fbpx

საკონცერტო დღიური #3 – მოლხენა როგორც წინააღმდეგობრივი ქმედება (IDLES, ლისაბონი-ბარსელონა-კოურა)


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი

ოდა მის უდიდებულესობა მოწყვლადობას, ემპათიას, ბრაზსა და ხმაურს

 

სხეულს ერთი უნიკალური თვისება აქვს, არასდროს გავიწყებს მომენტს, რომელსაც შენი გულ-მუცელი მიწისძვრასავით შეუზანზარებია. ბიოლოგიურ მემორი-ქარდზე თუ ნერვულ დაბოლოებებში დაარქივებული პირველადი რეაქციის სამხილები წამში გადაგიშლიან მთლიან სურათს – სად იყავი, როგორი ამინდი იდგა ფანჯარაში, იდექი თუ იჯექი, იწექი თუ ჰაერში ეკიდე, რა ეკიდა ოთახში კედელზე, ეზოში ვინმეს ხმა თუ ისმოდა… ეს ბიძგები მაშინვე სიყვარულის, ტერორის, ხანგრძლივი ბრაზისა თუ სევდის ენაში გადაითარგმნება ხოლმე და შენი სხეულიც დამატებით ძალებს შემოგაშველებს მთელი პროცესის სრულად შემოსანახად.

Brutalism-იც და Joy-ც უკვე მიყვარდა და ვუსმენდი, მაგრამ იმ დღეს, როცა მეგობარი გოგოს ბინაში გავიღვიძე და ტელეფონი შევამოწმე, იუტუბის შეტყობინება დამხვდა, watch IDLES NPR Music Tiny Desk Concert. არ მიყოყმანია (და არ ვიცი რატომ არ ვიყოყმანე იმ დილით – სამსახურში მაგვიანდებოდა), ტელეფონი ტელევიზორს დავუკავშირე და პატარა, 13-წუთიანმა კონცერტმა გამააზრებინა, რომ ენერგიას, რომელიც ეკრანიდან მოდიოდა, ძალიან დიდხანს მივეჯაჭვებოდი. სწორედ ეს ენერგია იყო მოლხენა, რომელიც ომებით, გლობალური დათბობით, ფაშიზმის აღზევებით და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით სავსე სამყაროში წინააღმდეგობისა და შესაბამისად, ამ წინააღმდეგობისას გადარჩენის რეცეპტს თუ არ გთავაზობდა, გადარჩენის შესაძლებლობაში მაინც გაჯერებდა: მოლხენა თავისთავად უნდა შემდგარიყო როგორც წინააღმდეგობრივი პროცესი.

 

 

იმ დღის შემდეგ სამ წელზე მეტი გავიდა, გლობალურ თუ პირად ცხოვრებაშიც ბევრი რამ გადაგორდა კამათელის სხვადასხვა გვერდზე, მაგრამ მაშინ აფეთქებული ენერგია დღემდეა ჩემი თავშესაფარი. და სწორედ IDLES-ის კონცერტზე ხვდები, რომ ამ თავშესაფარში მარტო არ ხარ. წარმოდგენა, რომელიც აუდიტორიის კათარსისით სრულდება, ნაკადების ის გალერეაა, სადაც მსმენელი თავის შეზანზარებულ გულ-მუცელში დაგროვილ განცდებს ბენდის აკუსტიკურ ნიაღვარს ატანს და რაღაც ხნით აბსოლუტური გამოფიტვის მაზოხისტურ სიმშვიდეში გადაეშვება ხოლმე.

