fbpx

პირველი „ქუჩის პოეტი“ – ინტერვიუ ხელოვან ეთო თედიაშვილთან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანო კლდიაშვილი

 

 „ან აქ, ან არსად“ ,  „მე მშია“, „ბაბილონი“, „სისხლით ვარ სავსე“, „გველეშაპი მიაპობს დროს“ – ეს ქუჩაში დატოვებული იმ ფრაზების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ქართველი ხელოვანი ეთო თედიაშვილი სეირნობისას ფოტოებს უღებს და შემდეგ ლექსებს წერს მათზე.  საკუთარ თავს პოეტს არ უწოდებს, თუმცა კი ფაქტია, ეთომ   უცნობების მიერ  ქუჩაში  დატოვებული საინტერესო ფრაზები პოეზიის ნიმუშებად გარდაქმნა. ლექსებს ძირითადად სოციალური თემატიკა გასდევს. როგორც ეთო ამბობს, მისი მიზანი უბრალო ადამიანების დარდისა თუ სიხარულის მისეულად გადმოცემაა. იმ აზრების, რომლითაც თბილისის სხვადასხვა უბანში დატოვებული ფრაზებია დატვირთული.

AT.ge გთავაზობთ ინტერვიუს ხელოვან ეთო თედიაშვილთან, რომელიც პოეზიასთან პირველი კავშირის, მისი ლექსების ძირითადი თემატიკის, მუშაობის პროცესისა და ზოგადად, ქუჩის ხელოვნების შესახებ გვესაუბრა.

 

როგორ წარადგენთ თქვენს თავს,  უბრალოდ პოეტადთუ?

ჩემს თავს პოეტს არ ვუწოდებ… როგორც მეუბნებიან, ახალი მიმდინარეობის – კედლის პოეზიის ფუძემდებელი ვარ, თუმცა ეს რამდენად მაქცევს პოეტად, არ ვიცი.  ჩემი ძირითადი საქმიანობა გამომდნარ მინაზე მუშაობაა, მუსიკოსიც ვარ სპეციალობით და ფილოლოგიც. დიდი ხანია ვწერ პატარა მოთხრობებს, რომლებიც ადრე ჟურნალ „მნათობში“ იბეჭდებოდა, შემდეგ კი ისინი წიგნადაც გამოვეცი. ახლახან დავასრულე რომანზე მუშაობაც; პერიოდულად ლექსებსაც ვწერ ხოლმე, თუმცა ვფიქრობ,  ვარ თუ არა პოეტი, ეს კრიტიკოსების გადასაწყვეტია – მე არ მაქვს პრეტენზია პოეტობაზე.

 

რაც შეეხება უშუალოდ ქუჩის პოეზიას – ძალიან მიყვარს ფეხით სეირნობა. სწორედ ამ დროს, ძალიან სპონტანურად დამებადა თავში კედლებსა და  ღობეებზე დაწერილი ფრაზებისათვის ფოტოების გადაღებისა და შემდეგ  მათზე ლექსების დაწერის იდეა.   ამ სტილის ლექსი პირველად ორი თვის წინ დავწერე და გამოვაქვეყნე კიდეც – მინდოდა, რომ სხვა ადამიანებისთვისაც მეჩვენებინა ის კედლის წარწერები, მე რომ  საინტერესოდ მომეჩვენა.  რადგან  მოეწონათ, ამან  წერის გაგრძელების სურვილი გამიჩინა.  სიმართლე რომ გითხრათ, ამგვარი ლექსებისთვის დიდი დრო არ დამითმია, აზრები სპონტანურად მომდის ხოლმე თავში და ზოგჯერ ნახევარი საათიც კი საკმარისია მის  დასასრულებლად. 

ქუჩაში სეირნობისას აბსოლუტურად ყველა წარწერას ვუღებ  ხოლმე ფოტოს, სახლში დაბრუნებისას კი  ვათვალიერებ მათ და რომელ მათგანზეც მომივა მუზა, იმას ვარჩევ და ვწერ. თბილისის ქუჩებში უამრავ საინტერესო წარწერას  ვნახულობ, თუმცა ზოგჯერ მეგობრებიც მიგზავნიან ხოლმე ქალაქის სხვადასხვა უბანში დაწერილი  ფრაზების ფოტოებს.

ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესოა ლექსების სოციალურ თემატიკაზე შექმნა –  სოციალური თემები ყველას აწუხებს,  თუმცა ისინი, რომლებმაც უბრალო ხალხის პრობლემები ყურად უნდა იღონ, ქუჩაში ფეხით არ დადიან. მინდა ადამიანების სატკივარი თუ სიხარული, უბრალოდ ფიქრები თუ აზრები, რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანო. გამიხარდება, თუ როგორმე ხმას მივაწვდენ მათ, ვისაც სოციალური საკითხების მოგვარება ხელეწიფება.  თუმცა ზოგჯერ ლექსებს ვწერ როგორც სასიყვარულო, ასევე იუმორისტულ ფრაზებზეც.

 

თავად ტოვებთ ხოლმე ქუჩაში ფრაზებს თუ მხოლოდ სხვების წარწერებს იყენებთ შთაგონებისათვის?

არა, თავად არასდროს დამიწერია.

ქუჩაში დატოვებულ პატარა  ფრაზებს დიდი ძალა აქვს – ეს არის ერთგვარი მესიჯები,  რომლებიც კედელზეა დატანილი. სამყაროში უამრავი საინტერესო ადამიანია, ზოგიერთი მათგანი ერთ სიტყვასა თუ ერთ წინადადებაში ატევს ბევრის სათქმელს.  ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფრაზები ბევრმა ადამიანმა ნახოს. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ქუჩებში დატოვებულ წარწერებს  ლექსებად გარდავქმნიდი – შეიძლება კედლები და ღობეები გადაღებონ, მაგრამ ეს წარწერები ჩემს პოეზიაში გააგრძელებენ არსებობას – ლექსების სახით დარჩებიან ისტორიას.

ახლა რთულია”

კი, გეთანხმებით ახლა რთულია,
ან ნეტა როდის იყო ადვილი,
გზები აზრებთან ჩახლართულია,
ვერ იკვეთება ჩვენი ადგილი.

სად ძაღლი კნავის, ვირი ჭიხვინებს,
ბულბული ჩხავის, ყვავი კი გალობს,
იქ ხმები ჩვენი დაკარგულია,
კი, გეთანხმებით ახლა რთულია.

მოდით შევერთდეთ ხმა ავიმაღლოთ,
ფარ-ხმალის დაყრას ვინც არ ვაპირებთ,
ჩვენი წარსული და მომავალი,
არ დავუტოვოთ გულქვა ვამპირებს.

ე.თ. 27.07.2022

“დედამიწა ტრიალებს”

შემოდგომა შრიალებს,
ჭრელ ფოთლებს აფრიალებს,
კარის ვიწრო ღრიჭოში,
ოქროს სხივი ციალებს.

გოგო გადის-გამოდის,
ბარის კარი ჭრიალებს,
იფ რა თაობა მოდის,
ტანში გაგაჟრიალებს.

ცაზე ვნებააშლილი,
სავსე მთვარე ბრდღვიალებს,
სიყვარულით შემთვრალი,
დედამიწა ტრიალებს.

ე.თ. 24.07.2022

“შენი ბრალი არ არის”

გთხოვ მაპატიე ბრაზი, გაწყრომა,
მანამდე ვიდრე თოვლი დაბარდნის
და მომიტევე განზე გადგომა,
იცოდე შენი ბრალი არ არის.

მე შენ გელოდი, შენ მე მელოდი,
მე შენ გელოდი, შენ მე მელოდი…

შენთვის დაწერილ ლექსებს ვმღეროდი,
ადგილს გითბობდი გულის უბეში,
მივხვდი ამაოდ ტყუილად ველოდი,
შენს დაბრუნებას ჩიტის ბუდეში.

მე შენ გელოდი, შენ მე მელოდი,
მე შენ გელოდი, შენ მე
მე – ლოდი!

ვიცი ოდესღაც შევხვდებით ცაში,
შემომანათებს შენი ლაჟვარდი,
ეკლებს ჩემივე ხელით დავიცლი,
გეტყვი- მოწყვიტე შენია ვარდი.

მე შენ გელოდი, შენ მე მელოდი,
მე შენ გელოდი, შენ მე
მე – ლოდი!

ე.თ. 14.07.2022

“მე მშია!”

მე მშია რადგან არა მაქვს პური,
ჩემი ულუფა ბავშვებს ვაჭამე,
კაპიკი კაპიკს დავადე მაგრამ,
ხორცის საყიდლად ვერ შევაჯამე.

