fbpx

ხავიერ მარიასის „ბერტა ისლა“ – განახლებული „ოდისეა“, მოულოდნელობა და არჩევანი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მათე წიკლაური

 

„როგორც იქნა, გზაზე გავიდა და იგრძნო, ეს გზა შინ მიიყვანდა. გზა ქალაქის ქუჩასავით ფართო და სწორი იყო, მაგრამ ეტყობოდა, ამ გზით არავინ დადიოდა. ირგვლივ არც მინდვრები და არც შენობები ჩანდა. ადამიანის ჭაჭანებაც არ იყო.“

ამბროზ ბირსი, „შემთხვევა ჭოტისწყლის ხიდზე“ 

2011 წელს მსოფლიო კინოს სამყაროში ვუდი ალენის რომანტიკული კომედია – „შუაღამე პარიზში“ გამოჩნდა. ფილმი ამერიკელი ტურისტების პარიზში ვიზიტს ეხება. მთავარი პერსონაჟი სცენარისტი გილ პენდერია, რომელსაც ყოველ ღამე ახალ-ახალი ჯადოსნური თავგადასავალი ხდება თავს. ის შეხვდება 1920-იანი წლების პარიზის ძალიან ცნობილ მცხოვრებლებს: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს, პაბლო პიკასოს, სალვადორ დალის, გერტრუდა სტაინსა და ერნესტ ჰემინგუეის. მომხდარი, რასაკვირველია, გილზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს და მაყურებელსაც ითრევს იმ მაგიურ სამყაროში, რომელსაც ვუდი ალენი გვთავაზობს. ფილმში არის ჰემინგუეისა და მთავარი გმირის დიალოგის სცენა, რომელშიც ამერიკელი კლასიკოსი დამწყებ ავტორს მითითებას აძლევს და უხსნის, თუ რატომაა მისი წიგნები საუკეთესო: „ყველა სიტყვა და წინადადება მართალია!“  ხავიერ მარიასის შედევრში – „ბერტა ისლა“, ვერ ვნახავთ ვერცერთ არასერიოზულ, ტყუილით გაჯერებულ ფრაზას. ეს არის წიგნი, რომელიც მოულოდნელობით, დაძაბულობითა და სიმართლითაა სავსე. ერთი მხრივ, წინადადებების არასერიოზულობა ნაკლი სულაც არაა, მეტიც, ეს შეიძლება, ჩვეულებრივი მხატვრული ხრიკი იყოს. მაგალითად, ბესიკ ხარანაული „დიდი სმის“ შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ ამ წიგნში ვერ შევხვდებით სერიოზულ წინადადებას, რაც არათუ არ აკნინებს ტექსტს, არამედ, პირიქით, მეტი სიცხადით წარმოადგენს ნაწარმოების გენიალურობას, მაგრამ ხავიერ მარიასმა მწყობრი, ხშირად ძალიან გრძელი წინადადებები აირჩია და სწორედ ამ გზით მიაღწია სიმართლეს. 

ხავიერ მარიასი თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. ესპანელი მწერალი არაერთი რომანის, მოთხრობის, ნოველისა თუ ესეის ავტორია. ხავიერ მარიასმა სხვადასხვა დროს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო. 2006 წელს ის აირჩიეს ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრად, რაც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე დიდი აღიარებაა ესპანურენოვან სამყაროში. „ბერტა ისლა“ მსოფლიო ლიტერატურულ ასპარეზზე წარმატებული წიგნებისგან, ვფიქრობ, მთელი რიგი მახასიათებლების გათვალისწინებით, ყველასგან განსხვავებულია. ეს არის რომანი სიყვარულზე, შიშზე, გაბედულებაზე, მოლოდინზე, მოულოდნელობასა და ტკივილზე. ხავიერ მარიასი წარმოგვიჩენს მოდერნული ტიპის ადამიანის დიქტატორულ წიაღში დაბადების პროცესს და საოცარი მხატვრული ხერხებით მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქართველი მკითხველისთვის რომანი სულ ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი – გამომცემლობა „ინტელექტმა“ ლანა კალანდიას მიერ შესრულებული „ბერტა ისლას“ საოცარი თარგმანი გამოსცა და ქართველ მკითხველს ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა. 

