fbpx

ავტომატური ავტოგოლი და ქუსლით განგმირული ბუნდესნაკრები


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

მთელი კვირის განმავლობაში ევროპის კონტინენტი სანაკრებო ფეხბურთმა მოიცვა. ჩვენი გულშემატკივრებისთვის კი იგი დიდი ზეიმით აღინიშნა, რადგან საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხების შემდეგ, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა C კატეგორიის მე-4 ჯგუფში პირველი ადგილი და მომავალ გათამაშებაში B კატეგორიაში ასპარეზობა.

ბოლომდე გავსებულ „დინამო არენაზე“ მისული გულშემატკივრები მატჩის პირველი წუთებიდანვე უშეღავათო ბრძოლის შემსწრენი გახდნენ, რადგან სტუმრები, გარდა იმისა, რომ გამარჯვების შემთხვევაში პირველი ადგილის დაკავების შანსს ინარჩუნებდნენ, შინ ანგარიშით 0:3 წაგებულ მატჩზე რევანშის აღების დაუოკებელი წყურვილითაც იყვნენ ჩამოსულნი.

მათი გარემარბი ილმაზიც მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ „ნაპოლიში“ ის ხვიჩა კვარაცხელიაზე ძლიერია, მაგრამ კოვზი მას ნაცარში პირველი ტაიმის 35-ე წუთზე ჩაუვარდა, როდესაც ხვიჩამ ტრადიციულად ფლანგი შეიცვალა და რამდენიმე მცველის ჩამოტოვების შემდეგ, ისეთი სიძლიერის გამჭოლი გადაცემა განახორციელა, რომ საკუთარი კარის წინ მდგომმა მიოვსკიმ ფეხიდან ბურთის ასხლეტის მომენტში ოდნავ გვერდზე გაწევაც კი ვერ მოასწრო და უბრალო ფიზიკურ სხეულად ქცეული, ავტომატურად ავტოგოლისტად იქცა…

ამ გოლის მნახველი სტაჟიანი გულშემატკივრები აუცილებლად ლეგენდარულ მიხეილ მესხს გაიხსენებდნენ, რომელსაც ფლანგზე გარღვევების შემდეგ, ასევე ახასიათებდა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებზე „ავტომატური ავტოგოლების“ თავს მოხვევა.

პირველმა გოლმა რადიკალურად შეცვალა მატჩის მიმდინარეობის სცენარი და მაყურებლებმაც დიდი ზეწოლა მოახდინეს დაბნეულ სტუმრებზე, რომლებმაც შესვენებაზე მათთვის არასასურველი შედეგით დატოვეს მინდორი.

ტაიმის მოგებამ საქართველოს ნაკრებს დიდი უპირატესობა შესძინა და მატჩის მეორე ნახევარში მის გააზრებულ და მიზანმიმართულ ქმედებებს სტუმრები ქაოსური ინდივიდუალური გაელვებებით თუ უპასუხებდნენ. 

მასპინძელთა შესანიშნავად აწყობილი გუნდური თამაშის დამაგვირგვინებელი ეპიზოდი კი სტადიონზე მისულმა გულშემატკივრებმა შეხვედრის 64-ე წუთზე იხილეს, როდესაც ბუდუ ზივზივაძემ მოედნის ცენტრის სიახლოვეს ჩაჭრა გადაცემა, გაიგდო ბურთი წინ და მეტოქის კართან მიახლოებულმა თავად კი არ დაარტყა, არამედ ხვიჩა კვარაცხელიას გადაუგზავნა ბურთი, რომელმაც მატჩის საბოლოო შედეგი – 2:0 ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დააფიქსირა.

აწი ჩვენი გუნდის ყურადღება პლეიოფის მატჩებზე გადაერთვება, რაც უკვე შესაძლო პენალტების სერიებისთვის განსაკუთრებულ მობილიზებასაც უნდა ითვალისწინებდეს. 

„ბაიერნში“ კარლო ანჩელოტის გვერდზე ნამუშევარი ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით კი ჩვენი ფეხბურთელები იმედია, მაქსიმალურად გაწონასწორებულნი შეხვდებიან გადამწყვეტ დაპირისპირებებს, რაც უკვე მთავარ ზეიმამდე მიგვიყვანს… 

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ნაკრების მსგავსად, გასული კვირა წარმატებული აღმოჩნდა თემურ ქეცბაიასთვის, რომელმაც კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველივე მატჩში გაიმარჯვა საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან 1:0.

ამ მოგებით გარდა იმისა, რომ კვიპროსის ნაკრებმა თავი დააღწია ჯგუფში ბოლო ადგილს, მან ასევე საბერძნეთის ნაკრები C კატეგორიის გუნდებს შორის ლიდერის პოზიციიდან ჩამოაქვეითა, რითაც ბოლო ტურის წინ ავტომატურად ხელი შეუწყო ნახევარფინალისტთა შორის საქართველოს ნაკრების დაწინაურებას. 

ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში კი ჩვენი გუნდი ჯგუფში თვით ინგლისის ნაკრებთან ერთად შეიძლება აღმოჩნდეს, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე სამარცხვინო გამოსვლით, ერთი ტურით ადრე „მოიპოვა“ B კატეგორიის საგზური.

