თქვენო უდიდებულესობავ..!
ავტორი: მათე წიკლაური
წინასიტყვაობა: „დედოფალი იყო საძირკველი, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა.“ – ლიზ ტრასი. სამოცდაათწლიანი მმართველობის შემდეგ, 96 წლის ასაკში დედოფალი ელიზაბეტ II გარდაიცვალა.
ძალიან ხშირად გულწრფელად მეგონა, რომ დედოფალი სულ იქნებოდა…
1952 წლის 5 თებერვალს პრინცესა ელიზაბეტმა ღამე კენიის აბერდარის ეროვნულ პარკში, ხის ქოხში, გაათენა და მეორე დღეს, როგორც ინგლისის დედოფალმა გაიღვიძა. მან არ იცოდა თავისი ახალი ტიტულის შესახებ, რადგან ინფორმაციას მამის, მეფე ჯორჯ VI-ის გარდაცვალებაზე, მასთან ჯერ არ მიეღწია. შუადღისას პრინც ფილიპს დაურეკეს და ამ ტრაგედიის შესახებ აცნობეს. პრინცმა საცოლე მდინარის პირას წაიყვანა და მომხდარის შესახებ იქ უამბო. აღელვებული ელიზაბეტი ჩვეული თავდაჭერილობით დაბრუნდა სასახლეში და სამოცდაათწლიან ეპოქას დაუდო სათავე.
მისი მმართველობის პერიოდში ბრიტანეთმა 15 პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. ეს იყო გზა 1874 წელს დაბადებული უინსტონ ჩერჩილიდან 1975 წელს დაბადებულ ლიზ ტრასამდე. პრემიერ-მინისტრებთან მისი ურთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებული და არაორდინალური იყო. 1965 წელს, როდესაც უინსტონ ჩერჩილი გარდაიცვალა, დედოფალმა დაარღვია პროტოკოლი და დაკრძალვაზე ჩერჩილის ოჯახზე ადრე მივიდა. პროტოკოლი ამბობდა, რომ დედოფალი ნებისმიერ ღონისძიებაზე ბოლო უნდა მივიდეს, მაგრამ ამ ჟესტით მას სურდა, განსაკუთრებული პატივი ეცა ჩერჩილის ხსოვნისათვის.
დედოფლის გარდაცვალებას ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერი ლიზ ტრასი ასე გამოეხმაურა: „დედოფალი ელიზაბეტ მეორე იყო ის საძირკველი, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა.“
როდესაც ელიზაბეტმა ტახტი დაიკავა, დიდი ბრიტანეთი გაცილებით ძლევამოსილი იმპერია იყო. დედოფლის მმართველობა კი 15 ქვეყანაზე გავრცელდა, მათ შორის იყვნენ კანადა, ახალი ზელანდია. დედოფლის მმართველობის ხანაში აშშ-მ 14 პრეზიდენტი გამოიცვალა და განვლო გზა ჰარი ტრუმენიდან ჯო ბაიდენამდე. ელიზაბეტი ცნობილი იყო საოცარი პატრიოტული სულისკვეთებით. 2015 წელს ბიოგრაფიის წინასიტყვაობაში მისმა შვილიშვილმა, პრინცმა უილიამმა თქვა, რომ დედოფალი მაგალითია ხალხისათვის და ელიზაბეტის გენიალურობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.
კორონაციის შემდეგ, დედოფალმა მალევე დაიწყო მოგზაურობა, როგორც კეთილი ნების ელჩმა. მან მოინახულა ლიბია, ავსტრალია, იამაკა, ახალი ზელანდია, უგანდა, ტონგა და ბევრი სხვა ქვეყანა. მოგზაურობა კი მხოლოდ 1954 წელს, წასვლიდან ექვსი თვის შემდეგ დაასრულა. მიუხედავად ძალიან მრავალფეროვანი, სამოცდაათწლიანი პოლიტიკური ცხოვრებისა, დედოფალმა მსოფლიოს თავი არაორდინალურობითაც დაამახსოვრა. ის ხშირად არღვევდა პროტოკოლს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ბრიტანელი ხალხის ცხოვრებაში მეტი ხალისისა და მრავალფეროვნების გაჩენას.
