fbpx

შემოდგომის სიმფონია არისტოკრატების ბაღიდან, წინანდლის  ფესტივალის მეოთხე სეზონი  დასრულდა


გააზიარე სტატია

ავტორი:  მზეხა მახარაძე

 

წინანდალში, მუსიკის ფესტივალზე ყოველი დღე დღესასწაული იყო. აქ, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალმა შექმნა თავად ჭავჭავაძეების საგვარეულო მამულში შემოდგომის სეზონი, – აქაური ღვინოსავით მდიდარი გემოთი გამორჩეული და ქარვისფრად შეფერადებული კონცერტებით.

წელს, წინანდლის ფესტივალი, უკვე მეოთხედ, წარადგინა სილქნეტმა, როგორც შემოდგომის დიდი რაფსოდია.

თავად ჭავჭავაძეების საზაფხულო რეზიდენციაში, სადაც  ცალკე არისტოკრატების საგას ფურცლავ და ცალკე ამ ისტორიის ნაწილი ხდები, წინანდლის ტრადიციად ქცეულ ფესტივალზე კლასიკური მუსიკა მრავალფეროვნად საინტერესო პროგრამით, ყველა სტუმრისთვის გახდა მასპინძელი.

აქ, წინანდლის ლეგენდაში არის ახალი, ნახევრად ღია საკონცერტო დარბაზი, თითქოს დღევანდელი კოლიზეუმი, რომელიც მართლაც ჯადოსნურია. ამ ფართო და გაშლილ სივრცეში იმდენად კარგი აკუსტიკაა, რომ ბოლო რიგებშიც კი როიალის პიანო ჟღერადობა ფლეიტასავით ჩაგესმის, კრისტალურად გამჭირვალედ და აქაური ჰაერივით სუფთად. აი ასე, – მიფრინავს ბგერა, ზევიდან მოძრაობს, ტრიალებს მთელ დარბაზში ისე, რომ არ იკარგება… არაჩვეუელებრივად ისმის. თანაც აქ, რაღაც სხვანაირი აურაა, გადამდები და მომნუსხველი, ყოველდღიურობას სხვანაირად სასიამოვნო გემოს რომ აძლევს, აი ისეთი…

ფესტივალზე ამ მუსიკალური შეხვედრების საპატიო სტუმარი იყო ახინოამ ნინი, სასცენო ფსევდონიმით ნოა, ყველაზე დიდი და პრესტიჟული მუსიკალური დარბაზების სასურველი სოლისტი, – ცნობილი მომღერალი და სიმღერების ავტორი ისრაელიდან, რომელიც თავისი წარმატებული მუსიკალური კარიერის განმავლობაში სცენაზე გამოდის ისეთ სუპერვარსკვლავებთან ერთად, როგორებიცაა სტინგი, პეტ მეთენი, ქვინსი ჯონსი, სტივი უანდერი, ანდრეა ბოჩელი… სწორედ ნოამ ჩაწერა უაღრესად წარმატებული სიმღერები ოსკარის ჯილდოს მფლობელი რობერტო ბენინის კომედიური დრამისთვის “La Vita e Bella” და ლუკ ბესონის არაერთი ჯილდოს მფლობელი ფილმისთვის „ჟანა დ’არკი“. მის დისკოგრაფიაშია გიტარისტ გილ დორთან ერთად გამოშვებული 2019 წლის ჰიტ ალბომი „წერილები ბახს“/Letters to Bach, რომელიც თავისი მუსიკალური კონცეფციით, კონტრაპუნქტით  თუ მუსიკალური იმპულსებით ეძღვნება ბახს,- ბაროკის ეპოქის გერმანელ კომპოზიტორს. აი, ზუსტად ეს გახმაურებული ვოკალურ-ინსტრუმენტული პროექტი, რომელშიც ჩანს მუსიკოსების მიერ გენიალური ბახის შემოქმედებისადმი თვითგამოხატვის ორიგინალურობა, ნოა – გილ დორის ვარსკვლავურმა ტანდემმა მსოფლიოს სცენების მერე წინანდლის საფესტივალო პროგრამისთვის ჩამოიტანა. მათ აკომპანიმენტს ამფითეატრის ღია სცენაზე შეუერთდა  ვირტუოზი ვიოლონჩელისტი კიან სოლტანი. ლეონარდ ბერნსტაინის პრემიის მქონე მუსიკოსი, რომელიც თანამედროვეობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჩელისტად იქცა, უკრავს ანტონიო სტრადივარის ანტიკვარულ ინსტრუმენტზე, 1694 წლის „London, ex-Boccherini“-ზე. ჟურნალ The Times-ის მიერ „შესანიშნავ ჩელისტად“, ხოლო  Gramophone-ის მიერ  „ნამდვილ სრულყოფილებად“ მოხსენიებული სოლტანის ხელში ამ უნიკალურ ინსტრუმენტს აქვს ისეთი მკვეთრი და ძლიერი ჟღერადობა, კარგი მაღალი რეგისტრი, ღრმა, სუფთა, მგრძნობიარე ბგერა, რომელიც კონცერტზე შემსრულებელს ზუსტად პასუხობს, მუსიკა კი გამომსახველად ესმის…