 

ეს ბენდმაც იცის, რაც ამ წელს სამივე კონცერტზე დასწრებისას დამიმტკიცდა. სულ ბოლოს იყო პორტუგალიის სოფელ კოურაში, ტყისპირას გამართული ფესტივალი, მოკლე, მაგრამ მძლავრი შოუთი; მანამდე იყო Primavera ბარსელონაში, სადაც Gorillaz-ის პარალელურად უკრავდა ბენდი, ამიტომაც იქ ერთმანეთში გადაზელილი არცერთი მსმენელი არ იყო შემთხვევით მოხვედრილი; და სულ პირველად იყო ლისაბონი, დარბაზი „კოლისეუ“, სადაც მაშინ IDLES-მა ევროპული ტური დაასრულა, ბოლო კონცერტისთვის შემორჩენილი ძალები ბოლომდე გამოცალა. სამივე კონცერტი დაიწყო Colossus-ით, ბოლო წლებში დაწერილი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გამხსნელი სიმღერით, რომელიც თავისი პირქუში სიმშვიდით მოასწავებს იმ ქარიშხალს, რაც ძალიან მალე დატრიალდება. Colossus-ს შემაძრწუნებელი ძალა აქვს. რამდენიმე მეგობარს უთქვამს, რომ ამ სიმღერის პირველივე ნოტებიდან შიში იპყრობთ და შესაძლოა სწორედ ეს ტერორია ის ხელსაწყო, რომელიც თავიდანვე მუჭში გიქცევს აუდიტორიას და ოფლში გწურავს:

“Forgive me father, I have sinned
I’ve drained my body full of pins
I’ve danced ‘til dawn with splintered shins
Full of pins, full of pins
Goes and it goes and it goes, goes and it goes and it goes, goes and it goes and it goes, goes and it goes and it goes.”

 

გრძელდება და გრძელდება, გრძელდება და გრძელდება, გრძელდება და გრძელდება ეს ტერორი, ხუთი წუთი გაცილებით დიდხანს გეჩვენება, მერე ჯო გრძნობს, რომ აუდიტორიაში ყველა მსმენელი უკვე მოუთვინიერებია თავის გემოზე, ამიტომაც ჩერდება, იცის რა, რომ კონცერტზე მოშ-პიტს ვერ ასცდება, რომ მსმენელის ქანებში დაგროვილ ენერგიას განტვირთვა სჭირდება – ტერორით კი ამას ვერ მოახერხებს – თავადვე იწყებს მოშ-პიტის ორგანიზებას. 

 

„გაიყავით ორად!“
„ბოლომდე!“
„ბოლომდე!“
„მზად ხართ შეერწყათ ერთმანეთს?“
„მზად ხართ იზრუნოთ ერთმანეთზე?“

 

და იმ გამაშეშებელ ტერორს, რომელსაც სხეულით შემოსაზღვრული ტერიტორია აღარ ჰყოფნის, რომელიც ცოტაც და დალეწავს ნეკნების გალიას, ბენდი ლხინად გარდაქმნის. 

 


