fbpx

ჩემპიონთა ლიგა, დღე პირველი


გააზიარე სტატია



ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის ტურნირს ფეხბურთის მოყვარულები ყოველთვის დიდი  ინტერესით ელიან. ქართველ გულშემატკივრებს კი წლეულს გასაგებ მიზეზთა გამო განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდათ, მაგრამ ასეთი?!

„ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით 4:1 გაანადგურა მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი, 21-ე საუკუნეში ამ ტურნირის ორგზის გამარჯვებული „ლივერპული“.

ბედის ირონიით თბილისის „დინამოს“ ორივე ეს გუნდი თავის დროზე  გამოგდებული ჰყავს ევროთასებიდან, მაგრამ ეს ხომ დიდი ხნის წინათ იყო. ახლა კი განსხვავებული რეალობაა და ჩვენც ორადორი თანამემამულის გულშემატკივრობა გვიწევს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, სადაც უდიდესი კონკურენციაა გამოცხადებული.

რაოდენ სასიხარულოა, რომ ასეთ პირობებში უკვე არა მარტო საქართველოში, არამედ უკვე მთელ ევროპაში აღიარებენ ახალი ვარსკვლავის – ხვიჩა კვარაცხელიას დაბადებას, რომლის თავბრუდამხვევმა ფინტებმა და მახვილგონივრულმა გადაწყვეტილებებმა დიდწილად განაპირობა ნეაპოლის მარადონას სახელობის სტადიონზე დაფიქსირებული შედეგი.

ხვიჩამ უშუალო მონაწილეობა მიიღო „ნაპოლის“ სამ საგოლე შეტევაში, ერთხელ კი იგი განსაკუთრებით ახლოს იყო მეტოქის კარის აღებასთან და რომ არა ვირჯილ ვან დაიკის თავგანწირული ნახტომი, ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის ტურნირის სადებიუტო მატჩში გაიტანდა თავის პირველ ბურთს.

სამაგიეროდ ქართველმა ფორვარდმა გოლი ამ ტურნირის კიდევ ერთ დებიუტანტ ჯოვანი სიმეონეს გაატანინა, მას შემდეგ რაც ფლანგზე მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მარჯვენა მცველი ალექსანდერ არნოლდი და მისი ორი თანაგუნდელი გააბითურა და პარტნიორს ცარიელი კარის წინ, იუველირული გადაცემა გაუკეთა.

მადრიდის „ატლეტიკოს“ ლეგენდარული მწვრთნელი დიეგო სიმეონე აუცილებლად შეაფასებდა როგორც საკუთარი ვაჟის პირველ გოლს ჩემპიონთა ლიგაზე, ისე პასის მიმცემის ქმედებებსაც, რომელსაც ვინ იცის, უკვე გრიზმანის შემცვლელადაც კი მოიაზრებს.

საინტერესოა, რომ სწორედ გრიზმანის გოლმა მოუტანა გამარჯვება „ატლეტიკოს“ „პორტოსთან“ პირველი ტურის ყველაზე დაძაბულ შეხვედრაში, სადაც მასპინძლებმა ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე გახსნეს, სტუმრებმა ათი კაცის შემადგენლობით ოთხი წუთის შემდეგ პენალტით აღადგინეს წონასწორობა, ხოლო გრიზმანმა კი გადამწყვეტი ბურთი მე-11 დამატებულ წუთზე გაიტანა ისე, რომ დარტყმის მომენტში „პორტოს“ დაუნდობელ მცველ პეპეს ცელივით მოქნეული ფეხი მოხვდა თავში!

„პორტოსგან“ განსხვავებით, პირველ ტურში სამ-სამი ქულა მოიპოვეს სხვა პორტუგალიურმა კლუბებმა „ბენფიკამ“ და „სპორტინგმა“. ამ უკანასკნელმა გასვლაზე დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა ევროპის ლიგის შარშანდელი გამარჯვებული „აინტრახტი“ . 

ასევე დიდი ანგარიშით 0:4 დამარცხდა ევროპის ლიგის ფინალისტი „გლაზგო რეინჯერსიც“, რომელსაც მეორე ტურში სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ დაუპირისპირდება.

ზოგადად, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან მხოლოდ ესპანური კლუბების გამოსვლა გამოდგა წარმატებული პირველ ტურში, რადგან „ატლეტიკოს“ გაჭირვებულ მოგებას „რეალმა“ და „ბარსელონამ“ იოლი გამარჯვებები შემატეს შესაბამისად, „სელტიკთან“ და „პლზენთან“.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა სამივე ბურთი მეორე ტაიმში გაიტანა. აღსანიშნავია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ედენ აზარის გამოჩენა მოედანზე. 

ბელგიელი ფორვარდი მატჩის 30-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, მე-60 წუთზე მან მოდრიჩს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო 77-ე წუთზე კი უკვე თავად დააგვირგვინა კარვახალის გადაცემა და მატჩის საბოლოო შედეგიც – მადრიდელთა სასარგებლოდ 3:0 დააფიქსირა.

რობერტ ლევანდოვსკიმ კი თავისი პირველი „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა მისთვის ახალ კლუბ „ბარსელონაში“, რომელიც მომდევნო ტურში „ბაიერნს“ ესტუმრება.

