fbpx

BIAFF – 2022 ბათუმში 18-25 სექტემბერს ჩატარდება!


გააზიარე სტატია

ავტორი: თინა ლაღიძე

2022 ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალის  ანონსი  წელს  მადლობის თქმით  უნდა დავიწყოთ: 

მადლობას მოვახსენებთ  შვეიცარიის საელჩოს საქართველოში, ფრანგული ინსტიტუტის საქართველოს ოფისს, იტალიის საელჩოს საქართველოში, შვედეთის საელჩოს საქართველოში, ლიეტუვას საელჩოს საქართველოში, ბათუმის თოჯინების თეატრს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს (GNTA).

აგრეთვე ფესტივალის სპონსორებს – კინოთეატრ “აპოლოს”, ART ITALY GROUP-ს, Mareteli Friends Winery-ს და კომპანია „შინდის”.

რომ არა საქართველოში არსებული საერთაშორისო ინსტიტუციების და დიპლომატიური კორპუსის თანადგომა, BIAFF-ის მე-17 გამოშვება წელს ვერ ჩატარდებოდა.  მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებს და არა სახელმწიფო ინსტიტუციებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ 2022 წლის 18-25 სექტემბერს ბათუმში ფესტივალი ჩატარდება.

 სახელმწიფო ორგანიზაციები ალბათ თვლიან, რომ გარკვეული მიზეზები აქვთ იმისა, თუ რატომ არ დაფინანსდა წელს ბევრისთვის საყვარელი წარმატებული კინოფესტივალი. ეს საკითხი გრძელვადიან, გამჭვირვალე  განხილვის პროცესს და საზოგადოებისთვის დასაბუთებულ არგუმენტაციას მოითხოვს და არა ნაჩქარევ კომენტარებს. მანამდე კი ფესტივალის ჩატარების უწყვეტ ისტორიაზე BIAFF-ის გუნდმა და საერთაშორისო ინსტიტუციებმა იზრუნეს, ალბათ მათ უფრო ესმით, თუ რამდენად საზიანოა საერთაშორისო ფესტივალის ისტორიის წყვეტა ქვეყნის იმიჯისთვის, ფესტივალის მომავალი განვითარებისა  და კინოს სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის.

გავიხსენებ, რომ უძველესი კინოფესტივალების ისტორიაში – ვენეციის, კანის, ბერლინის კინოფესტივალების არსებობის მანძილზე წყვეტა მხოლოდ ისეთ გლობალურ მოვლენებს უკავშირდება, როგორებიცაა: მეორე მსოფლიო ომი, პანდემია და ფართომასშტაბიანი პოლიტიკური მოვლენები. 

ფესტივალის დაფინანსებაში თითოეულ ჩვენგანსაც შეგვიძლია წვლილის შეტანა FUNDRAISING კამპანიის მეშვეობით – https://bit.ly/biaffsupportcampaign

 #ერთადჩავატაროთბიაფი

 

“ცის ნაჭერი”, მაიკლ კოხი, შვეიცარია/გერმანია, 2022, 137 წთ.

მიუხედავად სირთულეებისა, ფესტივალის გუნდმა წელსაც მრავალფეროვანი საპრემიერო ჩვენებებით დატვირთული პროგრამა შემოგვთავაზა:  ფილმები, როგორც ყოველთვის,  დაყოფილია სექციებად – ორი საკონკურსო პროგრამა, სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა; ფესტივალის ტრადიციული „დიდოსტატთა კოლექცია“, “ფოკუსი ქვეყანა – უკრაინა” , “ქართული პანორამა” და წელს დამატებული “CINE-DOC TBILISI”. 

 სრული პროგრამა და ჩვენებების განრიგი

BIAFF მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში საერთაშორისო ჟიური 10 ფილმს შეაფასებს, მათ შორის – იოსებ ბლიაძის ქართულ/გერმანულ კოპროდუქციას – “ჩემი ოთახი”. ფილმის პრემიერა კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე შედგა და მთავარი როლების შესრულებისთვის ორი ჯილდო მოიპოვა.

 

BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში 20 ფილმია წარმოდგენილი, მათ შორის 6 ნამუშევარი ქართული წარმოებისაა.

 

დიდოსტატთა კოლექციაში 6 ფილმი იქნება ნაჩვენები. 

“მშვიდობით ლეონორა“, პაოლო ტავიანი, იტალია, 2022, 90 წთ.


„ტორი და ლოკიტა“, ჟან-პიერ დარდენი / ლუკ დარდენი, ბელგია/საფრანგეთი, 2022, 88 წთ.

 

“ფოკუსი ქვეყანა – უკრაინა” – სექციაში 4 ფილმს ვიხილავთ, რომლებიც უკრაინის უახლეს მოვლენებს ეხება, მათ შორის ნაჩვენები იქნება მანტას კვედარავიჩიუსის “მარიუპოლი 2”. ფილმზე მუშაობისას 2022 წლის 2 აპრილს რეჟისორი რუსმა ჯარისკაცებმა მოკლეს. 

“მარიუპოლი 2“ მანტას კვედარავიჩიუსი /ჰანა ბილობროვა, ლიეტუვა/საფრანგეთი/გერმანია, 2022, 112 წთ.

 

“ქართული პანორამა” 8 ჩვენებას მოიცავს

 „ქიმიური ქორწინება“, ნინო ბასილია, საქართველო/გერმანია, 2022, 80 წთ.

„კაზუს ბელი“, მასიეჟ მასიეჟოვსკი, პოლონეთი, დოკუმენტური,  2022,  70 წთ.

 

სექცია CINE-DOC TBILISI – 13 დოკუმენტურ ფილმს წარმოადგენს

„ვარდა ანიესის მიერ“, ანიეს ვარდა, საფრანგეთი, 2019, 115 წთ.

“წყალს საზღვრები არ აქვს“, მარადია ცაავა, საქართველო/საფრანგეთი, 2021, 85 წთ.

BIAFF – 2022  18 სექტემბერს კინოთეატრ “აპოლოში”  18:30 საათზე ელდარ შენგელაიას მოკლემეტრაჟიანი ფილმების კრებულით – „მრავალჟამიერი“ გაიხსნება.

ფესტივალის გამარჯვებულებს სხვადასხვა სექციებში საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. კინოჩვენებები კინოთეატრ “აპოლოში” და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება.





მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.