fbpx

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მეოთხე სეზონი დაიწყო


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მზეხა  მახარაძე

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

 

10 არაჩვეულებრივი დღე წინანდლის მამულის ისტორიულ ბაღში, 18 ქარვისფერი და მსუყე კონცერტი…

ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში 2-11 სექტემბერს წინანდლის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მეოთხე საკონცერტო სეზონის ხავერდოვანი დღეებია მსოფლიო ვარსკვლავცვენით.

წინანდლის ლეგენდაში, იქ, სადაც ყველაფერი ისტორიით სუნთქავს, წლევანდელი ფესტივალის პირველი კონცერტი უკრაინას ეძღვნება მთელი თავისი საკონცერტო პროგრამული დრამატურგიით და თანამედროვე მუსიკალური აქცენტებით.  სიმბოლურია ისიც, რომ წინანდლის მამულში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის სტუმარია ოკსანა ლინივი, აღიარებული უკრაინელი დირიჟორი, რომელმაც პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად ფესტივალის პირველი მუსიკალური საღამო გახსნა. „წინანდლის ფესტივალი დაბრუნდა გრანდიოზულად!“ – ამბობს  ომში მყოფი ქვეყნის შვილი – ოკსანა ლინივი, მსოფლიოში უკრაინის კულტურის ელჩი. ამ კონცერტზე შესრულდა თანამედროვე უკრაინელი კომპოზიტორის, ბოჰდანა ფროლიაკის საორკესტრო ოპუსი – Adagio, რომელიც თავისი მუსიკალური ესთეტიკით, სევდიანი ინტონაციით და ცალკეული სინათლის მოტივებით  ერთგვარი მუსიკალური ლოცვაა. ავტორისეული მინაწერით, ეს სიმფონიური თხზულება  უკრაინელმა  კომპოზიტორმა  ქალმა თავისი მასწავლებლის, მიროსლავ სკორიკის ხსოვნას მიუძღვნა, თუმცა უკრაინაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ფონზე შესრულებული Adagio კიდევ ერთხელ გვახსენებს უკრაინის თავისუფლებისთვის შეწირული გმირების სულებს და რუსულ ოკუპაციასთან ფრონტის ხაზზე მებრძოლი ჯარისკაცების გაუტეხელ იმედებს ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად…

ფროლიაკის Adagio-ს პრემიერა შარშან ლვოვში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ „კონტრასტებზე“  წარმატებით შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწარმოებს ჯერ კიდევ თავისი საკონცერტო ცხოვრების სიმფონია აქვს გასავლელი, უკვე ფლობს თავის ბიოგრაფიას და ჩვენ თვალწინაც განაგრძობს სიცოცხლეს.

ღია ცის ქვეშ, ამფითეატრის სცენაზე, Adagio-ის მუსიკასა და მსმენელებს შორის შუამავალი ოკსანა ლინივია, ფესტივალ LvivMozArt-ის დამფუძნებელი და Opera! Awards-ის გამარჯვებული დირიჟორი, რომელსაც შეუძლია საათების განმავლობაში ისე აიყვანოს ხელში დარბაზი, როგორც მთელი სიმფონიური ორკესტრი. შესაბამისად, შესრულებისას დარბაზის კეთილგანწყობას ის ზურგიდანაც გრძნობს.

ეს მუსიკა, რომელიც თავისი ქარგით ენათესავება უკრაინულ ეთნომუსიკას, სიჩუმით იწყება… მედიტაციური სიჩუმე, რომელიც წინ უსწრებს ბგერების დაბადებას, ამზადებს მუსიკას და თავად სიჩუმეც აღიქმება მუსიკად. ლინივი, როგორც დირიჟორი, მუსიკაში იწყებს ცხოვრებას და ხდება ინტელიგენტური ბგერის შემქმნელი. მეტიც,  მუსიკის სულს ეხება, ბგერების პოეტურობასა და ასკეტიზმზე ზრუნავს… ფროლიაკის Adagio Adagio-ს ტემპში სრულდება, ამ ლირიკულ-დრამატულ ფრაზებს დირიჟორი თითქოს ხელით ეხება, რომ ეს ბგერები მსმენელისთვის შეუდარებლად ლამაზი ტემბრით გაჟღერდეს. მუსიკის მშვიდ ლივლივში, ასე, შენ თვალწინ, მსმენელი მუსიკის კომპოზიციის თანამონაწილე ხდება, რაც ავტორის სურვილიცაა, რადგან იმ სევდის და ტკივილის  მიმართ, რასაც მუსიკის ძალითა და სიღრმით გრძნობ, მსმენელი ხდება ერთსულოვანი.

