fbpx

შემოდგომის სახელოვნებო აფიშა – ფესტივალები, გამოფენები, თეატრი


გააზიარე სტატია



ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

საქართველო შემოდგომაზე განსაკუთრებით დატვირთულია ფესტივალებით, კონცერტებით, გამოფენებითა თუ სხვადასხვა სახელოვნებო ინიციატივით. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ამ სტატიაში რამდენიმე მათგანზე მოგიყვეთ და გაგაცნოთ შემოდგომის სახელოვნებო აფიშა, სადაც ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის საინტერესო ამბის აღმოჩენაა შესაძლებელი.

 

თბილისის მე-4 ტრიენალე – “მიკროკლიმატი/განათლება”

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – “თბილისი” 1 ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში თბილისის მე-4 საერთაშორისო ტრიენალეს წარმოგვიდგენს, სახელწოდებით “მიკროკლიმატი – განათლება”.

ღონისძიებების სერია ერთი თვის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში მრავალფეროვან შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობას შესთავაზებს სტუმრებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არტისტები და შემოქმედებითი გაერთიანებები  როგორც საქართველოდან, ასევე გერმანიიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, დანიიდან, ჩეხეთიდან, აშშ-იდან, კორეიდან და ინდოეთიდან: Floating University (DE) და pjorkkala (SL), Social Design – ვენის სახვითი ხელოვნების აკადემია, ციურიხის ხელოვნების აკადემია, პრაღის ხელოვნების აკადემია, Kelp (IND), Institute for X (DK), ელკვონ კიმ (KR), მარეიკე ვენცელი (DE), ფრანცისკუს ბეპერლინგი (AT), ტარა მაკდაუელი და ბორის პორტნოი (USA), გიორგი მოზგოვოი (GEO), პარალელური კლასი (GEO), გია რაზმაძე – ძეგვის სკოლა (GEO), მაკა კილაძე და პლატფორმა კირკე (GEO), ქართული ვიდეოხელოვნების არქივისა და სანდრო სულაბერიძის კოლაბორაცია (GEO), ნოთ მუზეუმი (GEO), ილია მახარაძე – ყველაფრის მაღაზია/კონცერნი (GEO)…

თბილისის მეოთხე ტრიენალეს მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, აჭარა ჯგუფი, არტარეა, ფაბრიკა, კუბი კონტექსტში.

 

ლადო ალექსი-მესხიშვილი – არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე

20 სექტემბერს თიბისის ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობით, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში, გამოფენა “ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე” გაიხსნა. გამოფენაზე ქართველი არქიტექტორის ნამუშევრების მრავალფეროვანი კოლექცია ჩანახატებითა და ნახაზებით, ფოტოებით, ფილმებით, საარქივო მასალითა და მაკეტებითაა წარმოდგენილი.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ლადო ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები ასახავს როგორც ხელოვანის პიროვნულ შემოქმედებით ტრანსფორმაციას, ასევე ცვლილებებს მისი ნამუშევრების სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში და გვაჩვენებს არქიტექტორის განვითარების გზას ადრეული საკონკურსო პროექტებიდან დასრულებულ შენობამდე.

გამოფენა დიმიტრი ერისთავის და ლადო შონიას კურატორობით, ნინი ფალავანდიშვილთან თანამშრომლობით იმართება.

“ლადო ალექსი-მესხიშვილი ის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია, ვისმა შემოქმედებამაც საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ის ეკუთვნის ერთ-ერთ პირველ თაობას, რომელმაც არქიტექტურული განათლება საქართველოში მიიღო”.  – ვკითხულობთ პრესრელიზში.

გამოფენის დათვალიერება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-იდან 20:00 საათამდეა შესაძლებელი.

 

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი 2022 

24-29 სექტემბერს ქუთაისში  მეორე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი გაიხსნება 18:00 საათზე კინოთეატრ „საქართველოში“ მიხეილ კობახიძის ფილმით „ქორწილი“.   საზეიმო დახურვა და დაჯილდოება კი 29 სექტემბერს, 19:00 საათზე კინოთეატრ „საქართველოში“ გაიმართება. ფესტივალი დაიხურება მიხეილ კობახიძის ფილმით „მუსიკოსები“.

ფესტივალზე ქართველი და საერთაშორისო ჟიური საუკეთესო ფილმსა და საუკეთესო რეჟისორს გამოავლენს როგორც მხატვრული, ასევე  დოკუმენტური ფილმების პროგრამაში. გამარჯვებულს ფესტივალის პრიზი – ოქროს დინოზავრი გადაეცემა. ფესტივალზე ასევე იმუშავებს კინოკრიტიკოსების ჟიური, რომელიც თავის რჩეულს მიხეილ კობახიძის სახელობის ჯილდოს გადასცემს.

ფესტივალის წლევანდელი ფოკუს-ქვეყანა უკრაინაა, ამიტომ უკრაინული კულტურის განვითარებისა და მხარდაჭერის საერთაშორისო ფონდისა და ფრანგულ-უკრაინული ახალგაზრდული კინოფესტივალის – МIСТ-ის  მხარდაჭერით, ფესტივალზე თანამედროვე უკრაინულ მოკლემეტრაჟიან ფილმებსაც აჩვენებენ. 

ფესტივალის პროგრამა კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მასტერკლასებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს მოიცავს. ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქუთაისის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და თიბისი კონცეპტი. ფესტივალის საკმაოდ დატვირთულ პროგრამას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

ქართულ კულტურულ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, რომელიც 2009 წლიდან განსაკუთრებულ დღესასწაულს აწყობს თეატრის მოყვარულებისთვის.

