fbpx

შევხვედრები წინანდალში, მუსიკის ფესტივალზე


გააზიარე სტატია

ბედნიერი წუთები განვიცადე, ეს ხალხი ძალიან თბილი და სულიერია…   

მზეხა მახარაძე

 

სცენაზე იყვნენ თაობები , – უფროსები და უმცროსები…

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წინანდალში ზღაპრულად ლამაზ მამულში მიმდინარეობდა  ხალხმრავალი იყო. თავიდანვე ხომ ასე იყო, – კლასიკური მუსიკა თავად ჭავჭავეძეების ოჯახში სალონური შეხვედრებისთვის ისტორიულად ყოფილა ორგანული და სრულყოფილი, ამიტომ  ორსაუკუნოვანი ტრადიცია აქ, ამ ლეგენდაში ისევ გაცოცხლდა თავისი გაგრძელებებით…

წელს, წინანდლის ფესტივალს, უკვე მეოთხედ, წარადგენს სილქნეტი. ასე რომ, 2-11 სექტემბერი წინანდლის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მეოთხე საკონცერტო სეზონის ფერწერული დღეები იყო თავისი ვარსკვლავთცვენით.

ღია ცის ქვეშ, ვინც ამ მუსიკალურ საღამოებზე მოხვდა, მათ­თ­ვის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი­ა­ნი ცა იყო ჭე­რი, და­ირ­ღ­ვა “გრა­ვი­ტა­ცი­ის კა­ნო­ნე­ბი”, შე­მო­ვიდა “უწო­ნა­დო­ბის ანა­ტო­მია” და ასობით მუსიკალური ფერი. აქ, შემოდგომის კონცერტებზე უკრავდნენ მსოფლიოდან ის სახელოვანი მუსიკოსები, რომელთა ხელშიც ბგერა მორჩილია, “წყლიანი”, უფრო ინტელექტუალური და, როგორც იტყვიან, პოეზიაში გასული.

სცენაზე იყვნენ თაობები , – უფროსები და უმცროსები…

მაო ფუჯიტა უკრავდა მოცარტს, #17 საფორტეპიანო სონატას (B-flat major, K. 570)…  ამ საღამოს, საფესტივალო პროგრამით, ახალი თაობის ვარსკვლავის სოლო კონცერტი ვენის კლასიკით დაიწყო.  იაპონელი პიანისტის სონატური ალეგრო ძალიან ფილიგრანულია, ფრაზირებები – იმდენად კეთილშობილური, რომ აქვს ჩუმი განცდები, გულწრფელია მისი ემოციური სისადავე, რაც პიროვნული ხასიათიდან და მუსიკალური აზროვნების სტილიდან მოდის. ამ შესრულებას ვირტუოზულ ტექნიკასთან ერთად თან ახლდა გემოვნება, სტილის, ეპოქის შეგრძნება, ინტელექტი, რა თქმა უნდა, სიმსუბუქე და გრაციოზული ხიბლი, – ამას უბრალოდ ვერ შეიძენ, ეს ბუნებრივი მონაცემია. მოცარტის მუსიკა ყოველთვის ორკესტრულია, თუნდაც საფორტეპიანო პარტია ცალკე რომ ავიღოთ… Andante – სამნაწილიანი სონატის შუა ნაწილი, – ვირტუოზული ეფექტების გარეშე შეასრულა, ლოცვასავითაა, ლირიულ-პოეტური მხარე, როდესაც პიანისტმა მარცხენა ხელის თანხლებით, მთავარი თემა თავისი ბუნების სიღრმიდან უნდა დაგვანახოს სადად, ნაზად და ელეგანტურად. ამ დროს ის განმარტოებული იყო მუსიკასთან და ყოვლად დაუცველი ამხელა აუდიტორიის წინაშე. მესამე ნაწილი – Allegretto ერთ სუნთქვაა, სწრაფი თითების ძალასა და 23 წლის პიანისტის ილუსტრირებულ განცდებზე შედგა.

ბედნიერებაა მაო ფუჯიტას მოცარტის მუსიკასთან შეხება, ეს არის მუსიკა, რომლის ძალასაც გრძნობ, საოცრად ახასიათებს ადამიანის პიროვნულ განცდებს, ხასიათს, ბედს და… გაკვირვებს!

