fbpx

კლასიკური მუსიკა კინემატოგრაფიაში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

ფილმების მხატვრული ღირებულებების შეფასებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  კომპონენტი მუსიკალური გაფორმებაა. მუსიკის დახმარებით სცენები მეტად სახასიათო ხდება, რაც რეჟისორებისათვის მაყურებელთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. სწორად შერჩეულ საუნდტრეკებს შეუძლია ფილმის წარმატება და, მათ შორის, კომერციული წარმატებაც კი განაპირობოს. შინაარსის, სიუჟეტისა და ესთეტიკის გათვალისწინებით, რეჟისორები ხშირად იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ფილმში ერთ-ერთი წამყვანი ძალა ხმოვანი ეფექტები და მუსიკალური გაფორმება უნდა იყოს. ასეთი მიდგომის გათვალისწინებით, საკვანძო სცენებში ზოგჯერ ცნობილი კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებები ჟღერსა, რომლებიც ფილმებს კიდევ უფრო მძაფრ ემოციურ დატვირთვას მატებს. 

გავიხსენოთ რამდენიმე საკულტო ფილმი, რომლის მუსიკალურ გაფორმებად კლასიკური ნაწარმოებებია გამოყენებული. 

 

მელანქოლია. 

რიხარდ  ვაგნერი – “ტრისტანი და იზოლდა”

“მელანქოლია” ლარს ფონ ტრიერის  ერთ-ერთი აღიარებული ფილმია, რომელმაც თანამედროვე კინემატოგრაფიაში გამორჩეული სახელი და რეპუტაცია დაიმკვიდრა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული პოსტაპოკალიპსური ფილმი, რაც კი ოდესმე შექმნილა. სიუჟეტის მიხედვით, დედამიწას უზარმაზარი პლანეტა, სახელად მელანქოლია უახლოვდება, რის გამოც ჩვენი ცივილიზაციის განადგურება გარდაუვალია. ფილმში განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად რეჟისორმა არაერთ ხერხს მიმართა, მათ შორისაა მუსიკალური გაფორმება. “მელანქოლიას” მთავარ მუსიკალურ თემად ვაგნერის “ტრისტან და იზოლდას” პრელუდია  შეირჩა, რამაც კინემატოგრაფიულ ნამუშევართან ჰარმონიული და შთამბეჭდავი ერთიანობა შექმნა. 

 

2001: კოსმოსური ოდისეა.

რიხარდ შტრაუსი – “ასე ამბობდა ზარატუსტრა” 

 

სტენლი კუბრიკი თავის  ფილმებში ხშირად იყენებდა კლასიკურ მუსიკას და შეიძლება ითქვას, რეჟისორის ფილმების ატმოსფერო დიდწილად სწორედ მუსიკალურმა გაფორმებამ განსაზღვრა. ფილმში “2001: კოსმოსური ოდისეა” არაერთი კლასიკური ნაწარმოებებია გამოყენებული. მათ შორის  შტრაუსის კომპოზიცია, სახელწოდებით – “ასე იტყოდა ზარატუსტრა”.  უნდა აღინიშნოს, რომ ფილმმა კლასიკური ნაწარმოებები ფართო აუდიტორიას აღმოაჩენინა, მათ შორის ისეთ მაყურებელსაც, რომელიც სულაც არ იყო კლასიკური მუსიკის მსმენელი. 

 

მექანიკური ფორთოხალი.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – სიმფონია No.9

კინემატოგრაფიისა და კლასიკური მუსიკის აღსანიშნავ გადაკვეთად მიიჩნევა კუბრიკის კიდევ ერთი კინოშედევრი – “მექანიკური ფორთოხალი”. თავად წიგნის სიუჟეტიდან გამომდინარე, კლასიკურ მუსიკას ამ ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მთავარ გმირს განსაკუთრებით უყვარს ბეთჰოვენი და მისი  სიმფონია No.9

სიუჟეტურ ხაზს ერთგვარ ლაიტმოტივადაც გასდევს. კუბრიკის ეკრანიზაციაშიც ცხადია, ასევე გაჟღერდა ბეთჰოვენის ეს საკულტო ნაწარმოები, რამაც კინოსურათის ძალადობრივ ესთეტიკას გამოკვეთილი  დრამატიზმი შემატა. 

