fbpx

ვინ და რა ფასად იყიდის ხელოვნებას ექსპო ჯორჯიას პავილიონებში?


გააზიარე სტატია

ავტორი: ხათუნა ხაბულიანი

 

სახელოვნებო ბაზრობების სიჭარბე ჩვენი ეპოქის ნიშანია. ახალი ათასწლეულის დასაწყისში მათი რიცხვის ინტენსიურმა ზრდამ შეცვალა თეორეტიკოსების დამოკიდებულება ხელოვნების ბიზნესის მიმართ, გაჩნდა კვლევები თანამედროვე კულტურის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის, მისი როლისა და გავლენების ირგვლივ. მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ სახელოვნებო ბაზრობების, იგივე არტ ფეარების პოპულარობა გლობალიზაციის, მიგრაციული პროცესებისა და ზოგადად, ახალი მსოფლიოს ნიშანია, სადაც დომინანტურია სავაჭრო მოლების მოდელი და ეს სახელოვნებო ბაზრობებიც სწორედ სავაჭრო მოლების მოდელს იმეორებს – ერთ დიდი სივრცეში მოქცეული სხვადასხვა ბრენდების კოლექციებით. 

კრიტიკოსმა ჯერი სალცმა ერთხელ ეს ბაზრობები ადრენალინით გაჯერებულ ყიდვა-გაყიდვის სანახაობად მოიხსენია, სადაც „ინტიმურობა, თავდაჯერებულობა, მოთმინება და ფოკუსირებული თვალიერება საერთოდ არ არსებობს, ხელმეორედ შეხედვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია“. მოკლედ, ეს არის მეგაპოლისების რიტმისთვის სახასიათო თავბრუსდამხვევი სანახაობა კომერციული აზარტით და ყველა ცნობილი ქალაქის სახელოვნებო ბაზრობას აქვს თავისი სპეციფიკური მახასიათებელი; ამ სფეროს მცოდნეებმა კარგად იციან რით განსხვავდება ბაზელის ბაზრობა ლონდონის ბაზრობებისგან, ან რა ტიპის ხელოვნებას უნდა ელოდონ სტამბოლში, პეკინში ან დუბაიში…

თბილისის სახელოვნებო ბაზრობა 2018 წლიდან იმართება და პანდემიური პაუზის შემდეგ დაბრუნებას 22-25 სექტემბრის დღეებში აღნიშნავს საკმაოდ დატვირთული პროგრამით. აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ TAF-ს (თბილისის არტ ფეარი) რეგიონში ჰყავს საკმაოდ ძლიერი კონკურენტი – AAF – სომხეთის სახელოვნებო ბაზრობა ერევანში, რომელმაც 2022 წლის მაისში ასევე საინტერესო პროგრამა წარმოადგინა. კონკურენცია ყოველთვის კარგი მოტივაციაა და იმედია, ჯერი სალცის სიტყვებით რომ ვთქვათ, ადრენალინი კიდევ უფრო აიწევს.

წლევანდელი შოუს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია უკრაინის თემა, რომელსაც TAF Talks-ის ნაწილში 24 სექტემბერს საინტერესო სპიკერები წარმოადგენენ (ანა რიაბოშენკო, კონსტანტინ დოროშენკო, დიანა ფედორიაკა, ქსენია პეტროვსკა) და ისაუბრებენ ომის დროსა და ომის შესახებ შექმნილი ხელოვნების შესახებ. გარდა ამისა, ცალკე ექსპოზიციად იქნება ნაჩვენები 2018 წელს ფოტოგრაფ სერჰეი მელნიჩენკოს მიერ დაარსებული MYPH-ის კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი ნამუშევრები. ამავე დღეს საუბრების ნაწილში ასევე მნიშვნელოვანია  ფოტოგრაფი ქალების – დიანა ოგანოვასა და  ნათელა გრიგალაშვილის და ასევე  IWPA-ს (International Women in Photo Association) თანადამფუძნებლის,  არანცა არამბურუს მონაწილეობაც და მათი ანალიზი, თუ როგორ ჟღერს ქალების ხმა ფოტოგრაფიაში. საერთოდ, ფოტოგრაფია – ვიზუალური მედიუმი – აქცენტირებულია თბილისის ბაზრობის წლევანდელ გამოშვებაში და შესაძლოა, ამ ნაწილის განვითარებამ მომავალში განსაზღვროს კიდეც სახელოვნებო ბაზრობის თბილისური ვერსიის სპეციფიკაც. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ფოტოგრაფიაზე მომუშავე გალერეის – Valid Photo Gallery-ის მონაწილეობაც, რომელიც მასაო იმამამოტოს ნამუშევრებს წარადგენს.


