წლის საუკეთესო წითელი ხალიჩა – ვენეციის კინოფესტივალი 2022
ავტორი: ნინკა მამულაშვილი
ვენეციის კინოფესტივალი, რომელიც 31 აგვისტოს გაიხსნა, საერთაშორისო დაჯილდოებათა ცერემონიებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია, ისევე როგორც ცერემონიის წითელი ხალიჩა.
ნაკლებად კიტჩი და მარკეტინგზე ორიენტირებული, ვიდრე კანი და ელეგანტური, ვიდრე ტორონტო ან ნიუ-იორკი, თავისუფალი კემპ თემებისგან, რომლებმაც მეტ გალა კოსტუმიურებულ წვეულებად აქცია, ვენეციის წითელი ხალიჩა დახვეწილობით გამოირჩევა. წლევანდელ ცერემონიაზე ახალგაზრდა სუპერვარსკვლავები „ანათებდნენ“, რომლებიც მოდას გართობის, გავლენისა და სელებრითი სტატუსის ერთგვარ იარაღად იყენებენ.
ვენეციის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ჰოლივუდის ვეტერანები ტრადიციულად მაღალი მოდის ბრენდების კოსტიუმებში გამოცხადდნენ წითელ ხალიჩაზე: ჟიურის პრეზიდენტი ჯულიანა მური Celine, Armani, Valentino, Alaïa, Miu Miu-ში, ქეით ბლანშეტი შავ, ხავერდოვან Schiaparelli-ში, ტილდა სუინტონი კი Haider Ackermann-ში. თუმცა უნდა ითქვას, რომ პომპეზურობითა და ეფექტურობით ახალი თაობის მსახიობები გამოირჩეოდნენ.
კინოფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმის, „Don’t Worry Darling“-ის რეჟისორს ოლივია უაილდსა და წამყვან მსახიობს ფლორენს პიუს შორის განხეთქილების შესახებ ჭორების გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ უკანასკნელის წითელ ხალიჩაზე გამოჩენამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მითუმეტეს, როდესაც პიუმ ჩვენებამდე გამართული პრესკონფერენცია „შეუთავსებელი გრაფიკის“ გამო გამოტოვა, თუმცა პრესკონფერენციის ჩატარებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ის იასამნისფერ ვალენტინოს კოსტიუმში გამოწყობილი, აპეროლით ხელში ლიდოზე მოსეირნობდა. პიუ კოლეგებს ფილმის პრემიერაზე საკმაოდ თამამი – წინ ღია, ბრჭყვიალა და გამჭვირვალე ვალენტინოს კაბით შეუერთდა, მსახიობი კრის პაინი იმდენად აღფრთოვანებული იყო პიუს სამოსით, რომ მას ფოტოგრაფებისგან დამოუკიდებლად უღებდა ფოტოებს.
პიუმ აღნიშნული ფილმის კიდევ ერთი ვარსკვლავი, ჰარი სტაილსიც კი გადაფარა. მომღერალი საფირმო, Gucci-ს, გენდერ-ნეიტრალურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, რომელიც მისი და ლეგენდარული მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, ალესანდრო მიკელეს ნოვატორული ხედვის ნაზავს წარმოადგენდა.
ტიმოთი შალამეს წლევანდელ ოსკარზე გამოწვეული ფურორის შემდეგ, სადაც ის პიჯაკის ქვეშ მაისურის გარეშე წარდგა წითელ ხალიჩაზე, გასაკვირი არ არის, რომ მსახიობმა მისი მორიგი ფილმის, „Bones and All“-ის პრემიერაზე, სახელწოდებიდან გამომდინარე, აქცენტი ხორციელ სიამოვნებაზე გააკეთა. შალამეს Haider Ackermann-ის ჟოლოსფერი ტოპი და შარვალი კვირის ყველაზე ტრანსგრესიული ლუქი იყო. როგორც ჩანს, მამაკაცის შიშველი ზურგის გამოჩენას 21-ე საუკუნის დასაწყისისთვის ისეთივე ეფექტი ჰქონდა, როგორიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალის კოჭისას. საინტერესოა, სხეულის რომელ ნაწილს გამოაჩენს შალამე შემდეგში.
შალამეს პარტნიორმა ფილმში, ტეილორ რასელმა, მისი ამომავალი ვარსკვლავი ბალენსიაგას მწვანე ფერის კაბით შეკაზმა, რომელიც „ოქროს ხანის“ და 60-იანი წლების რემინისცენციას წააგავდა. ვენეციის კინოფესტივალის წითელი ხალიჩა ლორა ჰარიერმა მეტალისფერ Saint Laurent-ში, სერიალ „Stranger Things“-ის ვარსკვლავმა, სეიდი სინკმა „The Whale“-ის პრემიერაზე ვალკირიათი შთაგონებულ ალექსანდრ მაკ-ქუინში, ხოლო ჯოდი ტერნერ სმითმა Christopher John Rogers-ის ფერად კაბაში დაამშვენეს.
ტესა ტომპსონმა მისი კოსტიუმების მრავალფეროვნებით, დრამატულობითა და კაშკაშა ფერებით ვენეციის კინოფესტივალი „ააფეთქა“ და წითელი ხალიჩის ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარა. ცერემონიის გახსნაზე მსახიობი Armani Privé-თი, შემდეგ Christopher John Rogers-ის მწვანე კორსეტით, ლალისფერი Elie Saab-ით და ბოლოს Marc Jacobs-ის ციტრინით წარდგა წითელ ხალიჩაზე.