fbpx

უიკენდის გმირი იან ზომერი


გააზიარე სტატია



ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

როდესაც მატჩის 86-ე წუთზე ვეტერანმა პედრო როდრიგესმა მილანის „ინტერის“ კარი დალაშქრა და ამ გოლით დააფიქსირა „ლაციოს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იტალიის სერია A-ს „სკუდეტოს“ მაძიებელ ერთ-ერთ სერიოზულ კლუბთან  შეხვედრაში, ფეხბურთის მოყვარულებს ძალაუნებურად რამდენიმე დღის წინათ ჩატარებული უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაახსენდათ, რომელმაც „ინტერი“ კვლავ ურთულეს ჯგუფში განათავსა.

ალბათ იმიტომ, რომ „ინტერს“ მწარედ ახსოვს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის უკანასკნელი პერიოდის ამბები, როდესაც „რეალის“, „ბარსელონას“ თუ „მიონხენგლადბახის“ გარემოცვაშიც კი, „სიკვდილის ჯგუფში“, ტრადიციულად „მკვდრის“ როლს ასრულებდა და ვერასოდეს ახერხებდა ჯგუფური ეტაპის დაძლევას.

მაგრამ რატომ უნდა დავუკავშიროთ ერთმანეთს ეს ორი მოვლენა? 

როგორც ჩანს, სერია A-ს მესამე ტურის მატჩში „ინტერის“ ფეხბურთელები ლიგაზე თავიანთ მომავალ მეტოქეებზე – „ბაიერნსა“ და „ბარსელონაზე“ უფრო მეტს ფიქრობდნენ, ვიდრე „ლაციოზე“, რომელმაც ისარგებლა მრისხანე მეტოქის უღიმღამო თამაშით და ერთი დღით სათავეშიც კი ჩაუდგა სატურნირო ცხრილს.

ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთ „სიკვდილის ჯგუფში“ კი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიც“ აღმოჩნდა, რომელსაც „ინტერისგან“ განსხვავებით, სამივე მეტოქე სერიოზული ჰყავს. 

„ლივერპულს“ და „აიაქსს“ წარდგენა, რა თქმა უნდა, არ სჭირდებათ. „რეინჯერსმა“ კი ევროპის ლიგის შარშანდელი ფინალისტობით ნებისმიერი რანგის მეტოქის წინააღმდეგ დიდი სათამაშო გამოცდილება შეიძინა და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი რომელიმე ამჟამინდელ მეტოქეს მნიშვნელოვან ქულებს აართმევს. 

2018 და 2019 წლებში „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ ორჯერ დაამარცხა „ლივერპული“, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოახერხა მერვედფინალში გასვლა. აი მეტოქემ კი ეს ტურნირი მაშინ მოიგო კიდეც.

ქართველი გულშემატკივრები „ნაპოლის“ და „ლივერპულის“ მატჩში 77-ე და 66-ე ნომრების დაპირისპირების მოლოდინში არიან. 

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფლანგზე ხვიჩა კვარაცხელიას აქამდე არასოდეს ჰყოლია ისეთი სერიოზული მოწინააღმდეგე, როგორიც „ლივერპულის“ და ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველი ალექსანდერ არნოლდია.

სექტემბერში  ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე პირველი ორი ტურის შეხვედრებია დაგეგმილი. „ნაპოლი“ ჯერ „ლივერპულს“ უმასპინძლებს, შემდეგ კი „რეინჯერსს“ ეწვევა.

ხვიჩას ამ მატჩებთან ერთად, ამავე პერიოდში სერია A-ს ორი უმნიშვნელოვანესი გასვლითი დაპირისპირება ელის „ლაციოსთან“ და „მილანთან“, თვის ბოლოს კი იგი ეროვნული ნაკრების ფორმით ერთა ლიგის ტურნირზე დარჩენილ ორ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის და გიბრალტარის გუნდების წინააღმდეგ იასპარეზებს.

კვირა საღამოს მესამე ტურის დამაგვირგვინებელ მატჩში „ნაპოლი“ არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონზე „ფიორენტინას“ ესტუმრა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ორდღიანი პაუზის შემდეგ ლიდერობა აღედგინა.

იქამდე კი ცხრილის სათავეში აღზევებულ „ლაციოს“ ქულებით „მილანი“, „ტორინო“, „ატალანტა“ და „რომა“ გაუთანაბრდნენ. 

„მილანმა“ დამაჯერებლად მოუგო „ბოლონიას“, „ტორინომ“ და „ატალანტამ“ მინიმალური ანგარიშით სძლიეს შესაბამისად, „კრემონეზეს“ და „ვერონას“, ხოლო „რომა“ შაბათის ცენტრალურ დაპირისპირებაში გასვლაზე ფრედ – 1:1 ეთამაშა ტურინის „იუვენტუსს“.

ვლაჰოვიჩმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა და მატჩის სცენარის შემდგომი განვითარებაც თითქოს მასპინძელთა გამარჯვებაზე მეტყველებდა, მაგრამ რატომღაც „ბებერი ქალბატონის“ მებრძოლი სულისკვეთება თანდათანობით შედრკა, მეორე ნახევარში კი „რომამ“ ის მინიმალური შანსი გამოიყენა, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა ქულის მოსაპოვებლად.