დარბაზში ემოციებმა დაასწრო მუსიკის ფინალს და ფინალის სუნთქვას…

უკრაინული თემის შემდეგ წინანდლის ფესტივალზე საკონცერტო პროგრამით გათვალისწინებულია ფინალად ბეთჰოვენის #7 სიმფონია (A Major, Op. 92) – კომპოზიტორის მიერვე „ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად“ წოდებული სიმფონია, რომელიც სიმფონიური ჟანრის გამორჩეულ მიღწევად ითვლება და მანამდე კი –  იოჰანეს ბრამსის #1 საფორტეპიანო კონცერტი. რომანტიკული ეპოქის გერმანელი კომპოზიტორის ამ მსხვილი ოპუსის შესასრულებლად პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ისევ ემზადება, რომელიც წელს ამ დიდ მუსიკალურ ფორუმზე პანდემიური პაუზის შემდეგ დაბრუნდა და, თავისი კონცეფციიდან გამომდინარე, გააერთიანა 80-მდე გამორჩეულად  ნიჭიერი მუსიკოსი 6 ქვეყნიდან – საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან,  ყაზახეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან. ეს არის ფესტივალის მთავარი ორკესტრი, ფესტივალის ფილტვებს რომ წარმოადგენს და მთლიანი მუსიკალური პროექტი მათ სუნთქვაზე „დგას“.

ამფითეატრის სცენა განათებულია, ორკესტრანტები შემოდიან… ინსტრუმენტების  მოუწესრიგებელი ინტონაციური ქაოსი,  ურიტმო ბგერები, „აბსოლუტური უბგერობა“…  პარტიტურის შრიალი… უკრაინელ დირიჟორთან ერთად სცენაზეა იაპონიიდან მოწვეული ახალი თაობის ვარსკვლავი, მაო ფუჯიტა, 21 წლის ვირტუოზი პიანისტი, 2017 წლის კლარა ჰასკილის სახელობის პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, ამავე კონკურსის აუდიტორიისგან სიმპათიის პრიზის – Prix Modern Times-ის და Prix Coup de Coeur-ის მფლობელი, ასევე 2019 წლის მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე ვერცხლის მედლის მფლობელი მუსიკოსი. ამ გამარჯვებებით, ემოციური და ბუნებრივი შესრულებით გამორჩეული ახალგაზრდა საერთაშორისო მუსიკალური საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. კრიტიკოსების აზრით, მაო ფუჯიტას ფენომენს ხიბლს მატებს არაჩვეულებრივი ბუნებრიობა და გულწრფელობა, რასაც ის ცხოვრებისა და ხელოვნების ურთიერთობიდან იღებს… მას შემდეგ, რაც Sony Classical-მა ექსკლუზივი აიღო იაპონელი პიანისტის ჩანაწერებზე, 2022 წლის შემოდგომაზე დაგეგმილია სოლიდური სოლო ალბომისთვის მოცარტის ყველა საფორტეპიანო სონატის სტუდიური ჩაწერა.

ბრამსის #1 საფორტეპიანო კონცერტის დასაკრავად, სანამ პირველ აკორდებს აიღებს, C. Bechstein-ის როიალთან  როიალის პრინცს კონცენტრაციისთვის სჭირდება რაღაც წამები, რადგან მაო ფუჯიტას „ხელის ინტელექტში“ გერმანული რომანტიზმის მუსიკა სიჩუმის მისტიფიკაციით იწყება. რაღაცნაირად ჩუმი, შეფარული ღელვაა. ეს განცდაც, ალბათ, მუსიკის დამატებითი „ტაქტია“… ბრამსის ეს კონცერტი, რომელსაც კომპოზიტორი 4 წლის განმავლობაში წერდა, მუსიკალური სიღრმით და სირთულით არის გამორჩეული, ამიტომ სოლისტისთვის დიდი დატვირთვაა, ერთგვარი გამოწვევა ორკესტრისა და პიანისტის თანაბარი თანხლების პარალელურად. შესრულებისას ჩანს, რომ ორი მუსიკოსის – პიანისტისა და უკრაინელი დირიჟორი ქალის აზროვნების სტილი, აქცენტები და პრინციპები გადაიკვეთა, მუსიკოსები ცდილობენ ახლოს იყვნენ ორიგინალთან და მას მისცენ თანამედროვე ჟღერადობა, რაც ღრმა და ძლიერ ინტერპრეტაციას გულისხმობს – ყოველი არქაული ფრაზა დაიჭირონ, მასთან ერთად ხელახლა ისუნთქონ და სიმებიან ნაკადში ინტონაციური მუსიკალური გააზრების ჰორიზონტები გააფართოონ.

