fbpx

როგორ იქცა წინანდლის ფესტივალი მსოფლიო კლასიკური მუსიკის მნიშვნელოვან მოვლენად


გააზიარე სტატია

კლასიკური მუსიკის დღესასწაულად ქცეული წინანდლის ფესტივალი წელს ახალი – მეოთხე სეზონით ბრუნდება. ფესტივალი 2 სექტემბერს გაიხსნება და 11 სექტემბერს დაიხურება. 10 დღის განმავლობაში წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის მომნუსხველი ენერგია კიდევ ერთხელ შექმნის ზღაპრულ გარემოს და  ფესტივალი თავისი ისტორიის კიდევ ერთ თავს დაწერს. ყველა ისტორიას აქვს დასაწყისი –  წინანდლის ფესტივალი დაიწყო სურვილით, რომ საქართველოში მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმული კლასიკური მუსიკის საგანმანათლებლო და კულტურული პლატფორმა შექმნილიყო.  

ფესტივალის დაარსების იდეა სწორედ მისი ჩატარების ადგილთან არის დაკავშირებული. 2007 წელს Silk Road Group-მა ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმისა და წინანდლის მამულის აღდგენის პროექტი დაიწყო. მუზეუმის რესტავრაციის დასრულების შემდეგ აღდგენილ და თავდაპირველი იდეური თუ ვიზუალური კონცეფციით განახლებულ მამულში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა ცნობილი მევიოლინე გიდონ კრემერი და კამერული ორკესტრი „კრემერატა ბალტიკა“. ამის შემდეგ  წინანდლის მამულში კლასიკური მუსიკის ღონისძიებები ტრადიციად იქცა და Silknet-ის მხარდაჭერით არაერთი ქართველი და მსოფლიო  ვარსკვლავის კონცერტი გაიმართა.

წლების განმავლობაში წინანდლის მამულში გამართულმა კლასიკური მუსიკის კონცერტებმა ერთგვარი  უნიკალური  არქივი შექმნა. დაგროვდა გამოცდილება წამყვანი ვარსკვლავების ჩამოყვანისა და მათი მასპინძლობისა. ასე გაჩნდა ფესტივალის დაარსების იდეა. ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი კი “სილქნეტია” – სწორედ მისი თაოსნობით დაარსდა ფესტივალი, რომელმაც წინანდლის მამული  კლასიკური მუსიკის საგანმანათლებლო ცენტრად აქცია”. – დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი

2017 წელს  წინანდლის მამულში უნიკალური ამფითეატრი აშენდა. ის მე-19 საუკუნის თაღოვანი მარნების თავზეა განლაგებული. სწორედ მარნების მდებარეობა და არქიტექტურული აგებულება განაპირობებს ამფითეატრის განუმეორებელ აკუსტიკასაც,  რაც მომავალში ფესტივალის ერთ-ერთ გამორჩეულ დეტალად იქცა. ამის შემდეგ  ფესტივალის ინაუგურაცია შედგა – “სილქნეტმა”  მაესტრო ზუბინ მეტას უმასპინძლა. ამფითეატრის კლასიკური მუსიკის სცენაზე წარდგნენ  ხატია ბუნიათიშვილი და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი ზუბინ მეტას დირიჟორობით. კონცერტი  140-მდე ქვეყანაში გადაიცემოდა. ამ საღამოს შემდეგ საერთაშორისო კლასიკურ მუსიკალურ სამყაროში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში, ქვეყნის ისტორიულ მამულში,  საფუძველი ჩაეყარა ფესტივალს, რომელსაც მთელი რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში  უმნიშვნელოვანესი როლი ექნებოდა. 

2019 წელს ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა და პირველივე დღიდან დაამტკიცა, რომ საქართველო ევროპული კულტურული ღირებულებებისა და ტრადიციების შერწყმით, ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. წინანდლის ფესტივალმა სახელოვნებო სამყაროში  მრავალი მნიშვნელოვანი გზავნილით დაიმკვიდრა თავი. ფესტივალის თანმდევი კიდევ ერთი აღსანიშნავი მოვლენა პან-კავკასიური ორკესტრის დაფუძნება იყო – ეს არის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელმაც რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები გააერთიანა. ორკესტრის შექმნის იდეა ახალგაზრდა თაობის ერთიანობაა, რაც კლასიკური მუსიკის სცენაზე ქვეყნებს შორის მეგობრობისა და მშვიდობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. 2022 წელს დიდი ძალისხმევის შედეგად, პან-კავკასიური ორკესტრი კვლავ დაბრუნდა ფესტივალის პროგრამაში.

