fbpx

„მაისურაძე-ხოჯაპარუკოვის ქარვასლა“ – კულტურული მემკვიდრეობა


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ თავაძე

ტფილისის მეორე გილდიის ვაჭრების, ეგორ მაისურაძისა და  ალექსანდრე ხოჯაპარუკოვის ქარვასლა აშენდა 1893 წელს (192 ან 8а საქმე 3684), არქიტექტორ იოსებ გარიცელოვის პროექტით, იმ ადგილას, სადაც XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე ჯერ კიდევ იყო შენარჩუნებული ჩორსუ და ჭონხანა. ტრაპეციის მსგავსი ფორმის შენობა, ეტყობა, მაქსიმალურად ზუსტად იმეორებს ჩორსუს – დახურულ სავაჭრო მოედანს, სადაც სხვადასხვა დარგის ვაჭარ-ხელოსნების დუქნები იყო განლაგებული. „ჭონხანა – სპარსული წარმოშობის ორი სიტყვისგან  შედგება: „ჭონი“ – მექუდე და „ხანა“ – ადგილი. 

მექუდეთა რიგები ძველ თბილისში ძირითადად ორ ადგილას იყრიდნენ თავს:   ჭონხანა  დღევანდელი სიონის ქუჩის დასაწყისში ორივე მხარეს იყო განლაგებული და ჩორსუ კი აწინდელი სიონისა და ერეკლეს ქუჩების შესაყარზე მდებარეობდა. პატარა ჭონხანა (რამდენიმე დუქანი) თათრის (დღევანდელი ვახტანგ გორგასლის) მოედნის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მდებარეობდა, მენაბდეთა დუქნების გაგრძელებაზე, ციხის დიდი ეკლესიის (სურბ-გევორქის) წინ“. (თენგიზ კვირკველია „ძველთბილისურ დასახელებებში“ (1985 წ.)

ტფილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საქმეთა შორისაა საბუთი ტფილისის მეორე გილდიის ვაჭრებისთვის – ეგორ იოსების ძე მაისურაძისა და ალექსანდრე გრიგორის ძე ხოჯაპარუკოვისთვის გირაოს გაცემის შესახებ. 

ეგორ მაისურაძისა და ალექსანდრე ხოჯაპარუკოვის ქონების შესაფასებელი კომისიის წევრები იყვნენ კონსტანტინე ლუარსაბის ძე ფურცელაძე და თავადი ლევან ლევანის ძე ჩერქეზიშვილი. მათ შეისწავლეს და შეაფასეს მაისურაძისა და ხოჯაპარუკოვის ქონება, რომელიც მდებარეობდა სიონისა და ხარაზების ქუჩებს შორის, ქურქის რიგების კვეთაზე, ანუ ეს ტერიტორია უწინ იყო დიდი ჩორსუ. მაისურაძემ და ხოჯაპარუკოვმა  ყველა იქ განლაგებული 14 დუქანი სათითაოდ შეისყიდეს, რომელთა მიწის ნაკვეთი ჯამში შეადგენდა 256 კვ. საჟენს. მისი საზღვრები იყო: სიონის ქუჩა, ქურქის და ხარაზების რიგები. სიონის ქუჩის (ახლანდელი ერეკლე მეორის ქუჩა) მოპირდაპირე მხარეს ტერიტორიის ნაწილი ეკავა დავით სარაჯიშვილის და დავით ფორაქიშვილის დუქნებს, მერე იყო ყრუ ჩასახვევი, კვლავ სარაჯიშვილის ნაკვეთი და ალექსანდრე მანთაშევის დუქნები. აი, ამ ტერიტორიაზე შენდება ახალი ქარვასლა. 

კომისია ასე აღწერს ამ შენობას – „შენობა კარგი არქიტექტურისაა, აშენებულია მდგრადი მასალისაგან – ქვა-კირისგან, შენობის ხის ნაწილები ასევე კარგი მასალისგანაა, სამუშაოები კარგადაა ჩატარებული – არქიტექტურული წესების დაცვით. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ქარვასლა ტფილისში და ანანოვების ქარვასლას მხოლოდ სიდიდით და  სათავსოების რაოდენობით მცირედით ჩამოუვარდება. მასალებისა და მთლიანად შენობის ღირებულება 150 000 მანეთით შეფასდა.  საქმეში დევს გირავნობის ყველა გადახდილი საბუთი. შენობა ხანძრისგან დაზღვეული იყო მოსკოვის სადაზღვევო საზოგადოებაში 170 000 მანეთად; 1907 წლიდან კი სადაზღვევო საზოგადოებაში „როსია“. (ფ.394 ან 1 საქმე 1317)

1907 წელს იგივე ბანკში ეგორ მაისურაძე და ალექსანდრე ხოჯაპარუკოვი წარადგენენ ნასყიდობის ყველა საბუთს და ადასტურებენ ვისგან და როდის შეისყიდეს მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი დუქანი 1894-1895 წწ.-ში. 14 ნასყიდობის ყველა საბუთი საქმეშია დაცული. ეს არის სრული ჩამონათვალი იმისა, ვისგან შეისყიდეს მათ მიწის ნაკვეთები. 

