fbpx

ზღაპარი ფანტომურ ტკივილზე – უკანასკნელი ფილმი საკუროვისგან


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: ირინე ჟორდანია

„…რატომ უკანასკნელი? – სიცოცხლე არ არის მუდმივი, არც ძალებია მუდმივი. არ არის გამორიცხული, რომ ჩემნაირმა რეჟისორებმა მუშაობა ვეღარ გააგრძელონ. მე არ მაქვს არც მეორე, არც მესამე მოქალაქეობა, და,  სანამ ცოცხალი ვარ, ვიცხოვრებ რუსეთში. იქ არის ჩემი ენა, იქ არიან ჩემი მოწაფეები და იქ ვგრძნობ ჩემს ისტორიულ პასუხისმგებლობას, თუკი ბედმა ამ ქვეყანაში გაჩენა მარგუნა“. 

… „ზღაპარი“ ფანტომური ტკივილია ადამიანსა და კაცობრიობაზე. „ზღაპარი“ პირველ რიგში ცხოვრებაა, რადგანაც არ არსებობს ცხოვრება ზღაპრის გარეშე, და არც ზღაპარია ცხოვრების გარეშე. ეს ორი ურთიერთდამოკიდებული სამყაროა, რომელთა შორისაც უწყვეტი კავშირია. „ზღაპარი“ ცხოვრების ფანტომური ტკივილია – როდესაც ფეხი არა გაქვს, მაგრამ გტკივა; არ არსებობს ბედნიერება, მაგრამ ჩვენ მას ვეძებთ, ველოდებით; არ არის მომავალი, მაგრამ მშვენიერ სიზმრებს ვხედავთ; არ გვყავს გვერდით ახლობელი ადამიანი, მაგრამ ის სიზმარში მოდის…

ფილმის სამუშაო სახელწოდება „სიცილი და ცრემლები” იყო, თუმცა ეს ძალიან პირდაპირი იქნებოდა. რაც უფრო მარტივი და აბსტრაქტულია სახელწოდება, ნაკლებ სახიფათოა მაყურებელს თავს მოახვიო შენი ხედვა, მსოფლმხედველობა, სიუჟეტი“. 

… „ყველაფერი დავიწყებას მიეცემა“,  – ამბობს ჩერჩილი ჩვენს ფილმში, და ეს მართლაც ასეა. ყველაფერი მეორდება, წრეზე ტრიალებს. ჩვენ ისევ ვიბრძვით. გვავიწყდება ადამიანის ბუნება – ყველაფერი მეორდება, და ყველაფერი ისევ განმეორდება. 

თანამედროვე სამყაროში ომი გარდაუვალია, დიახ – გარდაუვალი. არ არსებობს ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს პოლიტიკოსებს, სამხედროებს. დემოკრატიამ ვერ შეიმუშავა ინტერესთა ბალანსის მექანიზმი. ეს უნდა ვაღიაროთ“. 

ჩვენს ტეტრალოგიაში მაყურებლის თვალწინ იქმნებიან პერსონაჟები, რომელთა გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული იყო მე-20 საუკუნე. ჩვენ გვაინტერესებდა მათი ხასიათები – საიდან ამოიზარდა ეს ყველაფერი, როგორ იდგამდა ფესვებს, საიდან ჩნდებოდა ამ კაცებში ასეთი დიდი ბოროტება? ლუციფერი დიდი ხნის წინ გადადგებოდა, მათთან შედარების შესაძლებლობა რომ მისცემოდა, მაგრამ ის უფრო სუსტია“. 

… პოლიტიკოსებს მხარს უჭერს მილიონობით ადამიანი, იმიტომ რომ პოლიტიკოსი თავადაა ამ მილიონების ნაწილი, ჩვენ ეს უნდა გავიგოთ. პოლიტიკოსი თავად არის ერთ-ერთი მილიონთაგანი. ის მარტო არ იღებს გადაწყვეტილებებს. მასთან ერთად ამ გადაწყვეტილებებს ის მილიონობით ადამიანი იღებს, რომლებიც მხარს უჭერენ.

ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო ამ პერსონაჟებში დაგვენახა ენერგია,  ამოგვეცნო მათი ხასიათები – არა როგორც კვარცხლბეკზე მდგომი ისტორიული ფიგურების, არამედ როგორც ადამიანების. ამოგვეცნო ბოროტების ბუნება. 

ჩვენს ხელთ აღმოჩნდა მრავალსაათიანი ისტორიული მასალა სტალინის, ჩერჩილის, მუსოლინის, ჰიტლერის ცხოვრებიდან. და ამ მასალაში ჩვენ უნდა გვეპოვა და დაგვენახა მათი ადამიანური გამოვლინებები, რაც, ვფიქრობ, უმეტეს შემთხვევაში შევძელით. ჩვენ გაჩვენებთ მეათასედს აღურაცხელი მასალისა, სადაც ჩანს მათი ადამიანური ბუნება. აკვირდები მათ და გინდა დაიყვირო – სად იყო ამ დროს ღმერთი? საით იყურებოდა? ეს პერსონაჟები არსად მიდიან. 

საკმარისია, ერთხელ დავუშვათ ასეთი ხალხის ხელისუფლებაში მოსვლა, ისინი აღარასოდეს აღარსად წავლენ. ყოველთვის შეეცდებიან დაბრუნდნენ ამა თუ იმ ფორმით. ყოველთვის. ეს რეალობაა.

ისევე როგორც რეალობაა ქრისტე თანამედროვე სამყაროში, ის არსად წასულა. ამ თვალსაზრისით, ქრისტე დამკვირვებელია, რომელიც, სამწუხაროდ, არასოდეს ჩაერევა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ მორალური კონტაქტი შესაძლებელია.   „მე აქედან არსად წავალ, სანამ მამაჩემი თითოეულ თქვენგანთან არ გაარკვევს საქმეს“.  –   სათნო, დიადი, მიამიტი ქრისტე, რომელსაც ჰგონია, რომ შესაძლებელია ვინმემ, ჩვენ გარდა, ჩვენი საქმე გაარკვიოს“. 

მასალაზე მუშაობისას საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არაფერი ხდება უეცრად. ყველაფერი გაცილებით ადრე ხდება თვალსაჩინო. არცერთი ისტორიული მოვლენა არ წარმოიქმნება როგორც ციური ვარსკვლავის აფეთქება.  ყოველი ჩვენგანი მას ბევრად ადრე ხედავს, ვიდრე მოხდება. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ. 

რაც  უნდა პათეტიკურად ჟღერდეს ფილმის ტონალობა, ჩვენ უნდა დავეშვათ მიწაზე, დროდადრო მაინც, არ დავუშვათ, რომ ვიყოთ კინემატოგრაფისტები, რომლებიც მხოლოდ ამაღლებულზე ფიქრობენ, გარშემო კი ვერ ამჩნევენ რა ხდება – იქნებ ამაზეცაა ეს ფილმი?!“ 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.