fbpx

ქუთაისის მე-2 საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი 24-29 სექტემბერს გაიმართება


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თინა ლაღიძე

 

2022 წლის ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მიხეილ კობახიძის ფილმით – „ქორწილი“ 24 სექტემბერს, 18.00 საათზე კინოთეატრ „საქართველოში“ გაიხსნება და 6 დღის განმავლობაში ფართო აუდიტორიას  მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. 

KISFF – ორი, მხატვრული და დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსისგან შედგება. მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჟიურის თავმჯდომარე ნანა ჯორჯაძეა, ჟიურის წევრები – ალექსანდრე კობერიძე, კატია კრაუსოვა, გალინა სულიმა და  ედვინას პუკშტა არიან.

“პაპანაქება” – რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი, საქართველო

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გამარჯვებულებს ჟიურის თავმჯდომარე –  ინეკე სმიტსი, კოტე კალანდაძე და გიორგი ბოჭორიშვილი  ორ კატეგორიაში გამოავლენენ: საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.
ორივე სექციის  გამარჯვებულებს ფესტივალის პრიზი – ოქროს დინოზავრი გადაეცემათ.
ფესტივალზე აგრეთვე იმუშავებს  კინოკრიტიკოსების ჟიური: ლელა ოჩიაური (თავმჯდომარე), თეო ხატიაშვილი და  ბასტი მგალობლიშვილი, რომლებიც თავიანთ რჩეულს  მიხეილ კობახიძის სახელობის ჯილდოს გადასცემენ. 

ფესტივალის საპატიო სტუმარია ბერძნული წარმოშობის ამერიკელი კინოოპერატორი და რეჟისორი ფედონ პაპამაიკლი, რომელიც მრავალი პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდოს მფლობელია. ფესტივალის ფარგლებში შედგება მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის – „მშვენიერი დღე“ ქართული პრემიერა და შეხვედრა-სემინარი ავტორთან.

ფესტივალის წლევანდელი ფოკუს-ქვეყანა  უკრაინაა. უკრაინული კულტურის განვითარებისა და მხარდაჭერის  საერთაშორისო ფონდისა და ფრანგულ-უკრაინული ახალგაზრდული კინოფესტივალის, МIСТ-ის მხარდაჭერით ნაჩვენები იქნება თანამედროვე უკრაინული მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნება ობერჰაუზენის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამა, რომელიც სპეციალურად ამ  ფესტივალისათვის არის შექმნილი და რომელსაც ფესტივალის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კურატორი – ქრისტიანე ბიუხნერი წარმოადგენს. 

იონას მეკასის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში ლიეტუვის საელჩოსთან და CinExpress-თან თანამშრომლობით ნაჩვენები იქნება მისი ფილმები. 

საქართველოს ეროვნული არქივი წარმოგვიდგენს პროგრამას „ქუთაისი და წყალტუბო საბჭოთა კინოქრონიკაში“. აგრეთვე კინოარქივისა და საქართველოს კინოცენტრის ხელშეწყობით ნაჩვენები იქნება აღდგენილი ქართული კინომემკვიდრეობა: “მაგდანას ლურჯა” და “ალავერდობა”. 

რეჟისორი ფოკუსში – ოთარ იოსელიანი. ნაჩვენები იქნება მისი ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილი მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

“აპრილი”, რეჟისორი ოთარ იოსელიანი, საქართველო

 

ტრადიციულად, ფესტივალზე  წარმოდგენილი იქნება ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა.

მირაჟი” – რეჟისორი გურამ ბაქრაძე

მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს შარშანდელი ბერლინალეს FIPRESCI international film critics association Berlinale – საერთაშორისო კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზის მფლობელი რეჟისორის, ალექსანდრე კობერიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
აგრეთვე ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელია ვრცელი საგანმანათლებლო პროგრამა:

ქართველი მხატვრისა და დიზაინერის, გუგა კოტეტიშვილის მასტერკლასი „ფერი კინოში“.

 

სლოვაკური წარმოშობის ბრიტანელი პროდიუსერისა და რეჟისორის, კატია კრაუსოვას მასტერკლასი „კრეატიული პროდიუსერი და საერთაშორისო კო-პროდუქცია“

ქართველი მსახიობების და ქასთინგის რეჟისორების, ეკა მჟავანაძის და თეკლა ჯავახაძის მასტერკლასი „მსახიობი და თანამედროვე კინოს გამოწვევები“

ფესტივალის ფარგლებში იმუშავებს მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარის განვითარების ვორქშოპი, ტუტორები: სცენარისტი, რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე, სცენარისტი, რეჟისორი უტა ბერია. ვორქშოფის ფარგლებში მასტერკლასებს ჩაატარებენ სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი ლეო გაბრიაძე და პროდიუსერი თიკო ნადირაშვილი.

ფესტივალის საზეიმო დახურვა და ლაურეატების დაჯილდოება შედგება 29 სექტემბერს, 19.00 საათზე კინოთეატრ „საქართველოში“. ოფიციალური ნაწილის შემდეგ ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის „მუსიკოსები“.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.