fbpx

ნაპოლი ყველგან ლიდერია!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

სექტემბრის დაძაბული გრაფიკი განსაკუთრებით ევროტურნირებზე მონაწილე გუნდებზე ახდენს ზეგავლენას, რაც ზოგჯერ არაორდინალურ შედეგებზეც აისახება.

მაგალითად, მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის გათამაშებაში ზედიზედ სამი მატჩი დაასრულა ფრედ, მეოთხე კი საერთოდ წააგო, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. 

სამაგიეროდ, მან ძალები შემოინახა ჩემპიონთა ლიგაზე ძირითადი მეტოქეების დასამარცხებლად და „ინტერის“ და „ბარსელონას“ ერთნაირი ანგარიშით 2:0 ძლევის შემდეგ, დიდი ალბათობით უკვე პირველი ორი ტურის შემდეგ მოიპოვა მერვედფინალის საგზური.

აი მეორე ადგილისთვის კი სწორედ რომ „ინტერი“ და „ბარსელონა“ იბრძოლებენ, რომლებიც ერთმანეთს 4 ოქტომბერს ჯუზეპე მეაცას სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

„ბარსელონამ“ შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარა „ბაიერნის“ წინააღმდეგ. ჩავი ერნანდესის ბიჭები მართლაც რომ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ შეხვედრას და ყველანაირად ეცადნენ უკანასკნელ პერიოდში „რეკორდმაისტერისგან“ მიყენებულ არაერთ დამცირებაზე პასუხის გაცემას, მაგრამ მათთვის საუბედუროდ მატჩის ბედი სწორედ მასპინძლებმა, მეორე ტაიმის დასაწყისში, სულ რაღაც ოთხი წუთის განმავლობაში გატანილი ორი გოლით გადაწყვიტეს და ორბურთიანი სხვაობის ამოღებაში მათ ვერც ყოფილი „ბაიერნელი“ ლევანდოვსკი დაეხმარა.

ერთი კია – სანამ „ბაიერნის“ კარს ნოიერი დაიცავს, ხოლო „ბარსელონისას“ კი მისი მუდმივი აჩრდილი გერმანიის ნაკრებში ტერ შტეგენი, კატალონიურ კლუბს მარტოოდენ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გაუჭირდება „რეკორდმაისტერზე“ რევანშის აღება…

ტერ შტეგენის დადანაშაულება თითქოს შეუძლებელია გაშვებულ გოლებში, მაგრამ ისიც საფიქრალია, რომ ნოიერი მის ადგილზე პირველ შემთხვევაში კარიდან არ გამოვიდოდა ან გამოსვლის შემთხვევაში შეძლებდა ბურთის მოგერიებას, ხოლო მეორე შემთხვევაში კი უფრო გაბედულად გამოიჭრებოდა კარიდან პირისპირ მყოფ ლეროი სანესთან წინააღმდეგ ორთაბრძოლაში.

თუკი „ბაიერნი“ მოპოვებულ უპირატესობას სავარაუდოდ, ხელიდან აღარ გაუშვებს, ჩვენებურ „ნაპოლის“ ასევე 100%-იანი შედეგის და საუცხოოო ბურთების სხვაობის მიუხედავად, მთავარი ბრძოლები წინ აქვს და მისი მერვედფინალში გასვლაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია.

ხვიჩა კვარაცხელიას არ ჰქონია საუკეთესო მატჩი „რეინჯერსის“ წინააღმდეგ, მაგრამ სწორედ ქართველი ფორვარდის მიერ შესრულებული დარტყმის შემდეგ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი მასპინძელთა კარის მიმართულებით, რასაც „რეინჯერსის“ კარში პირველი გოლი მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან მსგავსი ყურადღება „ნაპოლის“ სხვა არცერთ ფეხბურთელს არ რგებია, ხვიჩამ რამდენიმე ეპიზოდში გაიბრწყინა ინდივიდუალური ოსტატობით და მწვრთნელმაც მატჩის ბოლომდე არ გარისკა მისი მოედნიდან გაყვანა, იმდენად მნიშვნელოვანი იყო გლაზგოში სამი ქულის მოპოვება.

ჩემპიონთა ლიგის გათამაშების A ჯგუფში „ნაპოლის“ მთავარი კონკურენტები „ლივერპული“ და „აიაქსი“ კი წინა დღით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს

პირველ ტურში „ნაპოლისთან“ განადგურების შემდეგ მერსისაიდელები ყველანაირად ეცადნენ შინ სამი ქულის მოპოვებას და ეს გამართლების ხარჯზე მოახერხეს, რადგან თამაშის სცენარიდან გამომდინარე, არ იქნებოდა საკვირველი, რომ პირიქით, „აიაქსს“ მოეგო ეს მატჩი.

„ლივერპულის“ მსგავსად გაუჭირდა „მანჩესტერ სიტისაც“, რომელიც კარგა ხანს მარცხდებოდა შინ „დორტმუნდთან“ შეხვედრაში. 

მასპინძლებმა თამაშის შემობრუნება მატჩის უკანასკნელ ათ წუთში შეძლეს. გადამწყვეტი გოლი ერლინგ ჰალანდის ანგარიშზეა, რომელმაც ლევადოვსკისგან განსხვავებით, შეძლო თავისი ყოფილი გუნდის კარის დალაშქვრა.