კლარა ჰასკილის სახელობის პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ფავორიტსა (2017 წელი) და მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსის ლაურეატ (2019 წელს, ვერცხლის მედალი) ფუჯიტას საოცარ პიანიზმში იშვიათად  შერწყმულია გერმანული სკოლისათვის დამახასიათებელი ბრწყინვალე ვირტუოზულობა, ბალანსირებული ტექტონური ინტელექტუალური დისციპლინა და ნამდვილი დარბაისლური მანერა… ეს სოლო კონცერტი, თავისი საფორტეპიანო რეპერტუარიდან როიალის პრინცმა რომანტიკულ ეპოქას დაუკავშირა, – შეასრულა შუბერტის სამი საფორტეპიანო  პიესა (D. 946), ბრამსის თემა და ვარიაციები სიმებიანი სექსტეტიდან #1 (D minor, Op. 18b), კლარა შუმანის სამი რომანსი, (Op. 21) და რობერტ შუმანის საფორტეპიანო სონატა # 2 (G Minor, Op. 22). დაუკრა და… დარბაზი მთლიანად მონუსხა, ისე და ისევე, როგორც ბრამსის #1 საფორტეპიანო კონცერტის შესრულებისას პან-კავკასიური ორკესტრის თანხლებით, ანდა კამერული მუსიკის კონცერტზე, როდესაც ფრანგ მევიოლინე რენო კაპუსონთან და ჩელისტ კიან სოლტანთან ერთად მუსიცირებდა ფელიქს მენდელსონის #1 ვირტუოზულ ტრიოს (D Minor, Op. 49), ანდა  ჩაიკოვსკის ერთადერთ ტრიოს (A Minor, Op. 50), რომელიც რუსმა კომპოზიტორმა ნიკოლაი რუბინშტეინს მიუძღვნა ავტორისავე მინაწერით „დიდი ხელოვანის ხსოვნას“.

– როგორია თქვენი ემოციები? კონცერტის შემდეგ რას გრძნობთ? როგორია უცხო მაყურებელთან შეხვედრის წამი და მერე მუსიკაში ცხოვრების უსასრულობა?

მაო ფუჯიტა,  იაპონელი პიანისტი:

– წინანდლის ფესტივალზე მეორედ ჩამოვედი და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ძალიან მომწონს საფესტივალო გარემო და ის მუსიკალური ატმოსფერო, რომელიც იგრძნობა. ბრამსის კონცერტი რთულია და მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. კონცერტის  დროს ორკესტრი კარგად ჟღერდა, ერთმანეთთან კარგად იყო შერწყმული და დაბალანსებული. ჩვენ სწორად აღიქვამდით ერთმანეთის შესრულებას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ორკესტრის ახალგაზრდა მუსიკოსები სულ უფრო ვითარდებიან. ქართველმა მსმენელმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ყოველთვის, როცა გამოსვლას ვამთავრებდი, მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს. – ბედნიერი წუთები განვიცადე, ეს ხალხი ძალიან თბილი და სულიერია.

– მოცარტისტი ხართ?

–  მოცარტის დაკვრა დიდი სიამოვნებაა. მოცარტს ვაღმერთებ.

ფესტივალის მეოთხე დღეს მუსიკაში ცხოვრების კიდევ სხვა ფაზა, იგივე “ახალი სუნთქვა” გაიხსნა… კამერული მუსიკის საკონცერტო ციკლიდან კრისტოფ ბარატისა (ვიოლინო) და ჟულიენ კვენტინის (ფორტეპიანოზე) აკომპანიმენტისთვის რეპერტუაში იყო მრავალფეროვნად საინტერესო და სოლიდური პროგრამა: ბახის #2 სავიოლინო პარტიტადან ჩაკონა (D Minor, BWV 1004), ლეოშ იანაჩეკის სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, ბელა ბარტოკის #2 რაფსოდია ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (Sz.89), კამილ სენ-სანსის ინტროდუქცია და რონდო კაპრიჩიოზო (Op.28) და მორის რაველის „ბოშა ქალი“.

