fbpx

თბილისის მე-4 ტრიენალე – “მიკროკლიმატი/განათლება”


გააზიარე სტატია

 

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – “თბილისი” 1 ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში თბილისის მე-4 საერთაშორისო ტრიენალეს წარმოგვიდგენს, სახელწოდებით “მიკროკლიმატი – განათლება”.

ღონისძიებების სერია ერთი თვის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში მრავალფეროვან შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობას შესთავაზებს სტუმრებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არტისტები და შემოქმედებითი გაერთიანებები  როგორც საქართველოდან, ასევე გერმანიიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, დანიიდან, ჩეხეთიდან, აშშ-იდან, კორეიდან და ინდოეთიდან: Floating University (DE) და pjorkkala (SL), Social Design – ვენის სახვითი ხელოვნების აკადემია, ციურიხის ხელოვნების აკადემია, პრაღის ხელოვნების აკადემია, Kelp (IND), Institute for X (DK), ელკვონ კიმ (KR), მარეიკე ვენცელი (DE), ფრანცისკუს ბეპერლინგი (AT), ტარა მაკდაუელი და ბორის პორტნოი (USA), გიორგი მოზგოვოი (GEO), პარალელური კლასი (GEO), გია რაზმაძე – ძეგვის სკოლა (GEO), მაკა კილაძე და პლატფორმა კირკე (GEO), ქართული ვიდეოხელოვნების არქივისა და სანდრო სულაბერიძის კოლაბორაცია (GEO), ნოთ მუზეუმი (GEO), ილია მახარაძე – ყველაფრის მაღაზია/კონცერნი (GEO)…

თბილისის პირველი ტრიენალე თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით 2012 წელს გაიმართა, რომლის მთავარ თემას არაფორმალური სახელოვნებო განათლება წარმოადგენდა. პირველი ტრიენალეს პროგრამა ერთთვიანი გამოფენების, ვორკშოპებისა და სხვა საზოგადოებრივი აქტივობების სერიას აერთიანებდა. მასში მონაწილეობდნენ  არტისტები, კურატორები, შემოქმედებითი კოლექტივები და თეორეტიკოსები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან. 

თბილისის მეორე ტრიენალეს თემა იყო თვითორგანიზებული სისტემები, რომელიც 2015 წელს ჩატარდა. 2018 წლის ტრიენალეს მთავარ თემას კი ნება წარმოადგენდა.

თანამედროვე ხელოვნების ცენტრის  გამოცდილებით  გაჩნდა თბილისის მეოთხე ტრიენალეს მთავარი თემა და სახელწოდება – მიკროკლიმატი/განათლება:

ხეთა ჩრდილქვეშ, ფერდობის შორეულ კალთაზე, სტატისტიკური გამოთვლებისა და ალგორითმების ბადის მიღმა არსებობს მიკროკლიმატი, რომელშიც ვცხოვრობთ. აქ თხელ გარსში ვპოულობთ ცხოვრების პირობების ყველაზე მდიდარ გრადიენტებს. ჩვენი სახლიდან – დედამიწიდან – 2-3 მეტრის ზემოთ და ქვემოთ, ტემპერატურა და ტენიანობა, იდეები და შემოქმედებითობა მრავალფეროვანი და კომპლექსურია. ნიადაგი და მცენარეულობა, გრძნობები და წარმოსახვა უპასუხებს სასიცოცხლო პირობებსა და წარმოშობს ჩვენთვის ნაცნობ იდეებს. ეს განსხვავებულობის ატმოსფეროებია, სადაც ნიმუშები და პროცესები სპეციფიკურია; განსხეულებულია გრძნობაში და მოპასუხეა ფაქტობრივ მდგომარეობაზე.

თბილისის ტრიენალეს მეოთხე გამოცემა გვთავაზობს, დავსახლდეთ განსხვავებულობის ატმოსფეროებში და ჩვენი შემოქმედებითი გამოხატვისა და მასალის გამოცდილების მიმართვის ახალი გზები ვიპოვოთ. ტრიენალე –  “მიკროკლიმატი/განათლება” აერთიანებს ორ მიმართულებას, რომლებმაც გასულ ათწლეულში გააცოცხლეს CCA-თბილისი – ადგილზე დაფუძნებული პრაქტიკა და საგანმანათლებლო ექსპერიმენტები. ეს მიმართულებები ჩარჩოში აქცევს  მოქმედების ჰორიზონტს, რომელიც, ერთი მხრივ, გვამიწებს ადგილის უშუალო პირობებში, და მეორე მხრივ, გვიხსნის გზას ჯერ კიდევ განუსაზღვრელი მომავლისაკენ.

არაფორმალური საგანმანათლებლო პლატფორმების შემუშავებისას აღმოვაჩინეთ, რომ ჭეშმარიტი სასწავლო პროცესების ცენტრი დინამიკურ წონასწორობასა და კვლევის ატმოსფეროებშია. დინამიკური ატმოსფეროს შექმნა და შენარჩუნება სამუშაო პროცესია, რომელშიც ადამიანები ნდობასა და გაბედულებას, სასურველი პოტენციალის უყოყმანოდ გამოვლენას სწავლობენ. ეს მიკროკლიმატის სამუშაო პროცესია. აქ ყურადღება გამახვილებულია არა ცოდნის გადაცემის ხარისხზე, არამედ მის მხარდამჭერ გარემოსა და პროცესის ხარისხზე – შესაძლებლობის პირობებზე.

“მიკროკლიმატი/განათლება” წაახალისებს გარემოს შემოქმედებით – მოაზროვნეებითა და მოსწავლეებით, რომლებიც იზიარებენ ადგილის სპეციფიკას და განავრცობენ სწავლის პირობებს. როდესაც ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ხვდება და ნაწილდება, შემოქმედება ნამდვილ პლურალისტურ პროცესად ვითარდება; ინტუიციური და რაციონალური ურთიერთსაწინააღმდეგო აღარ არის; ჩნდება შემთხვევის, შეცდომის და პარადოქსის საშუალება  და იქმნება ამ დინამიკურ მდგომარეობაზე რეაგირების ქსელი. თბილისის მე-4 ტრიენალეს მეშვეობით ჩვენ ვაგრძელებთ შემოქმედებითი გამოხატვის ალტერნატიული ფორმების წახალისებას, რომლებიც დაფუძნებულია სამყაროსთან ჩართულობაზე მთელი მისი სირთულეებითა და წინააღმდეგობებით.

თბილისის მეოთხე ტრიენალეს მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, აჭარა ჯგუფი, არტარეა, ფაბრიკა, კუბი კონტექსტში.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.