„ბრწყინვალე შესრულებაა!“ – ისმის დარბაზში… და მაინც, პიანისტისგან რომელი შესრულება უნდა მივიღოთ არაჩვეულებრივ მოვლენად – როიალთან მისი შთაგონებით განმარტოება თუ ტაქტიანი მუსიკალური დიალოგი ორკესტრთან? ანდა რომელი პასაჟები უნდა დავიმახსოვროთ – Adagio-ში პიანოებზე ულამაზესი, უნაზესი, თითქოს წინანდლის ჰაერივით გამჭვირვალე ფრაზები, რომლებიც ბრწყინავენ თუ… ფინალური Rondo-ს Allegro-ზე ემოციური აფეთქებები?

1857 წელს, პირველი საფორტეპიანო კონცერტის მეორე ნაწილზე მუშაობისას, იოჰანეს ბრამსი თავის მუზას, კლარა შუმანს აი, რას წერდა: „ვხატავ შენს ნაზ პორტრეტს, რომელსაც Adagio ერქმევა“. არა მხოლოდ Adagio, არამედ მთელი ეს კონცერტი შთაგონებულია კლარათი, უფრო სწორად, ბრამსის, კლარასა და მისი ცნობილი მეუღლის, კომპოზიტორ რობერტ შუმანის სასიყვარულო სამკუთხედით… ბედნიერებაა ბრამსის მუსიკასთან შეხება, ეს არის მუსიკა, რომლის ძალასაც გრძნობ, საოცრად ახასიათებს ადამიანის სასიყვარულო განცდებს, ნერვიულ, დაძაბულ ხასიათს, ცხოვრებისეულ ბედს და… კინოკადრებივით „მეტყველებს“. ამიტომ იმისთვის, რაც ფინალში უნდა მოხდეს, ემზადები, შენი გული ამ რიტმს უთანაბრდება.

აკადემიური სიჩუმის მერე დიდი და ერთსულოვანი აპლოდისმენტები მუსიკოსებს – სავსე დარბაზი მადლიერებას გამოხატავს პან-კავკასიური ორკესტრისა და მისი რაციონალური დირიჟორის მიმართ… ხანგრძლივი ტაში… „ბრავო“, „ბრავო“! „ბიიიის“!.. ისევ მუსიკას ითხოვენ… იაპონელი ვირტუოზი თბილად და მოკრძალებით იღიმება, დარბაზი მშვიდდება… მაო ფუჯიტა „ბისზე“ იწყებს დაკვრას მუსიკალურ სიურპრიზად.

ფესტივალი გრძელდება მთელი თავისი სრულყოფილებით, ევოლუციური ხიბლით და ინდივიდუალური ბედით… პირველი კონცერტის ძლიერი ემოციური ტალღა დღესაც გადამდებია.  წინანდლის ბაღში სეირნობ და ფიქრობ, რომ საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი შემოდგომის დროული სუნთქვაა, რომელსაც აქვს თავისი ფერი, გემო და სურნელი, – როცა ყველა კუთხიდან კლასიკური მუსიკის ხმა ისმის და ენერგიით ავსებს აქაურობას. როცა გამოკვეთილად განსაკუთრებულია ამ ფესტივალის მასშტაბის ხარისხი და მსოფლიო მნიშვნელობა, უნიკალური მუსიკალური კონცეფცია, როგორც მსოფლიო დონის მუსიკალური ფორუმის საერთაშორისო რეპუტაცია. ეს მამული თავისი ეპოქით და სევდით წარსულზე ფიქრია, უფრო სწორად კი მომავლის მემკვიდრეობა…

კახეთის გულში, თბილისიდან 79 კმ-ში, მართლაც ვარსკვლავთცვენაა… 10 არაჩვეულებრივი დღე, 18 კონცერტი…

დიდი მუსიკოსების მოწვევა წინანდლის ლეგენდაში და თანაც განსაკუთრებული საფესტივალო პროგრამის შექმნა ორი შემოქმედებითი დირექტორის, მარტინ ენგსტროემის და ავი შოშანის დამსახურებაა.