რომანის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მთავარი გმირის პოვნა გვევლინება. ერთი მხრივ, სიუჟეტი მკვეთრად მიუყვება ორენოვანი ტომას ნევინსონის ცხოვრების ხანგრძლივ, საოცარი თავისებურებებით სავსე ამბავს, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი მეუღლე ბერტა ისლა ნაწარმოების ცალსახად ცენტრალური ნაწილია. სიუჟეტის ყველა ხაზი ბერტასთან მიდის, იქნება ეს სასიყვარულო, პოლიტიკური თუ ოჯახური ასპექტი. ჩვენ მალევე ვიგებთ, თუ როგორი ამაზრზენი გზით ჩაითრევს სახელმწიფო ტომასს ჯაშუშობაში. მთავრობას, სწორედ მისი ორენოვნების გამო არ უნდა ტომასის ხელიდან გაშვება და, როცა ატყობს, რომ ნევინსონს აქვს მორალური დილემა ჯაშუშად მუშაობასთან დაკავშირებით, მიმართავს შანტაჟს და მას გოგონას „მკვლელობის ბრალდებით“ სამუშაოზე ითანხმებს. ლინგვისტურ მახასიათებლებზე საუბრისას, ვფიქრობ, მართებული იქნება აქვე დავძინოთ, რომ ტომასი და ბერტა ყოველთვის ელიოტის და შექსპირის ციტატებს იმოწმებენ და ინგლისურად საუბარზე აკეთებენ აქცენტს მაშინ, როცა საკუთარ თავს ისინი ესპანელებად თვლიან. ეს პასაჟი შემთხვევითი სულაც არაა და იმ გზაგასაყარზე მიუთითებს, რომელიც მათ ცხოვრებას სამუდამო დაღს ასვამს.  მკითხველს შეუძლია თქვას, რომ ამ და სხვა უამრავი ასპექტის გამო, ნაწარმოები ჯაშუშზე და, შესაბამისად, მის ფათერაკებით აღსავსე ცხოვრებაზეა, მაგრამ სწორედ ამ დროს ხავიერ მარიასი წამოწევს ბერტა ისლას პერსონაჟს წინა პლანზე, როგორც მოლოდინისა და გამძლეობის, უსასრულო დროსთან ბრძოლის სიმბოლოს, რითაც მკითხველის ყურადღებას თანაბრად მიაპყრობს, როგორც ტომასის, ისე ბერტას მხატვრული სახისკენ. სიუჟეტის ამ ორი ხაზის განცალკევებამ მკითხველში ცნობისმოყვარეობა და მოლოდინი გააჩინა. ჩვენ კითხვის პროცესში განვიცდით ზუსტად იმ შეგრძნებებს, რასაც განიცდის ბერტა და ამავდროულად შეგვიძლია, გავუგოთ ტომასს, რომლის დილემებიცა და ემოციებიც სრულიად ადამიანური და ცხოვრებისეულია. ჩვენ არასოდეს გვტოვებს მღელვარე მოლოდინი, რადგან მთელი რომანის განმავლობაში მარიასი სიურპრიზებს გვთავაზობს, თითქოს, ყველა ახალი ეპიზოდი წარმოუდგენელი და არაპროგნოზირებადია. ის მიჰყვება სხვა ესპანურენოვანი კლასიკოსებს, მარიო ვარგას ლიოსას, ხულიო კორტასარისა და გაბრიელ გარსია მარკესის გზას და დაუვიწყარ ფინალს გვთავაზობს. მარიასი ატყვევებს მკითხველს და არ აძლევს მას წიგნის გადადების საშუალებას, რაშიც, გარდა საინტერესო თემატიკისა, მას გრძელი, ძალიან პოეტური წინადადებები ეხმარება. რომანში გრძელ წინადადებათა არსებობას მწერალი განმარტებასაც უკეთებს და ფოლკნერის სიტყვებს იმოწმებს: ერთხელ ფოლკნერისთვის უკითხავთ, რატომ წერთ ასეთ გრძელ, კილომეტრიან, დაუსრულებელ წინადადებებსო, რაზეც უპასუხია, რადგან არასოდეს ვარ დარწმუნებული, რომ ცოცხალი ვიქნები მომდევნოს დასაწყებადო. როგორც აღვნიშნეთ, მკითხველი ბერტა ისლას მდგომარეობაში ვარდება, ელოდება ტომასს, ელოდება სიახლეს და დაეძებს ახალ როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ სამყაროს, მაგრამ კიდევ არის ერთი ასპექტი, რის წარმოსაჩენადაც დაიწერა ეს წიგნი – მკითხველის ჩაფიქრება ადამიანურ, ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და, რაც მთავარია, მორალურ-ეთიკურ პრინციპებზე, რომელთა დასაცავად ხშირად სიყვარულისა და სიძულვილის ბრძოლას წარმოიშობა ადამიანებში.

