fbpx

რატომ ყვირიან ქართველი მომღერლები და ხმაურიანი ეროვნული უკულტურობები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ლაშა გაბუნია

 

„პროზის გრგვინვა და მუსიკა სიჩუმეში სრულდება“.

უილიამ ფოლკნერი

 

ვისაც კი ზაფხულში რამდენიმე დღე მაინც ქართულ კურორტებზე გაუტარებია, აუცილებლად „ყურში მოხვდებოდა“ მრავალფეროვანი მუსიკალური ფონი, რომლითაც ისინი გამოირჩევა, განსაკუთრებით ზღვისპირეთში. იქ თქვენ მოუსმენთ ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, თურქულ, ირანულ თუ რუსულ ფანოღს, რუსულ ე.წ. ესტრადას და  ძველბიჭურ ასევე რუსულ რეპს, ქართულ თუ უცხოურ პოპს – „დესპასიტოთი“ დაწყებული, ქართველი „პოპვარსკვლავთა“ შემოქმედებით დამთავრებული. ამ კოქტეილის განსაკუთრებულობა ისაა, რომ მთელი ეს „ნაღები“ რეპერტუარი დამსვენებლებს დიდი დოზებით და აუცილებლად ხმამაღლა მიეწოდება. ასე თუ ისე, ამას ალბათ აიტანდა კიდეც ადამიანი, ეს უფასო კონცერტი ზოგჯერ მთელი ღამე (ან ღამეები) რომ არ გრძელდებოდეს. ამას ემატება შუაღამით, ძლივს ჩაძინებულზე, ვიღაცების მიერ ხოშზე ნატყორცნი პეტარდების გამაყრუებელი ხმები. მოკლედ, ხვდები, რომ ადამიანს საქართველოში არც შვებულებაში ან არდადეგებზე ეღირსება მოსვენება. 

ბევრ ადამიანს სიმთვრალეში უჩნდება სურვილი, რომ მისი პერსონა მთელი სიკაშკაშით წარმოგიდგინოთ. მახსენდება ორი გავრცელებული მოწოდებაც, როდესაც ნასვამი მამაკაცი ოჯახში ბრუნდება და ყვირის: „ბავშვი გააღვიძეთ, პიანინოზე დაუკრას!“ ან თუნდაც – „მეზობლებო, გამოდით, უნდა დაგთვალოთ!“ მას ძალიან უნდა, ყველამ გაიგოს, რომ ნასვამია, თან სხვების სიმშვიდეს არად დაგიდევს. ბავშვის ან ცოლის დაბადების დღის შესრულებისთანავე – ღამის 12 საათზე ან, გინდ, ღამის 2 საათზე პეტარდების სროლას იწყებს. მისთვის მთავარია, ოჯახის წევრებს თქვენი სიმშვიდის დარღვევის ხარჯზე ასიამოვნოს. მერე რა მოხდა, რომ ამ გამაყრუებელი ხმაურით თქვენი ბავშვი გააღვიძა? თავისი ხომ გაისწორა? 

ახლა შევიდეთ თბილისის ან სხვა რომელიმე ქალაქის სავაჭრო ცენტრებში, სადაც წესით, უნდა გვეგებებოდეს ფონური ემბიენტ-მუსიკა, ისიც დაბალ ხმაზე ჩართული. ჩვენ კი გვხვდება ბოლო ხმამდე აღნავლებული პოპულარული მუსიკალური ჰიტები. მაღაზიის კონსულტანტს რამე რომ ჰკითხო, აუცილებლად უნდა უყვირო, რომ გააგონო. პასუხი მანაც ყვირილითვე უნდა დაგიბრუნოს. მერე სავაჭრო ცენტრების სატელევიზიო ან რადიო რეკლამაში ვინმე ხმამაღლა და დაძაბულად იტყვის წარმოუდგენლად უაზრო ფრაზას – „ევროპული დონის მომსახურება“. თითქოს ამერიკული, იაპონურ-კორეული ან თუნდაც ავსტრალიური სერვისი სირცხვილი და უხარისხო იყოს. მოკლედ, ასეთ ადგილებში მატრაკვეცობა და სიგოიმეა გამეფებული.

