fbpx

დებიუტიც ამას ჰქვია


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

2022 წლის 15 აგვისტო შეიძლება სამომავლოდ ქართული ფეხბურთის ისტორიულ დღედ იქცეს, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი იტალიის სერია A-ს ერთ-ერთ წამყვან კლუბ „ნაპოლიში“ მართლაც რომ უაღრესად შთამბეჭდავი გამოდგა და თუკი ჩვენი თანამემამულე ასე გააგრძელებს, მისთვის არც „იუვენტუსამდე“, ინტერამდე“ თუ ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნის წამყვან კლუბამდე იქნება შორი გზა გასავლელი.

„ვერონასთან“ გასვლითი მატჩის 37-ე წუთზე ხვიჩამ აუღებელი თავური დარტყმით, ანგარიშის გათანაბრებასთან ერთად, „ნაპოლის“ ფეხბურთელთაგან  პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში.

55-ე წუთზე კი მისივე იუველირული გადაცემის შემდეგ ზელინსკიმ უკვე საბოლოოდ დააწინაურა სტუმრები, რომელთაც 68-ე წუთზე მოედნიდან გასული ქართველი ფეხბურთელის გარეშეც აღარ გასჭირვებიათ მატჩის დიდი ანგარიშით (5:2) გამარჯვებამდე მიყვანა.

„ნაპოლისთან“ ერთად პირველ ტურში სამი ქულა მოიპოვა იტალიის სერია A-ს ყველა წამყვანმა კლუბმა, რაც სამომავლოდ მთელი სეზონის მანძილზე „სკუდეტოსთვის“ უშეღავათო ბრძოლის წინაპირობაა.

ნეიტრალური გულშემატკივრები კი ფეხბურთს ხშირად სეირის მოლოდინში უცქერენ ხოლმე და ამ კუთხით ინგლისის პრემიერლიგის პირველ ორ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ ნაჩვენები თამაში და შედეგი მათთვის მართლაც რომ ხალისის მომგვრელი აღმოჩნდა.

მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რალფ რანგნიკის გათავისუფლების შემდეგ სახელოვანი კლუბის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები მის შემცვლელ ერიკ ტენ ჰაგს იმედის თვალით შეჰყურებდნენ, მაგრამ მათგან განსხვავებულად ფიქრობდა კრიშტიანუ რონალდუ, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე სურდა, მაგრამ მისთვის სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლო.

როგორც ჩანს, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კოჭებშივე შეატყო ახალ მწვრთნელს, რომ რანგნიკისა არ იყოს, ინგლისის პრემიერლიგას ისიც ვერ გაქაჩავდა.

გუნდში კრისტიან ერიქსენის გამოჩენის შემდეგ კი ჩრდილში მოექცა რონალდუს ახალგაზრდა თანამემამულე ბრუნო ფერნანდეშიც, რომელსაც სტანდარტული სიტუაციების გამთამაშებლის ფუნქცია ჩამოერთვა.  

პირველ ტურში შინ „ბრაიტონთან“ მინიმალური ანგარიშით წაგების შემდეგ, „ბრენტფორდთან“ გასვლით მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოთხივე ბურთი პირველ ტაიმში გაუშვა და თუნდაც ერთი საპასუხო გოლის ნაცვლად, მეტოქეს ოთხი ყვითელი ბარათით უპასუხა.

ასეთი საშინელი სტარტიდან გამომდინარე, პირველი ორი ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“, ბურთების ყველაზე უარესი სხვაობით, სატურნირო ცხრილში უკანასკნელი ადგილი უკავია და იქიდან თავის დაღწევას მომდევნო ტურში „ოლდ ტრაფორდზე“ „ლივერპულთან“ მოგებით ეცდება, რომელმაც მისგან განსხვავებით, აქამდე ჩატარებული ორივე მატჩი ფრედ დაასრულა.

მერსისაიდელებმა ახალი სეზონი ინგლისის სუპერთასის მატჩში „მანჩესტერ სიტის“ დამაჯერებელი ანგარიშით – 3:1 ძლევით კი დაიწყეს, მაგრამ როგორც პრემიერლიგის პირველმა ორმა ტურმა დაგვანახვა, გუნდიდან სადიო მანეს გაშვებით დიდი შეცდომა დაუშვა. ამაზე მიუნხენის „ბაიერნში“ მანეს დამაჯერებელი სტარტიც მეტყველებს.

სენეგალელი ფორვარდის დებიუტი სუპერთასზე „ლაიპციგის“ წინააღმდეგ შეხვედრაში შედგა, რომელიც გერმანიის ყველაზე სახელოვანმა კლუბმა ანგარიშით 5:3 მოიგო.

ბუნდესლიგის პირველ ორ მატჩში კი „ბაიერნმა“ ჯერ „აინტრახტი“ (6:1) გაანადგურა, შემდეგ კი „ვოლფსბურგი“ შედარებით მოკრძალებული ანგარიშით – 2:0 დაამარცხა.

ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ „ბაიერნის“ თამაშში მეტი გუნდურობა შეინიშნება და ამაზე სეზონის პირველ სამ მატჩში რვა სხვადასხვა ფეხბურთელის მიერ გატანილი 13 გოლიც მეტყველებს. 