ცნობილი უნგრელი მევიოლინე კრისტოფ ბარატი, რომელიც Antonio Stradivari-ს უნიკალურ ვიოლინოზე 1703 წლის “Lady Harmsworth” უკრავს, მთელს მსოფლიოში სახელს ფართო საშემსრულებლო შესაძლებლობებისა და უნაკლო ტექნიკის მფლობელ მუსიკოსად იმკვიდრებს. მისი შესრულების პოეტური  ბუნება მსმენელში აღფრთოვანებას იწვევს და მას ხშირად „ბგერის მაღალი ხარისხის  ესთეტად“ მოიხსენიებენ. ბარატის ვრცელი და მდიდარი დისკოგრაფიიდან ბოლო დროის მნიშვნელოვანი ნამუშევარია 2022 წელს Deutsche Grammophon-ის მიერ გამოშვებული ვერბიეს ფესტივალზე შესრულებული ბახის  სონატებისა და პარტიტების სოლო ჩანაწერი, რომელიც ვერბიეს ფესტივალის ოქროს ფონდში შევიდა. მანამდე კი 2016 წელს გამოცემულ ალბომზე სათაურით  „ლედი ჰარმსვორთის სული“/ The Soul of Lady Harmsworth ჟურნალმა Gramophone-მა ასე დაახასიათა: „თუ გსურთ მოისმინოთ, როგორ ტკბილად ჟღერს ვიოლინო და, იმავდროულად, ისიამოვნოთ ნამდვილი სავიოლინო ვირტუოზულობით, ბარატი თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია“.

ფრანგი პიანისტის მუსიკალური თანხლებით, კრისტოფ ბარატის ხელში ბახის ჩაკონა, იგივე ბაროკოს რთული ურტექსტი ღრმა, სუფთა და სავსეა. ის ულამაზესი ბგერებით ჰქმნის შესრულების კონტაპუნქტს, მუსიკის ხაზსა და მის ქარგაში აქვს მშვიდი ლეგატო და ამით ანტიკვარული საკრავის ჟღერადობას განსაკუთრებულ მასშტაბს მატებს. როგორც მოვისმინეთ, ჩაკონას საფუძველს წარმოადგენს ოთხტაქტიანი და სამწილადი აკორდული თანმიმდევრობა, რომელიც 64-ჯერ მეორდება… დიდმა მევიოლინემ იეჰუდი მენუჰინმა სწორედ ჩაკონა „სოლო ვიოლინოსთვის შექმნილ ყველა დროის უდიდეს ნაგებობად“ მოიხსენია. რაც შეეხება ფრანგი კომპოზიტორის, სენ-სანსის ინტროდუქცია და რონდო კაპრიჩიოზოს, ესპანურ მუსიკაზე შექმნილი ეს საუკეთესო ნიმუში, როგორც სავიოლინო რეპერტუარის ერთ-ერთი მწვერვალი, კლასიკური კამერული მუსიკის მემკვიდრეობაში ყველაზე ცნობილ თხზულებად ითვლება. ბარატი-კვენტინის მუსიკალური გასაუბრება იყო აკადემიური, ექსპრესიულიც… ეს ფრანგული ოპუსი, რომელიც მუსიკოსებისგან გრძნობისა და გონების სინთეზს მოითხოვს, გესმის, რომ თითქმის სულ ფორტისიმოზე ჟღერს. ამიტომ ბოლო ფრაზებამდე, დარბაზში მყოფი მსმენელების რაღაცნაირად მოძრავმა ენერგიამ მუსიკის ფინალს დაასწრო და მოჰყვა ხმაურიანი აპლოდისმენტები… კონცერტის ბოლოს თითქოს ყველას ერთი პულსი ჰქონდა… ბედნიერი იყო დარბაზი! აქ, დიდი იყო მუსიკის ძალა, წამოვიდა ენდორფინები, ზღვა სიამოვნება  და დადებითი ემოციები… ემოციები მხოლოდ მაშინ დაცხრა, როდესაც  „ბისზე“ ექსპრომტად მუსიკოსებმა ისევ დაუკრეს, – პაბლო დე სარასატეს ტემპერამენტული შედევრი Romanza Andaluza.

პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წელს ამ დიდ მუსიკალურ ფორუმზე პანდემიური პაუზის შემდეგ დაბრუნდა და, თავისი კონცეფციიდან გამომდინარე, გააერთიანა 80-მდე გამორჩეულად  ნიჭიერი მუსიკოსი 6 ქვეყნიდან – საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან. ეს არის ფესტივალის მთავარი ორკესტრი, რომლის თანხლებითაც მთლიანი მუსიკალური პროექტი მათ სუნთქვაზე „იდგა“. მთელი ათდღიანი ფესტივალის ფარგლებში პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ფესტივალის ერთ-ერთ საღამოს ვარსკვლავური დირიჟორის  ჩარლზ დუტუას ხელმძღვანელობით ასრულებს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის #4 საფორტეპიანო კონცერტს  (G major, Op. 58) და ანტონინ დვორჟაკის #9 სიმფონიას (G Major, Op. 58).

