fbpx

კლასიკური მუსიკის გავლენა ადამიანის გონებასა და ემოციებზე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

სტატიის კითხვისას გირჩევთ, მოუსმინოთ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოების შესრულებას ოკსანა ლინივის დირიჟორობით. ოკსანა ლინივი მსმენელის წინაშე 2 სექტემბერს, წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე პიანისტ მაო ფუჯიტასთან და პან-კავკასიურ ორკესტრთან ერთად წარდგება. 

 

1993 წელს ცნობილ სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის ავტორები მკითხველს აუწყებდნენ, რომ მოცარტის მუსიკის მოსმენა ადამიანის ინტელექტუალურ განვითარებაზე დადებითად მოქმედებს. ეს თეორია “მოცარტის ეფექტის” სახელით არის ცნობილი. “მოცარტის ეფექტმა” დღემდე იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ მშობლების საკმაოდ დიდი ნაწილი ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ასმენინებს მოცარტის მუსიკას. 

ადამიანის გონებასა და ემოციებზე კლასიკური მუსიკის გავლენა წლების განმავლობაში არაერთი ფსიქოლოგისა და მეცნიერის კვლევის საგნად იქცა. სხვადასხვა ექსპერიმენტის შედეგად, სპეციალისტები მეტად რწმუნდებიან, რომ კლასიკური მუსიკა ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება და ამ პროცესს დროის სასიამოვნოდ გატარებასთან ერთად, თერაპიული დატვირთვაც აქვს. 

 

კონცენტრაციის უნარი 

მიიჩნევა, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენა კონცენტრაციისა და თვითდისციპლინის უნარს  აუმჯობესებს. ირლანდიის განათლების ინსტიტუტის (IOE) კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც უსმენენ კლასიკურ მუსიკას, მეტად უვითარდებათ სმენით მიღებული ინფორმაციის გაანალიზების უნარები. პროექტის ფარგლებში კვლევის მონაწილეებს ასმენინებდნენ ისეთი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, როგორებიც არიან: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, იოზეფ ჰაიდნი, მორის რაველი, ფელიქს მენდელსონი. პროცესზე დაკვირვებით, კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენის დროს წარმოსახვის უნარიც უმჯობესდება, რაც ინფორმაციის გააზრებასა  და შესაბამისად, უკეთ დამახსოვრებას უწყობს ხელს. ამრიგად, კლასიკური მუსიკის ხშირი მოსმენა სისხარტეზე, უკეთეს მეხსიერებასა და სხვადასხვა სიტუაციაში ლოგიკური გამოსავლის პოვნაში გვეხმარება. 

 

ძილის  გაუმჯობესება 

კლასიკური მუსიკა დადებითად მოქმედებს ძილის ხარისხზე. შესაბამისი ტემპისა და ტონალობის კლასიკური ნაწარმოებების ჟღერადობა ტვინს დასვენების, მოდუნებისა და მაქსიმალური სიამოვნების მიღების შესაძლებლობას აძლევს.  ეფექტის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ  ამ დროს მსმენელს არ სჭირდება ტექსტისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და მხოლოდ მელოდიაზეა კონცენტრირებული, რასაც ერთგვარი მედიტაციის ეფექტიც აქვს. სხვადასხვა კვლევისას სპეციალისტები კლასიკური მუსიკის თერაპიას იყენებდნენ პაციენტებში, რომლებსაც უძილობის პრობლემა აწუხებდათ. შედეგად, მიიჩნევა, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენა თავისი მელოდიურობის და დრამატურგიის გათვალისწინებით, მეტად ეხმარება ტვინს მარტივად გადავიდეს ძილის ფაზაში. 

 

ემოციებზე კონტროლი 

2011 წელს ნიდერლანდებში ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც ექსპერიმენტში მონაწილე სტუდენტებს სხვადასხვა ჟანრისა მუსიკა მოასმენინეს. მაშინ როდესაც კლასიკური მუსიკა ჟღერდა, თითოეული მონაწილე განსაკუთრებით მშვიდი იყო, რაც პირდაპირ აისახა მათი ტვინის მუშაობის ინტენსივობაზე. ამ კვლევის მიხედვით, კლასიკური მუსიკა ადამიანებს ეხმარება სტრესთან გამკლავებაში, შფოთვის დაძლევაში, ემოციებზე კონტროლში, რაც საბოლოოდ სოციალურ ცხოვრებაზე გამოკვეთილად დადებითად აისახება. 

 

ემპათია 

როგორც უკვე აღინიშნა, კლასიკური მუსიკა ადამიანში განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს. მიიჩნევა, რომ კლასიკური მუსიკის მსმენელებს მეტად განვითარებული ემოციური ინტელექტი აქვთ. კლასიკური მუსიკის ეფექტი აუმჯობესებს ემპათიის უნარსაც, რაც ადამიანებს მეტად ეხმარება გარშემომყოფებთან ურთიერთობისას. 

კვლევებისა და თეორიების მიღმა მუსიკის დადებითი გავლენა ჩვენს ყოველდღიურობაშიც შეგვიძლია დავინახოთ. ამის ნათელი მაგალითი ის განსაკუთრებული განწყობაა, რომელიც კლასიკური მუსიკის საღამოებზე დასწრებისას გვეუფლება და დიდხანს მიგვყვება. სწორედ კლასიკური მუსიკის ასეთმა გავლენამ და ძალამ განაპირობა, რომ ის ადამიანისა და  გარე სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამაკავშირებელ ძალად იქცა. 

 

ბოლოს კი, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შეგახსენებთ,  დღესასწაულად ქცეული წინანდლის ფესტივალი წელს ახალი სეზონით ბრუნდება, რომელსაც სილქნეტი უკვე მეოთხე წელია წარმოგიდგენთ.  ფესტივალი 2 სექტემბერს გაიხსნება და 11 სექტემბერს დაიხურება. 10 დღის განმავლობაში წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის მომნუსხველი ენერგია კიდევ ერთხელ შექმნის ზღაპრულ გარემოს და  ფესტივალი თავისი ისტორიის კიდევ ერთ თავს დაწერს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.