იგივე ითქმის ქართულ კვების ობიექტებსა და ბაზრობებზეც; არავითარი განსხვავება – მუსიკა ბოლო ხმამდეა აწეული. მერე რა, რომ ზეპურ კაფეებში უფრო სვეცკური მუსიკა უკრავს? მთავარი ისაა, რომ მანდაც და ბაზრობებზეც მუსიკას აღრიალებენ და ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ბოლომდე აწეული ხმით ჰამლეტა და ბენოს შემოქმედება გაგვიხვრიტავს ტვინს თუ სტივი უანდერის. ისე სტივი უანდერი ტყუილად არ გამხსენებია. საქართველოში რატომღაც სოულის, ფანკისა და არ ენდ ბის სტილში მომუშავე მომღერლებს უფრო აფასებენ, ვიდრე თუნდაც პოსტპანკის ან გოტიკის ვოკალისტებს. აქ რაღაც სტანდარტივითაა, – ვინც უფრო მაღალი ოქტავების ნოტებს მღერის და ვოკალს აფროამერიკელივით ახვევს, ჰგონიათ, უკეთესი ხმა აქვს. ამიტომ, თუ ქართველ შემსრულებელს ხმა მაღალ რეგისტრში გადაჰყავს და კოხტადაც ახვევს, უფრო მაგარ ვოკალისტადაა მიჩნეული. თუ მომღერალი ყვირილით მღერის, ყელზე ძარღვები აქვს დაბერილი, მოსწონთ. არადა, აფროამერიკელი ბუნებრივად მღერის ხმამაღლა – ყოველგვარი ხმის იოგების წყვეტის გარეშე. 

მახსოვს, 2000-იანების დასაწყისში დიდ ბრიტანეთსა და საერთოდ ევროპაში გაპოპულარულებული ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის გარკვეულმა ნაწილმა არ მიიღო. ფორუმჯიზე მომხმარებელთა დიდი ნაწილი სწორედ იმას აბრალებდა ქეთი მელუას, რომ მას „კარგი ხმა არ ჰქონდა“. ქეთი კი, ყოველგვარი ყვირილის და ხმის დაძაბვის გარეშე, დღემდე ძალიან პოპულარულია. არადა, სანამ თბილისში სოული, ფანკი და არენბი ზედმეტად კარგი ტონი გახდებოდა, არც იყო აუცილებელი მომღერალს ეყვირა და ეხავლა. თუნდაც რეტრო მუსიკა ავიღოთ – ლილი გეგელია, მარეხ გოძიაშვილი, ინოლა გურგულია, გიული ჩოხელი, სულიკო კოროშინაძე, გეპეის კვარტეტი, „რერო“, „ორერა“ და უამრავი სხვა ამის შესანიშნავი მაგალითები არიან. 

გავიხსენოთ ბოლო ორი ათწლეულის მოდური ტრენდი –  რომელიღაც გულისამრევ საფორტეპიანო მუსიკალურ ფონზე მანჭვა-გრეხით წაკითხული ლექსები. უფრო სწორედ ის, რაც მათ ავტორებს პოეზიად მიაჩნიათ. აქაც ყვირილი, დაძაბულობა, ზედმეტი თეატრალურობა და ხელოვნურობა. ამას „მხატვრულ კითხვასაც“ უწოდებენ. ჩემს ბავშვობაშიც არსებობდა „მხატვრული კითხვის“ წრეები, სადაც ბავშვებს ხელების პარჭყვით, თეატრალურად და გამოთქმით ლექსების ხმამაღლა მოყოლას გვასწავლიდნენ. ამისთვის დამხმარე პედაგოგად ზოგჯერ თეატრიდან მსახიობიც კი მოჰყავდათ. არადა, ლექსი მაშინაა კარგი მოსასმენი, როდესაც მას უბრალოდ, ბუნებრივად კითხულობენ. მოკლედ, აქაც ზედმეტად ვხმაურობთ. ვხმაურობთ იქაც, სადაც მუსიკას უნდა ვუსმენდეთ –  კონცერტებზე, გინდ ღია ცის ქვეშ ტარდებოდეს, გინდ პატარა ბარში. ასეთ ღონისძიებებზე მუსიკის მოსმენის ნაცვლად უფრო საწრიალოდ, საჭორაოდ და საჭმელად დავდივართ. 