წინანდლის ფესტივალი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. რეალურად Silknet-მა ამ პროექტის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი დააარსა. სწორედ ეს ფონდი უზრუნველყოფს იმას, რომ ფესტივალის ფარგლებში, წინანდალში ბინა დაიდო საერთაშორისო სტანდარტების საგანმანათლებლო ცენტრმა. წინანდლის ფესტივალის უდიდესი ნაწილი საგანმანათლებლო პროცესია. ყოველწლიურად მას მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები უერთდებიან. მუსიკოსებთან ერთად ჩამოდიან ცნობილი კონცერტმაისტერები ისეთი სახელოვნებო სივრცეებიდან, როგორებიც არის: მეტროპოლიტენის ოპერა, ინგლისის სამეფო ოპერა, ამსტერდამის Concertgebouw და ასე შემდეგ. ფესტივალამდე გარკვეული ხნით ადრე ავტორიტეტული ორკესტრებიდან გვსტუმრობენ საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლები და იწყება პროგრამისათვის მზადება – ინტენსიური რეპეტიციები და მასტერკლასები. ამის შემდეგ კი ახალგაზრდულ ორკესტრს ფესტივალის სცენაზე კლასიკური მუსიკის სამყაროს წამყვანი ხელოვანები უერთდებიან”.  – დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი

აღსანიშნავია, რომ რეპეტიციები და მასტერკლასები ერთგვარი სახელოვნებო რეზიდენციის სივრცეში მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროცესის სრულყოფისათვის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ სპეციალური სარეპეტიციო დარბაზებით და მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვილი საგანმანათლებლო  დაწესებულება და საცხოვრებელი აშენდა. 

წელს მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა უკრაინის ომის ფონზე მიმდინარეობს. ხელოვნება ყოველთვის ერთ-ერთი უპირველესი საშუალება იყო მშვიდობის დასაცავად, ომის გასაპროტესტებლად და სამართლიანობისა და თავისუფლების იდეის  მხარდასაჭერად. ჩვენი წარსულისა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გააზრებით, ფესტივალმა თავიდანვე აიღო გეზი ამ ღირებულებებისაკენ. წელს თავისუფლებისა და მშვიდობის გზავნილების გამოკვეთილად გაჟღერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინანდლის ფესტივალის ორგანიზატორებისათვის. სიმბოლური და ორმაგად აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე მოწვეულია წარმოშობით უკრაინელი დირიჟორი  ოკსანა ლინივი. ის პირველ დღეს პან-კავკასიურ ორკესტრს უდირიჟორებს, რომელიც თანამედროვე კლასიკური მუსიკის ვარსკვლავს – პიანისტ მაო ფუჯიტას გაუწევს აკომპანირებას. ოკსანა ლინივის პერსონა კლასიკური მუსიკის სამყაროში საკმაოდ გამოკვეთილია – ის ამჟამად ბოლონიის ოპერის ხელმძღვანელია. ოკსანა ასევე პირველი ქალია, რომელმაც ვაგნერის სახელგანთქმულ ფესტივალზე იდირიჟორა.

წინანდლის ფესტივალის წლევანდელ სეზონზე კლასიკური მუსიკის მსმენელებს დაუვიწყარი კონცერტები ელოდებათ. მაგალითად,  ფესტივალზე მოწვეულია  სახელგანთქმული შვეიცარიელი დირიჟორი –  შარლ დუტუა. მას მევიოლინე რენო კაპუსონთან ერთად 5 სექტემბერს ვიხილავთ სცენაზე. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ წელს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ კლასიკური მუსიკის ახალი ტალღის ვარსკვლავებს. ერთ-ერთი მათგანია ესპანელი დირიჟორი პაბლო ჰერას-კასადო, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება თავისი შემოქმედებით მიიპყრო”. – დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი

წინანდლის ფესტივალის მოწვეულ დირიჟორებს შორისაა მსოფლიოში ცნობილი ახალი თაობის დირიჟორი ვასილი პეტრენკო. ვასილი პეტრენკო, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ფილარმონიული ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელია, რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში  მოხვდა. წარმოშობით რუსმა პეტრენკომ  ომის დაწყებისთანავე შეწყვიტა თავის ქვეყანაში მოღვაწეობა. მან რუსეთის სახელმწიფო აკადემიური სიმფონიური ორკესტრი ღია და ძლიერი პოზიციით დატოვა. პეტრენკომ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში “ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მორალური მარცხი იყო”. 