ძალიან ძნელი, ფაქტობრივად, შეუძლებელია ნაწარმოებისთვის კონკრეტული ჟანრის მინიჭება. რომანი, რა თქმა უნდა, არის სიყვარულზე და ამას ბერტასა და ტომის მოლოდინზე აგებული სასიყვარულო ურთიერთობა და უკანა ფონზე რეფრენად გადევნებული მათი სხვა ადამიანებთან გაჩაღებული პატარ-პატარა სასიყვარულო რომანები მოწმობს. ამავდროულად, ნაწარმოები ცალსახად პოლიტიკურია, ვინაიდან ის მოგვითხრობს, როგორც დიქტატორულ სამყაროში მოდერნული ადამიანის დაბადების, ისე ჯაშუშთა ინსტიტუტის, ფოლკლენდის ომის და დიქტატორული სისტემის ჯოჯოხეთურ მახასიათებლებზე. ამ ასპექტებს თუ გავყვებით, „ბერტა ისლას“ ისტორიული რომანის კვალიფიკაციასაც მივცემთ, რომ არაფერი ვთქვათ ტექსტში არსებულ ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ შტრიხებზე და მთელ რიგ იმ დილემებზე, რომლებიც ეთიკის, მორალის, ახლიდან შეყვარების, მერე ისევ შეძულების და ამ უწყვეტი წრის გარშემო ვითარდება. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სწორედ ჟანრის განუსაზღვრელობა ქმნის მთავარ ლაბირინთს რომანში, რომლიდან გამოსასვლელ გზასაც ბერტა ისლას მოქმედებებზე დაყრდნობით მკითხველმა თავადვე უნდა მიაგნოს. შემთხვევით არ ვამბობთ, რომ ბერტა ერთგვარი გზამკვლევია ამ ჩახლართული ქუჩებისა. ტომასი კი არის ნიმუში იმისა, თუ როგორ ჭამს შიგნიდან და ანადგურებს შიში ადამიანს. სწორედ ამ შიშმა მოწყვიტა ნევისონი საყვარელ ქალს, ოჯახს, სახლს, მშობლიურ გარემოს და გადაისროლა ამორალურობაში. ნაწარმოების ბოლოს განვითარებული სცენა, „მოკლული“ ქალის შვილებისა და ტომასის ცვილის ფიგურების მუზეუმში შეხვედრა, არის უტყუარი დასტური იმისა, რომ ხავიერ მარიასი საოცრად სასტიკი და ცინიზმით სავსე მწერალია. ფარდის ახდა იმისთვის, რისაც თურმე ტომასს ამდენი წლის განმავლობაში სულ ტყუილად ეშინოდა, რის გამოც მარიონეტი გახდა და მორალი დაივიწყა, რამაც ისე მკვეთრად წარმოშვა მასში შიში, რომ ფაქტობრივად არარსებულ მკვლელობაში ბრალდებულება დაიჯერა, იყო ყველაზე სულისშემძვრელი და გასაოცარი პასაჟი მსოფლიო ლიტერატურის სხვა შედევრებს შორისაც კი. 

