ში შეიარე, საუკუნეზე ძველია და, როგორც ამბობენ, დღეში ლამის 20,000 ტკბილეულს ყიდიან. რამდენიმე ნამცხვარი მეც ავიღე, მაგრამ ყველა ერთნაირი აღმოჩნდა გემოთი. კვერცხზე გიჟდებიან და ყველა ნამცხვარში კვერცხის გულით გაკეთებული შიგთავსია. ქუეიჯადა, ტრავესეირო – ტკბილი, ტკბილი, თვალებიდან სულ ცეცხლებს გადმოყრი. ერთი პასტელ დე ნატა დავამუღამე, ფენოვანი ცომია კრემით. კოხტა, მრგვალი ფორმა აქვს და ზედ თუ ცოტა დარიჩინს მოაყრი, სულ მთლად გადასარევია. Pão de Deus, ანუ „ღმერთის პური“ პაოლოს ცოლმა გამასინჯა. გახსოვდეს, ეს ქოქოსნარევი დესერტი ნამდვილი ცხონებაა. 

***

ინდილეშბოა – გითხარი, რომ ლისაბონის ინდი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე ვიყავი? ფესტივალი ანტონიუ დი მასედუს 1968 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმით გაიხსნა. „ალბუფეირა“ – სარეკლამო რგოლივით იყო, ალგარვიში წასვლა და ალბუფეირაში, სანაპიროზე გაშოტვა რომ მოგინდება. კამერა ისე დაჰყვებოდა ჟურნალისტ გოგოებს, ისე დაცურავდა წყალში მათთან ერთად, რომ მაშინვე „მე, კუბა“ გამახსენდა. სხვათა შორის, იმ დღეს Meetup-ზე ვიღაცამ ონლაინ ივენთი დადო – „მე, კუბას“ ყურება ონლაინ“ და 5 კაცი ერთდროულად ვუყურებდით კალატოზოვის შედევრს. ეს Meetup-ი ღმერთის გამოგონილი აპია. აი, თუ გინდა მარტოობა არ იგრძნო, უნდა გადმოწერო – ირჩევ ქალაქს, ინტერესის სფეროს და მერე უკვე აპი გიგდებს უამრავ ღონისძიებას, რომელიც შენ გარშემო იმართება. მათი უმეტესობა უფასოა, ზოგს კი მიზერული თანხით შეგიძლია დაესწრო. „იოგა ყოველ პარასკევს“, „ტარანტინოს ფანკლუბი“, „ველოს მოყვარულები“, „ახალჩამოსულების გაცნობა და ქუჩაში სეირნობა“ და სხვა. აი, ეგრე წავედით „პინგ-პონგ“ შეხვედრაზე, რომელიც ერთ-ერთი სკოლის სპორტულ დარბაზში იმართებოდა. მწვანე მაგიდებთან, თეთრ ბურთს მიშტერებული წყვილები იდგნენ. გვერდზე ოთახში კი „ბაჩატას ვნებიანი ცეკვის“ გაკვეთილი იწყებოდა. რომელი ბურთის მოყვარული მე ვარ, რა თქმა უნდა, „ვნებიან ცეკვაზე“ შევედი და მთელი ერთი საათი თეძო ამოგდებულმა გავატარე. კახამ კიდევ ველოს მოყვარულთა ჯგუფი იპოვა და ყოველ სამშაბათს, საღამოს რვიდან ღამის პეპელასავით იკარგება ხოლმე. ხან ლისაბონში დადიან ჯგუფ-ჯგუფად, ხან ქალაქიდან შორს გადიან და თან სანაპიროებს ნაგვისგან ასუფთავებენ… მოკლედ, ხომ ხვდები, თავის სტიქიაშია: „პლასტმასა დაგვღუპავს!“, „პლანეტაზე წყალი მთავრდება, სალომე!“. მეც ავყევი და ჭურჭელს სულ წუწაობით ვრეცხავ, ევროპულად. 