საზიზღრად ვხმაურობთ ქალაქში ღამით, როდესაც ჩვენს ავტომობილებს სპეციალურად ისეთ მაყუჩებს ვუყენებთ, რომელიც საწვავის წვის პროცესის ხმას კი არ გუდავს, პირიქით, აძლიერებს. შედეგად, ზაფხულის ცხელ ღამეებში ძლივს ჩაძინებულებს ღია ფანჯრებიდან შემოვარდნილი ასეთი მანქანების ყურისთვის „დამატკბობელი“ ღმუილი გვაფხიზლებს. იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთის სიმშვიდეს პატივი ვცეთ, ჩვენს  მანქანებს, რაც შეიძლება მეტად ღმუილა მაყუჩებს ვუყენებთ, რომ შემდეგ ვიღაცებთან თავი მოვიწონოთ. ამას ემატება დრიფტაობისადმი დაუოკებელი ლტოლვა, სკუტერების და მოტოციკლეტების ღამეული ვოიაჟები და მთელი კოქტეილიც მზადაა. 

ჩვენს ფოლკლორსაც გადავხედოთ. ვისაც მე-20 საუკუნის დასაწყისის თუნდაც ქართლ-კახური ტრადიციული სიმღერა მოუსმენია, ნახავს, რომ წამყვანი ხმის პარტიებს ფაქტობრივად ყვირილით ასრულებდნენ. ამას, რა თქმა უნდა, თავისი ახსნაც აქვს. მე-20 საუკუნის 1960-იანი წლებიდან ჩვენი ტრადიციული სიმღერა გააკადემიურდა და უფრო რბილი მოსასმენი გახდა. თუნდაც ანზორ ერქომაიშვილის და ანსამბლ „რუსთავის“ გამოჩენა რად ღირდა, რომელთაც ფოლკლორს საოცარი სიღრმე და სივრცე მისცეს და მთელი მსოფლიოსთვის გასაგები გახადეს. როგორც ვიცი, მათ სწორედ ამისთვის აკრიტიკებდნენ – ხალხური მუსიკალური სტილი შეცვალეთო. არადა, ფაქტია, რომ ამის შემდეგ ქართულ სიმღერებში აღარავინ ყვირის, იშვიათი გამონაკლისების გარდა. იგივე შეიძლება ითქვას ფოლკზეც, რომლის სათავეებთან დები იშხნელების შემოქმედება დგას. მათ მუსიკაში ვერ იგრძნობთ ხმაზე ძალდატანებას. ესაა მხოლოდ ჰარმონიული მუსიკალური ქსოვილი, რომელიც ფოლკლორიდან საზრდოობდა. თუმცა ყვირილი ფოლკშიც გაჩნდა, უფრო მე-20 საუკუნის მიწურულისკენ, როცა აუარება ტრიოები და კვარტეტები შეიქმნა. ზოგიერთი რაც უფრო ყვირილით გაწელავდა თუნდაც „ჩემო თბილის-ქალაქოს“, მით უფრო მეტ მოწონებას და ტაშს იმსახურებდა. 

