Tbilisi Art Fair ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება
პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის ხელოვნების ბაზრობა ახალი პროგრამით ბრუნდება. ხელოვანები, კურატორები, კრიტიკოსები და კოლექციონერები ექსპო-ჯორჯიას სივრცეში 22-იდან 25 სექტემბრის ჩათვლით შეიკრიბებიან.
TAF-ი 22 სექტემბერს, 14:00-იდან 17:00 საათამდე ექსკლუზიური დახურული ჩვენებით გაიხსნება, რომელზეც დამთვალიერებლები მხოლოდ მოსაწვევებით დაიშვებიან. 17:00 საათიდან კი ბაზრობა 4 დღის განმავლობაში ყველა მსურველს უმასპინძლებს.
TAF-ის პროგრამა გამოფენა-გაყიდვის გარდა, ვორქშოპებს, საუბრებს, მასტერკლასებსა და სხვა ტიპის აქტივობებსაც მოიცავს, რომლებიც 30-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო გალერეას და 40-მდე დამოუკიდებელ ხელოვანს HIVE-ის სივრცეში წარმოგიდგენთ.
გახსნის ცერემონია მე-11 პავილიონში ჩატარდება, რომელსაც გამოფენის კრეატიული დირექტორი ერიკ შლოსერი, პროექტის ხელმძღვანელი ნინო გამრეკელი და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრებიან.
TAF 2022-ის პროგრამა ასე გამოიყურება:
- 22 სექტემბერი – 14:00-17:00 დახურული ჩვენება
- 22 სექტემბერი – 17:00-21:00
- 23-25 სექტემბერი – 12:00-20:00
TAF გამოფენები
Jerome Nivet Carzon, რომელიც უკვე მეორედ მონაწილეობს TAF-ში, საფრანგეთის ხელოვნების ახალგაზრდულ სცენას გაგვაცნობს. გამოფენა პარიზელი ხელოვანების შემოქმედებას ნამუშევრების, პერფორმანსების, მუსიკალური პერფორმანსებისა და საერთაშორისო ჩანახატების სახით აერთიანებს. საგამოფენო სივრცეს უზრუნველყოფენ სიმონ ტერმინიონი, ივ ბარლე და არსლან სმირნოვი.
შარდენის გალერეა ქართველი ხელოვანების – ვერა ფაღავას და ვანო ენუქიძის გამოფენებს უმასპინძლებს, რომლებიც პარიზში ემიგრანტებად ცხოვრობდნენ. 1966 წელს ვერა ფაღავამ საფრანგეთი ვენეციის საერთაშორისო ბიენალეზე წარადგინა. ქართველი არტისტების ნამუშევრები ასევე პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი.
23 სექტემბერს გალერეა LC Queisser-ში თეა გვეტაძის პერსონალური გამოფენა “კავკასიური ზამბახი” გაიხსნება. გამოფენა წარმოადგენს ხელოვანის მულტიდისციპლინარული შემოქმედებითი პრაქტიკის ფართო სპექტრს, მათ შორის მასშტაბურ ფერწერასა და კედლის ინსტალაციას, ობიექტს, კერამიკასა და მოზაიკას.
ესპანეთის Valid Photo Gallery-ისთან თანამშრომლობით, TAF-ი სახელგანთქმული იაპონელი ფოტოგრაფის, მასაო იამამოტოს გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის ფარგლებში ფოტოგრაფის 80 ნამუშევარი A Box of Ku, Nakazora, Kawa და ახალი La Vie სერიებიდან იქნება წარმოდგენილი. იამამოტოს შემოქმედება ისეთი პრესტიჟული მუზეუმების და კოლექციების ნაწილია, როგორებიცაა: ფილადელფიის სახელოვნებო მუზეუმი, ნიუ-იორკის ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრი, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი, სერ ელტონ ჯონის კოლექცია და სხვა.
TAF-ზე მეორედ წარდგება QGallery ბაქოდან. გალერეამ 2019 წელს საბჭოთა დროინდელი აზერბაიჯანული ხელოვნების კოლექცია ჩამოიტანა. წელს გალერეა 6 ახალბედა ხელოვანის: რაშად ალაბაროვის, მირალი სეიდოვის, ბუტუნაი ჰაგვარდიევის, ელიარ ალიმიროევის, ელენა ჰაგვარდიევას და კანან ალიევის ნამუშევრებს – ქანდაკებებს, ვიდეო-არტს, კოლაჟ-ინსტალაციას, ფერწერასა და ნაპოვნ ობიექტებს წარმოადგენს.
