fbpx

კალიგრაფიული პორტრეტები – შოთა საგანელიძე


გააზიარე სტატია

 

 გამოჩენილი ქართველების პორტრეტები, რომელთა სახელებიც სამუდამოდ ჩაიწერა ისტორიაში: თამარ მეფე, შოთა რუსთაველი, პეტრე ოცხელი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები, პირველად შესრულდა ქართული დამწერლობის გამოყენებით – ტუშით, აკრილითა და შერეული ტექნიკით. ყოველი მათგანის სახე ქართული ანბანის სამივე (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული) სისტემითაა შექმნილი და ახლებურად, თუმცა ალბათ ყველაზე ავთენტურად არის გადმოცემული.  

 მწერალთა სახლის საგამოფენო სივრცეში გაიმართა შოთა საგანელიძის პერსონალური გამოფენა. გამოფენასა და შესრულების ტექნიკას განსაკუთრებული როლი აქვს ქართული ანბანისა და კულტურის პოპულარიზაციაში. მინიმალისტური ტექნიკით ასოები სახის ნაკვთებს კრავენ და ქმნიან ამა თუ იმ გამოჩენილი ქართველის ხასიათს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო  შოთას   მხატვრობით შექმნილი სამოსის მცირე კოლექცია: ხელით ნაქარგი მაისურები, კალიგრაფიულ-ორნამენტული ელემენტებით მოხატული აბრეშუმის კაბები. სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტი, როგორიცაა – თამარ მეფის სამაჯური, კერამიკის ფილები, დაპრინტული ჩანთები და მაისურები. 

 ხელოვანის  შემოქმედებაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ექსპერიმენტული მიგნება კალიგრაფიულ-ორნამენტული სახით, არამედ მისი ფაქტურებისა და ფერების ძიებაც ყოველი სახისათვის, რომელმაც უნდა დაიკავოს ადგილი კოლექციაში. მაგალითად, თამარ მეფის პორტრეტი შესრულებულია ტილოზე და გამოყენებულია შერეული ტექნიკა, მაგრამ ფერწერის ფერები რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ სიმბოლიზმს ეყრდნობა და ფონის შრეებად პოემის სტრიქონებია ერთმანეთზე გადაწერილი.   

 აღსანიშნავია აგრეთვე მარო მაყაშვილის პორტრეტი, რომელიც ერთ ფერწერულ ტილოს წარმოადგენს, მაგრამ სახის ორივე მხარე სხვადასხვა პერსონაჟსა და ქალს წარმოაჩენს, რაც ასევე მისი ხასიათის ნაწილია და იგივე აღწერა მის ფოტოზეც იკითხება.  ერთი მხრივ, აღიქვამ ახალგაზრდა გოგონას ბუნებას, სინაზეს, ხოლო, მეორე მხრივ, მკაცრ, თამამ მზერას, რომელიც მზად არის იბრძოლოს სამშობლოსათვის. სხვაობა გადმოცემულია ფერებითა და ჩრდილებით, ხოლო ქართული ანბანის ასოები ერთნაირად მიუყვება ნაკვეთების მოხაზულობას. 

 გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ავტორმა შეძლო რამდენიმე  ხელოვნების მედიუმისა და ექსპერიმენტის, ინოვაციური ხედვის გაერთიანება და წარმოჩენა. და ამავდროულად,  შესაფერისი კონცეფციის არჩევა კონკრეტული მიმართულებისათვის, ქართული ანბანის დახმარებით გამოჩენილი ქართველების მიღწევებისა და რეალური სახეების ჩვენება. 

 

 პორტრეტის ავტორი: გურამ წიბახაშვილი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.