ინგლისელებს იტალიელებთან მატჩში მიეცათ მეტი თავგანწირვის გამოჩენის და შელახული თავმოყვარეობის ოდნავ მაინც აღდგენის შესაძლებლობა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე, მაგრამ, როგორც ჩანს, ფეხბურთის სამშობლოდ წოდებული ქვეყნის ფართოდ რეკლამირებული გუნდის წარმომადგენლები მართლაც განიცდიან კვალიფიკაციის გარკვეულ დეფიციტს, რაზეც მათ მიერ ერთა ლიგის ტურნირის პირველ ხუთ მატჩში გატანილი ერთადერთი და შვიდი გაშვებული ბურთი მეტყველებს.

ინგლისელები მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ ახლად “მშენებარე” იტალიის ნაკრებთან, რომელსაც სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიასთან განცდილი მარცხის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების გამო აუტოკდა თავმოყვარეობის ძარღვი…

სანაკრებო კარიერაში პირველი მარცხი განიცადა ჰანს-დიტერ ფლიკმა, რომლის ბუნდესნაკრებს მატჩის მე-17 წუთზე ქუსლის ერთი მოქნევით და მეკარე ტერ შტეგენის თავზე გადატარებით, დამცინავი ბურთი გაუტანა უნგრელმა თავდამსხმელმა შალაიმ.

გარდა იმისა, რომ გერმანიის ნაკრები ასეთი გოლების გაშვებას არ არის მიჩვეული, გაკვირვებას იწვევს ის ამბავი, რომ მან დარჩენილ დროში ვერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ნუთუ ამის მიზეზიც მეკარე ნოიერის არყოფნაა?!

გერმანიის ნაკრებთან გასვლაზე სენსაციური მოგებით უნგრეთის ნაკრებმა 5 ტურის შემდეგ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების მაქსიმალური შანსი შეინარჩუნა.

სამაგიეროდ, ბოლო ტურის წინ ლიდერი შეიცვალა A კატეგორიის მე-4 ჯგუფში, სადაც პორტუგალიის ნაკრებმა გასვლაზე ჩეხეთი ანგარიშით 4:0 გაანადგურა და ორი ქულით გადაასწრო ესპანეთს, რომელიც შინ შვეიცარიის ნაკრებთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიამ ესპანეთი უკანასკნელად 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში დაამარცხა. მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვების მიუხედავად, მაშინ იგი ჯგუფში ჩარჩა, ხოლო ესპანეთის ნაკრებმა კი მომდევნო  ექვსივე შეხვედრა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

აწი ესპანეთმა ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ბოლო ტურში გასვლაზე პორტუგალიის ნაკრები უნდა დაამარცხოს, რაც ამ გუნდების უკანასკნელი შეხვედრების მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რადგან პორტუგალიამ ჩეხებთან საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა, ხოლო ესპანეთმა კი დაახლოებით ისეთი, როგორიც რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

შესანიშნავად გამოიყურება ნიდერლანდების ნაკრები, რომელსაც აშკარად დაატყო საკუთარი ხელი გამოცდილმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა. ნიდერლანდები A კატეგორიის გუნდებიდან ერთადერთია, რომელმაც თავიდანვე ჩაიგდო ხელთ ლიდერის პოზიცია და ბოლომდე არ გაუშვია იგი.

პირველ წრეში გასვლაზე მუდმივი მეტოქის, ბელგიის ნაკრების სამბურთიანი უპირატესობით განადგურების შემდეგ, ბოლო ტურში „ნარინჯისფრებმა“ შინ უკვე მოკრძალებული ანგარიშით 1:0 დაამარცხეს პრინციპული მეტოქე და 16 ქულით დაასრულეს ჯგუფური ეტაპი.

გაცილებით დრამატული სიტუაცია შეიქმნა A კატეგორიის პირველ ჯგუფში, სადაც ბოლოსწინა ტურში ხორვატიამ დანიასთან შინ მოგებით – ანგარიშით 2:1  ამ უკანასკნელს ლიდერის პოზიცია ჩამოართვა და ბოლო ტურში ავსტრიის ნაკრებს ესტუმრა, რომელსაც თავის მხრივ მოგების შემთხვევაში, B კატეგორიაში გავარდნისგან შეიძლებოდა თავი დაეღწია.

დაძაბული მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა, პარალელურ რეჟიმში კი დანიის ნაკრები შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრაში, რაც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს ინგლისის ნაკრების ბედის  გაზიარების საფრთხეს უქმნიდა.

ფრანგები ისევ ხორვატებმა გადაარჩინეს, რომელთაც მეორე ტაიმში ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს რალფ რანგნიკის „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემდეგ, კიდევ ერთ „მშენებარე“ გუნდს და სრულიად სამართლიანად გაიფორმეს ჯგუფში პირველი ადგილი, რადგან წარუმატებელი სტარტის შემდეგ მათ ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგეს.

A კატეგორიის გუნდების ნამდვილი შესაძლებლობები კი სულ მალე, კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოჩნდება, თუმცა იქ „სკუადრა აძურას“ ვერ ვიხილავთ… 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.