ეს პროექტი არის ბახის პოლიფონიური მუსიკის არატრადიციული, თუმცა საინტერესო მუსიკალური პერფორმანსი, მუსიკალური მოგზაურობაა დროის განზომილებაში, სადაც არ არსებობს ზღვარი, თუმცა არსებობს მუსიკალური ექსპერიმენტი. ამ მუსიკალური კონცეფციით, ნოა თავის დაწერილ ლექსებზე, გილ დორისა და კიან სოლტანის თანხლებით, ვოკალურად ასრულებს ბახის 12 ინსტრუმენტულ თხზულებას, – მათ შორისაა ბახის 30 ინვენციიდან #1 (“The Race”), #4 (Little Lovin’) და #6 (“Mars”). ყველასთავის საყვარელი Ave Maria-ს გარდა, ტრიომ ასევე შეასრულა Siciliana-ს ნოასეული ვერსია ფლეიტისთვის დაწერილი E-flat major სონატადან (“A Pair”), სახელგანთქმული კანტატადან Sleepers Wake (“All of the Angels”) და Largo-ს საკლავირო კონცერტიდან #5 (“Look At Me”). ნოა თავის თამამ ლექსებზე აჩვენებს თუ რამდენად ცოცხალი და უსასრულოდ თანამედროვეა ბახის მუსიკა მისი სიკვდილიდან 300 წლის შემდეგაც. აი, ლექსები კი ისევე, როგორც წერილები სავსეა იუმორით, რომანტიკით, პოლიტიკური და სოციალური განცხადებებით…

„აჰ, იოჰან…  რა საოცრება ხარ! რა გასაკვირია, რომ აპლიკაციებისა და დანართების, დაწკაპუნებებისა და მოწონებების, ბოტებისა და კიბორგების, გენეტიკური ინჟინერიისა და უპილოტო მართვის ეპოქაში, ყურადღების მოკლე დიაპაზონისა და უზარმაზარი ეგოების საუკუნეში… მაინც… ეს მესა სი მინორი, ეს არია სოლ სიმზე, ეს ჩაკონა, ან კონცერტი, ან ფუგა… აღწევენ ვირტუალურ ღამეებში, ფოლადის ცივ კედლებში, რომლებსაც ვაშენებთ საკუთარი თავის დაცვისა და იზოლირებისთვის. ჩვენ კვლავ ვიბრძვით სისხლიან ომებში… ჩვენ ხშირად ვამყარებთ იმედებს ლიდერებზე, რომლებიც არასწორ გზაზე მიგვიძღვიან… ისტორიებზე, რომლებსაც არასწორად ვკითხულობთ… სასულიერო პირებზე, რომლებიც ღალატობენ საკუთარ მრწამსს… შენს სახელგანთქმულ 140-ე კანტატაში დაწერე: „სიონს ესმის მცველთა სიმღერა“. დღეს სიონს ისრაელი ჰქვია, მე კი მცველი ვარ, ვმღერი და ვმუშაობ მშვიდობისთვის…“ – ეს არის ნოასგან წერილი გენიოს კომპოზიტორს, რომელიც აწმყოდან  გაუგზავნა, ჩვენ კი სიმღერებს შორის  გაგვიზიარა.

საფორტეპიანო კონცერტების სერიიდან  წინანდლის ფესტივალზე ფრანგი პიანისტის ლუკას დებარგის სოლო პროგრამა შოპენის, მოცარტის, რაველისა და ლისტის ოპუსებზე იყო მასსავით ვირტუოზული ისევე, როგორც ახალი თაობის ორი ბრწყინვალე პიანისტის საფორტეპიანო დუეტი, –