ერთ-ერთ ეპიზოდში ყოფილმა „იუვენტუსელმა“ დიბალამ საჯარიმო მოედანზე  აბრაჰამი გამონახა, რომლის თავური დარტყმაც აუღებელი აღმოჩნდა ტურინელთა მეკარე ვოიცეხ სჩესნისთვის.

ამრიგად, მოგებისას „ნაპოლი“ ერთბაშად ხუთ გუნდს ორი ქულით გადაასწრებდა და მომდევნო ტურში შინ „ლეჩეს“ დამარცხების შემთხვევაში, სექტემბრის  პირველ დაპირისპირებას „ლაციოსთან“ მეტი ხალისით შეხვდებოდა. საინტერესოა, რომ ეს მატჩი მილანური დერბის დასრულებისთანავე შედგება.

„ნაპოლის“ და „ფიორენტინას“ დაპირისპირებამდე თავ-თავიანთ ჩემპიონატებში ჩემპიონთა ლიგაზე იტალიური კლუბის სამივე მეტოქემ მოიგო. 

„აიაქსმა“ და „რეინჯერსმა“ შედარებით „მოკრძალებული“ ანგარიშებით – 2:0 და 4:0 გაიმარჯვეს, ხოლო „ლივერპულმა“ კი თავისი პირველი პრემიერლიგური მოგება ისტორიული ანგარიშით – 9:0 იზეიმა.

„არტემიო ფრანკის“ სტადიონზე „ნაპოლი“ მასპინძელთა მხრიდან პირველი წუთებიდანვე მჭიდრო პრესინგს წააწყდა და გამოჩნდა, რომ პირველ ორ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას და მის პარტნიორებს მსგავსი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ.

საბოლოოდ მატჩი ფრედ – 0:0 დასრულდა და „ნაპოლიმ“ სატურნირო ცხრილში ლიდერობა ხუთ გუნდთან ჭიდილში, ბურთების საუკეთესო სხვაობის ხარჯზე შეინარჩუნა. 

განვლილი უიკენდის გმირი კი „მიონხენგლადბახის“ მეკარე იან ზომერია, რომელმაც მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაში საკუთარი გუნდი 19-ჯერ იხსნა გოლისაგან და ამ შედეგით ბუნდესლიგის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.

„მიონხენგლადბახი“ უკანასკნელ წლებში ერთადერთი გუნდია, რომელიც „რეკორდმაისტერს“ დიდ წინააღმდეგობას უწევს და როგორც არ უნდა გვიკვირდეს, მასთან მოგებების თანაბარი ბალანსი გააჩნია. 

განა შარშან არ იყო, როდესაც ზომერმა და მისმა თანაგუნდელებმა გერმანიის თასზე მრისხანე მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურეს? 

„ბაიერნმა“ წლევანდელი სეზონი შესანიშნავად დაიწყო და წინა ტურში შარშანდელი მაწყინარი „ბოხუმი“ გასვლაზე უხერხული ანგარიშით – 7:0 დაამარცხა. 

ბუნდესლიგის ლიდერისგან გულშემატკივრები „მიონხენგლადბახის“ სამაგალითო დასჯასაც ელოდნენ და არც სცდებოდნენ, რადგან თუკი სტუმრების კართან შექმნილი საგოლე მომენტების რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელებთ, „ბაიერნს“ მართლაც დიდი ანგარიშით უნდა მოეგო, მაგრამ ასე არ ფიქრობდა შვეიცარიის ნაკრების გამოცდილი გოლკიპერი იან ზომერი, რომლის საუცხოო თამაშმა განაპირობა მატჩის საბოლოო შედეგი – 1:1.

საინტერესოა, რომ პირველი ოთხი ტურის შემდეგ ბუნდელიგის სატურნირო ცხრილის სათავეში „ბაიერნთან“ ერთად ბერლინის „უნიონი“ იმყოფება, რომელმაც გასულ ტურში მიწასთან გაასწორა (6:1) „შალკე“.

ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნის“ მეტოქე „ბარსელონამ“ კი ლა ლიგის მესამე ტურის მატჩში შინ იოლად (4:0) დაამარცხა „ვალიადოლიდი“. დუბლით ისახელა თავი რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელსაც ორიოდე კვირაში მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ყოფილი თანაგუნდელების წინაშე მოუწევს თამაში.

ამ მატჩს მთელი საფეხბურთო სამყარო განსაკუთრებული ინტერესით ელის, რადგან გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ უკანასკნელ წლებში „ბაიერნის“ მიერ  არაერთხელ განადგურებული „ბარსელონა“.

სწორედ „ბაიერნთან“ დაპირისპირება გამოაჩენს „ბარსელონას“ რეალურ ძალას, რომელიც ლა ლიგაში ჩატარებული სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ მოასპარეზე მადრიდის „რეალს“ და „ბეტისს“ ორი ქულით ჩამორჩება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.