ჩემს თავს არ ვჩივი, სხვისი დარდი მაქვს,
ვინაც ჩემსავით მშიერი დადის,
თან დაატარებს ცხოვრების ტვირთს და
პირთამდე სავსე ტომარას დარდის.

მე დამავიწყდა გემო კუპატის,
მწვადის, ხინკლის და ჩაქაფულის,
მე დამავიწყდა გემო კარაქის
და საერთოდაც ძველი ბარაქის.

მე მშია მაგრამ ხელს არ გავიწვდი,
თუმც ცარიელი მიჭირავს ჯამი,
კიდევ გავუძლებ პირმომუწული,
ვიდრე დადგება აღდგომის ჟამი.

P.S.
მდინარე თავქვე თუ არ ადინე
და არ განტოტე შენაკადები,
მაშინ მდინარე შენვე წაგიღებს
და მის მორევში ჩაიკარგები.

ე.თ. 11.07.2022

“ან აქ ან არსად”

ხილულ სამყაროს როცა დავტოვებ,
მე თან წავიღებ აუხსნელ სიზმრებს
და თუ უფალი ზეცად მიმიღებს,
სულს შემოვავლებ მშობლიურ მინდვრებს.

მე ცრემლის ნაცვლად წვიმად ჩამოვალ,
გამოვიყოლებ ოქროს მზის სხივებს,
დარდით ჩამომჭკნარ ჩემს ქართლის ფერდებს,
ზედ მიმოვფანტავ ალმასის მძივებს.

და თუ მკითხავენ ხელახლა მოსვლით,
რას ავირჩევდი ამ ქვეყნის ნაცვლად,
გპასუხობთ ნაღდად და არა ფარსად,
მე ისევ მოვალ ან აქ ან არსად!!!

ე.თ. 08.07.2022

“ბაბილონი”

ქარი სამყაროს ქაოსში ხვევდა,
ღმერთი ამ ქაოსს აწესრიგებდა,
ქვიშას და თიხას ერთ ცომად ზელდა
და ამ ნაზავში თავის სისხლს რევდა.

ედემის ბაღი,
ადამ და ევა,
პირველი ცოდვა
და გაძევება.

უკვდავი მოკვდავებს ყოველთვის აბნევდა,
საცდურით ნელ-ნელა განსაცდელს აჩვევდა,
ქვას ქვაზე, აგურს კი აგურზე ადებდა,
ლოდების გოდებით ბაბილონს აგებდა.

ადამი და ადამი,
ევა და ევა,
ამური და გლამური,
რხევა და რწევა.

ვიდრე დიდ ბაბილონს მანანა აწვიმდა,
ღმერთი მოკვდავებს სიამეს აცდიდა,
როცა ღრეობა ყველა ზღვარს ასცილდა,
და ცოდვით აღვსილი გოდოლი ცას მისწვდა,

ერთბაშად დაინგრა ცათამბჯენი და
განსაცდელს ჩავარდა ადამის გენი.

ადამი და ადამი,
ევა და ევა,
სოდომი და გომორი,
ნგრევა და რბევა.

***

ისე, რაც ქვეყნად სულიერია,
მამრი, მდედრი თუ საშუალო სქესი,
ყველაში ღმერთის ხელიც რევია,
თვით განიკითხავს უზენაესი!

ე.თ. 03.07.2022

“დუმილი”

როცა სიტყვებით ლულას დატენი,
ტყვიას ტყვიაში აჯენ,
ჩიხში მოქცეულ ჯიუტ მეტოქეს,
ლულას ზედ შუბლზე აბჯენ,

როცა სიტყვების ჭექა-ქუხილით,
მსმენელსაც თავზარს დასცემ,
დაუნდობელი ავ მრისხანებით,
წვიმას ქვა-სეტყვად აქცევ,

მაშინ ოქროა ალბათ დუმილი,
დუმილი სიბრძნეს აფრქვევს,
თორემ ორმხრივი სროლა-დუელი,
ორივეს მსხვერპლად აქცევს.

ხოლო როცა ხმა უნდა აქუხო,
დუმილს არა აქვს ფასი,
თუ არ აჟღერე სიმართლის ჩანგი,
ოქროს ედება ჟანგი.