ამ რომანის მთავარი მახასიათებელი მაინც მოულოდნელობის მუდმივობაა. ნაწარმოები არ გვაძლევს საშუალებას, წარმოვიდგინოთ ერთი ან რამდენიმე სავარაუდო სცენარი, ყოველ შემთხვევაში მკითხველის ცნობიერში არანაირი ვარაუდი არ იბადება. თითქოს ყველა ახალი პასაჟის დასასრულს შეიძლება, რომ რომანიც დამთავრდეს, მაგრამ – არა. ესპანელი მწერალი ყოველთვის პოულობს სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრების გზებს, რომლებიც ცინიზმითა და სისასტიკითაა სავსე და რომანის კვანძის გახსნაც ამის მკაფიო მაგალითია. რეალურად, ერთადერთი, რისი გამოცნობაც შეგვეძლო, იყო ის, რომ ტომასი ვერასდროს დააღწევდა თავს ჯაშუშობის, დიქტატურის მარიონეტობას და ეს ასეც მოხდა, ნაწარმოების დასასრულს მას გადაკვრით ეუბნებიან, რომ საბოლოოდ ამ ამბავს ვერასოდეს წაშლის თავისი გონებიდან, რადგან ჯაშუშობა მისი უბრალო პროფესია კი არა, უკვე სულიერი მდგომარეობაა, როგორც არ უნდა უნდოდეს ბერტასთან, სახლისკენ… ამ ამბებისგან შორს წასვლა. 

რომანი, როგორც ვხედავთ, ძალიან ბევრ ზოგადსაკაცობრიო შეკითხვას სვამს და ეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა – ეთიკა, მორალი, საკუთარი ადგილისა და პიროვნების განსაზღვრა სამყაროში, არჩევანი, დილემები და ა.შ. ტომასის ცხოვრების ისტორია „ოდისეას“ ჰგავს. რეალურად, არცერთი არ არის იქ, სადაც უნდათ – ოდისევსს სახლში, ფერმაში, ცბიერებისა და სისასტიკისგან მოშორებით უნდა ყოფნა და მისი ისტორიაც სახლში დაბრუნებაზე, სიმშვიდის მოპოვებასა და რაღაცის დამთავრებაზეა. ზუსტი ანალოგი ჰომეროსის ტექსტისა შეგვიძლია, აქაც ვიპოვოთ, მითუმეტეს მაშინ, თუ ბერტასა და პენელოპეს, როგორც მიტოვებული, მოლოდინის რეჟიმში მყოფი ქალების ცხოვრებას შევადარებთ ერთმანეთს. ჰომეროსთან ოდისევსის სახლში დაბრუნებით დაიწყო პენელოპეს ცხოვრება, სწორედ ასე მოხდა ბერტას შემთხვევაში – მას, მართალია, ბევრი რამ გადახდა ახალი ურთიერთობებისა თუ შვილების მიღმა, მაგრამ მისი ცხოვრება ტომასის გარეშე სტატიკურია – ის ელოდება, ელოდება დაუსრულებლად. ნევინსონი კი სახლში დაბრუნების აქტით ამთავრებს ყველაფერს, მაგრამ საბოლოო სიმშვიდეს ჯაშუშობისგან გამოყოლილი მარწუხების გამო ვერ აღწევს, ზუსტად იგივე დაემართა ოდისევსსაც – ტროას ომს სრულად მაინც ვერ დაეხსნა. ფაქტობრივად, „ბერტა ისლა“ არის თანამედროვე ოდისეა, რომელშიც მთავარი გმირი პენელოპეა და არა ოდისევსი. ჩვენთვის აქ პრიორიტეტი მაინც მიტოვებული ბერტას განცდებია, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის მთავარი მოულოდნელობა ტომასის და ვითომ მოკლული ქალის ამბავზე გადის. 

ტომასი და ბერტა ტექსტში პასუხს სცემენ კითხვას, თუ რა არის ცხოვრება და რამდენადაა ბედისწერა ადამიანზე დამოკიდებული. ბერტა ისლა თავიდან ბოლომდე არჩევანს განასახიერებს – მიუხედავად იმისა, რომ რომანში ავტორი რამდენჯერმე ხაზს უსვამს ბერტას ფიქრებს მაშინ, როცა მას ტომასი მკვდარი ჰგონია, რომ ის არ დაიცავს ერთგულების პირობას და ა.შ. მეუღლის გაუჩინარების შემდეგ ბერტას ეს პირობა არ დაუცავს, მაგრამ ტომასის მოლოდინი მასში არასოდეს განელებულა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ქალის მხატვრული სახე არის ერთ-ერთი განმარტება ცხოვრებისა – ცხოვრება არჩევანია და ბედისწერა ძალიან მტკიცედაა ამ არჩევანზე გადაჯაჭვული. ტომასის პერსონაჟით კი ცხოვრება – განცდები, უფრო ზუსტად კი შიშებია. მას შიშები მართავენ ამიტომ მისი ცხოვრება სხვის მიერ გაწერილი, მკაფიოდ განსაზღვრული ფაქტების ნაკრებია, რომლებსაც თავიდან ბოლომდე ნევინსონი ვეღარასდროს შეცვლის, მიუხედავად იმისა, რომ ჯაშუშობის წლები იყო მისი ხელახალი დაბადების გამოხატულება. 