 

ნათება.

ბელა ბარტოკი – “მუსიკა სიმებიანებისთვის, დასარტყამებისა და ჩელესტასთვის”

ასევე კუბრიკის ფილმოგრაფიაში გამოყენებულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება უნგრელი კომპოზიტორის, ბელა ბარტოკის  ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი. საკულტო კლასიკურ ფსიქოლოგიურ საშინელებათა ფილმში – “ნათება” კულმინაციური სცენები  სწორედ ბარტოკის ნაწარმოების ფონზე ვითარდება.

 

ფართოდ დახუჭული თვალები.

გეორგ ლიგეტი – Musica Ricercata

ამ ფილმისათვის მუსიკალური გაფორმება სპეციალურად შექმნა მე-20 საუკუნის ინგლისელმა კომპოზიტორმა ჯოსლინ პუკმა. თუმცა, სტენლი კუბრიკს აქაც არ უღალატია კლასიკური მუსიკის ცნობილი ნაწარმოებების განსაკუთრებული სიყვარულისათვის და სხვადასხვა სცენაში არაერთი კომპოზიცია გამოიყენა. ერთ-ერთი მათგანია მეოცე საუკუნის  უნგრელ-ავსტრიელი კომპოზიტორის,  გეორგ ლიგეტის ნამუშევარი. მისი კომპოზიციით კუბრიკმა ვაგნერის ნაწარმოები ჩაანაცვლა, რადგან რეჟისორის თქმით, ვაგნერის მუსიკა მისი ფილმისათვის ზედმეტად ლამაზად ჟღერდა. 

 

ამადეუსი.

ამადეუს მოცარტი – “რეკვიემი”

ამადეუს მოცარტის შესახებ გადაღებული კინოსურათი ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მუსიკალურ ბიოგრაფიულ ფილმად იქცა. ამ კინონამუშევრის დიდი დამსახურებაა ის, რომ კლასიკური მუსიკა თანამედროვე მაყურებლის დიდმა აუდიტორიამ მისთვის საინტერესო კონტექსტში გაიცნო. ფილმში გაჟღერებულმა მოცარტის  რეკვიემმა  მაყურებელზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ეს კომპოზიცია დღემდე “ამადეუსის” ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად და სავიზიტო ბარათადაც განიხილება. 

 

მეფის სიტყვა.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – სიმფონია No.7

ტომ ჰუპერის “მეფის სიტყვაში” მაყურებელმა კოლინ ფირტის დასამახსოვრებელი სამსახიობო შესრულება იხილა. ფილმის  ერთ-ერთ ძირითად და კულმინაციურ სცენაში რეჟისორმა ბეთჰოვენის  სიმფონია No.7  გამოიყენა. ნაწარმოების ხასიათის, ტემპისა და დრამატურგიის გათვალისწინებით, მელოდია მთავარი პერსონაჟის ხასიათის წარმოჩენისა და სცენის დაძაბული ატმოსფეროს გამოკვეთისათვის იდეალურ საშუალებად იქცა. 

 

აპოკალიფსი ახლა.

რიხარდ ვაგნერი – “ვალკირია”

ფრენსის ფორდ კოპოლას ამ ფილმის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკური და დრამატული სცენა ვაგნერის “ვალკირიას” ფონზე ვითარდება. ამ სცენაში მელოდია წამყვან როლს ასრულებს, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს მოქმედებების, სცენების განწყობისა და მონტაჟის დინამიკას, რაც საბოლოოდ მაყურებელში ადრენალინს აღძრავს. 

 

ბოლოს კი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შეგახსენებთ:  დღესასწაულად ქცეული წინანდლის ფესტივალი  წელს ახალი სეზონით დაბრუნდა, რომელსაც სილქნეტი უკვე მეოთხე წელია წარმოგიდგენთ.  ფესტივალი 2 სექტემბერს გაიხსნა და 11 სექტემბერს დაიხურება. 10 დღის განმავლობაში წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის მომნუსხველი ენერგია კიდევ ერთხელ შექმნის ზღაპრულ გარემოს და  ფესტივალი თავისი ისტორიის კიდევ ერთ თავს დაწერს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.