26 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით თეატრალური ფესტივალი გამორჩეულ პროგრამას შესთავაზებს მაყურებელს – წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული სპექტაკლები, ასევე ისეთი საერთაშორისო პროექტები, როგორიცაა უკრაინის თეატრალური კომპანიის, „დახ დოთერზისა“ და ნორმანდიის ნაციონალური თეატრის კოპროდუქცია, სახელწოდებით „სიკვდილის როკვა“, ბერძენი რეჟისორის, დიმიტრი სტამუს წარმოდგენა “ჯამბაზების სახლები”, იაპონური ცეკვის თეატრის კომპანიის  „წყვეტილი ფიგურები“, რომელიც რეჟისორმა მიკიკომ მათემატიკის, უახლესი ტექნოლოგიების, ვიდეოგამოსახულებისა და ხელოვნური ინტელექტის სინთეზით განახორციელა. უფრო მეტი ქართული და საერთაშორისო პროგრამის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს სტატიებში. 

AZZ & WINE Kakheti

Eastern Promotions და თიბისი კონცეპტი 15 და 16 ოქტომბერს  მეექვსე ფესტივალს –  Jazz and Wine Kakheti-ს წარმოგიდგენთ. ფესტივალი კახეთში, წინანდლის მამულში გაიმართება და მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ჯაზმუსიკოსები, როგორებიც არიან – ელის ფრანსისი, კეილი ოდოერტის კვინტეტი და გერმანული ჯგუფი დი-ფაზი.  ფესტივალს წელს პირველად ეყოლება სტუმარი ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები. Jazz and Wine Kakheti-ის სტუმრებისთვის ღვინის დეგუსტაციაზე ქართული ღვინის 20-ზე მეტ მწარმოებელს ამერიკელი მეღვინე ნათან ზინდერი შეუერთდება (Nathan Zeender from Rockland Farms and Winery). სტუმარი ქვეყნის შეფმზარეული მეთიუ დოლანი კი (Chef Matthew Dolan) სტუმარ-მასპინძლებს ამერიკული კერძებით გაუმასპინძლდება. წინანდლის მამულში ჯაზისა და ღვინის ფესტივალი 15 ოქტომბერს, 13:00 საათზე ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ბილეთების შეძენისას თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებისთვის  – 10%-იანი ქეშბექი. 

 

Tbilisi Art Fair 2022

ორწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის თანამედროვე ხელოვნების  მესამე ბაზრობა ბრუნდება – Tbilisi Art Fair 25 სექტემბრის ჩათვლით საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში გაიმართება. წლევანდელ თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ისე დამოუკიდებელი ხელოვანები, რომლებსაც სახელოსნოს სექცია საშუალებას მისცემს, თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას გააცნონ. რეგიონში ყველაზე მასშტაბური სახელოვნებო სივრცე კიდევ ერთხელ მოუყრის თავს კურატორებს, კრიტიკოსებს, კოლექციონერებს, საერთაშორისო მედიასა და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენების გარდა, ბაზრობის ფარგლებში იგეგმება პერფორმანსები, ვორქშოპები, Taf Talks და სხვა ტიპის აქტივობები, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სცენებს შორის ურთიერთთანამშრომლობას წაახალისებს.

TAF-ი  22 სექტემბერს, 14:00-იდან 17:00 საათამდე  ექსკლუზიური დახურული ჩვენებით გაიხსნა, რომელზეც დამთვალიერებლები მხოლოდ მოსაწვევებით დაიშვებიან. 17:00 საათიდან კი ბაზრობა 4 დღის განმავლობაში ყველა მსურველს უმასპინძლებს.  

მეტი ბაზრობის და დეტალური პროგრამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში

ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის გამოფენა ATINATI-ის კულტურის ცენტრში

22 სექტემბერს, 18:00 საათზე  ATINATI-ს კულტურის ცენტრში ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის გამოფენა გაიხსნა. ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის უნიკალური ნამუშევარი – “ტრიპტიხი”, რომელიც ევროპიდან საქართველოში ATINATI-ის ხელშეწყობით სულ ახლახან დაბრუნდა.

როგორც მხატვრის შესახებ პრესრელიზში  ვკითხულობთ, “ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის სახელი ქართული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებას და 1980-იანი წლების ქართველი ნონკონფორმისტების პლეადის ჩამოყალიბებას უკავშირდება. მისი შემოქმედება საეტაპო მნიშვნელობის მოვლენაა ახალი ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიაში. ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე დაიბადა 1927 წლის 27 თებერვალს ტულუნიში, რუსეთში, სადაც მისი ოჯახი 1920-იანი წლების რეპრესიების დროს გადაასახლეს და საქართველოში მხოლოდ 1932 წელს დაბრუნდა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით. 1978–1988 წლებში მან შექმნა ფრესკები ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში, დიდუბის რაიონში (თბილისი). ალექსანდრე ბანძელაძე ერთ-ერთი პირველი მხატვარია, რომელმაც შემოიტანა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი საქართველოში და გავლენა მოახდინა ქართველ ხელოვანთა შემდეგ თაობაზე”.

გამოფენის ნახვა შესაძლებელია ATINATI-ის კულტურის ცენტრში, ინგოროყვას #9-ში, 22 ოქტომბრამდე.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.