ამავე ჯგუფში „კოპენჰაგენის“ და „სევილიას“ დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩი სრულად ჩაატარა დავით ხოჭოლავამ. ცენტრალური მცველის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა კი აუცილებლად წაადგება საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან კარს მომდგარ შეხვედრაში.

პირველი ორი ტურის შემდეგ „ბრიუგეს“ და „სპორტინგის“ სახით მოულოდნელი ლიდერები გამოუჩნდათ B და D ჯგუფებს. საინტერესოა ისიც, რომ ამ გუნდებს საკუთარ კარში ჯერ ერთი გოლიც არ გაუშვიათ და ერთნაირი ბურთების სხვაობა (5:0) აქვთ. 

გასულ ტურში „სპორტინგმა“ მატჩის ბოლოს გატეხა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგობა და ლონდონელთა კარში ორივე ბურთი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანა, „ბრიუგემ“ კი გასვლაზე უხერხული ანგარიშით 4:0 გაანადგურა „პორტო“.

„სპორტინგის“ მსგავსად, ორივე მატჩი მოიგო „ბენფიკამაც“, რომლის მიერ გასვლაზე „იუვენტუსის“ ანგარიშით 2:1 დამარცხება ამ უკანასკნელის ბოლოდროინდელი უნიათობიდან გამომდინარე, სენსაციად არ უნდა მივიჩნიოთ.

ამრიგად, თუკი წინა ტურში „ინტერმა“ გადადგა ნაბიჯი ჯგუფში ჩარჩენისკენ, მეორე ტურში მისგან მაგალითი უკვე „იუვენტუსმაც“ აიღო და თუკი „ბებერი ქალბატონის“ მოთამაშეები მებრძოლ სულისკვეთებას ვერ გამოიმუშავებენ, „ვილიარეალთან“ შარშანდელი მარცხის მსგავსი ფიასკო მათ ამჯერად ჯგუფში არ ასცდებათ.

პირველ ტურში „იუვენტუსის“ დამარცხების შემდეგ, ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა „პარი სენ-ჟერმენმაც“, რომელმაც გასვლაზე ჯგუფის აუტსაიდერი „მაკაბი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა. 

საინტერესოა, რომ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, რის შემდეგაც მესიმ, მბაპემ და ნეიმარმა თითო გოლით გატეხეს ბოლომდე მებრძოლი მეტოქის წინააღმდეგობა. 

მიმდინარე სეზონში როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე 100%-იანი მაჩვენებლით განაგრძობს ასპარეზობას მადრიდის „რეალი“.

ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა მეორე ტურში მატჩის ბოლოსკენ შეძლო „ლაიპციგის“ წინააღმდეგობის გატეხა და მორიგი სამი ქულის მოპოვება.

პირველი ბურთი ურუგვაელმა ლეგიონერმა ვალვერდემ ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ თავადვე დააგვირგვინა საგოლე დარტყმით. მეორე გოლი კი მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე, ტონი კროოსის გადაცემის შემდეგ, მარკო ასენსიომ გაიტანა.

შედეგი სასურველია ამავე ჯგუფში მონაწილე დონეცკის „შახტარისთვის“, რომელმაც წინა ტურში გასვლაზე „ლაიპციგის“  4:1 განადგურებით გააკვირვა საფეხბურთო სამყარო.

როგორც ჩანს, უკრაინელმა ფეხბურთელებმა სათანადოდ ვერ აღიდგინეს ძალები „სელტიკთან“ დაპირისპირების წინ და „შინ“, ვარშავაში, საბოლოოდ მასთან მატჩში ფრეს 1:1 დასჯერდნენ. 

„შახტარი“ უკვე ზედიზედ მესამე წელიწადია, რაც ჯგუფში მადრიდის „რეალთან“ ერთად ხვდება. 5 ოქტომბერს კი მას სწორედ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უწევს სტუმრობა, სადაც ეცდება, რომ ორი წლის წინანდელი სეზონის მსგავსად, დაამარცხოს ევროპის ყველაზე სახელოვანი კლუბი. 

აღსანიშნავია, რომ მაშინ „შახტარმა“ ორივე მატჩი მოუგო მადრიდის „რეალს“, მაგრამ საბოლოოდ ევროპის ლიგის პლეიოფის საგზურის მომტანი მესამე ადგილით დაკმაყოფილდა. ჯგუფში კი „ინტერი“ ჩარჩა.

„ნაპოლის“ მსგავსად, თავისი ჯგუფის ლიდერია „მილანიც“, რომელმაც იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს უმასპინძლა.

„რეინჯერსის“ შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ ამ მატჩშიც მოიპოვა პენალტი და გარდა ამისა, მოწინააღმდეგის სამ მოთამაშეს „აჰკიდა“ ყვითელი ბარათი, რითაც დიდწილად განაპირობა „ნაპოლის“ უმნიშვნელოვანესი მოგება და ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, საკუთარი გუნდის იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილშიც ლიდერის პოზიციის შენარჩუნება.

ასე რომ, სანაკრებო პაუზის წინ „ნაპოლი“ ყველგან ლიდერია. ხვიჩა კვარაცხელიას კი ქართველი გულშემატკივარი აწი ეროვნული ნაკრების ფორმით ჩრდილოეთ მაკედონიის და გიბრალტარის გუნდების წინააღმდეგ ერთა ლიგის დარჩენილ ორ უმნიშვნელოვანეს მატჩში იხილავს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.