fbpx

Goodbye to Language – ჟან ლუკ გოდარი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი



“ჩვენ დავკარგეთ ნაციონალური საგანძური – გენიოსის თვალი”, ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი “ფრანგული ახალი ტალღის ნათლიას”.  სწორედ ამგვარად მოიხსენიებენ უცხოური ტაბლოიდები ფრანგული კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელს, მეამბოხე შვეიცარიელ-ფრანგ რეჟისორს – ჟან ლუკ გოდარს, რომელიც 13 სექტემბერს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ის საკმაოდ კონტროვერსიული ცხოვრებით გამოირჩეოდა. მას შემდეგ, რაც ფრანგული კინოინსტიტუტი, ფრანსუა ტრიუფოსთან და ჟაკ რივეტთან ერთად, 19 წლის გოდარს უარს უცხადებს  ფაკულტეტზე მიღებაზე, კალმით შეიარაღებული მომავალი კინოს ლეგენდები იწყებენ კრიტიკული წერილების გამოქვეყნებას ფრანსუა ტრიუფოს ჟურნალისთვის. ამბიციურ ახალგაზრდებს პატარა გაზეთი სრულიადაც არ ყოფნით და მალევე, 1949 წლიდან, გოდარი, ფრანსუა ტრიუფო, ანდრე ბაზენი, ჟაკ რივეტი და კლოდ შაბროლი  Cahiers du Cinema-ს გამომცემლობას შთაბერავენ სულს და საძირკველს ჩაუყრიან სრულიად ახალ ხედვას. გოდარი იყო რადიკალი, თუმცა ის პატივს მაინც სცემდა ჰოლივუდის რიტმს და ბოლომდე მოწადინებული იყო სრულიად ახალი კინოენის შესაქმნელად.  მის პირველ ფილმში გამოჩენილი ჰამფრი ბოგარტის გმირი ამგვარი დამოკიდებულების ნათელი დასტურია. ნამუშევარზე მუშაობის პროცესში ის ისევე კარგად იყენებდა ჰოლივუდიდან წამოსულ შთაგონებას, როგორც ძიგა ვერტოვისა თუ ეიზენშტეინის გამოცდილებას. რეჟისორი არასდროს წყვეტდა ძიებას, თუმცა მიუხედავად ამისა, 1980-იანი წლებიდან მისი პოლიტიკური ხმა ნელ-ნელა იკარგებოდა. მან ცხოვრების უმეტესი ნაწილი დაუთმო ანტისაოკუპაციო მოძრაობების მხარდაჭერას. გოდარის პოლიტიკური იდენტობა მკაცრად იყო თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური კუთხით და ამისთვის რევოლუციურ მოწოდებებსაც მიზანშეწონილად თვლიდა.  

გოდარი და ტარანტინო კინოსთვის ნამდვილად რევოლუციონერები იყვნენ. ისინი არ აღიარებდნენ ჟანრს, თუმცა  მიუხედავად ამისა, მისი კარგი მცოდნეებიც იყვნენ. დასაწყისი, განვითარება და დასასრული შეიძლება სრულიადაც ავურიოთ, თან ისე, რომ არ დაიკარგოს კინოს ნამდვილი მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ ჰგავს ეს ორი რეჟისორი ერთმანეთს, როგორც, დავუშვათ,  “საძულველ რვიანში”, როდესაც ტარანტინო იყენებს თოვლიან ექსტერიერს ვესტერნის ჟანრში, რომელიც ჟანრის კრიზისის ნაცვლად, მისი ახალი სიცოცხლე გახდა. ორივე რეჟისორი ისე ქმნიდა ახალი ჟანრს, რომ ისინი სრულიად არ ფიქრობდნენ კონკრეტული წესრიგის დაცვაზე, თუმცა თავად მუდმივად იყვნენ ახალი წესრიგის შემქმნელები, რომელიც შემდგომ ხდებოდა ათვლის ახალი წერტილი. 

მათთვის არ არსებობდა არანაირი ჩარჩო, მათ აკადემიას  ცხოვრება და სიცოცხლის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის გადათამაშება წარმოადგენდა.

1960 წელს, მას შემდეგ, რაც გოდარი გამოცდილებას მიიღებს მოკლემეტრაჟიან ფილმებზე მუშაობის პროცესში  და ასევე, რეჟისორის ასისტენტად იმუშავებს კიდევ ორ სურათზე, საბოლოოდ, მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი – Breatheless, ფრანგული ახალი ტალღის სულისჩამდგმელად ჩაითვლება. გოდარს არ აინტერესებს სახეები და ხატები, იგი მებრძოლია მისი ყოველი კადრით. სახეები და ხატები მის ფილმებში თავისთავად იქმნება ან უკვე შექმნილია. როდესაც ვიხსენებთ გოდარის ფილმების დინამიკურ სვლას, შეუძლებელია არ ვიფიქროთ შეშლილ პიეროზე ან პოლიციისგან დევნილ ჟან-პოლ ბელმონდოზე. ფილმში რეჟისორი აქცენტს მუდმივად ნოვატორულ ხერხებზე აკეთებს, მისი იმპროვიზაციული სტილი მეტად შთამბეჭდავი და დაუვიწყარია ყველასთვის, ვინც პატივს სცემს ფრანგული ახალი ტალღის სტილს. გოდარზე დიდ გავლენას ახდენდა ფრანგი ფილოსოფოსის, ჟან-პოლ სარტრისა და კარლ მარქსის იდეები, რომელიც იმ პერიოდის ევროპისთვისაც საკმაოდ რევოლუციური იყო. Breatheless-ში გოდარი სვამს კითხვას, თუ რამდენად შეიძლება არსებობდეს სული თანამედროვე საზოგადოებაში, არის თუ არა მისთვის ადგილი ამ წესრიგში? მისთვის ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია და ამას ვხედავთ არა მარტო Breatheless-ში, არამედ იმ მომდევნო ფილმებშიც, როგორიცაა: le petit soldat , virve sa vie,  Pierrout la fou, Alphaville, Masculin-Feminin და ა.შ.

ცნობილია, რომ რეჟისორს ძალიან უნდოდა Beatles-თან ერთად მუშაობა დოკუმენტური ფილმისთვის, თუმცა, საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც ჯგუფმა უარი განაცხადა მასთან თანამშრომლობაზე, Rolling Stones-თან კოლაბორაციით შეიქმნა დოკუმენტური ფილმი – Sympathy to devil, რომელიც ჯგუფის ერთ-ერთი კომპოზიციის სახელწოდებასაც წარმოადგენს. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ გოდარის ხმა ნელ-ნელა უჩინარდებოდა, იგი კვლავ სავსე რჩებოდა ექსპერიმენტებით. მისი 2014 წლის ნამუშევარი Goodbye to Language და 2018 წელს გადაღებული The Image Book რეჟისორის საერთო ხაზი იყო თანამედროვე ტექნოლოგიებთან და სამყაროს ციფრულ ვერსიებთან. 

 

საბოლოოდ, მსოფლიომ დაკარგა გენიოსის თვალი, ხოლო საფრანგეთმა – Nouvelle Vague. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.