ლხინივე გრძელდება დარჩენილი ორი საათის განმავლობაში – სიყვარულით, ბრუტალიზმით, ცრემლით, მაზოხიზმით, აღმაფრენით სავსე ლხინი. სცენის წინ ვდგავარ, აღელვებულ მასაში გადაზელილი, და ვუყურებ, თუ როგორ ცეკვავს ფრიალა კაბით გრძელწვერა მარკ ბოუენი, როგორ ექსტაზში გადავარდნილან ბასისტი ადამი და გიტარისტი ლი და ამ შეშლილ ოთხეულს როგორ დარაჯად უდგას დრამერი ჯონ ბივისი, ბენდის კონცერტების მთავარი ხერხემალი, რომელსაც კულისებში დედა ელოდება. ჯო კი ღრიალებს და ველურივით აბზრიალებს მიკროფონს ჰაერში, ზოგჯერ კისერზეც შემოიხვევს კაბელს და თავს იგუდავს. ეს მისი მოწყვლადობის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი ფორმაა, რომელმაც თეატრალურ პერფორმანსის ტერიტორიას  უკვე დიდი ხნის წინ ჩაუარა და ახლა საკუთარ ბუნებრივ ჰაბიტატში იმყოფება. მაზოხისტური სიამოვნება კვებავს ვოკალისტს იმ ენერგიით, რომელსაც მერე ჩვენ გვიზიარებს. გვერდით ვიღაც ბიჭი გამეტებით მეჯახება და მხარზე მირტყამს, ერთხელ, მეორედ, მესამედ… ვერ ხვდება რას აკეთებს. როცა აცნობიერებს, რომ მტკენს, ფრთხება და თითქოს ფხიზლდებაო, ბოდიშს მიხდის და მეხუტება. მე კი ნამდვილად არ მცალია ვიფიქრო იმ ცხოვრებისეული საიდუმლოს გამორკვევაზე, თუ რა დონის მაზოხიზმის ატანა შეგვიძლია ადამიანებს, ამიტომაც იმ ბიჭს ვთხოვ არ მოერიდოს – შეუძლია ისევ დამარტყას. ეს ახლა ყველაზე ბუნებრივი პროცესია. ბრუტალური ძალა მთელ სხეულში გამჯდარა; ვუსმენ, თუ როგორ მღერის ჯო „I’m Smashing my Pretty Face“-ს და ვუყურებ, გარშემო მსმენელები საკუთარ სახეებს როგორ აწნავენ სილებს. ამ თითოეულ სილას ისევე შეიგრძნობ, როგორც იმ სიმღერის თითოეულ სტრიქონს. აღელვებულ მასას შერწყმული იხუთები, გრძნობ, რომ სუნთქვა აღარ გეყოფა თუ დარბაზის ბოლოში არ გადაინაცვლებ, ცდილობ თავი დაამშვიდო, სუნთქვით ვარჯიშებს იტარებ, თავს ეუბნები: „ისუნთქე, ისუნთქე, ისუნთქე“, ფონად კი უწყვეტად მიდის ძალიან მძლავრი და მძიმე მუსიკა, და ამ მაზოხისტურ გარემოში, როდესაც ერთ გადამწყვეტ წამს ახერხებ თვალწინ მიმდინარე პროცესი რეალობასთან დააკავშირო, თავს გრძნობ ძალიან ცოცხლად, არითმიულად ღმუი, ყეფ, ყვირი და გარშემო ათასობით ავარიულ ადამიანთან ერთად აჰყვები ტექსტს და ღრიალებ – “I’m alright I’m alriiiiiiight!” მერე მოულოდნელად ლი სცენიდან ხტება და პირდაპირ ჩემს მკლავებში ეშვება. ვერ ვხსნი რა ხდება. სიმღერა გრძელდება, ლის ვეხუტებით და როგორც ნამდვილ როკ-სტარს შეშვენის, ხელისგულებით გადავატარებთ ერთმანეთის თავებზე. ვიცით, რომ ლი ამას ყველა კონცერტზე აკეთებს, მაგრამ მერე რა?! მას ეს ისევე სჭირდება, როგორც ჩვენ გვჭირდება ლი, რომელიც თავს როკ-სტარად მართლა გრძნობს. IDLES-თან კომუნიკაციის მთელი ხიბლი სწორედ ესაა; ბენდი აუდიტორიას კითხულობს, აუდიტორია კი – ბენდს. ამიტომაცაა, რომ ბოლომდე ვიწურებით ერთმანეთისთვის და მსმენელიც მთელი გულით ვმღერით იმ სტრიქონებს, ჯოს რომ ასეთი განცდით დაუწერია:

„If you see me down on my knees, please do not think that I’m praying“


„They laugh at me when I run, I waste away for fun,


I’m my father’s son, his shadow weighs a tonne“


„My mother worked 15 hours 5 days a week


My mother worked 16 hours 6 days a week


My mother worked 17 hours 7 days a week“


„I played happy till my teeth hurt“

 

და კიდევ ბევრი.

