ბულიონის ნოკაუტი – “რელიგიური აერობიკის” ექსკლუზიური ვიდეო
ავტორი: ნიკოლოზ ნადირაშვილი
გია ბუღაძემ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა, რომ გულწრფელობის დრო მისთვის დიდი ხანია დასრულდა ხელოვნებაში და რომ ის ხელოვანისაგან ითხოვს იდეას და შესაბამის განცდას. მეც ამავე მოთხოვნას ვუყენებ ხელოვანს და, ზოგადად, თანამედროვე ხელოვნებას.
ალბათ, სწორედ ამის გამო არის, რომ უკვე რომანტიკულად ქცეული გვიან სოციალისტური პერიოდის შემოქმედება (რაც დღეს უკვე ქართული თანამედროვე ხელოვნების საწყისად მოიაზრება) ჩემთვის, სულ უფრო და უფრო ნაკლებად საინტერესოა. მეტიც, ხშირად აქ გულწრფელობის საკითხიც დასაზუსტებელია: ბევრი არტისტი, რომელიც 1980-იან წლებში შექმნილ სხვადასხვა კოლექტივს მიეკუთვნებოდა, იქნებოდა ეს არქივარიუსი, X სართული თუ ე.წ. მარჯანიშვილის სახელოსნოს ჯგუფი და იმ პერიოდში საკუთარ შემოქმედებაში რეჟიმის მოპირისპირე სენტიმენტებს ამჟღავნებდა, დღეს ახალი ავტორიტარული რეჟიმის – „ქართული ოცნების“ „კარის მხატვარია“… და ვერც ვერაფერს ქმნის ღირებულს (განა რა ღირებულება შეიძლება ჰქონდეს თანამედროვე ხელოვნებას, რომელიც მძევლად არის აყვანილი?!).
თანამედროვე ხელოვნებაში პრობლემურია არა მხოლოდ ამ ხელოვანთა საკითხი, არამედ მათიც, ვისაც მილენიალებს და ჯენზის ვუწოდებთ, ანუ ვინც 1980-იანი წლების შემდგომ დაიბადნენ. თავიანთ შემოქმედებაში ისინი გვიზიარებენ საკუთარ, თითქოს გულწრფელ კოსმოლოგიებს და შინაგან განცდებს, მაგრამ ხშირად ეს ყოველივე უინტერესოა. რა არის ხელოვნება თუ არა საუბარი საზოგადოებასთან და განა ყველას მოსაზრება საინტერესოა? ვფიქრობ, რომ არა.
საბაზრო სისტემა და პიროვნული სანაცნობო ქსელები ვითარებას კიდევ უფრო ამორალურს ხდის – დარგის პროფესიონალები ხშირად უპირობოდ იწონებენ და პოპულარიზაციას უწევენ კონკრეტულ ხელოვანს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხშირად, სრულიად შემთხვევითი მოცემულობების გამო, კონკრეტული ხელოვნება ძვირადღირებულია ან იმიტომ, რომ ამ ხელოვანებს გარკვეული სოციო-სიმბოლური კაპიტალი დაუგროვდათ. ასე და ამგვარად, თბილისის თანამედროვე ხელოვნების სივრცე უფრო ძალთა ჭიდილია, ვიდრე თვითშემეცნების სავანე.
მოკლედ, როგორც ქეით ბლანშეტის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს იულიან როზეფელდის ფილმში Manifesto: „საღამო მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო, ყველა თანამედროვე ხელოვნება არის ყალბი!“
დღეს კი მოგიყვებით იმ ხელოვნების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ გულწრფელია, არამედ აფიქსირებს მკვეთრ პოზიციას და ამას აკეთებს ძალიან ოსტატურად. ეს ჯგუფი „ბულიონია“, რომელიც 2008 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული მათი შემოქმედება საუკეთესოდ ჰყვება საქართველოს უახლეს ისტორიას.
და რა ხდება 2008 წელს? თითქოს ამ წელს უნდა გაეცა პასუხი წინა წლის მოვლენებისთვის, როდესაც საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პროტესტი ხელისუფლებამ ძალის გადამეტებით ჩაახშო. 7 ნოემბრის აქციის დაშლას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა. არჩევნების შედეგად 2008 წლის 5 იანვარს პრეზიდენტის პოსტს კვლავინდებურად სააკაშვილი უბრუნდება; თუმცა, საბოლოო პასუხი რუსეთის ტერორისტულმა სახელმწიფომ გაგვცა, როდესაც ის საქართველოში შემოიჭრა და საოკუპაციო პროცესები განაახლა, რომელიც დღემდე ფართოვდება მცოცავი ოკუპაციის პირობებში.