  1. გადამდგარი გენერალი-მაიორი, თავადი არსენი ივანეს ძე და მისი მეუღლე, კნეინა ეკატერინე სოლომონის ასული ბებუთოვები
  2. ტფილისის მოქალაქის, დავით კუკუჯანოვის ქვრივი ელენა გრიგორის ასული და მისი მცირეწლოვანი შვილები – ასლანი, თამარი, მიხეილი შუშნიკ კუკუჯანოვები
  3. ტფილისის მოქალაქე აღა არუთინის ძე ავთანდილოვი
  4. კოლეჟსკი რეგისტრატორი ალექსანდრე მიხეილის ძე მუნტოევი
  5. ტფილისი მოქალაქე ივანე ზაქარიას ძე მატინოვი
  6. გუბერნიის მდივანი ევგრაფე ეგორის ძე ხოსროევი
  7. შუშის მოქალაქე გაბრიელ კაზარეს ძე ავაკოვი და ტფილისის მოქალაქე სერგო არუთუნის ძე კასპაროვი
  8. ტფილისის მეორე გილდიის ვაჭარი ბაღდასარ ივანეს ძე ტერ-პეტრუსოვი არის კონსტანტინე სერგის ძე ცურინოვის ნდობით აღჭურვილი პირი
  9. ტფილისის მოქალაქე ანა ტატეს ასული და კარაპეტ გევორქის ძე მამაჯანოვები, ნინა გევორქის ასული გაბრიელოვა-მამაჯანოვა
  10. ტფილისის მეორე გილდიის ვაჭარი ბაღდასარ ივანეს ძე ტერ-პეტროსოვი
  11. ტფილისის საპატიო მოქალაქეები – დავით და სიმონ ილარიონის ძე ფორაქიშვილები
  12. ტფილისი მოქალაქე გევორქ სტეფანეს ძე გევორქოვი
  13. სტატსკი სოვეტნიკი გრიგორი სოლომონის ძე აბესალომოვი
  14. ტფილისი მოქალაქე ისაია ივანეს ძე აბრამოვი“ (ფ.394 ან 1 საქმე 1339)

„ნაგებობის ფასადთა არქიტექტურული მორთულობა ისლამურ არქიტექტურულ ტრადიციას მისდევს. შეულესავი აგურის სიონის თუ ლესელიძის ქუჩების პირა ფასადთა არქიტექტურული მოტივების – ფართო სწორკუთხა ღიობები, სწორკუთხა ნიშებში ჩასმული ფართო ისრული თაღებით, შეწყობილი ნალისებრი მოხაზულობის სარკმლები – ჰარმონიულ ერთობლიობას ქმნის. 

აგურის კარნიზები ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სტალაქტიტური კარნიზების თავისებური ინტერპრეტაციაა. მეორე სართულს, ისრულ ღიობებს, თავის მხრივ, სამად დაყოფილი ფრამუგის შუა ნაწილი ერთმანეთზე დადებული ორი კვადრატის კომპოზიციას წარმოადგენს, რომელსაც ძირითად ქვედა ნაწილს სწორკუთხოვან შუა ღერძზე ჩართული მცირე ზომის რომბი ეხმიანება. მესამე სართულის ღიობთა ქვედა ნაწილს დანაწევრებული წესიერი გეომეტრიული ფორმის, ნალისებრ ფრამუგათა სოლომონის ბეჭდიანი კომპოზიცია აგრძელებს, ღიობთა ალათების აღწერილი ორი კომპოზიცია აღმოსავლურ (ისლამურ) არქიტექტურაში დიდად გავრცელებული მუშარაბის გამარტივებული სახეა, რომელთა ნახატიც ანალოგიას პოულობს XIX საუკუნის მიწურულს თბილისის სხვა ნაგებობებშიც.

ქარვასლის წინამორბედი ნაგებობა არაუგვიანეს XVIII საუკუნის უნდა იყოს“. (მაია მანია „საქართველოს სიძველენი“ #7-8 2005 წ თბილისის „შუა ბაზრის“ ერთი ქარვასლის ისტორიიდან)

სამწუხაროდ, ჯერ ვერსად მოვიძიე ზუსტი ინფორმაცია ამ ქარვასლის მფლობელების შესახებ. ეს კიდევ მომავალი კვლევის საგანია.  ორივენი ძველი ტფილისელი ვაჭრების ოჯახებიდან იყვნენ. ცნობილია, რომ ეგორ მაისურაძეს გარდა ქარვასლისა, კიდევ რამდენიმე შემოსავლიანი სახლი ჰქონდა თბილისში, რომელთაგან რამდენიმე დღესაც დგას, მაგალითად, სახლი ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე, ალექსანდრე ხოჯაპარუკოვის საკუთარი სახლი კი ხაჩატურ აბოვიანის ქუჩაზე (8 ნომერი). ასევე ცნობილია, რომ ეგორ მაისურაძის დისშვილი იყო პირველი გილდიის ვაჭრის, ერასტი ჭავჭანიძის მეუღლე. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.