გიორგი გიგაშვილისა და  სანდრო ნებიერიძის ურთულესი საფორტეპიანო რეპერტუარიდან იგორ სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული“ და ასევე, მორის რაველის ვალსი. ქართველი პიანისტების დიდი “მუსიკალური სინდრომი”, რომელიც მათსავე მუსიკალური იმპულსებისგან იმართებოდა, არავის არ ჰგავდა. ეს წარმატებული კონცერტი ცვალებად რიტმულ სტრუქტურებსა და “მუსიკალური დიზაინის შეცვლილ საზღვრებში“ იყო ექსპრესიული, ენერგიული და ევოლუციურიც… ორ როიალზე მომავლის პიანისტები: გიორგი – ვიგოს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის I პრემიის და  სანდრო – Grand Piano Competition-ის გრან-პრის მქონე არტისტები, რომლებსაც მუსიკის კრიტიკოსები დიდ და ვარსკვლავურ კარიერას უწინასწარმეტყველებენ, სტრავინსკის რევოლუციურ მუსიკას არ უკრავდნენ ისე, როგორც ერთდროს უკრავდა სტრავინსკი, იგივე „მუსიკის ერთ-ერთი ეპოქალური ინოვატორი“, – ის სუფთად ნეოკლასიკური შესრულების მანერას ირჩევდა, ცივს, თითქმის უემოციოს, ნაკლები პათოსით, მაგრამ აქ, ამ კონცერტზე პირიქით მოხდა, – ოთხ ხელში ახალგაზრდა პიანისტებმა დიდი რუსი კომპოზიტორის მუსიკა ცხელ რითმებზე დაუკრეს, მისცეს „ახალი სისხლი“ მეტი ტემპერამენტით, უფრო მეტი სითამამით, ინტერპრეტაციის უნარით… ეს იყო უფრო მათი ხასიათისა და დაკვრის ევოლუცია. ამიტომ C. Bechstein-ის  ორმა საკონცერტო როიალმა  გიგაშვილი-ნებიერიძის ძლიერ ხელებს გაუძლო. იქვე ისიც თქვეს, 10 თითი აქვთ, თუ უფრო მეტი? თითებში სხვა ფიზიკა აქვთო… ასეთმა მძლავრმა შესრულებამ გადავსებულ დარბაზში ის მშვიდი მოსმენა დაარღვია. ფინალში იდუმალი წამები ამ კონცერტს არ ჰქონია ალბათ, ისევ ტემპერამენტული მსმენელის გამო… დარბაზში მძაფრმა ემოციებმა მუსიკის ბოლო ტაქტებს დაასწრო და თითქოს ნაღმზე აფეთქდა. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან აუდიტორია ძალიან თბილი და ერთსულოვნად მადლიერი იყო საფორტეპიანო კონცერტის ასეთი მაღალი ხარისხის გამო.

კლასიკური მუსიკის აუდიტორიამ კიდევ ერთი არაჩვეულებრივად საინტერესო საფესტივალო კონცერტი მოისმინა, – კამერული მუსიკის განყოფილებებიდან უკრავდა საოცნებო ტრიო  ნორვეგიელი მევიოლინის ვილდე ფრანგის, ავსტრიელ-ირანელი ვიოლონჩელისტის კიან ზოლტანისა და ფრანგი პიანისტის ჯულიენ კვენტინის შემადგენლობით. ეს სამი განსახვავებული ხელწერის მქონე შესანიშნავი არტისტი სცენაზე შეიკრიბა იმისთვის, რომ კამერული ანსამბლის პროგრამული რეპერტუარიდან შეესრულებინათ რაველის უდაო შედევრად აღიარებული (A Minor) და მენდელსონის უკანასკნელი #2 (C minor, Op. 66) ტრიოები. ამ სამი მუსიკოსის შესრულებისას, ყველაზე შთამბეჭდავი იყო ანსამბლურ მუზიცირებაში შესრულების უნივერსალიზმი და მუსიკისადმი ერთგულება. კიან სოლტანის დაკვრა გამოირჩეოდა ღრმა ექსპრესიულობით, ტექნიკური ოსტატობით, – ინსტრუმენტის სრულყოფილი ფლობით, რასაც თან ერთვოდა არტისტიზმი და მსმენელთან ემოციური კომუნიკაცია… ვიოლონჩელო, რომელიც ჯადოსნური ინსტრუმეტია და მის ჟღერადობაში ღვთის ხელი იგრძნობა, ადამიანის ხმას ყველაზე მეტად უახლოვდება… რაველის ტრიო (A Minor), რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ფრანგი კომპოზიტორის ძლიერი განცდების საპასუხოდ  შეიქმნა, შთაგონებულია მისივე მშობლიური ბასკეთის ხალხური შემოქმედებით, ბაროკოსა და შორეული აღმოსავლეთის მუსიკით. საინტერესოა, რომ მენდელსონის მიერ 1845 წელს დაწერილი ეს ტრიო სულ მცირე ორჯერ იქცა შთაგონების წყაროდ იოჰანეს ბრამსისთვის. ტრიოს ფინალის საწყისი თემა ციტირებულია ბრამსის #3 საფორტეპიანო სონატის სკერცოში, ხოლო ბრამსის #3 საფორტეპიანო კვარტეტში საწყისი თემის საფორტეპიანო თანხლება ეფუძნება მენდელსონის ტრიოს პირველი ნაწილის დასაწყისს. რაც შეეხება ვილდე  ფრანგს, მასთან შეხვედრის ბევრად დიდი სიამოვნება ჯერ კიდევ წინ ელოდათ  ფესტიივალის დიდ ფინალურ ნაწილში კლასიკური მუსიკის მსმენელებს.