რამდენადაც თბილისის სახელოვნებო ბაზრობისთვის განმსაზღვრელია რეგიონის თემა და მისი ერთ-ერთი ამოცანაც სამხრეთ კავკასიის განვითარებადი სახელოვნებო სცენის შესაბამისი წარდგენაა, მნიშვნელოვანია ჩვენს უშუალო მეზობლებთან თანამშრომლობა. თბილისის ბაზრობაზე და ზოგადად, საქართველოში განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის დიდი ისტორია აქვს საბინა შიხლინსკაიას, რომელიც საინტერესო გამოცდილების მქონე ხელოვანი, პედაგოგი, ფოტოგრაფი და კურატორია ბაქოდან. ის ამჯერად QGallery-ის მიერ წარმოდგენილი პროექტის კურატორია და კოლექციონერების გარდა ხელოვნების მიმდინარე პროცესებითა და უახლესი ისტორიით დაინტერესებულ ახალგაზრდებისთვის ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე სახელოვნებო დინამიკა და თავად საბინა შიხლინსკაიას გამოცდილებაც.

 

ადგილობრივი და უცხოური გალერეების გარდა TAF-თან თანამშრომლობას აგრძელებს დავით კაკაბაძის ფონდი, რომლისთვისაც განსაკუთრებით საინტერესოა ის ხელოვანები, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბის მოვლენებს მუდმივად აანალიზებენ, მიისწრაფვიან ამ დინამიკაში ჩართულობისკენ, ზრუნავენ საკუთარ განვითარებასა და მხატვრული ფორმების დახვეწაზე; ფონდი ამჯერად კოკა რამიშვილის ფერწერულ ნამუშევრებს წარადგენს. წლევანდელი პროგრამის განსაკუთრებით დამაინტრიგებელი ნაწილია  ასოციაცია ვიდეონალესთან თანამშრომლობის შედეგად წარმოდგენილი ვიდეონამუშევრების კოლექცია, რომლის ნახვაც ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში იქნება შესაძლებელი.

 

რასაკვირველია, სახელოვნებო ბაზრობის მთავარი წარმატება გაყიდული ნამუშევრების რაოდენობა და მათი რეიტინგებია, თუმცა, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების, თეორეტიკოსებისა თუ მხატვრებისთვის აღნიშნული ღონისძიება ასევე საინტერესოა ინფორმაციული და ანალიტიკური თვალსაზრისით. ამ დიდ სივრცეში შეიძლება დავინახოთ ზოგადი სურათი, თუ როგორ ვითარდება საგალერეო საქმე ქვეყანაში, რას ფენენ გამოცდილი, ან შედარებით ახალგაზრდა გალერეები, რომლებმაც უკვე შექმნეს თავიანთი იდენტობა, რა ინტერესები იკვეთება ხელოვნების მიმართ, რითაა დაინტერესებული ახალი თაობა და ა.შ. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა „სახელოსნოს“ (hive) განყოფილება, სადაც ცნობილ მხატვრებთან ერთად სრულიად უცხო სახელი ან საზოგადოებისთვის ჯერ უცნობი ნამუშევარი იქნება ნაჩვენები.

შედეგებზე საუბარი, რა თქმა უნდა, ღონისძიების დასრულებისა და  მისი ანალიზის შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუმცა, პროგრამა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება და რაც განსაკუთრებით დამაიმედებლად ჩანს, თბილისის სახელოვნებო ბაზრობა განვითარებისა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვას აჩვენებს. და იმედია, ოფიციალური გახსნის შემდეგ დღეებში ტემპერატურა არა მარტო შენარჩუნდება, არამედ მოიმატებს კიდეც.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.