ამერიკელ მწერალს, ამბროზ ბირსს, აქვს ფანტასტიკური მოთხრობა სიკვდილმისჯილ კაცზე, რომელსაც „შემთხვევა ჭოტისწყლის ხიდზე“ ჰქვია. ეს ნაწარმოები ფანტასტიკურად ერგება ხავიერ მარიასის რომანს, უფრო ზუსტად კი ტომასის ცხოვრებას. ბირსის ტექსტი არის სიკვდილმისჯილის წარმოსახვაზე, – იმაზე, თუ როგორ ცხადად წარმოიდგენს იგი გაქცევას, სიკვდილისგან თავის დაღწევასა და ოჯახის მონახულების სცენებს, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ მისი ფიქრებია. ზუსტად ასეა ტომასის ცხოვრებაც. პირდაპირ ვთქვათ, ის ცხოვრობს ტყუილში – მას მრავალი წლის განმავლობაში სჯეროდა, რომ მისი საყვარელი მკვდარია და ბოლოს ეს შიში იქამდე მივიდა, რომ მან თავისი „დანაშაულისაც“ კი დაიჯერა. ამ ფარსში დაბადებულმა შანტაჟმა ტომასი ჯაშუშად, სახლისგან მოწყვეტილად აქცია და დაანგრია მისი პირვანდელი ცხოვრება, თუმცა ტომასის ტრაგედია კიდევ უფრო დიდია, – ის ვერასდროს დააღწევს თავს ამ სიცრუეს და მუდამ იქნება სიცრუის ტყვეობაში, სიცრუისა, რომელმაც ის შეგზავნილად აქცია. ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტომასმა სახლი აირჩია, უბრალოდ ახლა აღარ არის ნათელი, რამდენად აქვს ამ არჩევანს ძალა.

ტომასზე დიდი აქცენტის მიუხედავად, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომანი ბერტა ისლაზეა, რადგან აბსოლუტურად ყველა გზა მას უერთდება. ამ კუთხით იგი პარიზის დაგეგმარებასაც მოგვაგონებს, რაც ცენტრალურ მოედანზე ქუჩების მიერთებასა და მზის ფორმის წარმოჩენას გულისხმობს. სწორედ ის მოედანია ბერტა, რომელთან გადაკვეთის გარეშეც ტექსტში არაფერი ხდება.

 როგორც რომანის ანოტაციაში ვკითხულობთ, „ბერტა ისლას“ გამოსვლის შემდეგ მსოფლიო პრესაში გახშირებულა ფრაზა – “Nobel laureate in waiting.” ლიტერატურათმცოდნეებს ღრმად სწამდათ, რომ ეს დრო შორს იყო და ხავიერ მარიასი აუცილებლად მოიპოვებდა ამ ჯილდოს. ვფიქრობ, ეს სრულიად დამსახურებული პრიზი იქნებოდა, რადგან ხავიერ მარიასმა ახალი ოდისეა დაწერა და რიგ ეპიზოდებში, ბევრად უფრო გააფართოვა მკითხველის ფიქრების არეალი. შესაბამისად, ასეთი მრავალი და მნიშვნელოვანი, მართლაც ზოგადსაკაცობრიო ასპექტით შთაგონებული წიგნი შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს და არც ქართველმა მკითხველმა უნდა დაიზაროს მისი წაკითხვა, რადგან ხავიერ მარიასის საოცარი ლიტერატურული ტექნიკა და ლანა კალანდიას აბსოლუტურად გენიალური მთარგმნელობითი შესაძლებლობები ჩვენ, როგორც ოლდოს ჰაქსლი იტყოდა, საოცარი ახალი სამყაროს აღმოჩენის კიდევ ერთ შანსს გვაძლევს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.