fbpx

ზღვა და ლიტერატურა – რჩევები კარგი საზაფხულო წიგნებისთვის


გააზიარე სტატია

ავტორი: ანაკო ტურაშვილი

 

ზღვა და ლიტერატურა ძალიან უხდება ერთმანეთს, ლიტერატურაც ხომ ზღვასავით ამოუწურავი, უსასრულო და შეუცნობელია. ერთხელ თუ ნახავ, ყოველთვის მოგინდება მასთან მიბრუნება და კიდევ უფრო ღრმად შეცურვა. ლიტერატურის კითხვა კი, ყოველთვის და ყველგან რომ კარგია იდეაა, ამაში ალბათ  დამეთანხმებით, მაგრამ ახალი მოგზაურობებისთვის ზაფხულში უფრო მეტი დრო გვაქვს, ლიტერატურა კი საუკეთესო მოგზაურობაა, რომელიც საკუთარ თავს შეიძლება მოვუწყოთ. წარმოგიდგენთ  მაშო სამადაშვილის, დათო ტურაშვილის და ლევან ღამბაშიძის 10 რჩეულ წიგნს, დასვენების კიდევ უფრო საინტერესოდ გასატარებლად.  

„საუბრები მეგობრებთან“ (სულაკაურის გამომცემლობა, 2021) სალი რუნის პირველი რომანია, მან მსოფლიოში სახელი მეორე ტექსტით „ჩვეულებრივი ადამიანები“ გაითქვა, ახლა კი მისი მოყვარულები სხვადასხვა ენაზე უკვე მის მესამე რომანს „მშვენიერო სამყარო, სად ხარ?“ კითხულობენ. სამივე მათგანი თარგმნილია ქართულ ენაზე გურამი ღონღაძის მიერ, პირველი ორი გამოცემულია, მესამეც სულ მალე გამოვა.

საუბრები მეგობრებთან ცოლ-ქმრის – ნიკის და მელისას და მეგობრების – ბობის და ფრენსისის რთულ და მოულოდნელობებით აღსავსე ურთიერთობაზე გვიამბობს. მართალია, მათი მეგობრობა თავიდან კონკრეტულ ჩარჩოებშია მოქცეული, თუმცა ეს შეთანხმება მაშინვე ირღვევა, როცა სასიყვარულო გრძნობები ჩნდება. ეს გამოუცდელი მწერლის დაწერილი ტექსტია, რომელსაც ეტყობა ავტორის გულუბრყვილობა და ახალგაზრდული მაქსიმალიზმი, ნაივურობა და მგრძნობიარობა, თუმცა მე ვფიქრობ სწორედ ამიტომაც არის ასეთი მიმზიდველი. ეს წიგნი განსაკუთრებით მოეწონებათ ეპისტოლარული ჟანრის მოყვარულებს, ვინაიდან მასში შეგხვდებათ მთავარი გმირის არაჩვეულებრივი წერილები, რომელსაც დროდადრო საუკეთესო მეგობარს და შეყვარებულს სწერს. ეს წიგნი კარგად აჩვენებს რა რთული, მაგრამ ამავდროულად მშვენიერია, იყო ახალგაზრდა.

ახალგაზრდების საფიქრალს უტრიალებს დებიუტანტი ავტორი მარიამ გურგენიშვილიც, მისი პირველი რომანი „მარგალიტები“, გამომცემლობა „პალიტრა L”-მა 2021 წელს დასტამბა. 

1990-იან წლების თბილისში, თინეიჯერები ცდილობენ ხალისიანი ცხოვრება ჰქონდეთ, რაც ძალიან ძნელია, ვინაიდან ქვეყანაში სიბნელე, სიღარიბე და საომარი მდგომარეობაა, თუმცა როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ, ბევრი რამ გახალისებს – საკუთარი თავი, პირველი სიყვარული, სკოლის მეგობრები, უბნის მსუბუქი ყოფაქცევის ქალების ცხოვრება, ბებიის მწყობრიდან გამოყვანა, თუმცა გულსაც ამდენივე რამ გტკენს – ისევ საკუთარი თავი, პირველი იმედგაცრუება, ქუჩის გარჩევები, კონფლიქტი მშობლებთან და ძვირფასი ადამიანის სიკვდილთან პირველი შეჯახება. 

