ქართველმა არტისტებმა ვენეციის ბიენალეს რუსეთის პავილიონს “ДЕТИ” (ბავშვები) დააწერეს
ორი ქართველი ხელოვანის BIIMO-სა და ლევან ამაშუკელის AR ინსტალაცია არის შეხსენება უკრაინაში ბავშვების მასობრივი და სასტიკი მკვლელობის შესახებ.
BIIMO: “ციფრული ხელოვნება და AR მაძლევს საშუალებას ნებისმიერ ზედაპირზე და ლოკაციაზე გამოვხატო ჩემი სათქმელი. ვენეციის ბიენალეს რუსეთის პავილიონზე ეს ინსტალაცია უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა, ყოველდღიურად ვხედავთ მონაცემებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანები აზიარებენ ამ ინფორმაციას და ინფორმაცია აუდიტორიამდე სწორად მიდის.”
ლევან გელეიშვილი ერედელი: “რუსეთთან საინფორმაციო ომი ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ ასეთი აქტივობების ორგანიზება აუცილებელია. არ უნდა გადაფაროს ომის თემა სხვა ყოველდღიურმა ყოფიერმა ინფორმაციებმა, როგორც ხდება ხშირად და თითქოს დავიწყებას მიეცეს ომი, რადგან მტერსაც სწორედ ეს სურს.”
ლევან ამაშუკელი: “იქიდან გამომდინარე, რომ ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდი დოზით არის, თითქოს ამან გამოიწვია მისი ოდნავი გაუფასურება და ერთგვარი მიჩვევა. აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ შეგვეხსენებინა ხალხისთვის თუ როგორ პირობებში უწევთ ცხოვრება უკრაინელებს ამ კონკრეტულ მომენტში და ყველამ უნდა ვცადოთ რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ მათ. ის რასაც რუსეთი აკეთებს 21-ე საუკუნეში სრულიად ციფრული სამყაროს არსებობის დროს წარმოუდგენელია. ყველაფერი შუქდება ინტერნეტით და ტელევიზიით, მაგრამ მათი სიტუტუცის და სამყაროს ფეხებზე დაკიდების ხარისხი გასაგიჟებელია.
უკრაინა გაიმარჯვებს
გაუმარჯოს გმირებს”
24 თებერვლიდან, უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, რუსეთის ჯარებმა მოკლეს 361 ბავშვი, დაშავდა 711.
ინსტალაციის ნახვა შესაძლებელია მობილური ტელეფონის გამოყენებით. რუსეთის პავილიონთან ააქტიურებთ ხელოვანების მიერ შექმნილ ინსტაგრამ ფილტრს, სადაც მაყურებელი ასევე ხდება ინსტალაციის მონაწილე.