90 წლის ასაკშიც კი ცდილობდა, რომ არ დაეკარგა ის ტემპი, რომელიც მთელი თავისი დედოფლობის განმავლობაში ჰქონდა. ყოველდღიურად დედოფალი კითხულობდა 200-300 წერილს, იღებდა და განიხილავდა უამრავ ოფიციალურ დოკუმენტს, მართავდა ყოველკვირეულ შეხვედრებს პრემიერ-მინისტრთან.
ელეგანტური, დახვეწილი, თავდაჭერილი, არაორდინალური და უაღრესად გაწონასწორებული – ასე ახასიათებდნენ მას თანამედროვენი და ასეთად დარჩა ის სიცოცხლის ბოლომდე.
თანამედროვე სამყაროში მისი როლი და ფიგურა განუზომელი იყო. ეს არა მხოლოდ მისი თანამდებობისა და განსაკუთრებულობის, არამედ მისი მრავალწლიანი მმართველობის და ხანგრძლივი სიცოცხლის გამოც, – დედოფლის სახით დღეს მსოფლიოში შეიქმნა ლეგენდა, რომელიც თითქოს არასოდეს არ უნდა დასრულებულიყო.
სამყაროში სიმბოლოების არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დედოფალი ელიზაბეტი ისტორიის ნაწილი კი არა, თავად ისტორიის სიმბოლოა, ყველა მონარქისგან განსხვავებული, – ჩაცმის სტილით, აქტიურობით, მამოტივირებელი და პატრიოტიზმით სავსე ფრაზებით.
2021 წელს, როცა მისი მეუღლე, პრინცი ფილიპი გარდაიცვალა, ინტერნეტ სივრცე დედოფლის საოცარმა ფოტომ დაიპყრო. ელიზაბეტ მეორე ტაძარში მარტო მყოფი, შავ სამოსში, დაღონებული, სახეზე შავ პირბადე აფარებული, არისტოკრატული წუხილით ემშვიდობება მეუღლეს.. ეს ფოტო თითქოს მთელ ისტორიას იტევს – ხანგრძლივი, საინტერესო, ლამაზი თანაცხოვრების ისტორიას და მერე მოხუცებულობის ასაკში ცხოვრების ბოლოსაკენ მიმავალი გზის მარტო გაგრძელების სევდას.
…8 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელი გახდა და ექიმებმა მისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დატოვება აუცილებლად მიიჩნიეს. ამ სიახლის გავრცელებისთანავე სასახლესთან არ წყდებოდა დედოფალზე შეყვარებული, მისი და მისი სახით ბრიტანეთის ისტორიის პატივისცემით აღსავსე ადამიანების ნაკადი. რამდენიმე საათში დედოფალი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა და მასთან ერთად უზარმაზარი ეპოქა დასრულდა. მისი როლი მსოფლიოს ისტორიაში განუზომელი და დაუვიწყარია.
არსებობს ერთი საოცარი ფოტო, რომელიც 2011 წელსაა გადაღებული და პრინცი ფილიპისა და დედოფლის სეირნობას ასახავს. ფოტოზე ელიზაბეტი, ჩვეულებისამებრ, გალანტურ სამოსში გამოწყობილი, უკვე ძალიან ასაკოვანი, საკუთარ ჩრდილს მიჰყვება, თითქოს აცილებს მას. ახლა კი რამდენიმე დღეში მისი საყვარელი ბრიტანელი ხალხი გააცილებს დედოფალს უკანასკნელ გზაზე…
მისი გარდაცვალებით დასრულდა ისტორიის ერთი დიდი ნაწილი.
მისი გარდაცვალებით გაშეშდა ისტორია, მე კი აქამდე გულუბრყვილოდ მეგონა, რომ დედოფლები მხოლოდ ისტორიის წიგნებში კვდებოდნენ.
დედოფალი ელიზაბეტ II და პრინცი ფილიპი, ედინბურგის ჰერცოგი, დაბრუნდნენ სასახლეში მას შემდეგ, რაც დაესწრნენ ამ წლის სამეფო ბაღის პირველ წვეულებებს, რომელიც გაიმართა ბუკინგემის სასახლის ტერიტორიაზე 2011 წლის 29 ივნისს.
მშვიდად განისვენეთ, დედოფალო!
თქვენო აღმატებულებავ!