fbpx

Emmy 2022 – 74-ე დაჯილდოება და მისი გამარჯვებულები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

ემის  74-ე დაჯილდოებაზე სატელევიზიო შოუების და ჰოლივუდის ვარსკვლავები საუკეთესო სერიალების აღსანიშნად შეიკრიბნენ.  ცერემონიას მსახიობი და Saturday Night Live-ის კომიკოსი კენან ტომპსონი უძღვებოდა, რომელმაც Microsoft Theater მისი ქარიზმითა და დახვეწილი იუმორით გამოაცოცხლა

2021 წელს, Netflix-ის დომინაციის შემდეგ,  პრესტიჟული ტელევიზიისთვის ბრძოლა წელს HBO-ის გამარჯვებით დასრულდა. 

ემის რჩეული „Succession“ (მემკვიდრეობა) საღამოს ტრიუმფატორი იყო, რომელიც 25 ნომინაციით ლიდერობდა. „მემკვიდრეობა“ სატირაა კორპორაციული ძალაუფლებისა და ოჯახური დისფუნქციის შესახებ.  სერიალმა საუკეთესო დრამის კატეგორიაში 2020 წელსაც მოიპოვა გამარჯვება. ჯილდოები ასევე სერიალის სცენარისტს, ჯესი არმსტრონგს და მეორეხარისხოვანი როლისთვის მეთიუ მაკფეიდენს გადაეცათ. სიტყვით გამოსვლის დროს არმსტრონგმა ბრიტანეთის მონარქიაზე და ინგლისის ახალ მეფეზე იხუმრა: „ცოტა მეტი ხმის მიცემამ განსაზღვრა ჩვენი გამარჯვება, ვიდრე პრინცი ჩარლზის“. 

Apple TV+-ის „Ted Lasso“ (ტედ ლასო) – სიტკომი ჯიუტად ოპტიმისტი ფეხბურთის მწვრთნელის შესახებ საუკეთესო კომედიად დასახელდა. სერიალის დებიუტიდან მოყოლებული  „ტედ ლასო“ მაყურებლების და კრიტიკოსების დიდი სიყვარულით სარგებლობს. გარდა საუკეთესო კომედიისა, სამსახიობო შესრულებისთვის ჯეისონ სუდეკისი და ბრეტ გოლდშტეინი დაჯილდოვდნენ. 

დიდ გამარჯვებულებს შორის „The White Lotus“ (თეთრი ლოტუსი) იყო, რომელმაც არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო შეზღუდული ან ანთოლოგიური სერიისთვის, რეჟისურისა და სცენარისთვის (მაიკ უაითი) და მეორეხარისხოვანი როლისთვის (მიურეი ბარტლეტი და ჯენიფერ კულიჯი). 

„Squid Game“-ს (კალმარის თამაში) საერთაშორისო ტრიუმფი გრძელდება. სამხრეთკორეულ დრამას რამდენიმე გამარჯვებული ჰყავდა, მაგრამ სერიალმა წელს ემის ისტორია შეცვალა.  წამყვანი როლის შემსრულებელი ლი იუნგ-ჯე პირველი აზიელი მსახიობია, რომელიც ემის მფლობელი დრამაში შესრულებული როლისთვის გახდა, ხოლო რეჟისორი დონგ-ჰიუკი პირველი აზიელი რეჟისორია, რომელმაც აღნიშნულ კატეგორიაში არაინგლისურენოვანი სერიალისთვის მიიღო იგივე ჯილდო. „კალმარის თამაში“ ადამიანების ჯგუფზე მოგვითხრობს, რომლებიც ვალებთან გასამკლავებლად დიდი ფულადი პრიზისთვის იბრძვიან, მაგრამ ამ პროცესში სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. სერიალი სტრიმინგ გიგანტის (Netflix) ჰიტად იქცა და კორეული დრამებისადმი ინტერესი გააღვივა.  

საღამოს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ კატეგორიაში –  საუკეთესო  მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში – ემი ზენდაიამ გაიმარჯვა  HBO-ს „Euphoria“-ში (ეიფორია) რუ ბენეტის როლის შესრულებისთვის.  ამ გამარჯვებით ზენდაია ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი გახდა, რომელმაც ემი აღნიშნულ კატეგორიაში ორჯერ მიიღო (პირველად 2020 წელს). „ეიფორია“ დღევანდელი სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალია, რომელიც ისეთ აქტუალურ თემებს ეხება, როგორიც არის ნარკოდამოკიდებულება, სექსუალური იდენტობა და ძალადობა მოზარდებში. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.