 

***

ივნისის დასაწყისში პორტოში ვაპირებთ-მეთქი, მგონი, ადრე გითხარი. აუ, იცი როგორი ქალაქია? აი, ლისაბონის გაფანტული სილამაზე რომ დაპრესო და დააპატარაო, ეგეთი. პორტოში რომ ჩამოვედით, დადა უკვე კარგად დაჩუტული იყო. წინა დღეებში, სუპერ მარიოს თამაშისას, დიდ ჯამში ჩაყრილი მიწისთხილი დაფქვა მამა-შვილმა და მეორე დღიდან ბავშვმა გასივება დაიწყო. ყურები სინიორ რობინზონივით ჰქონდა, ღელავდა, სულ სარკეში იყურებოდა – კონცერტამდე რომ არ მომირჩესო?! ჩვენი იქ ჩასვლა Nos Primavera Sound-ის მუსიკალურ ფესტივალს დავამთხვიეთ: Nick Cave, King Krule, Beck და, რაღა თქმა უნდა, Gorillaz-ი! მაგ ამბავს, აბა, როგორ გამოვტოვებდით! ფესტივალი სამი დღის განმავლობაში პორტოს უდიდეს პარკში – Parque da Cidade-ში იმართებოდა. იდეალურად აწყობილი და გათვლილი ლაინაფით, სუპერ საუნდითა და განათებით, მრავალფეროვანი გასტრონომიული შემოთავაზებებით, საბავშვო კუთხეებით, პრესისთვის შექმნილი მშვიდი, კომფორტული გარემოთი და სტრატეგიული დანიშნულების ადგილების ზეჰიგიენური პირობებით. და მსმენელს არ იკითხავ რამდენი ვიყავით? – 100 000. ჰოდა, ახლა წარმოიდგინე, რა ტემპით ხდებოდა ერთი სცენიდან მეორისკენ გადასვლა, გეგონებოდა, გამადიდებლით მილიონობით მოფუთფუთე ჭიანჭველას აკვირდებოდი, ერთი ბუდიდან მეორისკენ საქმიანად როგორ გადარბოდნენ.  

ბრუტალურ ნიკ ქეივს ცოცხლად უნდა მოუსმინო, რომ მთელი მისი მძიმე ენერგეტიკა კიდევ უფრო მაგრად შემოგეხვიოს, ტვინსა და გულში გაგიჯდეს. Jubilee Street, To the Children, Bright Horses, Red Right Hand-ის შემდეგ მეგონა, ვეღარაფერს ვიგრძნობდი, ემოციურად ბოლომდე გადავიწვი-მეთქი, მაგრამ, თურმე წინ I Need You გველოდა. ასე დაიწყო: „I want to dedicate this song to my two boys, Luke and Earl, who are here somewhere“, – თქვა და ცოტა ხნით გაჩუმდა, – “And they’re probably here somewhere. They’re probably over there waiting for Bauhaus to fucking begin“. ნიკ ქეივს ერთი შვილი უბედური შემთხვევის გამო 2015 წელს დაეღუპა, მეორე კი ახლა, მაისში. პრიალა კოსტიუმში გამოწყობილი ცოტა უფრო ნევროზული მეჩვენა, სცენაზე ენერგიულად მოძრაობდა და ამოფრქვეულ ვულკანს ჰგავდა. საკონტროლო ტყვიად Into My Arms შეასრულა, რომლის მსგავსი სულში ჩამღწევი მელოდია, ალბათ, ცოტა თუ მოიძებნება ამ სამყაროში. ტელეფონები ავანთეთ, ერთმანეთს კიდევ უფრო მივეწებეთ, ხელები ჩავკიდეთ და სულ ბღავილით გავაცილეთ ავსტრალიელი ჯადოქარი სცენიდან.

შემდეგ სცენაზე Tame Impala გამოვიდა, რომელსაც გაცილებით მეტი მსმენელი ელოდა. რა ვიცი, რომელი ერთი გაგახსენო, აბა? The Less I know The Better, Let It Happen… ხომ იცი?! ფსიქოდელიურ ვიზუალს და განათებებით თამაშს კევინ პარკერის საოცრად რბილი ხმა ემატებოდა; სანახაობა იყო ეფექტური, შთამბეჭდავი. ქეივის შავ-ბნელი ძალები ბედნიერებისა და სიმსუბუქის ნოტებმა შეცვალა, მაგრამ ემოციურად უკვე იმდენად გამოფიტული და გამოცარიელებული ვიყავი, დადას ძილი მოვიმიზეზე და ოთხივე სახლში სულ ზუზუნ-ზუზუნით დავბრუნდით. 

