fbpx

წითელი, თეთრი და შავი ძაფებისაგან შექმნილი ქსელები – ჩიჰარუ შიოტას ხელოვნება


გააზიარე სტატია

ავტორი: ანო კლდიაშვილი

 

გლაზგოს  თანამედროვე ხელოვნების გალერეა 18 ივნისიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით იაპონელი ხელოვანის, ჩიჰარუ შიოტას პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს, სახელწოდებით „სული თრთის“. მნიშვნელოვანია, რომ „სული თრთის“ არტისტის   შემოქმედებითი გზის მანძილზე მოწყობილი   ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელიც მის ოცდახუთწლიან მხატვრულ პრაქტიკას –  თხელი ძაფებისაგან შექმნილ მაცდურ კონსტრუქციებს, ქაღალდზე შესრულებულ ნამუშევრებსა თუ სკულპტურებს აერთიანებს, რომლებიც, როგორც ხელოვანი  ამბობს, მისთვის სხვადასხვა შეგრძნების, შფოთვის, სიჩუმის, მოგონებებისა თუ ოცნებების ვიზუალიზაცია და უკვდავების იდეის კვლევის შესაძლებლობაა. 

ჩიჰარუ შიოტა 1972 წელს იაპონიაში, ქალაქ ოსაკაში დაიბადა. 1992 წელს ის კიოტოში მდებარე სეიკას უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სურდა, რომ მხატვარი გამხდარიყო, თუმცა აზრი მალევე შეიცვალა და პერფორმანს-არტისტობა გადაწყვიტა.  ამჟამად ხელოვანი ბერლინში ცხოვრობს და სახელოვნებო წრეებში სწორედ რომ მომაჯადოებელი, ფართომასშტაბიანი და ტრანსფორმაციული პერფორმანსებითა თუ ინსტალაციებით არის ცნობილი. მისი ხელწერა გალერეებში გადაჭიმული წითელი, თეთრი თუ შავი ძაფების რთული ქსელებია, რომლებიც ხან ჭერიდან იატაკამდე იღვრება და მთლიანად იპყრობს ინტერიერს, ხან კი აკავშირებს, აკრავს და ფარავს ოთახში მოთავსებულ  სხვადასხვა ობიექტს – ხელოვანი მატერიისა და სივრცის ფსიქიკური აღქმის ერთმანეთთან დაკავშირებით ქმნის ნარატივებს მეხსიერების, გაუცხოებისა და განუსაზღვრელობის შესახებ. „ძაფი, როგორც მატერია, ძალიან რბილია… მე მას ჩემი გრძნობების სარკედ ვიყენებ. ამავდროულად, ძაფით მუშაობის პროცესს თან ახლავს ის ვიბრაციები, რაც ნებისმიერი ადამიანური ურთიერთობისათვის არის დამახასიათებელი.

მათ მსგავსად ჩემ მიერ ძაფებისაგან შექმნილი ქსელებიც ჩახლართული და უხილავი დაძაბულობითაა დამუხტული“. – ამბობს ავტორი. ნამუშევართა შექმნისას ჩიჰარუ შიოტასათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფერი – არტისტის ხელწერა თეთრის, შავისა და წითლის გამოყენებაა, ამ სამი ფერით ის განსხვავებულ შეგრძნებებსა და ასოციაციებს აღვიძებს მნახველში; მაგალითად, შავი ფერი ტრადიციულად  ახლავს ჩიჰარუ შიოტას ნამუშევრებს, მისი გამოყენებით ავტორი ავადმყოფობის, სიკვდილისა და სამყაროს ამოუხსნელობის  იდეებს იკვლევდა, თეთრი კი ხელოვანისათვის იმედის, მშვიდობისა და დადებითი ენერგეტიკის გამოსახვის საშუალებაა. 

„როცა მინდა, მნახველს რამე მოვუთხრო, წითელს ვიყენებ“, – ამბობს არტისტი. ჩიჰარუ შიოტამ ამ ფერს ა ბოლო წლებში განსაკუთრებით  აქტიურად იყენებს,  მისი ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევრები სწორედ რომ წითელი ნაქსოვი ძაფებითაა შექმნილი. ეს ფერი ხელოვანისათვის მოგზაურობისა და ვენებში სისხლის მოძრაობის სიმბოლოა. მის 2004 წელს შექმნილ ნამუშევარში – „Dialogue From DNA“ წითელი იმ იდეის ხაზგასასმელად გამოიყენება, რომ ადამიანები როგორც დიდ დანაკარგს, ასევე ცვლილებათა გარდაუვალობასაც უნდა შევეგუოთ. 2016 წელს ბერლინში ჩიჰარუ შიოტას გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით „გაურკვეველი მოგზაურობა“.   გალერეაში  განთავსებული იყო არტისტის წითელ ფერში შექმნილი ინსტალაცია – „გასაღებით ხელში“. 