ამ მატჩს ფეხბურთის მოყვარულები მოუთმენლად ელიან, რადგან გარდა იმისა, რომ „ბარსელონას“ აღარ აქვს „რეკორდმაისტერთან“ მორიგი წაგების მორალური უფლება საკუთარი ქომაგების წინაშე, ლევანდოვსკი თავისი ყოფილი გუნდის კარის დალაშქვრას ეცდება.

მაგრამ ასე მარტივად რომ არ არის საქმე, „ინტერის“ მორიგმა ფიასკომაც დაგვანახვა, რომელმაც შინ „ბიერნთან“ წაგებით სერიოზული ნაბიჯი გადადგა ჯგუფში მორიგი ჩარჩენისაკენ.

ცეცხლზე ნავთი დაასხა „ბაიერნის“ მიერ ბუნდესლიგის გათამაშებაში ზედიზედ ორმა ფრედ ნათამაშევმა მატჩმა. 

21 აგვისტოს შემდეგ მოუგებელი „რეკორდმაისტერის“ წინააღმდეგ თუნდაც ქულის მოპოვება კი სრულიად წარმოუდგენელი აღმოჩნდა ყოვლად უნიათო „ინტერისთვის“, რომელმაც ამის გაკეთება ცოტა ხნის წინ „მილანთანაც“ ვერ შეძლო სერია A-ს კალენდარულ მატჩში.

თავად „მილანმა“ გასვლაზე ფრეს მიაღწია „რედ ბულთან“, ხოლო „იუვენტუსი“ კი  პარიზში ანგარიშით 1:2 დამარცხდა „პარი სენ-ჟერმენთან“ შეხვედრაში.

მატჩის 22-ე წუთისთვის მბაპეს დუბლის წყალობით მასპინძლები უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. 

თავდაპირველად ნეიმარმა ერთი შეხებით ჩაკიდებული ბურთი დაასვა ფეხზე ფრანგ თავდამსხმელს, რომელმაც ასევე ერთი შეხებით გადაგზავნა იგი „იუვენტუსის“ მეკარისგან შორეულ კუთხეში. 

მეორე ბურთი კი მბაპემ ჰაკიმთან გათამაშებული „კედლის“ შედეგად გაიტანა. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორივე გოლი პარიზელების შეუდარებელ თავდამსხმელთა უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობის გამომხატველია, დაკვირვებული თვალისთვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, რომ ახალი მწვრთნელის მისვლის მიუხედავად, „პსჟ-ში“ ჯერჯერობით არ აღმოფხვრილა უკვე ტრადიციად ქცეული ერთგვარი სპონტანური დაუდევრობა, რასაც გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის კრახისკენ მიჰყავს ფრანგული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი.

ამის უკანასკნელი მაგალითი კი ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ტურნირის მერვედფინალიდან გამოვარდნაა მადრიდის „რეალთან“ მატჩში, სადაც მას წასაგები არაფერი ჰქონდა.

თუკი იმ შეხვედრის ბოლო ნახევარ საათში ფრანგული კლუბის მარცხის ერთ-ერთ მიზეზად მეკარე დონარუმას შეცდომას განიხილავენ, „იუვენტუსთან“ მატჩში მან ორჯერ იხსნა საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან.

იტალიელებმა ერთადერთი ბურთი პირველ ტაიმშივე გაიტანეს, მეორე ნახევარში ისინი შეტევაზეც გადავიდნენ, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება მაინც ვერ შეძლეს. 

ფრანგებმა კი თავის მხრივ ღირებული ვეღარაფერი შექმნეს და ორი საუცხოო გოლით დაწყებული მატჩი უფერული თამაშით მიიყვანეს გამარჯვებამდე. 

პირველი ტურის სენსაციად იქცა „ჩელსის“ მარცხი ზაგრების „დინამოსთან“. კლოპის და ტუხელის გუნდებისგან განსხვავებით, თავ-თავიანთი მატჩები მოიგეს „მანჩესტერ სიტიმ“ და „ტოტენჰემმა“.

პეპ გვარდიოლას გუნდმა გასვლაზე „ცალი ფეხით“, ანგარიშით 4:0 გაანადგურა ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით მოგების გარეშე მყოფი „სევილია“, ერლინგ ჰალანდმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

ასევე დიდი ანგარიშით მოიგო ჰალანდის ყოფილმა კლუბმა „დორტმუნდმაც“. სამწუხაროდ, ანგარიშით 3:0 დარბევის მსხვერპლი საქართველოს ნაკრების მცველ ხოჭოლავას კლუბი „კოპენჰაგენი“ აღმოჩნდა.

სამაგიეროდ მისმა ყოფილმა გუნდმა „შახტარმა“ გასვლაზე სენსაციურად ანგარიშით 4:1 მიწასთან გაასწორა გერმანული ფეხბურთის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი „ლაიპციგი“. რაოდენ დიდი მნიშვნელობის  იყო უკრაინული კლუბისთვის ეს გამარჯვება, ყველასათვის ცხადია.

როგორც ვხედავთ, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველი ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა როგორც შედეგების, ისე შედეგიანობის თვალსაზრისითაც, რადგან ჩატარებული 16 მატჩიდან გუნდებმა თითოეულში საშუალოდ 3.06 ბურთი გაიტანეს.

აწი ქართველ გულშემატკივართა ყურადღება უპირველეს ყოვლისა გლაზგოსკენ იქნება მიპყრობილი, სადაც ადგილობრივი „რეინჯერსი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. ამ მატჩის მოგების შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სერიოზულ ნაბიჯს გადადგამს ჯგუფური ეტაპის დასაძლევად.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.