 

როცა გგონია, რომ მორჩა, მეტს ფიზიკურად ვეღარ გაქაჩავ, ერთი დამატებითი ამოსუნთქვაც კი აღარ შეგიძლია, როცა „we won’t last five fuckin minutes with the body like mine and a mind like mine”, ეს სონიკური შტურმი გადაგივლის და  ყველაზე ნაღდი, ხისტი და მძლავრად მჟღერი ემპათიის ხმა გაძლევს დამატებით მხნეობას. ასე ძლებ აქტიურად IDLES-ის კონცერტზე, სადაც ორი საათი მართლა ისე გადის, რომ ერთი წამითაც კი არ ვარდება სიჩუმე – რომელიმე წევრზე შეყვარებულმა მსმენელმა „მიყვარხარ“ მაინც დაიძახოს ისე, რომ სცენაზე გაუგონ. 

სხვა არცერთ კონცერტზე არ მიგრძნია ბენდი ასე იცნობდეს თავის მსმენელს. თითქოს ყველაფერი იციან ჩვენზე – რისი თავი გვაქვს, სადამდე შეგვიძლია გავძლოთ – და თან გვცდიან, გვალოდინებენ, სიმღერებში ფრაზებს გვიწელავენ, ტრანსში გვითრევენ და მერე იწყებენ სიმღერას. ოღონდ ამას დასწავლილი ფორმულებით კი არ ახერხებენ, მართლა კითხულობენ აუდიტორიას, გეგონება, თითოეული მსმენელის თითოეული ამოსუნთქვას და პულსაციას გრძნობენო.

და მაინც, სუნთქვასა და პულსაციაზე, აღტაცებასა და სხვა სხეულებრივ შეგრძნებებზე წერა მხოლოდ ლამაზ დეკორაციად რჩება, როცა ცდილობ გადმოსცე ის გაუნელებელი ექსტაზი, რომელიც IDLES-ის კონცერტებზე ლხინსა და ბრუტალიზმს ახლავს თან. აქ შეიძლება ერთ წუთს მუხლებზე დაჩოქილი ჰყვებოდე სიმღერას, მეორე წუთს კი ჯორჯ მაიკლის თუ მერაია ქერის ჰიტს მღეროდეთ ერთად და იცინოდეთ, მესამე წუთს გვერდზე მდგარ უცნობს ეხვეოდე წელზე და ნელა ცეკვავდეთ, მეოთხე წუთს კი შენ და ის უცნობი ცეკვის ნაცვლად ერთმანეთს მუჯლუგუნებს ჰკრავდეთ. ბრაზიანი შესახედაობის კაცები ბრისტოლიდან დღევანდელ მუსიკალურ სცენაზე იშვიათად დიდი, ატომური ძალაა, მსმენელი კი მათი აფეთქების ღრუბლის ქვეშ ვდგავართ, მოწამლული, დაბინძურებული; არა და არ იფანტება ეს ღრუბელი, თუ სადღაც ხვრელი გაჩნდა და შუქმა გამოანათა და გამოფხიზლდი, როგორც თრობის მოგზაურობას სჩვევია, მეორე წუთს ისევ უკან შებრუნდები. იმდენ ხანს გაგყვება ეს მღელვარება, რომ არაა საჭირო მეორე დღეს მაინცდამაინც ფოტოებს და ვიდეოებს უყურებდე, განცდილი ისევ წინ რომ წარმოგიდგეს. თავს შემოუძახებ – ეს რა იყოო?! და ისევ ყველა შეგრძნება ცოცხლდება. 

 

“I guess is as far as we go, I guess is as far as we go, I guess is as far as we go, I guess is as far as we go.”


რეკომენდებული სტატიები
საკონცერტო დღიური #2 - ანსამბლი „მოდერნი“ & სტივ რაიში, თბილისი

საკონცერტო დღიური #2 - ანსამბლი „მოდერნი“ & სტივ რაიში, თბილისი

საკონცერტო დღიური #2 - ანსამბლი „მოდერნი“ & სტივ რაიში, თბილისი
შენება და ნგრევა მინიმალური ვარიაციებით - საკონცერტო დღიური #2 - ანსამბლი „მოდერნი“ & სტივ რაიში, თბილისი - მიხეილ ციხელაშვილი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.