ეს მულტიკულტურული ორკესტრი ანტონინ დვორჟაკის #9 სიმფონიას (G Major, Op. 58) უკრავდა ისე, როგორც მთლიანი ცოცხალი ორგანიზმი და კლასიკაში შემოიტანა თავისი, რაღაცნაირად მოძრავი ენერგია, რომლის გაცვლითაც შეიქმნა საერთო სივრცობრივი მუსიკა, – ყველასთვის გადამდები და  მომნუსხველი… მუსიკაში აჩვენებეს და გამოხატავეს ის ჰარმონია, რაც მუსიკის მიღმა ამ ეტაპზე მათ ქვეყნებს შორის არის შეუძლებელი. აი, ასე, მუსიკის, როგორც საერთაშორისო ენით ისმის  მშიდობისადმი გზავნილი, რომელიც კიდევ უფრო ძლიერად და ეფექტურად გაიჟღერებს მათ გულებსა და მთლიანად რეგიონში. კონცერტებზე თუ კონცერტების მიღმა, წინანდალში, ეს არის ადგილი, სადაც მათ აქვთ საშუალება საუკეთესო შესრულებლებისგან მიიღონ ინსპირაცია, საუკეთესო მუსიკოსებისგან მიიღონ მასტეკლასები, ანუ აქ, ორკესტრის ახალგარდა მუსიკოსებს უნიკალური საშუალება აქვთ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების საზღვრები გააფართოვონ, მეტიც, მოხდეს მათი მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში ინტეგრაცია. ეს არის სწორედ არა მარტო წინანდლის ფესტივალის, არამედ წინანდლის აკადემიის მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომელსაც აქვს როგორც მუსიკალური, ასევე საგანმანათლებლო და სამშვიდობო მისია. ამიტომ პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრში მოხვედრა უკვე წარმატებასთან არის ასოცირებული.

…ამ საღამოს სოლისტი იყო სონგ-ჯინ ჩო, იგივე სამხრეთ კორეადან ვირტუოზი პიანისტი, რომელმაც მსოფლიო მუსიკალურ ცენტრებში სახელი დაიმკვიდრა როგორც თავისი თაობის ერთ-ერთმა ფენომენალურად ნიჭერმა და მუსიკალურობით გამორჩეულმა არტისტმა. ეს კონცერტი მუსიკის დიდ დღესასწაულად გადაიქცა, რადგან ინტერნაციონალური ახალგაზრდული პან-კავკასიური ორკესტრი 2 Grammy-ისა და სამეფო ფილარმონიის საზოგადოების ოქროს მედლის მქონე ფრანგი მაესტროს იდეების გამტარებელი გახდა, მეტიც ჩარლზ დუტუას  ინტელექტმა და ტემპერამენტმა სონგ-ჯინ ჩოს რაფინირებულობასთან ჰიბრიდში გამოკვეთა ბეთჰოვენის ინსტრუმენტული კონცერტის საერთო კონცეფცია, ღრმად გააზრებული საერთო მონუმენტალიზმი და ვენის კლასიკოსისთვის დამახასიათებელი დრამატიზმი. სონგ-ჯინ ჩოს შესრულებაში ერთმანეთს ერწყმოდა სიღრმე და პოეტურობა, თავდაჯერებულობა და ბგერის სიფაქიზე, მეტიც, ბგერების ფერთა მდიდარი პალიტრა, რასაც საფუძვლად უდევს ვირტუოზი პიანისტის ბუნებრივი წონასწორობის შთამბეჭდავი შეგრძნება. ახალგაზრდა პიანისტი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში 2015 წელს მოექცა, როდესაც მან პირველი პრემია მოიპოვა ვარშავაში შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე. ამის შემდეგ, 2016 წლიდან მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გერმანული კომპანია Deutsche Grammophon  ექსკლუზივს იღებს  სონგ-ჯინ ჩოს მუსიკალურ ჩანაწერებზე. 28 წლის არტისტი, რომ­ლის სა­კონ­ცერ­ტო სე­ზო­ნი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლია, დიდი და პრესტიჟული მუსიკალური დარბაზების სასურველი სოლისტია. ის თანამშრომლობს  მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ორკესტრებთან, მათ შორის, ბერლინის ფილარმონიულ, ლონდონის სიმფონიურ, მიუნხენის ფილარმონიულ, ბერლინის სიმფონიურ, პარიზისა და ფილადელფიის ორკესტრებთან. იმ სახელოვან დირიჟორებს შორის, რომელთან ერთადაც რეგულარულად გამოდის სცენაზე, არიან მიუნ-ვუნ ჩუნგი, ივან ფიშერი, იანიკ ნეზეტ-სეგუინი, ჯანანდრეა ნოზედა, სერ ანტონიო პაპანო და ესა-პეკა სალონენი.