მეორე დღეს კი არჩი მარშალმა სცენის დიდ მონიტორზე, წითელი ქოლგის ქვეშ მოკალათებული მისი ძაღლის ფოტო დააყენა, კუბოკრულ პერანგზე გიტარა გადაიკიდა და სამღერად ასე გამოვიდა. მაგ ბიჭს განათებები, ეფექტები და მსგავსი მაიმუნობები სცენაზე არ უყვარს. ხომ იცი, King Krule-ის მუსიკა ისეთია, ვერასდროს ხვდები, საით წაგიყვანს და ამიტომ ოქროს წესი გამოვიგონე – თვალებს ვხუჭავ და ჟღალ ბრიტანელს ბოლომდე მივყვები ხოლმე. ოო, Im a Loser babyy, so why don’t you kill me – არ მკითხო, რამდენჯერ ვიძახეთ თავის ქიცინით Beck-თან ერთად იმ ღამეს, არ ვიცი, არ დამითვლია. მაგრამ მთელი გულით მაინც მესამე დღეს ველოდი, სადაც მთავარი ჰედლაინერი, Nos Primavera Sound-ის დესერტი და ყველაზე გემრიელი ლუკმა – Gorillaz-ი გველოდებოდა!

დეიმონ ალბარნის და მისი ვირტუალური ბენდის გამოსვლა ნამდვილი დღესასწაული იყო. უფრო მოგონებების ფეიერვერკი, რადგან ჯგუფმა სხვადასხვა დროს დაწერილი თითქმის ყველა ჰიტი შეასრულა – Stylo, 19-2000, Tomorrow Comes Today, Pirate Jet, Désolé, Feel Good, Clint Eastwood. Gorillaz-მა ფესტივალზე ყველაზე მეტი ხალხი შეკრიბა და პორტოს ვეებერთელა პარკის მთავარი სცენა ზღვა ხალხში ჩაიკარგა. როგორც წესი, ყოველ ახალ სიმღერას ჯერ ასი ათასი კაცის გულამოსკვნილი ამოგმინვა მოჰყვებოდა ხოლმე და მერე ყველანი ერთ ხმაში ვიწყებდით სიმღერას. სცენაზე ყველა ის შემსრულებელი გამოვიდა, რომლებთანაც კოლაბორაცია ჰქონიათ და 2-საათიანმა კონცერტმა ენდორფინების სრული ანშლაგით ჩაიარა. იმ ღამეს ძლივს დავიძინეთ, სახლში ღამის 4-ზე მოსულები კიდევ კონცერტზე გადაღებულ ვიდეოებს ვუყურებდით და ერთმანეთს ლაპარაკს არ ვაცდიდით. 

 

***

სინტრას უნახავად ფეხი არ ჩამოდგაო, მითხრეს, ჰოდა, პორტოდან დაბრუნებულებმა, ეგრევე სინტრა მოვნიშნეთ კალენდარზე – აბა, ვნახოთ ერთი, ზაფხულობით სად იგრილებდნენ თავს პორტუგალიელი მეფეებიო. ისე, ერთი იცოდე, სიტყვები „სინტრა“ და „რიგი“ აქ სინონიმებია და სინტრაში წასული, სულ რიგში ხარ, სულ. მატარებლის რიგში, მერე ავტობუსის რიგში, მერე ბილეთების რიგში, მერე სასახლის დამთვალიერებელთა რიგში, მერე ისევ ავტობუსის რიგში და მერე მეორე სასახლის ბილეთების რიგში… ყოველ ახალ ადგილზე მისვლისას ეს წრე ისევ იკვრება და უსასრულოდ გრძელდება: ბილეთების რიგში, სასახლის დამთვალიერებელთა რიგში, ავტობუსის რიგში… რიგში. აქ, მგონი, ყველა სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, ამიტომ ასეც შეგიძლია შეხედო საკითხს – ჩათვალე, რომ მსოფლიო მემკვიდრეობაში დააბიჯებ. ჯერ პენა პალასის სანახავად მივედით. ვიცოდი, მთის წვერზე აკოკლოზინებული ეს გაპრანჭული ტორტის მაგვარი სასახლე ცოტა შორს იყო. გარშემო წარმოუდგენლად ლამაზი ბაღია – ბუმბერაზი, ვეებერთელა, ეგზოტიკური ხეებით, აფრიკული სუკულენტებითა და იაპონური მცენარეებით, ტბებით და აქა-იქ მიმალული მოსასვენებელი ადგილებით. თავად სასახლე კი ნამდვილი კიჩია, რომანტიკული კიჩი, სადაც გოტიკა, რომანტიკა და რენესანსი ინდოეთთან და  ისლამთან ირევა. სასახლის კედლებიდან კი გველები, დრაკონები და ურჩხულები გიყოფენ ენებს. ფერად კედლებზე კიდევ უფრო ფერადი ფილებია მიტყეპებული და სასახლის ეზოში, რიკულებიანი ტერასიდან, უშველებლად ლამაზი ტყის ხედი იშლება. რიგში თუ ჩადგები, სასახლეში შეხვალ და ნახავ, სად ეძინა მეფე დონ ფერნანდო II-ს, სად ბანაობდა დედოფალი დონა მარია II, მაგრამ იცოდე, თუ ნამდვილი სანახაობა და პირის დაღება გინდა, მაშინ ექსტრავაგანტური Quinta da Regaleira-ს ეზოში უნდა წახვიდე და 27-მეტრიან ჭაში შენი ფეხით ჩახვიდე. 