„ის, რომ ფესტივალი წელს იმართება, ბევრი ადამიანის ძალისხმევის შედეგია. ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ შემსრულებლებს, მაყურებელს, ჩვენს მხარდამჭერებს და ყველაზე მეტად  – ფესტივალის ადგილობრივ საორგანიზაციო  გუნდს დავით საყვარელიძის ხელმძღვანელობით, რომელიც  კვლავ  გიორგი რამიშვილის მიერ ჩაფიქრებული საერთაშორისო კლასის მუსიკალური ფესტივალის იდეის და ხედვის ერთგული რჩება“. – ავი შოშანი, მარტინ ენგსტროემი

 „ყველას მინდა მოგილოცოთ მეოთხე სეზონის გახსნა. მოხარული ვარ, რომ წელს, სრულმასშტაბიანი ფორმატით დაბრუნდა ფესტივალი და პანკავკასიური ორკესტრი ისევ წარდგება მაყურებლის წინაშე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში გვერდში დაგვიდგა. 10 დღის განმავლობაში მთელი კლასიკური მუსიკის სამყაროს ყურადღება წინანდლისკენ იქნება მომართული. ჩვენ მოკლე დროში შევძელით საპატიო ადგილი დაგვეკავებინა მსოფლიო კლასიკური მუსიკის რუკაზე. ახალგაზრდა ფესტივალის მიმართ დიდია ინტერესი  მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო გამოცემების და მრავალწლიანი ისტორიის მქონე უცხოური ფესტივალების მხრიდან. მსოფლიოში განთქმული ვარსკვლავები და ახალგაზრდა მუსიკოსები ერთ სცენაზე კვლავ გაერთიანდნენ მშვიდობისა და სოლიდარობის კულტურული ხიდის გასამყარებლად. მნიშვნელოვანია, რომ წინანდლის ფესტივალის ხმა, საერთაშორისო მედიაპლატფორმების საშუალებით, წელს მილიონამდე აუდიტორიას მისწვდება“. – წინანდლის ფესტივალის და სილქ-როუდ ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი. 

 

ათდღიანი ფესტივალის ფარგლებში პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, როგორც  ფესტივალის ფილტვები, 4 კონცერტს გამართავს ვარსკვლავური დირიჟორების – ოქსანა ლინივის, ჩარლზ დუტუას, პაბლო ჰერას-კასადოს და ვასილი პეტრენკოს ხელმძღვანელობით. წლევანდელ პროგრამაში სოლისტებს შორის არიან მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები: რენო კაპუსონი, ლუკას დებარგი, სონგ-ჯინ ჩო, კრიშტოფ ბარატი, ვილდე ფრანგი, დენის კოჟუხინი, კიან სოლტანი, ნოა (ახინოამ ნინი), ლი ლა, ჟულიენ კვენტინი, დევიდ აარონ კარპენტერი…

კამერული მუსიკის განყოფილებების შემდეგ, 5 სექტემბრის საკონცერტო პროგრამით, ამ საღამოს ნამდვილი მუსიკალური ეპიცენტრია ორი დიდი მუსიკოსის ტანდემი, – მსოფლიო მაესტრო ჩარლზ დუტუა და მსოფლიო პიანისტი სონგ-ჯინ ჩო. ისინი პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად შეასრულეს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის #4 საფორტეპიანო კონცერტი – G major, Op. 58). შარლ დუტუამ, როგორც სახელოვანმა მაესტრომ, ახლახან მიიღო კლასიკური მუსიკის სფეროს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – სამეფო ფილარმონიის საზოგადოების ოქროს მედალი, რომელიც 1870 წელს, ბეთჰოვენის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად დაწესდა. მუსიკოსის განვლილ გზას თუ გადავხედავთ, ჯერ კიდევ 20 წლის იყო, როდესაც მისი ფენომენი ლეგენდარულმა ჰერბერტ ფონ კარაიანმა შეიცნო და სადირიჟოროდ ვენის სახელმწიფო თეატრში მიიწვია. ამის შემდეგ კოვენტ-გარდენის, NYC-ის Met-ოპერის, ბერლინის Deutsche Oper-ის, რომის ოპერისა და ბუენოს-აირესის თეატრ კოლონის საპატიო დირიჟორად იწვევენ. მთელი 32-წლიანი ვარსკვლავური კარიერის განმავლობაში 2 Grammy-ის მფლობელი დირიჟორი ფილადელფიის ორკესტრთან თანამშრომლობის პარალელურად, გამოდის ჩიკაგოს, ბოსტონის, სან-ფრანცისკოს, ნიუ-იორკის და ლოს-ანჯელესის ორკესტრებთან ერთად და ასევე რეგულარულად სტუმრობს ლონდონის, ბერლინის, პარიზის, მიუნხენის, მოსკოვის, სიდნეის, პეკინის, ჰონგ-კონგის, შანხაისა და ტოკიოს სცენებს.