უამრავ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში ჟიურის წევრების დიდი ნაწილი მხოლოდ იმ კონკურსანტებს აქებს, რომლებსაც ხმის ჩახლეჩამდე ყვირილი შეუძლიათ. ამ კონკურსების დიდი მინუსია, რომ მათი ჟიური არა ახალ ქართველ მომღერლებს, არამედ ახალ უიტნი ჰიუსტონებს, მერაია ქერიებს, ემი უაინჰაუსებს, სტივი უანდერებს, მეთიუ ბელამებს და სხვა ცნობილ ვარსკვლავებს ეძებს. ისე, მუსიკაში არსებობს ყვირილით სიმღერის სტილი, რომელსაც სქრიმინგი ჰქვია. მათ უმეტესწილად როკ, პანკ და მეტალ მუსიკოსები გამოიყენებენ საპროტესტო მოწოდებების და ექსტრემალური მუსიკის შესასრულებლად, მაგრამ როცა აკადემიურ სასიყვარულო ნაწარმოებში ხმის ჩახლეჩამდე ხავი, უკვე ანომალიასთან გვაქვს საქმე და ცუდი არ იქნება, თუ საქმეში ფსიქიატრებიც ჩაერთვებიან. ზოგადად კი, კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე საშინელებაა, რაც თანამედროვე მუსიკაში არსებობს. შეჯიბრი სიმღერაში ძალიან ცუდი რამაა, გნებავთ,  ეს ადგილობრივი სატელევიზიო შოუ იყოს, გნებავთ  სახელგანთქმული „ევროვიზია“.

ისე, მშვიდად სიმღერა ყველაზე რთულია. ეპატაჟის გარეშე მსმენელამდე სათქმელის მიტანა არაა იოლი და ცოტა ვინმე თუ ახერხებს. სამაგიეროდ კარგად გამოსდით დედებს, რომლებიც ჩვილებს იავნანას სწორედ ჩურჩულით და მშვიდად უმღერიან. ჩვენთან იავნანების კონკურსი რომ ჩავატაროთ, რაც, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი სიბრიყვე იქნება,  ალბათ, იქაც ვინმე მომკივანს გაამარჯვებინებენ, ვისაც უფრო კარგად გამოუვა აფროამერიკულად ჩახუჭუჭება. 

ყოველდღიური ქაოსისა და მუსიკალურ ტრენდების გადამკიდე, ხმაური ყოფასა და ხელოვნებაში ნორმად ჩამოყალიბდა. იქნებ სიმღერის მასწავლებლებმა მოწაფეებს კარგად აუხსნან, რომ ძლიერი ხმა არ ნიშნავს ყვირილით სიმღერას, რომ ფორტე და ფორტისიმო არის ხმამაღალი, რაც არ გულისხმობს ხმის ჩახლეჩამდე ხავილს. 

ამასწინათ შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორისა და პედაგოგის, მიხეილ შუღლიაშვილის გაკვეთილის ძველ ჩანაწერს ვუყურებდი. იგი ბავშვებს მუსიკას ასწავლიდა, ერთად, გუნდურად ამღერებდა და ძალიან მომეწონა, როდესაც მათ სთხოვა:  „ნუ ყვირით, ბავშვებო!“. მართლაც, სიმღერას ყვირილი აფუჭებს. თუმცა შეიძლება სწორედ ჩვენ ირგვლივ გამეფებული ამდენი ზედმეტი ხმაურის, უაზრო ფუსფუსის, ტელეფონებზე ხმამაღლა ლაპარაკის, აღრიალებული საყოფაცხოვრებო ფონის გამო ყვირიან თეატრისა და კინოს მსახიობები და მუსიკოსები ასე გამეტებით? იქნებ სურთ, ეს ქაოსი თავიანთი ხმებით ჩაახშონ? იქნებ ეს ყოველივე გაუთვითცნობიერებელი პროტესტია? როგორც იმერეთში იტყვიან, მეტი არაა ჩემი მტერი. უკულტურობა ჰქვია ამას, მეტი არაფერი. და იგი გამომდინარეობს ზუსტად იმ უკულტურობებისგან, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და პლუს კიდევ იმათგანაც, რომლებიც ამ სტატიის წერისას ვეღარ გავიხსენე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.