Quinta da Regaleira-ს როგორც კი შეხედავ, მიხვდები – საშინელებათა ზღაპარში აღმოჩნდი. ეს ადგილი ოდესღაც ბრაზილიელ მილიონერს შეუძენია, რომელიც ალქიმიკოსებზე, მასონებზე, ტამპლიერებსა და როზენკროიცერებზე გიჟდებოდა. ანუ  ყველაფერზე, რაც სიმბოლოებთან, საიდუმლოებებთან, კითხვის ნიშნებთან და მისტიკასთან ასოცირდება. სართულებად დაყოფილ ბაღს 20 წელი აშენებდა; მის ულამაზეს სიმწვანეში, 9 ბერძენი ღმერთის ფითქინა ქანდაკებაა მიმოფანტული; ვეებერთელა ბაღის ტერიტორია კი, საიდუმლო სამალავებითა და მიწისქვეშა გვირაბებით აუვსია. ამიტომ, სადაც  გაიხედავ,  ყველგან სოროს, ორმოს, ჩასაძრომს ან შესაძრომს აღმოაჩენ. აი იმ ხავსმოკიდებულ ჭაში კი (Initiation Well), რიტუალების ჩასატარებლად მასონები ნელ-ნელა, კიბე-კიბე ჩადიოდნენ და შემდეგ უკვე წელში მოხრილები მიუყვებოდნენ საიდუმლო გვირაბს. არ დაიჯერებ და ჩასასვლელი კიბეების რაოდენობაც ტაროს მისტიკური ციფრისთვის დაუმთხვევია. მოკლედ, ისეთი აურაა, ყველა გასუსული დადის და ცოტა ფანტაზიასაც თუ ჩართავ, შავ მოსასხამებში გამოწყობილებსაც დალანდავ და უცნაური ხმებიც პერიოდულად მოგელანდება. სინტრაში მოგზაურობა ავტობუსის მძღოლის რჩევით ქალაქის ყველაზე პოპულარულ საკონდიტრო Casa Piriquita-ში დავასრულეთ, რიგში.

 

***

გაგანია ზაფხულია და უკვე მაგრად დაცხა. მიუხედავად იმისა, რომ ნიავი სულ უბერავს, თაკარა მზეში ვეღარ გავდივარ. უფრო საღამოს შემოვლას ვაკეთებ ხოლმე. ჰაშიშ? კოკა? უიიდ, უიიდ? – კომერციის მოედანზე საღამოს გასული ამის გარდა ვერაფერს გაიგებ. სანამ მე ჟუზე I-ის ქანდაკების ძირში, კიბეებზე ვისვენებ, დადა წრეებს მარტყამს თავისი მეორადი ველოსიპედით. ჩემ წინ, ადიდასებში გამოწყობილი მალაიზიელი კოტიტა ქალები დგანან და ზარას ქაღალდის დიდ პარკებს სულ აქეთ-იქეთ იქნევენ. ერთ საწყალ, აწოწილ ბიჭს ტელეფონი მიაჩეჩეს და ანიშნეს, სხვადასხვა პოზაში ფოტოები გადაგვიღეო – ხან ტეჟუს წინ, ხანაც მოედნის, ხან ისევ ტეჟუს წინ, მერე ისევ – მოედნის.

ისე, უკვე მაგრად დავსპეცდი და პორტუგალიელებსა და ტურისტებს ეგრევე ვარჩევ ერთმანეთისგან. აქ ხომ ზამთარ-ზაფხულ მზე ანათებს, ჰოდა, ამათ ნამზეურს შეჩვეული, ვინმე ახალჩამოსულ თეთრ ტურისტს თუ დავინახავ ხოლმე, თვალს ისე მჭრის, ისე, წამით უნდა დავხუჭო. პორტუგალიელებს „მზის გულზე მოსიარულეები“ დავარქვი და მგონი, კარგად ჟღერს, არა?!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.