fbpx

Liquid Structures ურბანული ინტერვენცია ბათუმში


გააზიარე სტატია

 

ბათუმი რთული და დიდი ისტორიის მქონე ზღვისპირა ქალაქია შავ ზღვაზე სტრატეგიული მდებარეობით. სწორედ ამ მდებარეობამ და ისტორიულმა კონტექსტმა განაპირობა ბათუმის ურბანული, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ცხოვრება, რაც თანდათან უხეში ჩარევის ობიექტი გახდა, დაირღვა ქალაქის ურბანული სტრუქტურა – მრავალსართულიანი კორპუსები, საზღვაო ნაპირის უხეში ექსპანსია, ზღვის მიწად ქცევის მცდელობა და წყალში ხელოვნური კუნძულების გაშენების დაწყება ნელ-ნელა ამახინჯებს ერთ დროს პატარა ზღვისპირა ქალაქის სახეს და უთანხმოებას  იწვევს  ადამიანებში, , ადგილობრივ მცხოვრებლებთან თუ  სტუმრებთან.

 

ამ საკითხებზე ხელოვნების სხვადასხვა დარგის საშუალებით  დიალოგის დასაწყებად და რეფლექსიისთვის ბათუმის დღევანდელობაზე 16-იდან 18 სექტემბრის ჩათვლით პიერ ბათუმზე Liquid Structures  – ურბანული ინტერვენცია გაიმართება.

 

სამდღიან პროგრამაში, რომლის დროსაც ღია სივრცეში – პიერ ბათუმზე, ფილმების და ვიდეოების ჩვენება, საუნდ პერფორმანსები და საჯარო დისკუსიები მოეწყობა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, 20-ზე მეტი ქართველი და უცხოელი არტისტი მიიღებს მონაწილეობას. Liquid Structures, როგორც Batumi Urban Agenda-ს ნაწილი, სრულად  მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.⁣

პროექტის სამივე დღის პროგრამა შემდეგნაირია – Liquid Structure-ს დაიწყება საღამოს 6 საათზე საჯარო დისკუსიებით, 8 საათზე გაგრძელდება საუნდ პერფორმანსით (ნატალია (ტუსია) ბერიძე, რეზო ღლონტი და ნინო დავაძე) და მზის ჩასვლის შემდეგ მოეწყობა ვიდეოს ჩვენებები. 

ფესტივალი 16 სექტემბერს გაიხსნება და სამი დღის განმავლობაში საჯარო საუბრები ისეთ თემებს დაეთმობა, როგორიცაა კრეატიული ინდუსტრიების, ტურიზმისა და ურბანული განვითარების ურთიერთკავშირი,  ადამიანების უფლებები ქალაქებზე, საჯარო სივრცეების პრივატიზაცია, საპორტო ქალაქების ეკოსისტემა, ურბანული, არქიტექტურული და ეკოლოგიური მდგომარეობა.

რაც შეეხება ვიდეოხელოვნებას, ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ისეთი ფილმები, როგორიცაა  Piotr Armianovski-ის 2017 წლის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი Me and Mariupol, სადაც დონეცკში დაბადებული უკრაინელი რეჟისორი ბრუნდება მარიუპოლში და ესაუბრება ადგილობრივებს იმისთვის, რომ ხელახლა აღმოაჩინოს ის ზღვისპირა ქალაქი, რომელიც მას ბავშვობაში ახსოვს. 

Liquidity inc. დოკუმენტურ და მხატვრულ მასალას აერთიანებს. ფილმი მოგვითხრობს ჯეიკობ ვუდის, ყოფილი ფინანსური ანალიტიკოსის შესახებ, რომელმაც სამსახური 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს დაკარგა. ამის შემდეგ ის საბრძოლო ხელოვნებაში ვარჯიშობს და ბრიუს ლის ტაქტიკას მიჰყვება – გახდეს უფორმო, როგორც წყალი.  ამ შემთხვევაში Liquidity მოიაზრებს როგორც ბრიუს ლის ფილოსოფიურ მიდგომას, ასევე ეკონომიკურ ტერმინს.

Meggy Rustamova-ს Horaizon განიხილავს ტურიზმს, ადამიანის სურვილს – მოინახულოს სხვადასხვა უცხო გარემო, რის შედეგადაც დიდ ეკოლოგიურ ზიანს აყენებს დედამიწას.  ფილმში ტურისტი მოგზაურობს, ეძებს ბრწყინვალე პეიზაჟებს, მაგრამ მოგზაურობით ანადგურებს ბუნების ამ საოცრებებს. 

Marjolijn Dijkman-ის და Toril Johannessen-ის Reclaiming Vision მიკროსკოპით გადაღებული ფილმია, რომელშიც მიკროორგანიზმების მრავალფეროვნებაა აღწერილი. 

ფილმში მიკროსკოპით აკვირდებიან მიკროორგანიზმებს ოსლოს ფიორდის მლაშე წყლებიდან და ასევე, ოსლოს უნივერსიტეტში დაცულ წყალმცენარეებს. Reclaiming Vision-ში ასახულია ადამიანის საქმიანობის შედეგად წყალქვეშა სამყაროზე მიყენებული ზიანი, ის პროცესები, რაც შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველია, ბუნებაზე კი შეუქცევად გავლენას ახდენს.