ვირტუოზი მევიოლინე ვილდე ფრანგი, რომელმაც ჯერ კიდევ, 2012 წელს მიიღო Credit Suisse-ის ახალგაზრდა არტისტის ჯილდო, არის Warner Classics-ის ექსკლუზიური მუსიკოსი და მისმა ჩანაწერებმა დამსახურებულად მოიპოვა მრავალი პრიზი. მათ შორის Grand Prix du Disque, Edison Klassiek Award, Deutsche Schallplattenpreis, Diapason d’Or და Gramophone Award. ნორვეგიელი მევიოლინე ნებისმიერი დიდი მუსიკალური ცენტრის სასურველი არტისტია, ამიტომაც მის ბეგრაუნდშია მსოფლიოს მუსიკის ფესტივალებზე გამოსვლა, გამოსვლა ბერლინის ფილარმონიულ, ლონდონის სიმფონიურ, კონცერტგებაუს, ლაიფციგის Gewandhausorchester, ბავარიის რადიოს სიმფონიურ, ბუდაპეშტის საფესტივალო, ევროპის კამერულ, პარიზის, ციურიხის ტონჰალეს, სანტა-ჩეჩილიას აკადემიის, სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიულ, ჩიკაგოს სიმფონიურ, LA-ის ფილარმონიულ, კლივლენდის, ისრაელის ფილარმონიულ, სიდნეის სიმფონიურ და ტოკიოს NHK სიმფონიურ ორკესტრებთან… წინანდალის ნახევრად ღია საკონცერტო დარბაზის სცენაზე პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის სათავეში იდგა ახალგაზდა მაესტრო, ბრიტანეთის სამეფო ფილარმონიული ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი ვასილი პეტრენკო ვიოლინოს ლედისთან ვილდე ფრანგთან ერთად. ამ განსაკუთრებულ საღამოს შესრულდა XX საუკუნის 2 ყველაზე მნიშვნელოვანი მსხვილი ფორმის ოპუსი: პროკოფიევის #5 სიმფონია (B-flat major, Op. 100) და შოსტაკოვიჩის #1 სავიოლინო კონცერტი  (A minor, Op. 77). ეს იყო ვარსკვლავური ტანდემი მთელი თავისი სრულყოფილებით, მასშტაბითა და ორკესტრული სიძლიერით… ვასილი პეტრენკომ ის ენერგია და ის მუსიკალური კონცეფცია, რაც ახლავს შოსტაკოვიჩისა და პროკოფიევის 4 ნაწილიან ციკლურ ნიმუშებს, მუსიკის აუდიტორიას ცხადად გაუზიარა, – ასე ღიად, ასე გულწრფელად და ასე პირდაპირ…  და ასეთი სიყვარულით. შესაბამისად, ამ ყველაფერმა მოიტანა საუკეთესო განწყობა, ზღვა სიამოვნება, საოცარი შთაბეჭდილება და ზღვა სიყვარული, რაც თურმე ასე, ჰაერივით გჭირდება ყველას, როგორც სულიერი საყრდენი.

ასე ზღაპრულად დასრულდა წინანდლის სავანეში მუსიკის ზეიმი, ფესტივალის მეოთხე სეზონი… ეს იყო 10 არაჩვეულებრივად ლამაზი დღე, 18 კონცერტი და… ურთიერთობის ზღვა სიყვარული. ახლა უკვე იწყება მომავალი წლის მეხუთე სეზონისთვის მზადება, ისევ დიდი ვარსკვლავთცვენით. ასე რომ, ისევ შევხდებით წინანდალში, მუსიკის ფესტივალზე.

 

და მაინც, რითი იყო განსხვავებული ეს საფესტივალო დღეები  ჩვეულებრივი საკონცერტო ცხოვრებისგან? – ის, რომ შეიქმნა ასეთი საოცარი ატმოსფერო, წინანდალში ჩამოვიდნენ დიდი და სახელოვანი მუსიკოსები და შემოიტანეს ის ენერგეტიკა, მუსიკის ისეთი დიდი  სიყვარული, რაც ასე აუცილებელია ფესტივალისთვის… აქვე გამოკვეთილად მნიშვნელოვანია ამ სოლიდური ფორუმის მუსიკალური გააზრება, მაღალი მუსიკალური კულტურა, ხარისხი, საგანმანათლებლო კონცეფცია და ის, თუ რამხელა რეკლამაა ეს ფესტივალი მსოფლიოში კავკასიის გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნისთვის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.