fbpx

ლაშა ყაბანაშვილის პირველი სოლო გამოფენა – “გმირმანქანის ტრაგედია: მე და შენ გადაშენების პირას” გალერეა ფუნგუსში


გააზიარე სტატია

Fungus Gallery და creative collective spectrum წარმოგიდგენთ ლაშა ყაბანაშვილის პირველ სოლო გამოფენას – “გმირმანქანის ტრაგედია: მე და შენ გადაშენების პირას”.

გამოფენა წარმოადგენს გმირ-კაცის გამოსახულებას პოსტჰეროიკულ სამყაროში და წარმოაჩენს ერთის მხრივ გმირს, როგორც მხატვრულ პერსონაჟს მის ყოველდღიურობაში; მეორეს მხრივ კი კაცს – მის საგმირო საქმეებში. კაცის ყოველდღიური რუტინა და გმირის მოგზაურობის ეტაპები ერთმანეთს ცვლის და ორმაგ ნარატივს ჰყვება.

ნამუშევარი პოსტჰუმანისტური პერსპექტივიდან რეფლექსირებს ადამიანის დასასრულზე და დეჰუმანიზებული ადამიანის სახით წარმოადგენს ჰუმანიზმის, რაციონალიზმის, განმანათლებლობის განუხორციელებელ პროექტს.

ნაწარმოები ქმნის არა-ბინარულ ენას, ერთი მხრივ როგორც სხეულს ორგანოების გარეშე – დეტერიტორიალიზებულ და დეცენტრალიზებულ სხეულს ჰუმანურობის ნარჩენებზე; მეორე მხრივ კი ნაგავსაყრელის ხატს, როგორც თეთრი კაცის მიერ ადამიანის და მისი მრავალი სახის (სუბიექტი/ღმერთი/ავტორი) დასასრულში დანახულ აპოკალიფსს.

გამოფენაში წარმოდგენილია შერეული მედია, რომელშიც სხვადასხვა მედიუმში შექმნილი ნამუშევრები (ინსტალაცია, კოლაჟი, ციფრული ნამუშევარი, ტექსტი, ნახატი, ვიდეო) ერთ მეტაფორულ ტექსტად ერთიანდება.

ლაშა ყაბანაშვილი თბილისში დაფუძნებული არტისტია, რომელიც სხვადასხვა მედიუმში მუშაობს: ინსტალაცია, პოეზია, ვიდეო არტი და პერფორმანსი. მისი ამჟამინდელი კვლევის საგანია: თანამედროვე სამომხმარებლო საზოგადოება; კაპიტალიზმის დისკურსი, მეცნიერება და მათი მიმართება ერთმანეთთან; ციფრული ერა და პოსტ ჰუმანიზმი; ქვიარ თეორია და კიბერ-ფემინიზმი. მისი ნამუშევრები ძირითადად ეფუძნება ბინარული პრინციპების დეკონსტრუქციით არა-ბინარული ენის შექმნას.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.