„მარგალიტების“ მთავარი გმირი მარგო თავისი განცდებით და ფიქრებით, ჯეინ ოსტინის და ლუიზა მეი ოლკოტის გმირებს მოგაგონებთ. რა თქმა უნდა გოგონას ცხოვრება, რომლის საყვარელი წიგნიც „ქარწაღებულნია“, შეუძლებელია მდორე და მოსაწყენი იყოს, პირიქით ის სავსეა უკომპრომისობით, ოცნებებით, საკუთარი თავის და გარე სამყაროს მიმართ არსებული კითხვებით და მომავალზე ფიქრით, რომელიც მიუხედავად უიმედო აწმყოსი, მაინც ნათლად მოჩანს.

1990-იანი წლების შესახებაა ივა ფეზუაშვილის „ბუნკერიც“ (გამომცემლობა „ინტელექტი“, 2020). ეს ბოლო წლებში გამოცემული ერთ-ერთი საუკეთესო რომანია და ის ბაქოდან კონფლიქტს გამოქცეული სომეხი ოჯახის ამბავს გვიყვება, რომელიც თავშესაფარს 1990-იანი წლების თბილისში პოულობს. მოქმედება ერთ-დღე ღამეში ვითარდება, თუმცა ჩვენ მთავარი პერსონაჟის, სტილისტი მილას და მისი ოჯახის სირთულეებით სავსე ცხოვრებას ძალიან ახლოდან ვეცნობით. იშვიათია მწერალი კაცი, რომელიც ასეთი სიზუსტით აღწერს ქალებს, მათ შეგრძნებებს, განცდებს და პრობლემებს. ასეთივე კომპლექსურია მილას ქმრის, თაყვანისმცემლის და შვილის სახეები – მთავარ გმირებს მრავალფეროვნებას სძენს ოსტატურად შემოყვანილი მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, რომლებიც იმის მიუხედავად თუ რამდენად დიდხანს ხვდებიან მკითხველს, თავიანთ კვალს აუცილებლად ტოვებენ. ამ რომანის ერთ-ერთი მთავარი საკმაზი კი ქართული ჰიპ-ჰოპია, რომელიც ლაიტმოტივად მიჰყვება ტექსტს და მკითხველს შეგრძნებების რიტმსაც ზუსტად კარნახობს. ეს ძალიან სევდიანი წიგნია იმის შესახებ, თუ რამდენი რამ შეიძლება წაართვას ადამიანს წარსულმა და როგორ გადაეცემა ტრავმები თაობიდან თაობას. ვფიქრობ, მისი წაკითხვა ყველა ასაკის მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, მათთვისაც ვინც საბჭოთა დროს იცხოვრა და მათთვისაც, ვინც ამ პერიოდზე მხოლოდ წიგნებში კითხულობს.

 „ენიკი ბენიკი“ (ინდიგო, 2020) სოხუმელი მხატვრის, ლადო ფოჩხუას ჩანაწერებია აფხაზეთის შესახებ,  წიგნი გვიამბობს, იმაზე, რაზეც თითქოს ყველა ლაპარაკობს, ვინც იქ დაიბადა და გაიზარდა, დასასვენებლად დადიოდა, თუ მხოლოდ სიზმარში ნახულობდა აფზახეთის ლაჟვარდოვან სანაპიროებს, თუმცა ლადო ფოჩხუა აფხაზეთზე ჰყვება პათეტიკის, აღმატებისა და  ზედმეტი სენტიმენტების გარეშე; ჰყვება შეულამაზებლად და გულწრფელად, რაც ამ ტექსტს განსაკუთრებით ძვირფასს ხდის. სადა, მარტივი თხრობა მკაფიო სურათ-ხატებს აღწერს და მკითხველს იმ ადგილებში ამოგზაურებს, რომელიც ან ენატრება, ან რომლის ნახვაც მის ოცნებად ქცეულა. 

სამხედრო ხომალდის გემბანზე, რომელსაც 1993 წლის 27 სექტემბერს დაცემული სოხუმის მცხოვრებნი უნდა გადაერჩინა, მივხვდი, რომ შესაძლებელია სამყარო ერთ წამში, თვალის დახამხამებაში გაქრეს. – ავტორი თხრობას ასე იწყებს და მკითხველიც  უმალ ჰყვება ამ შეგრძნებათა თამაშში, რომელშიც დიდი სიყვარული, სევდა, ტკივილი და აღმაფრენა ერთმანეთს ჰარმონიულად ცვლის. 

დიდი ხნის შემდეგ ლადო ფოჩხუა ბრუნდება საკუთარ და მკითხველების წარსულში, რომელიც მეორე მკერდივით უცემს გულში ყველას, ვისაც ოდესმე დაუდგამს აფხაზეთში ფეხი. 