აზერბაიჯანელი კურატორი საბინ შიჰლინსკაია, რომელმაც 2019 წელს გენდერული თანასწორობის თემაზე ფართომასშტაბიანი გამოფენა წარადგინა, TAF-ზე ახალი პროგრამით ბრუნდება. Boyuk-Zire – ვირტუალური გალერეა (ნარგინის კუნძული) ინსტალაციათა და პერფორმანსების ფოტო-დოკუმენტაციაა, რომელთა გამოფენაც ფიზიკურ და ვირტუალურ პრეზენტაციებს აერთიანებს.
ნინო საკანდელიძე და მარიამ კალანდაძე TAF-ის ფარგლებში ახალ პროექტს – „სუფთა ხელებს“ წარმოადგენენ. გამოფენა ქართველი თანამედროვე არტისტების 10 ყუთში განლაგებულ 100 ნამუშევარს შემოგვთავაზებს. კოლექცია კოვიდპანდემიას ეხმაურება. პროექტის მონაწილეები არიან: არიალი, ნატო ბაგრატიონი, გიორგი გელაძე, სოფო კობიძე, ნინო საკანდელიძე, გიო სუმბაძე, სალომე ჩიგილაშვილი, ვატო წერეთელი და თორნიკე ჭაფოძე.
მიმდინარე site-specific პროექტი – TAXI ტაქსიში ვითარდება, სადაც თითოეული ხელოვანი (ერჟიო არმაროლი, ერიკ ბუნგერი, მატეო კრემონესი, მაია დიკშტაინი, ნიკო დოქსი, იაკუბ ფერი, მანუელა გარსია, ჰალედ ჰაფეზი, ორესტის მავრუდისი, კრისტოფერ მილნი, ჰარუნ მირზა, ბრუნო მუცოლინი, ფერჰატ ოზგური, სტივ პიკოლო, დემიენ როუში, ანრი სალა, ბერტ თაისი, დანიელ ვან არკ, შინგო იოშიდა, ფანი ზგურო) საუნდ-ნაწარმოებს უკრავს. პროექტის თავდაპირველი იდეა ანრი სალას ეკუთვნის. „No Formula One No Cry“, ასე ერქვა ნამუშევარს, რომელიც 2022 წლის ფრანკფურტის მანიფესტაზე კურატორმა ფლორიან აგალიუსმა წარადგინა და ის ფორმულა 1-ის მანქანების საუნდტრეკების და ახლოს მყოფი ძაღლების ყეფის ჩანაწერების მიქსი იყო.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტთან თანამშრომლობით, TAF-ი უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა გამოფენას გამართავს. გამოფენის – VAADSFREUNI Presents კურატორია სკოლის დეკანი ირინა პოპიაშვილი.
საგამოფენო და საფესტივალო პროგრამით, ვიდეონალე განსხვავებულ არტისტულ ხედვებს, ექსპერიმენტული ვიდეოს, დოკუმენტური ფორმატის პერფორმანს-ვიდეოს, ანიმაციის, ვირტუალური რეალობისა და ვიდეო-ინსტალაციის მეშვეობით გადმოსცემს. ვიდეონალე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეო და time-based ხელოვნების ფესტივალია ევროპაში, რომელიც 1984 წელს ბონში, გერმანიაში დაარსდა და ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. TAF-ის და ვიდეონალეს პროგრამაში შვიდი საერთაშორისო ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას: ვიქტორ ბრიმი, ზანი ბეგი & ოლივერ რესლერი, მაჰდი ფაიფელის, სტეფანი ლეგარდი, ჩანგ-ჯინ ლი, მონირა ალ ქადირი და კონი უოლში.
International Woman Photo Award-თან თანამშრომლობითა და Canon-ის მხარდაჭერით, TAF-ი 2022 წლის კონკურსის გამარჯვებულს და ფინალისტებს წარმოგიდგენთ, მათ შორის ნათელა გრიგალაშვილს და მის ფოტოსერიას – „მოხეტიალენი“ აჭარის მაღალმთიანი რეგიონიდან.