Cyprien Gaillard ფილმში ეხება ისტორიას და პრეისტორიას, რისი მეშვეობითაც ქმნის ვიზუალურ შთაბეჭდილებებს, თუ როგორ არის გადაჯაჭვული ბუნება და ადამიანური კულტურა, ზედაპირი და სიღრმე. პირველ ნაწილში კამერა ფოკუსირებულია რუსეთის მეტროს სადგურების კედლებზე, ხოლო მეორე ნაწილში ნაჩვენებია ოკეანეში გადაყრილი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ვაგონები, სადაც ისინი ხელოვნურ რიფებს ქმნიან, კამერა კი მათ მიღმა მიმდინარე წყალქვეშა ცხოვრებას აღბეჭდავს.

ასევე, ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ანა ძიაპშიპას “არწივი, დათვი და ჯიხვი”,  Sol Archer-ის not only the earth we share, სოფიო მედოიძის Black sea is really black,  ვაჟიკო ჩაჩხიანის Winter which was not there, Amauta Garcia-ს და David Camargo-ს One Hundred Meters Falling და მრავალი სხვა საინტერესო ფილმი.

 

პროექტთან დაკავშირებით ერთ-ერთ კურატორს, ნონა მარკარიანს ვესაუბრეთ:  “პროექტის იდეა უშუალოდ ადგილით არის ნაკარნახევი. პანდემიისას  საქართველოში დაბრუნდება, ზღვასთან ბევრი დროის გატარება და მის მნიშვნელობაზე ფიქრი მომიწია. ქალაქში ან თუნდაც ქვეყანაში შებიჯებისთანავე გხვდება სლოგანები – “ბინა ზღვასთან”, “შენი ბინა ზღვაზე”, “სახლი ზღვის ხედით” – ბათუმი ზღვის კომოდიფიკაციით შეპყრობილი დამხვდა. 

თვითონ პირსი უკანონოდ ააშენეს 2011 წელს. პირსზე კი ადრე რესტორანი “პიერ ბათუმი” ფუნქციონირებდა, მის მიმდებარედ მაღაზიები იყო ჩაშენებული წინა ზოლზე. წელს, თებერვალში, მოხდა ამ მაღაზიების და კვების ობიექტების დემონტაჟი. პირსი დაცარიელდა. ის აკავშირებს ხმელეთს ზღვასთან და პირიქით. პირსის ქვემოთ ძალიან სპეციფიკური არქიტექტურული გარემოა, ბოძებს შორის მოთავსებული ჰორიზონტი უკვე ეკრანივით გამოიყურება, აქედან გაჩნდა ეკრანის დამონტაჟების იდეაც.

 

ამ აუდიო-ვიზუალური ინსტალაციის იდეით შემოვუერთდი Batumi Urban Agenda-ს პროექტს, რომლის ინიციატორი მარიამ მორჩაძეა. BUA ქმნის კვლევებზე დაფუძნებულ ალტერნატიული ბათუმის ურბანულ დღის წესრიგს, ტარდება სხვადასხვა კვლევები, ვებინარები და ექსპერტებთან შეხვედრები ბათუმის დღევანდელი ურბანული პრობლემატიკის შესასწავლად და მოქალაქეებში ცნობიერების ამაღლებისთვის. მიზანი, რომლისკენაც მივისწრაფვით, არის ქალაქზე, საჯარო სივრცეებზე უფლებების დაბრუნება. ინსტალაციით გვინდოდა ზღვაზე ფოკუსირება,  მის განმსაზღვრელ როლზე იმ ურბანულ და სოციალურ პროცესებში, რომელიც დღეს ბათუმში მიმდინარეობს.” 

“Liquid Structures იკვლევს ზღვას, როგორც ეკონომიკურ, სოციალურ და სიმბოლურ რესურსს, რომელიც აერთიანებს და ყოფს ან ირეკლავს ქალაქს და მის მღელვარებას. სამი დღის განმავლობაში პროგრამა სიღრმისეულად შეეხება იმას, რაც ზედაპირზე ჩანს – ურბანული ტრანსფორმაცია, ტურისტული ინდუსტრია და მათი გავლენა ადგილობრივ თემზე, შრომა და ემიგრაცია; ასევე იმას, რაც ღრმადაა დალექილი – ბუნებრივი რესურსები, წარსულის დავიწყებული ნანგრევები, აწმყოში შეუმჩნეველი ტრანსაქციები და ბოლოს, ის, რაც ღრმად იმალება ზღვის ფსკერზე – გეოლოგიური წარმონაქმნები, მითური და არაცნობიერი. 

იმ დროს, როცა ექსპანსიონისტური მიზნებისთვის ზღვა ქალაქის ყველაზე სასურველი რესურსი და ტერიტორია გახდა, Liquid Structures გვთავაზობს შევხედოთ ზღვას, ვცადოთ გავიხსენოთ და ხელახლა გავიაზროთ მისი მნიშვნელობა და კავშირი ქალაქთან და მის მცხოვრებლებთან”.  – ვკითხულობთ კურატორების ტექსტში. 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.