თუ ამ წიგნის წაკითხვა მოგინდათ, ნახეთ ეს ვიდეო: 

 

 

წიგნი, რომელიც მეოცე საუკუნის სამი დიქტატორის ისტორიას  გვიყვება სულ სხვა რაკურსით და ვისაც აინტერესებს კულინარია და მეტ-ნაკლებად იცის კიდეც, მისთვისაც კი აღმოჩენა იქნება რუსუდან გორგილაძის ეს წიგნი, რადგან ძნელი წარმოსადგენია არსებობდეს კავშირი კვების რაციონსა და მასების მართვის ხელოვნებას შორის, თუ არ იცი ის, რაც რუსუდან გორგილაძემ იცის.

 

ამ წიგნის ნებისმიერი მკითხველი გაიგებს მეტს, ვიდრე აქამდე იცოდა სტალინის, ჰიტლერისა და მუსოლინის შესახებ და გაეცნობა ისეთ დოკუმენტებსაც, რომელთა შესახებაც მანამდე, ალბათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. წიგნში გამოყენებულია ისეთი უნიკალური ფოტომასალა და მოთხრობილია ისეთი მნიშვნელოვანი ამბები, რომ მათი გაცნობა და შესწავლა ამ ზაფხულს, სიამოვნების გარდა, მშვენიერი გონებრივი საზრდოც იქნება.

ღვინისა და ისტორიის მოყვარულთათვის, ნამდვილად საუკეთესო საჩუქარია, თუ არა მხოლოდ გიყვარს ღვინო, არამედ გინდა იცოდე კიდეც რამდენად განსაზღვრავდა ვაზისა და ღვინის კულტურა ჩვენი ქვეყნის ხასიათს, წეს-ჩვუულებებსა და თავგადასავალს. ამ შესანიშნავი მკვლევარისა და მეცნიერის წიგნში, მკითხველი გაიგებს როგორ გაცნდა რელიგია ადამიანის ცხოვრებაში და რატომ გადაწყვიტეს ჩვენმა წინაპრებმა ჩვენი ცხოვრება მარადიულად დაეკავშირებინათ ვაზისა და ღვინის საიდუმლოსთან. მერაბ მიქელაძის წიგნი, სწორედ იმის ახსნაც არის, თუ რატომ არის საქართველო ღვინის უზველესი ცივილიზაცია.

რადგან ზაფხული იმაზე მეტად არის რომანების სეზონი, ვიდრე ზამთარი, ჯობია რომ ამ ზაფხულს წაიკითხოთ დიდი ამერიკელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ჯონ სტაინბეკის უკანასკნელი რომანი “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”, რომელიც ქართულად შესანიშნავად თარგმნა ბატონმა ვახტანგ ჭელიძემ და რომელიც ახლახანს თავიდან გამოიცა. ვისაც აინტერესბს სწორედ ის ამერიკა, რომელიც ამდენ ადამიანს დღემდე დაუფიქრებლად იზიდავს (ყველა ნაკლის მიუხედავად) მთელი მსოფლიოდან, სწორედ ეს წიგმი უნდა წაიკითხოს და მერე იმასაც მიხვდება თუ რატომ ჩამოვიდა ამერიკელი მწერალი ჯონ სტაინბეკი საქართველოში ორჯერ და რატომ შეუყვარდა ასე თავდავიწყებით ჩვენი სევდიანი სამშობლო



მეთქი ბავშვს წავუკითხავ ძილის წინ… სახალისო იქნება-მეთქი…. მეხუთე თვეა ყოველ ღამე საათნახევარი-ორი საათი ჰოგვორტსსა და პრივიტ დრაივს შორის ვატარებთ და ჯერ კიდევ ორი ტომი დაგვრჩა წინ. თუმცა, მისი მოცულობის მიუხედავად, ვფიქრობ ჰარი პოტერი ერთ-ერთი ყველაზე კარგი იდეა იყო, რაც როგორც მშობლებს მოგვსვლია თავში. აი რატომ: 