ერთი მხრივ, რეალური გარე მტრის არსებობის და, მეორე მხრივ, სახელმწიფოსგან ხარკის ამღები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პირობებში, რომელიც სულ უფრო და უფრო აღვივებდა და აღვივებს ფსევდოპატრიოტულ და პატრიარქალურ ვნებებს, რიგითი მოქალაქის პიროვნული თავისუფლების დაცვისთვის არავის ეცალა. და ამ დროს ბულიონი იწყებს ბინის სერიებს: პირველის სახელწოდებაა კოკა ბანაობს, რომლის ფარგლებშიც შეგვეძლო გვეყურებინა, თუ როგორ იბანს ადამიანი, რაც, თავის მხრივ, გვიან სოციალისტური პერიოდის ბინის გამოფენების ციტირებაა, როდესაც ე.წ. ნონკონფორმისტი არტისტები მთელ საბჭოთა კავშირში თავიანთ სახელოსნოებსა და ბინებში ეპატიჟებოდნენ საზოგადოების დაინტერესებულ პირებს საკუთარი ნამუშევრების სანახავად. თუმცა, განსხვავება არსებითია: თუკი საბჭოთა პერიოდში ბინის გამოფენები საშუალება იყო, რათა ხალხს ალტერნატიული ხელოვნება ენახა და არა ფორთოხლის მკრეფავი კოლმეურნეები, ბულიონი ბინის სერიებში სვამს კითხვას: სად მთავრდება „პირადი“ და სად იწყება „საჯარო“? თუკი ეს საკითხი მოცემულ პერიოდში ადამიანის უფლებრივ ჭრილში განიხილებოდა, დღეს უკვე პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ჭრილში განიხილება მკვეთრად გამოკვეთილი კაპიტალისტური იდეოლოგიების პარტიების და სოციალისტური მოძრაობების შეპირისპირებით.
ერთ-ერთი ბინის პროექტის (ბინა #3) ფარგლებში ბულიონის წევრები სუფრას უსხედან. მიირთმევენ, რასაკვირველია, ბულიონს და პირველ ეტაპზე საზოგადოება მათ შორი დისტანციით აკვირდება; შემდგომ ბარიერი იხსნება და ყველა ერთვება სეფაში. აღნიშნულთან დაკავშირებით ხელოვნების ისტორიკოსი ხათუნა ხაბულიანი პარალელს ბუნიუელის “ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლის” ერთ-ერთ სცენასთანაც ავლებს, როდესაც მაგიდას შემომსხდარი პერსონაჟების ირგვლივ ფარდა იხსნება და მეინახეები ფართო აუდიტორიის წინაშე აღმოჩნდებიან. (1)
ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ვუაიერისტულ აქტთან, როდესაც საზოგადოება დაინტერესებულია იმით, რაც, როგორც წესი, საჯარო პირობებში გარკვეულ უხერხულობასთან არის დაკავშირებული – იქნება ეს ჭამა თუ ბანაობა. ბულიონის ბინის პროექტები მომდევნო წლებში სხვადასხვა ფორმატში განივრცო, თუმცა არც ერთ მათგანში არ ყოფილა ყველაზე რადიკალურად ინტიმური – სექსუალური აქტი, რომელსაც, ვფიქრობ, გაცილებით მეტი გამოხმაურება ექნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ხომ დადასტურდა, რომ საზოგადოება ყველაზე მეტად იმ სოციალური ჯგუფით ინტერესდება და ის სოციალური ჯგუფი აღელვებს, რომელიც საკუთარი სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრებისთვის იბრძვის.
და მართლაც, 2013 წელს ქალაქის მთავარ გამზირზე ვხედავთ სასულიერო ანაფორაში გამოწყობილ პერსონაჟს, რომელიც ტაბურეტით მისდევს მათ, ვინც სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს იცავს. ამ დროს ხელისუფლება უკვე შეცვლილია და ეკლესიასა და მთავრობას შორის კავშირებიც ბევრად მჭიდრო და ერთარსია, რასაც მეორე ვადით „არჩეული“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2021 წელს თავის განცხადებაში დაადასტურებს: „ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს, 90-85% არის წინააღმდეგი ასეთი დემონსტრაციული მარშების. არ არის საჭირო, ჩვენ კონსერვატიული, ტრადიციული საზოგადოება ვართ. 85% არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, სხვა ღირებულებები გვაქვს“. (2)
2013 წელს ბულიონი საქართველოს წარადგენს პერფორმანსით – რელიგიური აერობიკა, რომელიც აბრაამული რელიგიების – იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის ჟესტიკულაციებს აერთიანებს.
