fbpx

ITALIAE – „ბევრი სხვადასხვა იტალია“


გააზიარე სტატია

 „დონ კიხოტეს“ პირველი ტომის დასასრულს სერვანტესი „ღარიბი გლეხის ვაჟის“ – ესპანეთში დაბრუნებული ყმაწვილის – ამბავს მოგვითხრობს, რომელმაც „იტალიებში“ (იტალიურ მიწებზე) ჯარისკაცად იმსახურა. 

 

 „Le Italie“ –  ანუ „ბევრი სხვადასხვა იტალია“, რომლისკენაც დროთა განმავლობაში მზერა არაერთ, ერთმანეთისგან  ტექნიკით, ტონალობითა თუ სტილით სრულიად განსხვავებულ ფოტოგრაფს მიუმართავს, რომელთაც სურდათ ფაქიზად გადმოეცათ ქვეყნის ცვალებადი და კომპლექსური იდენტობა, ტრადიციები და ევოლუციური ნიუანსები.

 

19 სექტემბერს MomaTbilisi-ში,  ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში – Ambasciata d’Italia a Tbilisi/იტალიის საელჩო –  “ქოლგა თბილისი ფოტოსთან” თანამშრომლობით წარმოგიდგენთ გამოფენას „Italiae. ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდე”, რომელზეც წარმოდგენილი პორტრეტებისა და მოგონებების გალერეა საუკუნენახევრიან ისტორიას იტევს – ძმები ალინარების არქივების ფოტოსურათებით დაწყებული და მეოცე საუკუნის დიდი ფოტოგრაფების ნამუშევრებით დამთავრებული.  

 

„ქოლგა თბილისი ფოტო“ მრავალი წელია თანამშრომლობს იტალიის საელჩოსთან საქართველოში, რომელიც თავის მხრივ ზრუნავს იტალიური კულტურის სათანადოდ პრეზენტაციისთვის ჩვენს ქვეყანაში. მათ მრავალი მნიშვნელოვანი ფოტოგამოფენისა და ავტორის წარდგენას შეუწყვეს ხელი ჩვენი ფოტოკვირეულის ფარგლებში. ამ უნიკალური კოლექციის ჩვენება ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნისა და კერძოდ, თბილისის, როგორც რეგიონის კულტურული დედაქალაქის მნიშვნელობას. კურატორების – რიტა სკარტონისა და ლუკა კრიშტენის მიერ ალინარების უნიკალურ არქივში დაცული ფოტოებით აწყობილ გამოფენაში თავმოყრილია, როგორც ფოტოგრაფიის ისტორიის უძველესი ნიმუშები, ასევე იტალიური და მსოფლიოს თანამედროვე ფოტოგრაფიის დიდი სახელები – ალექს მაიოლი, პაულო პელეგრინი, გაბრიელე კროპი, პაოლო სპიგარიოლი, ფრანკო ფონტანა, იზაბელა ბალენა, მარიო კრეში და ა.შ.“ – ბესო ხაინდრავა, „ქოლგა თბილისის“ დამფუძნებელი.

ფოტოენის საშუალებით გადმოცემულია იტალიის, მისი ხალხის, პეიზაჟებისა და კრეატიულობის მიმზიდველობა და განსხვავებულობა. პორტრეტები, მოგონებები, ქვეყნის სიმდიდრე, ვიზუალური იმიჯის განვითარება და მოულოდნელი, უჩვეულო ასოციაციები, რომელთა წარმოქმნაშიც 75-ზე მეტმა ფოტოგრაფმა შეიტანა წვლილი. ავტორთა სიმრავლე და დროის ცვალებადობა წარმოგვიდგენს ვიზუალური თხრობის უჩვეულო ხაზს, რომელიც სხვადასხვა ტექნიკასა და სიუჟეტს აერთიანებს. ერთმანეთს დიალოგში ისტორიული და თანამედროვე ფოტოგრაფია ებმის, იჭერს საინტერესო კონტრასტს და „კავშირების პოვნის“ თამაშს ემსგავსება. 

ბუნებრივია, შერჩეული ფოტონამუშევრები იტალიური ფოტოგრაფიის მთელ კომპლექსურობას ვერ წარმოაჩენს, თუმცა 160-წლიანი „ფოტოატელიეს“ გაერთიანება მაინც გვაძლევს საშუალებას თვალი შევავლოთ ერთმანეთისაგან განსხვავებულ ესთეტიკასა და სამეტყველო ენას.  მრავალფეროვანი კოლექციები, არქივები,  დღემდე გამოუქვეყნებელი კონცეპტუალური ნამუშევრები, ავტორ მარიო ჩესკის თქმით, „სურათების ერთგვარ მულტივერსს ქმნის“, რომელსაც  მეოცე საუკუნის დიდი ფოტოგრაფების მეშვეობით  თანამედროვე ექსპერიმენტებამდე მივყავართ, რაც შემაჯამებელ სურათს გვაძლევს და გვაჩვენებს განვითარებას – კალაპოტიდან ვირტუალურ გამოფენამდე.

 გამოფენა სამ ნაწილად იყოფა: „პეიზაჟები“, „ნამუშევრები“ და „პორტრეტები“. თითოეული მათგანის საშუალებით თვალს ვადევნებთ ქვეყნის მუდმივ ევოლუციას. ვხედავთ ჩრდილოეთსა და სამხრეთს, ქალაქსა და სოფელს, შრომასა და დღესასწაულს, ტრადიციასა და ინოვაციას, სოციალურ ისტორიასა და კულტურულ ცხოვრებას. 

ხელოვნების სამეტყველო ენა მკვეთრად ხატავს ქვეყნის, ბევრი სხვადასხვა იტალიის მუდმიდ ტრანსფორმაციას, მის გეოგრაფიულ მრავალგვარობას. გვამოგზაურებს ისტორიის სიღრმეებში და მოგვითხრობს როგორი ცვალებადია ბევრი და ამავდროულად, ერთი ქვეყნის კულტურული საზღვრები, როგორი კომპლექსურია საუკუნოვანი დაპირისპირებისა და აღრევის შედეგი. შერჩეული ფოტოების ეს ექსპოზიცია ერთგვარი ცოცხალი და ჭრელი მონათხრობია, რომელიც სიღრმისეულად ირეკლავს ამბებითა და მოგონებებით მდიდარი ქვეყნის იერსახეს. 

გამოფენის კურატორები: რიტა სკარტონი და ლუკა კრიშენტი; ორგანიზატორი – იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო. გამოფენა იმართება ალინარების ფოტოგრაფიის ფონდის ხელშეწყობით.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.