  • ჰარი პოტერი ბავშვს ეხმარება სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში. ტექსტი სავსეა ყველა იმ ღირებულებით, რომლებსაც ჩვენ ადამიანებში ვაფასებთ: მეგობრობა, ერთგულება, პატივისცემა, სუსტების მფარველობა და ა.შ. ამავდროულად, ტექსტში უხვადაა ადამიანური სიმდაბლისა და გარეწრობის მაგალითებიც, რისი ცოდნაც ბავშვისათვის ასევე მნიშვნელოვანია. 
  • წიგნი ხელს უწყობს ბავშვს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. ჰარი პოტერი თავისებური დეტექტივია და მისი კითხვისას გიწევს მთელს ტექსტში გაბნეული სხვადასხვა მინიშნებისა თუ კავშირის აღმოჩენა და ერთმანეთთან დაკავშირება. ეს ერთდროულად ძალიან სახალისო და საინტერესო პროცესია. 
  • ჰარი პოტერი ჩვენზეა. კონკრეტულად საქართველოზე 😊 წინასწარ რომ არ გავამჟღავნო ბევრი დეტალი, მხოლოდ ორს გეტყვით: ა) მაგიის სამინისტროს ბოროტებასთან ბრძოლის სტრატეგია არის: არ შეუღიტინო მძინარე დრაკონს. ქართულად რომ ვთარგმნოთ: დათვს ბაბაია უნდა დაუძახო. 2) მაგიის სამინისტრო მის დაქვემდებარების ქვეშ არსებულ სკოლაში დანიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს სამსახურიდან მასწავლებლებს, რათა „ძველი ღირსება აღუდგინოს სკოლას“, რომელიც არსებულმა დირექტორმა ცუდი მართვით „მიწასთან გაასწორა“. ამასთან, დირექტორისა და სხვა გათავისუფლებული მასწავლებლების რეპუტაციის შესალახად, სამინისტრო უბინძურეს სტატიებს უკვეთავს გაზეთში, რომელიც მაგალითად წერს ამ „მავნებლების“ კავშირებზე ტროლებთან და სხვა უჯიშო არსებებთან. 
  • სამყაროში, სადაც რატომღაც ბოროტებას ბოროტება აღარ ჰქვია ხოლო სიკეთეს სიკეთე, კარგია ისეთი ორიენტირების არსებობა, რომლებიც ამ გაუგებრობაში გზის გაკვლევის საშუალებას მოგვცემენ. ჰარი პოტერი ასეთი ორიენტირია. 
  • ჰარი პოტერის წაკითხვის შემდეგ(თუ თქვენ ამას მართლა მოახერხებთ), აღმოაჩენთ რომ თქვენს შვილთან იმაზე მეტი დრო გაქვთ გატარებული, ვიდრე ყველა ამერიკულ ფილმში კარგ მამებს აქვთ ბავშვებთან ერთად ბეისბოლის თამაშზე დახარჯული. ტექსტი მშობელს და ბავშვს აქცევს პირდაპირი გაგებით ჯადოსნური სამყაროს თანამოზიარეებად და ეს კავშირი ვეჭვობ ძალიან დიდხანს გაგრძელდება. 

პ.ს. რა თქმა უნდა მხოლოდ უფროსებისთვისაც ძალიან სახალისო წასაკითხი იქნება.

ყოფილი ბოლშევიკის მიერ დაწერილი ეს ტექსტი ძალიან საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც ისტორია აინტერესებს, მაგრამ უფრო მეტად მათთვის, ვისაც აინტერესებს თუ რა აქცევს ადამიანს ფანატიკოსად, როგორ ახორციელებს მართვას ავტორიტარული რეჟიმი და რა ბედი ელის ყველას, ვინც თუნდაც იდეის გამო უსამართლობაზე ხუჭავს თვალს. ნაწარმოები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი უახლოესი წარსულისა და აწმყოს გამო. სამწუხაროდ ჯერ ჩვენს კულტურას ისევ ახასიათებს ისეთი თვისებები, რომლებიც არ გვაძლევს ჯანსაღი პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრების წარმოების საშუალებას და ვფიქრობ ეს წიგნი ამის მიზეზებზე დასაფიქრებლად  ძალიან კარგი შესაძლებლობაა. 

ხომ არ არსებობს წიგნები, რომელი „რაღაცეებს ​​გილაგებს“? უნიკალური ალექსის ზორბასის ცხოვრება სწორედ ასეთი წიგნია. ვცხოვრობთ, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი არ დამთავრებულა და ჯერ კიდევ არის შესაძლებელი მეტი და მეტი გაიგოს საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ. საჭიროა მხოლოდ გადაჭრა უსაფრთხოების თოკი, როლითაც მიდიხართ და „კი“ იმ გამოწვევებს, რომლებიც ამ მსვლელობის დროს შეგხვდება წინ.


იმედია at.ge-ს რჩეული წიგნები თქვენს დასვენებას უფრო საინტერესოს გახდის, ყველა წიგნი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცის ბიბლიოთეკაში, მარჯანიშვილის #7-ში, ხოლო „თიბისი კონცეპტის“ მომხამრებლებს, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ წიგნის გატანის სერვისით 10 დღის ვადით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.