იკონოლოგიური მნიშვნელობით ეს ნამუშევარი კვაზი-თეოკრატიული რეჟიმის მოპირისპირეა: საბჭოთა და 1990-იანი წლებით რეპრესირებული და დისორიენტირებული მოქალაქე ეკლესიას მიენდო, როგორც კულტურის ავთენტურ კერას და ამ უკანასკნელმაც განუზომელი ძალაუფლება შეიძინა. არნახულ მასშტაბებს მიაღწია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დეპრივატიზაციის პროცესმა: ერთი მხრივ, განუზომლად გაიზარდა მისი გავლენები საჯარო სივრცეში; მეორე მხრივ კი, საოჯახო სივრცეში: ყოველი მესამე ბავშვის ნათლია ილია II გახდა; ყოველი მეოთხე ახალდაბადებული კი „სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილი და საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მცველი“. თუმცა, ეკლესიის წიაღთან სიახლოვე ხშირად ფორმისმიერი აღმოჩნდა… უფრო სპორტული მისწრაფება იყო – პრაქტიკულად, მოსახლეობის უმეტესობამ რელიგიურ აერობიკაზე დაიწყო სიარული (აღნიშნულთან დაკავშირებით მახსენდება ვაჟიკო ჩაჩხიანის ნამუშევარიც – „სოციალური ბალეტი“, რომლის იკონოგრაფიაც პირჯვრის წერის „სპორტულ“ რიტუალურობას/ექსტაზს ციტირებს).
ალბათ, ასევე გახსოვთ 2021 წლის ივლისის მოვლენებიც, როდესაც რადიკალურმა ჯგუფებმა, თბილისი პრაიდის ჩაშლის მიზნით, რუსთაველის გამზირი დაიკავეს, მედიაწარმომადგენლებზე ფიზიკურად იძალადეს, საქართველოს პარლამენტის წინ ჯვრად წოდებული რკინის კონსტრუქცია აღმართეს და ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს. ეს ჯვრად წოდებული ფაშისტური სიმბოლიკა დღემდე პარლამენტის წინ არის განთავსებული, სახელმწიფოს განსაკუთრებული პროტექციის ქვეშ.
აგვისტოში ბულიონი მიმართავს ქრისტიანობისთვის აპრობირებულ ილეთს: „სიკვდილით სიკვდილის დათრგუნვას“ და რუსთაველზე ახალ ჯვარს დააბრძანებს. რამდენიმე საათში თანამედროვე ხელოვანთა მიერ დაბრძანებული ჯვარი ქრება – როგორც ჩანს, მან ვერ მიაღწია ისეთ სიწმინდეს თუ ესთეტიკურ ღირებულებას, რომელიც ხელისუფლებას აკმაყოფილებს.
დისკრიმინაციული განცხადებები ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ პრემიერ-მინისტრის კაბინეტით არ შემოისაზღვრება. ასევე გვახსოვს ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის 2018 წლის განცხადება: „ენჯეოები მთხოვენ, ადამიანი მამაკაცის ორგანოებით გავატარო ქალად“. ბულიონის პასუხი ამ პოლიტიკურ ფიგურასაც შეეხო, თუმცა სხვა კონტექსტში, როდესაც წულუკიანი უკვე კულტურის მინისტრის პოსტს იკავებს და მისი სამუზე-ომო პოლიტიკა ფასდება როგორც არათანმიმდევრული და საკადრო წმენდაზე დაფუძნებული. (3) 2021 წელს ბულიონის წევრები პერფორმანსით – „მდგომარეობა“ კარიატიდებად იქცნენ. როგორც თავად ჯგუფი აცხადებს:
ნამუშევარი შეიძლება გაკეთებულიყო (ან გაკეთდეს) ნებისმიერ სხვა შენობასთან საქართველოში: კანცელარიასთან, პარლამენტთან ან თუნდაც ეკლესიასთან, რადგან მხატვრების მოქმედება ქვეყანაში საზოგადოებაში არსებულ იმ მდგომარეობას ასახავს, რომელიც აღნიშნული ინსტიტუციების ჩამოშლას და გაუფასურებას მოაქვს.