ფესტივალის საპატიო სტუმრებს შორისაა 2021 წელს საერთაშორისო კლასიკური მუსიკის საზოგადოებისგან დასახელებული წლის ხელოვანი, განთქმული დირიჟორი პაბლო ჰერას-კასადო, რომელიც 8 სექტემბერს, 19:00 საათზე ფრანგ ვირტუოზ მევიოლინე რენო კაპუსონთან ერთად პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის თანხლებით შეასრულებს გერმანელი კომპოზიტორის, მაქს ბრუხის #1 სავიოლინო კონცერტს (G minor, Op. 26). მისი უჩვეულოდ მრავალფეროვანი და წარმატებული სადირიჟორო კარიერა მოიცავს დიდ სიმფონიურ და საოპერო რეპერტუარს, ისტორიულად ინფორმირებულ შემსრულებლობასა და თანამედროვე პარტიტურებს. რამდენიმე წელია დიდი სცენებზე რენო კაპუსონის წარ­მა­ტე­ბე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა Joseph Guarneri-ის უნიკალური ვიოლინო, 1737 წლის  „del Gesu“, რომელიც ერთ დროს ისააკ სტერნს ეკუთვნოდა თურმე. ეს ანტიკვარული ინსტრუმენტი კლიმატური პირობების მიუხედავად, არაჩვეულებრივად ჟღერს ღია ცის ქვეშ, დიდ დარბაზებსა თუ კამერულ სივრცეში – თბი­ლი, ძლი­ე­რი, კი­დევ უფ­რო განსა­კუთ­რე­ბუ­ლად მოქნილი და მჟღერი ბგე­რა აქვს, თან მოაქვს თავისი ენერგეტიკა. სწორედ ბგერის თვითფლობით, ბგერის სიღრმით და ვირტუოზულობით გამორჩეულმა ფრანგმა მევიოლინემ მსოფლიო სცენებზე თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა სოლისტმა და კამერული მუსიკის შემსრულებელმა. კაპუსონის კამერული მუსიკისადმი დიდმა სიყვარულმა განაპირობა მისი შემოქმედებითი თანამშრომლობა ისეთ დიდ მუსიკოსებთან, როგორებიცაა: მარტა არგერიხი, ანჯელიკი, დანიელ ბარენბოიმი, იური ბაშმეტი, ბრონფმანი, ხატია ბუნიათიშვილი, გრიმო, ჰაგენი, მა, პირესი, ტრიფონოვი და იუჯა ვანგი, ასევე საკუთარი ძმა, ჩელისტი გოტიე კაპუსონი.

წინანდალში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით საღამოს, 11 სექტემბერს, განსაკუთრებული მოლოდინია პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად, Gramophone Awards-ისა და Classical BRIT Awards-ის მქონე, მსოფლიოში ცნობილი ახალი თაობის დირიჟორის, ვასილი პეტრენკოსა და მევიოლინე ვილდე ფრანგის საკონცერტო მუზიცირებისადმი. ვასილი პეტრენკო, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ფილარმონიული ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელია, რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. წარმოშობით რუსმა პეტრენკომ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე შეწყვიტა თავის ქვეყანაში მოღვაწეობა. მან რუსეთის სახელმწიფო აკადემიური სიმფონიური ორკესტრი ღია და ძლიერი პოზიციით დატოვა. რუსეთის შეჭრა უკრაინაში „ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მორალური მარცხი იყო“, – განაცხადა პეტრენკომ… ფესტივალის დასკვნითი საღამო ეს იქნება საკონცერტო სერიის დიდი  ფინალი მთელი თავისი ვარსკვლავური თავგადასავლით. როდესაც ორმა საუკეთესო მუსიკოსმა უნდა იზრუნოს ამ კონცერტის კონცეფციურ ხაზზე, მრავალფეროვნად საინტერესო შინაარსზე და კლასიკური მუსიკის ხარისხზე, ისე, რომ ეს ფერადი მუსიკალური საღამო საერთო სახალხო დღესასწაულად გადააქციონ. დიმიტრი შოსტაკოვიჩის #1 სავიოლინო კონცერტი (A minor, Op. 77) მათ ხელწერაში ნამდვილი მუსიკალური სასწაული გახდება.

წინანდლის ფესტივალის  სილქნეტი უკვე მეოთხე წელია წარმოგიდგენთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.