როგორც ფესტივალის წარმომადგენლები აღნიშნავენ, წინანდლის ფესტივალი სწორედ იმ მუსიკოსებს აერთიანებს, რომლებიც თავისუფლები არიან პროპაგანდისტული გავლენებისგან, ღიად გმობენ ომს და ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციას აფიქსირებენ.  

ფესტივალის შესახებ საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი  ღონისძიება საერთაშორისო მედიის ფოკუსშია და მას  უამრავი გავლენიანი პრესის წარმომადგენელი ეწვევა. თანამედროვე ციფრულ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მოვლენებში  მონაწილეობა საზღვრების გარეშე შეგვეძლოს. წინანდლის ფესტივალის კონცერტები წელს გადაიცემა ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა,  მაგალითად,  medici.tv. Euronews და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ “სილქნეტის” ციფრულ ეკოსისტემას  წელს ორი  მუსიკალური გიგანტი – ამერიკული Billboard  და ფრანგული კომპანია Deezer შეუერთდა. 2022 წლის სეზონზე ეს გავლენიანი პლატფორმები წინანდლის ფესტივალს კიდევ უფრო მეტ ადამიანს  გააცნობს. 

 აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ წინანდლის ფესტივალის მიმართ ინტერესს მხოლოდ პროგრამა და ვარსკვლავური შემადგენლობა როდი იწვევს. საერთაშორისო გამოხმაურებისას მუდმივად აღინიშნება მისი ჩატარების ადგილი.  

თავად  ფესტივალის ადგილი განსაკუთრებულია. ეს არის ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა. მუსიკისა და ღვინის ქვეყანაში, სად, თუ არა წინანდალში,  ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში უნდა დაარსებულიყო ეს ფესტივალი.  აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველი როიალი სწორედ ჭავჭავაძეების სასახლეში  დაიდგა და პირველი ბოთლში ჩამოსხმული ღვინოც წინანდალს უკავშირდება.  

ფესტივალის მონაწილეებისთვის  ეს ჯადოსნური დღეები  სწორედ ამ გარემოს დამსახურებაცაა. “სილქნეტი”  ფესტივალის დაარსების დღიდან მისი წარმდგენია. კომპანია  არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს და ჩვენი მიზანიც უფრო დიდია, ვიდრე მხოლოდ ხელოვნების ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ამ პროექტმა ქვეყნის კულტურულ განვითარებაში უკვე დიდი წვლილი შეიტანა საერთაშორისო მასშტაბით, რადგან საქართველო  მსოფლიო რუკაზე მოინიშნა, როგორც უნიკალური ფესტივალის მასპინძელი ქვეყანა და გვჯერა, რომ მომავალში მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება”. – Silknet-ის წარმომადგენელი.  

წინანდლის ფესტივალმა  დაარსებიდან დღემდე დაამტკიცა, რომ სწორი ღირებულებებით და მასშტაბური ხედვით შესაძლებელია პატარა ქვეყანაში დაფუძნებულმა სახელოვნებო პლატფორმამ საერთაშორისო გავლენა მოიპოვოს და მსოფლიო აალაპარაკოს.  “ყველაფერი კავშირშია” – ეს არის Silknet-ის მთავარი გზავნილი და სწორედ ამ მიდგომით გაერთიანდა  წინანდლის ფესტივალში ყველა ის კომპონენტი, რომელიც საქართველოს მსოფლიო კულტურულ  რუკაზე თავის ადგილს უმკვიდრებს, აღადგენს მის ევროპულ ტრადიციებს, გზას უხსნის ტურიზმს და ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას მთელ მსოფლიოს წარუდგენს.

იქ, სადაც ორი საუკუნის წინ ქართველები ევროპელ მეგობრებს მასპინძლობდნენ, იქ, სადაც ალექსანდრე დიუმა  ქართულ ტრადიციებს ეცნობოდა,  დღეს საკულტო ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანები დაუვიწყარ კლასიკურ მუსიკას აჟღერებენ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.