ყველა სიკეთესთან ერთად 2022 წლის ივნისში გავიგეთ, რომ ევროპის კავშირის საბჭომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, საქართველომ კი მხოლოდ ევროპული პერსპექტივის სტატუსი მიიღო; არადა, ერთ დროს საქართველო ამ სამეულს შორის ლიდერ ქვეყანას წარმოადგენდა ევროინტეგრაციის მიმართულებით. აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ სულაც არ შეაფასა დრამატულად: „როცა იქნება, ხომ აუცილებლად გავხდებით კანდიდატი“, განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ; ამის პარალელურად, ისინიც კი, ვინც ღრმად იყვნენ დარწმუნებულები ქართული ოცნების პროდასავლურ კურსში, იმედგაცრუებულები დარჩნენ.
ამ პერიპეტიებმა ბულიონის პერფორმანსის კიდევ ერთი სერია გამახსენა – „ძალოსნები“, რომლის ფარგლებშიც სპორტულად გაწვრთნილი ჯგუფის წევრები სხვადასხვა სიმძიმის აწევას ცდილობდნენ, საერთაშორისოდ აღიარებული სპორტული სტანდარტების შესაბამისად. ამ შემთხვევაში ჯგუფი მეტაფორულად საქართველოს გამოხატავდა, რომელსაც შეჯიბრის მდგომარეობაში საკუთარი სიძლიერე უნდა დაემტკიცებინა, თუმცა გამარჯვებული სხვა აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ევროპეიზაციის კონკურსში კანონის არაუზენაესობა, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არშესრულება და საერთაშორისო კონვენციებთან დისჰარმონია ჩვენი დისკვალიფიკაციის საფუძველი აღმოჩნდა.
ყველა პრობლემის სათავე, რასაკვირველია, ჩვენი ერთმორწმუნე რუსეთია, სადაც ბულიონი სამჯერ გაემგზავრა სხვადასხვა პერფორმანსით (აღნიშნულს არ ვამართლებ და ვერასდროს გავამართლებ). მათ შორის ერთ-ერთია „კალაშნიკოვის ფაფა“, რომელიც ბულიონმა 2015 წელს მოამზადა სანქტ-პეტერბურგში ფესტივალის, Art Prospect-ის ფარგლებში: ჯგუფის წევრებმა პეტერბურგელ ინტელექტუალებს კალაშნიკოვით მოხარშული (ცოტა მიმწვარი) ფაფა აჭამა.
უფრო მნიშვნელოვანი კი 2018 წელს ჯგუფის პანელური სიტყვა იყო მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, გარაჟში, სადაც მათ ქართულენოვანი მოხსენებით დამსწრე აუდიტორიას განუცხადეს:
[…] ვცდილობთ შევინარჩუნოთ თავისუფლება და მუდმივად ვაფართოებთ მას. ნებისმიერ ჩინოვნიკს, რომელიც ადამიანების ღირსებას ეხება, დაუყოვნებლივ ვუშვებთ ისტორიის სანაგვეზე. მარიხუანას მოწევისთვის ციხეში აღარ ვსვამთ ადამიანებს და ქრთამს აღარ ვიხდით თავისუფლების ძიებაში. თქვენთან ეს ყველაფერი არ მოსულა. ჩვენ ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. ამიტომ არ გვინდა მონობა.
დასასრულს კი წარმოგიდგენთ „რელიგიური აერობიკის“ სავარაუდოდ ბოლო პერფორმანსის ვიდეოდოკუმენტაციას, რომლის თანაორგანიზების პატივიც მე მხვდა წილად და, რომელიც მშვიდობის კათედრალის სახელოვნებო პროგრამა Transcendentalia-ს ფარგლებში განხორციელდა შობის ღამეს.
ნიკოლოზ ნადირაშვილი, თანამედროვე ხელოვნების მკვლევარი
წყაროები:
- ხაბულიანი ხ. ჯგუფი ბულიონი სტანდარტებისა და ტერიტორიის შესახებ. სოციალური აერობიკა. ვროცლავი, პოლონეთი, 2021
- ღარიბაშვილი 5 ივლისზე: 30 კაცი როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ, უმრავლესობას გადაუაროს?, Tabula.ge, 2021
- აღნიშნულთან დაკავშირებით გაეცანით შემდეგ კვლევებს: „2021-2022 წწ. კულტურის ახალი პოლიტიკის შედეგად შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის წინაშე წარმოშობილი რისკები“, „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში – 2021“
- პერტენავა, ლ. Performance for Europeanisation with Love from Georgia. Bouillon by Bouillon. ფრანკფურტი, გერმანია, 2018
1,388 total views, 1 views today