უზარმაზარ ატრიუმში ეს მკვეთრი და სიმძაფრით აღსავსე ფერი დომინირებდა – ერთმანეთში გადახლართული წითელი ძაფების მკვრივი ქსელებით დიდი ზომის ლაბირინთები იქმნებოდა, რომლებიც ჭერიდან   იატაკზე მოთავსებულ შავი ნავების სკულპტურებში ეშვებოდნენ. ამ შემთხვევაში წითელი ფერი ადამიანის სხეულის მეტაფორა იყო, თხელი ძაფებისაგან შექმნილი რთული ქსელები კი თავის ტვინში არსებული ნერვული კავშირების ვიზუალიზაცია. ამ ინსტალაციით ჩიჰარუ შიოტამ ეგზისტენციალური კითხვები დასვა ბედისწერისა და კუთვნილების შესახებ და თქვა, რომ მათზე პასუხის გაცემა ისეთივე რთულია, როგორც ამ ერთმანეთში გადახლართული ნართების განცალკევება. ხელოვანმა ნამუშევრის შექმნისას  მასალად ფეხსაცმელები, გასაღებები, საწოლის ჩარჩოები და წიგნებიც გამოიყენა,  რადგან მიიჩნია, რომ ისინი როგორც პირადი, ასევე კოლექტიური მეხსიერების იდეალურ მეტაფორებად მოევლინებოდნენ მნახველს. მნიშვნელოვანია, რომ 2015 წელს ამ ინსტალაციის ხილვა ვენეციის სახელოვნებო ბიენალეზეც იყო შესაძლებელი – ჩიჰარუ შიოტამ  მსოფლიოს იაპონური ხელოვნება ამ საოცარი ნამუშევრით წარუდგინა.

ჩიჰარუ შიოტას ფართომასშტაბიანი ინსტალაციები ხშირად ეხმიანება ქალების გამოცდილებასა და იმ პრობლემებს, რომლებიც   მუდმივად ჩნდება მათ წინაშე.     2010 წელს ხელოვანმა შექმნა ავტობიოგრაფიული ნამუშევარი, სახელწოდებით „დიალოგი არყოფნასთან“.  ეს საოცრად მეტყველი ინსტალაცია როგორც ქალებისათვის მტკივნეულ ზოგად თემებს, ასევე არტისტის პირად პრობლემას: სიმსივნესთან ბრძოლის გამოცდილებას აერთიანებს. ამ ინსტალაციაში ვხედავთ კედელზე დაკიდებულ დიდი ზომის თეთრ საქორწინო კაბას, იატაკზე კი რამდენიმე პერისტალტიკური ტუმბო დგას, საიდანაც წითელი სითხე გამოდის და უამრავი პლასტმასის მილის მეშვეობით კაბამდე აღწევს. „რას ნიშნავს იყო ქალი, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე ამისათვის?“ – სწორედ ესაა ავტორის მიერ დასმული შეკითხვა. თეთრი საქორწინო კაბა ამ ინსტალაციაში გათხოვილი ქალის იდეალური ვერსიის მეტაფორაა, ქალის, რომელიც დაცლილია საზოგადოების გავლენისაგან და არანაირი ვალდებულება არ აკისრია, თუმცა წითელი სითხე, ანუ სისხლი, რომელიც კაბას მილებით მიეწოდება, იმაზე მიანიშნებს, რომ საზოგადოების მოლოდინებისა და აზრებისაგან თავის დაღწევა ძალიან რთული და  ხშირად შეუძლებელიც კია.

ჩიჰარუ შიოტას მისი ავადმყოფობით ინსპირირებული კიდევ ერთი შთამბეჭდავი ინსტალაციაა „კანის მეხსიერება“.   ხელოვანის ცხოვრებისეული გამოცდილება იდეალურადაა არეკლილი ამ ნამუშევარში, სადაც  ჭერზე ჩამოკიდებულ უზარმაზარ კაბებს ვხედავთ, რომლებიდანაც მუდმივად წვეთავს წყალი. ავტორისათვის ეს კაბები ციკლური აზრების მეტაფორაა. „ეს მხოლოდ გონების სიკვდილი არ არის, ეს მთელი სხეულის სიკვდილია. მგონია, რომ ამ ინსტალაციაში მნახველი ნათლად ხედავს დაბადების, ავადმყოფობისა და სიკვდილის ნიშნებს“ – ასე აღწერს ნამუშევარს არტისტი.

ჩიჰარუ შიოტას ხელოვნება მნახველში ამბივალენტურ განცდებს აღვიძებს – მისი ნამუშევრები ვიზუალურად მომაჯადოებელი და ამავდროულად, საკმაოდ მძიმეა. არტისტის მიერ ძაფებისაგან შექმნილ ლაბირინთებში შთანთქმულ გასაღებებზე, კაბებზე, ძველებურ საწოლებსა თუ ნავებზე დაკვირვება სიზმრისეულ სამყაროში გვამოგზაურებს – გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელოვანის მიერ ინსტალაციებში გამოყენებული ყოველი ობიექტი დროსა თუ სივრცეში ცურავს და თან  ხაფანგშია მოქცეული. ჩიჰარუ შიოტას მიერ შექმნილ ნამუშევრებში, რომლებიც ობობას ქსელებს წააგავს, იდეალურადაა დაბალანსებული თავისუფლება და ტყვეობა, ფიქცია და რეალობა, სიმშვიდე და ქაოსი. ავტორი ძაფებით მუშაობისას როგორც ცალკეული მოგონებების შეფუთვას, ასევე ადამიანური ურთიერთობებისათვის შუქის მოფენას ცდილობს; მისთვის ხელოვნება თვითგანკურნების შესაძლებლობაა და ფიქრობს, რომ თუ პირად ემოციებს ამ ქსელების შექმნის საშუალებით გაამჟღავნებს,  გათავისუფლდება და საკუთარ თავთან მშვიდობას დაამყარებს.  შესაძლოა სწორედ ამიტომაა ჩიჰარუ შიოტას ხელოვნება ერთდროულად ასეთი მსუბუქი და მძიმე –  ავტორი იცლება და მშვიდადაა, თუმცა მის ნაცვლად მნახველი ეხვევა ერთმანეთში გადახლართულ რბილ თეთრ, შავ და წითელ ძაფებში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.