ბუნებრივია, კონცერტის შემდეგ დიდი იყო დარბაზში მსმენელის მიერ აპლოდისმენტებით გამოხატული სიხარული.ეს იყო მუსიკის ზეიმის ბედნიერი წუთები! სონგ-ჯინ ჩოს, რომელსაც მთელი კონცერტის მსველობისას დინჯად და ყურადღებით უსმენდნენ, 3-ჯერ უხმეს სცენაზე მადლიერების ნიშნად. აღფრთოვანებული აუდიტორია მისგან, ისევ და ისევ, ითხოვდა მუსიკას, ამიტომ ვირტუოზ პიანისტს თავისმა მუსიკალურმა განწყობამ შუმანისა და კუპერენის ოპუსები დააკვრევინა…

 

ჩარლზ დუტუა მსოფლიო მაესტრო:

– არაჩვეულებრივია ამ ფესტივალში მონაწილეობა, ამდენ ახალგაზრდასთან შეხვედრა, რომლებიც მთელი რეგიონიდან არიან. საქართველოში, ყაზახეთში ან სომხეთში ხშირად ჩამოსვლა არ გვიწევს, ამიტომ შესანიშნავია ამდენ არაჩვეულებრივ ადამიანთან შეხვედრა, რომლებიც სიმართლე ითქვას, შესრულებისას საქმეს ართულებენ, რადგან ყველანი სხვადასხვა მუსიკალური სკოლიდან მოდიან, სხვადასხვა დაკვრის სტილი აქვთ, ორკესტრში კი, როგორც მოგეხსენებათ, ერთნაირად უნდა დაუკრა. ეს საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაა ხოლმე, საკმაოდ რთული, მაგრამ ისინი ძალიან კარგად რეაგირებენ და ეს შესანიშნავია. ის შედეგი, რაც ჩვენ მივიღეთ 12-15 საათიანი რეპეტიციის შედეგია და ეს შესანიშნავია.

ავი შოშანი, წინანდლის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის თანადამფუძნებელი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის დირექტორი, ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი:

– ძალიან კმაყოფილი ვარ! ფანტასტიური კონცერტი იყო, ფანტასტიური პიანისტი, ორკესტრი… ყველაფერი! ფესტივალისთვის მთავარი და მნიშველოვანია, რომ პან-კავკასიური ორკესტრი დაბრუნდა ფესტივალზე, ვაგრძელებთ იმ ტრადიციას, რაც 2019 წელს დავიწყეთ. ჩვენ წელსაც შევძელით სცენაზე  გაგვეერთიანებინა ახალგაზრდა მუსიკოსები 6 ქვეყნიდან და ისინი დაგვემეგობრებინა. ასეთი შემოქმედებითი მეგობრობა რეგიონში მშვიდობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მუსიკა არის საერთაშორისო ენა. ჩვენ ჩამოგვყავს მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსები, ყველა მათგანი აღსავსეა ენთუზიაზმით და ფესტივალის პროგრამაც ყოველწლიურად ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა ერთნაირად საინტერესო და მრავალფეროვანია.

– რამდენად საინტერესოა ასეთ მულტიკულტურულ ორკესტრში მუშაობის პროცესი საშემსრულებლო განვითარებისთვის? რას ნიშნავს წინანდლის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თქვენთვის თავისი მასშტაბითა და საგანმანათლებლო მისიით?

 

ნინო ოჩიგავა, ფლეიტისტი, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის წევრი:

– ამ ორკესტრში  2019 წელს, პირველი სეზონიდან მოვხვდი. მაშინ კონცერვატორიის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი. – კლაუდიო ვანდელისთან (პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის ასისტენტი) მქონდა მოსმენა, გავიარე საკმაოდ დიდი კონკურსი, რთული იყო იმ მხრივაც, რომ მე დიდ სიმფონიურ ორკესტრში მუშაობის გამოცდლება არ მქონდა, მაგრამ პირველივე წლიდან იმდენი რამ ვისწავლე და ისეთი მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, რომ წელს კიდევ უფრო გამართულად და თავდაჯერებულად გამოვდივარ სცენაზე. ჩემი ინსტრუმენტი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, – სარესტავრაციოა, ჩემთვის ძალიან სულიერია. მაქსიმალურად ცდილობს არ მიმტყუნოს, – მომცეს ის ბგერა, რაც იმ მომენტში სასურველია. ჩემთვის  რეპეტიციებზე მუშაობის პროცესი უფრო საინტერესოა, რადგან ყველაზე ბევრს ჩვენი ქტიტორებისგან ვსწავლობ. მათგან უკვე ვიცით, რომ  ორკესტრში მთავარი და მნიშვნელოვანი არის ბალანსი, მიუხედავად იმისა, რომ სოლო ინსტრუმენტალისტები ვართ. ფრანგი დირიჟორი დუტუა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალი, ვისთანაც მქონია შეხება. დაკვრის დროს ისეთ დეტალებს აკვირდება, ისეთ ნიუანსებზე გამუშავებს, რაზეც აქამდე არ მიფიქრია. ის, რაც კულისებში ხდება, კონცერტამდე და კონცერტის შემდეგ, არის ყველაზე დიდი ბედნიერება, – როცა ყველა ერთმანეთს ვამხნევებთ, ყველა ერთიანნი ვართ ისე, როგორც არასდროს, ყველასთვის საერთოა ის ღელვაც და ის სიხარულიც, რაც მოაქვს მუსიკას, ამ ურთიერთობებს და მთლიანად წინანდლის ფესტივალს. ამიტომ ჩვენთვის ეს ფესტივალი არის ზეიმი!

გალინა კორინეცი, უკრაინელი მევიოლინე, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის წევრი:

– მე უკრაინიდან ვარ, კიევიდან, მაგრამ 4 წელია ვცხოვრობ ისრაელში. 2019 წლიდან ამ ორკესტრის წევრი გავხდი, კორონა ვირუსის პერიოდის შემდეგ, ისევ მივიღე მოწვევა, რაც ძალიან გამეხარდა. ეს ფესტივალი, პირველ რიგში საქარველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თანაც, ის ყველფერი, რაც აქ კეთდება, ასეთ მაღალ დონეზე, ნამდვილი შვეიცარიაა. ჩვენ კონფლიქტის რეგიონის მუსიკოსები ვართ და ასეთ დროს დაკვრა რთულია, მით უმეტეს, რომ უკრაინაში მიდის ომი, მაგრამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის ჩვენება, – ეს ფესტივალი მშვიდობისთვის ამას მუსიკის ენით ახერხებს, ამიტომ ამაში არის ძალა. პირველი კონცერტი უკრაინის მხარადასაჭერას რომ მიეძღვნა, ეს უკვე პოზიციაა. პან-კავკასიური ორკესტრი ჩემთვის მნიშვნელოვანია დირიჟორებთან, სოლისტებთან, ორკესტრში მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებისთვის. ჩვენი ტრენერები არაჩვეულებრივები არიან, რომლებიც ყოვედღიურად ზრუნავენ ჩვენი მუსიკალური შესაძლებლობების გაფართოებისკენ და დახვეწისკენ. ასე რომ, ეს 4 კვირა შენი უნარების გადატვირთვაა. მაესტრო დუტუა ლეგენდაა, ძალიან გონიერი და ინტელექტუალური დირიჟორი, ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა და ორკესტრში ძალიან საინტერესოდ იმუშავა. დვორჟაკის #9 სიმფონიას რომ გავდიოდით, რასაც გვეუბნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია, რადგან მას აქვს მუსიკაში ზუსტი და გამოკვეთილი იდეები. 

განვლილი კონცერტის ძლიერი ემოციური ტალღა ახლაც გადამდებია და მოგყვება თავად ჭავჭავაძეების ულამაზეს ბაღში სეირნობისას… სეირნობ და ფიქრობ, რომ ეს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი შემოდგომის დროული სუნთქვაა, რომელსაც აქვს თავისი ფერი, გემო და სურნელი, – როცა ყველა კუთხიდან კლასიკური მუსიკის ხმა ისმის და ენერგიით ავსებს აქაურობას. როცა გამოკვეთილად განსაკუთრებულია ამ ფესტივალის მასშტაბის ხარისხი და მსოფლიო მნიშვნელობა, უნიკალური მუსიკალური კონცეფცია, როგორც მსოფლიო დონის მუსიკალური ფორუმის საერთაშორისო რეპუტაცია.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.