ე.თ. 01.07.2022

“სისხლით ვარ სავსე”

სისხლით ვარ სავსე – ამას გიცხადებთ,
მაგრამ ხელები არ მაქვს გასვრილი,
შურისძიება ღმერთმა მაშორა,
არც სხვისი სისხლი არ მაქვს დაღვრილი.

სისხლით ვარ სავსე ღვარძლით კი არა,
თუმცა იღბალმა გვერდი მიარა,
სამაგიეროდ ღმერთმა ნუგეშად,
მარად სიყვარულს მეც მაზიარა.

სისხლით ვარ სავსე შურით კი არა,
შურმა სიბრმავე გამოიარა,
ბოღმამ, ღალატმა, გაუტანლობამ,
კოჭლი ფეხებით შორს ვერ იარა.

სისხლით ვარ სავსე, თუმც განშორების,
მოურჩენელი დამრჩა იარა,
იმასაც ვლოცავ ვინც უნებლიედ,
თავის ცოდვაში ჩამიზიარა.

*

არადა, იქნებ ვინც ეს დაწერა,
სისხლში მართლა აქვს ხელი გასვრილი,
ახლა კი თან სდევს, აფორიაქებს
და სულ აშინებს მისი აჩრდილი.

ე.თ. 30.06.2022

“ჩემი ვალი გაქვთ!!!”

მე წამართვეს ცალი ხელი,
ცალი ფეხი, ცალი თვალი,
მე წამართვეს ლურჯი ზეცა,
რიწა, გაგრა და ცხინვალი…

მე წამართვეს წარსული და
ბედნიერი მომავალი,
წამიშალეს, გადათელეს
წინაპართა გზა და კვალი.

ვინც ბედავს და კიდევ მძარცვავს,
ჯიბეს ივსებს ჩემი ლარით,
ღვთის წინაშე პასუხს აგებს,
შორს ვერ წავა ნაქურდალით.

ევროპული არა გცხიათ,
რაც არ უნდა ტოვოთ კვალი,
მაინც რჩებით ამ ცალ თვალში,
ევროპაში განავალი.

დამიბრუნეთ ჩემი ხელი,
დამიბრუნეთ ჩემი თვალი…
დამიბრუნეთ ჩემი ვალი
რიწა, გაგრა და ცხინვალი!!!

ე.თ. 22.06.2022

“შიში”

მე მეშინია გველის,
მე მეშინია ხვლიკის,
მე მეშინია თაგვის,
მე მეშინია ვირთხის,

თუმცა ყველა ვინც აქ ჩამოვთვალე,
თვითონაც ძლიერ მიფრთხის.

მე მეშინია ღალატის,
მე მეშინია რისხვის,
მე მეშინია შურის,
მე მეშინია შიშის!

მაგრამ სიკვდილის არ მეშინია!!!

მე მეშინია ყველა ქვემძრომის,
უხერხემლოთა ჯიშის,
ხერხემლიანთა ჩუმი მზაკვრობის,
ვინც ფეხისდება იცის.

მე მეშინია ისე არ მოვკვდე,
სადაც ხე დავრგე უწყლოდ არ გახმეს,
რომ ვერ გამოცხვეს ობლისა კვერი,
არ შევაშველო მე ჩემი ხელი.

მე მეშინია ისე არ მოვკვდე,
რომ ვერ მოვესწრო აღმასვლას ქვეყნის,
მშვიდობას, ძმობას, თავისუფლებას,
როგორ ზეიმობს ქართველი ერი!!!

ე.თ. 21.06.2022

“ჩუ!”

 

რად გეშინია ხმის ამოღების,
სიჩუმე ახლა დასაძრახია,
თავად მოვირგეთ ქუდი მონობის,
რაც დაგვემართა ჩვენზე ახია.

თითის წვერებზე ნუ იარები,
შიში თავშივე დასამარცხია,
ვერ მოშუშდება ეგ იარები,
მოჭრილი თავი დასამარხია.

უბედურების ყველა სათავე,
მსუყე თავკაცის ფუყე თავშია,
ქვემოთ ნუ ეძებ, მთას აუყევი,
ის ძაღლის თავიც იქა მარხია.

ნუ გეშინია ხმის ამოღების,
სიჩუმე ახლა დასაძრახია,
ჩვენი მომავლის ყველა ჭანჭიკი,
ჩვენივე ხელით გასაჩარხია.

ე.თ. 04.06.2022


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.