უკრაინის ფოტო-სცენის მხარდაჭერით, TAF-ზე 2018 წელს ფოტოგრაფ სერჰეი მელნიჩენკოს მიერ დაარსებული MYPH სკოლის 10 კურსდამთავრებულის ნამუშევრები გამოიფინება. TAF-ისთვის შერჩეულ არტისტებს შორის არიან: ქსენია პეტროვსკა, დიანა ფედორიაკა, ანა ჟუჰოვა, მარია ჰორშკოვა, ოქსანა ნევმერჟიცკა, ოლგა ჩეკოტოვსკა, ოლია კოვალი, ლადა სოლოვიოვა, ვოლოდიმირ დემკივი.
TAF Talks
TAF Conversations ადგილია, სადაც ხელოვნების სამყაროს წარმომადგენლებს, კერძოდ, ხელოვანებს, კურატორებს და მწერლებს, როგორც საქართველოდან, ისე აშშ-იდან, პოლონეთიდან, ლიეტუვადან, გერმანიიდან, უკრაინიდან და სხვა., დამთვალიერებლებთან შეხვედრა და მათთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცემათ. ხელოვანებსა და კურატორებს შორის აზრის გაცვლასთან და TAF 2022-ზე გამოფენილი ნამუშევრების შეფასებასთან ერთად, პლატფორმა ომის დროს ხელოვნების სფეროში სირთულეებსა და გამოწვევებზე საუბარს ისახავს მიზნად. დისკუსია NFT-ს და მასთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც გულისხმობს.
TAF კვირეული
23 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით TEC-ის სივრცეში გალერეა Artbeat ანნა კ.ე.-ს ფართომასშტაბიან არქიტექტურულ, გარემოსდაცვით ინსტალაციას წარმოადგენს, სახელწოდებით REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation… (2019), რომელიც არტისტმა ვენეციის 58-ე ბიენალეზე საქართველოს პავილიონში წარადგინა. პროექტი ვიდეოს, ქანდაკებას, პერფორმანსს, ჩანახატებს და ინსტალაციებს უყრის თავს. აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი ნიუ-იორკის New Museum-ის კურატორი მარგო ნორტონია.
24 სექტემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, 12:00-22:00 საათზე კურატორ ელენე აბაშიძის მიერ დაფუძნებული გალერეა – ე.ა. საგამოფენო სივრცე, საქართველოში ფლორიან მაიზენბერგის პირველ სოლო გამოფენას – „ნიღბის აღსარებას“ უმასპინძლებს. „ნიღბის აღსარება“ ხელოვანის ფერწერისა და ძაფის ქანდაკების ნამუშევრების სერიას აერთიანებს, რომელთა უმრავლესობაც ამ ზაფხულს გალერეის სივრცეში შეიქმნა და ის ნამდვილისა და ვირტუალურის, ფიზიკურისა და ციფრულის ურთიერთკავშირს იკვლევს.
ასევე 24 სექტემბერს, 16:00-22:00 საათზე გალერეა 4710 სივრცეს თამარ ნადირაძის, ჯულიეტა და თორნიკე რობაქიძეების ერთობლივი გამოფენით გახსნის. თორნიკეს ბებიამ, ჯულიეტამ, ხატვა შარშან 94 წლის ასაკში დაიწყო და ახლა უკვე მისი შემოქმედება კერძო კოლექციების ნაწილია საქართველოსა და აშშ-ში. თამარ ნადირაძესთან და თორნიკე რობაქიძესთან გალერეა 2019 წლიდან თანამშრომლობს და ორივე ხელოვანის ნამუშევრები როგორც სოლო, ისე ჯგუფური გამოფენის ფარგლებში იყო წარდგენილი
Open Space ანა ჯიბლაძის პირველ სოლო გამოფენას – „ერთადერთ ნაიარევს“ წარმოადგენს. გამოფენაზე მხატვრის მულტიმედიურ ნამუშევრებს ვიხილავთ, რომლებიც მთავარ მარადიულ კითხვას ეხმიანება: რა კავშირია გონებასა და სხეულს შორის? ჯიბლაძის შემოქმედებაში ეს ორი კონცეფცია აღქმულია არა როგორც ჰარმონიული ცნებები, არამედ როგორც კონფლიქტი, სადაც ორივე საკუთარი საზღვრების დადგენას ცდილობს.
TAF-ის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, თიბისი კონცეპტი, აჭარა ჯგუფი, კაპაროლი, ვაზისუბნის მამულის ღვინო, სასტუმრო “მოქსი” და ამერიკის საელჩო საქართველოში.