ამ გოლებიდან 2 სადიო მანეს ანგარიშზეა და თანაც გასათვალისწინებელია, რომ სენეგალელ ფორვარდს „ვოლფსბურგთან“ უკანასკნელ მატჩში არ გაუმართლა, რადგან ორი ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაეთვალა.

უკვე ახლავე ნათელია, რომ „ბაიერნი“ წლეულს ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება და ყველანაირად ეცდება, რომ „ვილიარეალთან“ ფიასკოს მსგავსი შარშანდელი ისტორია აღარ გაიმეოროს.

ბუნდესლიგის ლიდერის ამჟამინდელი ასპარეზობის შესწავლას კი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის – მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბი ძალაუნებურად უკვე შეუდგა, რადგან „ბაიერნის“ მიერ დარბეული „აინტრახტი“ ცოტა ხნის წინათ ევროპის სუპერთასის მატჩში მანაც დაამარცხა. 

აი ლა ლიგის პირველ ტურში კი „სამეფო კლუბმა“ გოლი უკვე მეექვსე წუთზე გაუშვა და თანაც დებიუტანტ „ალმერიასთან“ შეხვედრაში. 

ბუნებრივია, რომ „რეალი“ მარცხს არ შეეგუებოდა, სრულ უპირატესობას დაეუფლა და მეტოქეს მწვავედ შეუტია. 

მიუხედავად ამისა, კარლო ანჩელოტის გუნდმა ორივე ბურთი მატჩის მეორე ტაიმში გაიტანა და აქედან გამომდინარე, სამი ქულის მოსაპოვებლად მას საკმაო ჯაფის გაწევა დასჭირდა.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ალაბას მიერ საშუალო დისტანციიდან გატანილი გამარჯვების გოლი. 

აღსანიშნავია, რომ „ბაიერნიდან“ გადასულმა ავსტრიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა „რეალის“ შემადგენლობაში ჩატარებულ ორივე მატჩში გამოიჩინა თავი და „აინტრახტთან“ სუპერთასის შეხვედრაში სწორედ მან გაიტანა „სამეფო კლუბის“ პირველი ბურთი ახალ სეზონში. 

თავისი სადებიუტო პრემიერლიგური გოლი „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კულიბალიმაც გაიტანა ლონდონურ დერბიში და  პირველი ტაიმის მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, „ჩელსის“ აუცილებლად უნდა მოეგო „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში.

მაგრამ თურმე ყველაფერი წინ იყო, მატჩი ჰარი კეინის მიერ მსაჯის დამატებულ მეექვსე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ ფრედ  – 2:2 დასრულდა და საბოლოოდ ანტონიო კონტეს და თომას ტუხელის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მწვრთნელები გააშველეს და წითელი ბარათებით დააშოშმინეს.

ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ორი ტურის შემდეგ ორ-ორი მოგებით სათავეში „მანჩესტერ სიტი“ და „არსენალი“ ჩაუდგნენ. 

„მანჩესტერ სიტიმ“ წლეულს გუნდიდან ორი თავდამსხმელი – სტერლინგი და გაბრიელ ჟეზუსი შესაბამისად, „ჩელსიში“ და „არსენალში“ გაუშვა. მათ ნაცვლად კი „დორტმუნდიდან“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰალანდი შეიძინა.

პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი ჯერჯერობით შესანიშნავად გამოიყურება და ერთი გოლიც არ გაუშვია, მაგრამ თამაში რომ ნორვეგიელ ვარსკვლავზეა აწყობილი, ამან შემდგომში პეპ გვარდიოლას გუნდს დათვური სამსახური შეიძლება გაუწიოს. ამის საუკეთესო მაგალითი ხომ ჰალანდის ყოფილი კლუბი „დორტმუნდია“. 

წინ კი მრავალი მოულოდნელი საკითხია გასათვალისწინებელი, რადგან ტრადიციულ ევროტურნირებთან ერთად, წამყვან ევროპულ კლუბებს ნოემბერში  დანიშნული მსოფლიო ჩემპიონატიც არაერთ დაბრკოლებას შეუქმნის, რაც მათთან შედარებით სუსტ გუნდებს დაწინაურების საშუალებას მისცემს. 

არსებული სიტუაციით შეუძლია ისარგებლოს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“, რომელმაც პირველ ტურში ლა ლიგის დებიუტანტი „ხირონა“ მინიმალური ანგარიშით – 1:0 ისე დაამარცხა, რომ ჩვენი თანამემამულის კართან საფრთხე პრაქტიკულად არ შექმნილა.

უღიმღამო გამოდგა „ბარსელონას“ დებიუტი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში. „რაიო ვალეკანოს“ კარის აღება „ბაიერნის“ ყოფილმა ვარსკვლავმა რობერტ ლევანდოვსკიმაც ვერ შეძლო და გუნდებიც 0:0-ზე დაზავდნენ. 

კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს კი მშვენივრად უნდა ახსოვდეთ, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხავი ერნანდესის წინამორბედი რონალდ კუმანი გუნდიდან სწორედ „რაიო ვალეკანოსთან“ წაგების შემდეგ გაუშვეს…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.