fbpx

თბილისის სპორტის სასახლე – ლადო ალექსი-მესხიშვილის არქიტექტურის ისტორია


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი
სტატიისთვის გამოყენებულია ვიზუალური მასალა Tbilisi Architecture Archive-დან

 

თბილისის სპორტის სასახლე, რომლის პროექტირებაც 1956 წელს დამთავრდა და 1961 წელს აშენდა, არქიტექტორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილს ეკუთვნის, თანაავტორებთან  – იური კასრაძეს და თემო ჯაფარიძესთან ერთად. სპორტის სასახლის გუმბათის უნიკალური კონსტრუქცია კი ინჟინერმა დავით ქაჯაიამ შეიმუშავა. მისი საზეიმოდ გახსნის წელს საბურთალოს ეს ტერიტორია სრულიად გამწვანებულ არეალში იყო მოქცეული. 

სპორტის სასახლე / ავტორი და თარიღი უცნობია / © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

შენობა რამდენიმე საფეხურით ამაღლებულ სტილობატზე დგას და საკმაოდ მძიმე კონსტრუქციაა. მისი ფასადი მოპირკეთებულია ეკლარის ღია ფერის ქვით. შენობის ოთხივე კუთხეში კიბეებია მოწყობილი, სამი მხრიდან დატანებული  თაღები  ქალაქსა და ინტერიერს შორის გარდამავალ სივრცეს ქმნის,  გუმბათის  რთული კონსტრუქცია კი შიდა კედლებს უჭირავს. სპორტული მოედნიდან გუმბათის ცენტრამდე სიმაღლე 35 მეტრია. თაღებიდან განათება სპორტულ მოედანზეც შთამბეჭდავად აღწევს. სპორტის სასახლე 9305 მაყურებელს იტევს. 2001 წელს მას გივი კარტოზიას სახელი მიენიჭა.

ფასადები და მათი ვარიანტები / ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი / © ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის პირადი არქივი

როგორც ლადოს მეუღლე, ლანა ღოღობერიძე აღნიშნავს, სპორტის სასახლის დაპროექტების და მშენებლობის მღელვარე ისტორია თითქმის დეტექტიურ ჟანრში ვითარდებოდა. პროექტი საბჭოთა კავშირში დაწესებულ ნორმებს არ შეეფერებოდა, არც სპორტის სასახლისთვის აუცილებელ ზომებს  აკმაყოფილებდა, არქიტექტორს კი მეგობრებთან ერთად გაუჩნდა იდეა, რომ მოსკოვისთვის დაემალათ ნამდვილი ნაგებობის სიდიადე და პროექტისთვის აუცილებელი მოცულობის მისაღწევად, სიმაღლის დიდი ნაწილი მიწაში ჩაეტანათ.

ეს ყველაფერი მალულად მოხდა, საქართველოს მთავრობამ მოსკოვთან შეთანხმების გარეშე ჩადო მშენებლობაში დამატებითი თანხები. ეს ლადოს და მისი მეგობრების ძალიან დიდი გამარჯვება გახლდათ.

სპორტის სასახლე / ლადო ალექსი-მესხიშვილის ჩანახატები, 1956 / © ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის პირადი არქივი

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ლადო ალექსი-მესხიშვილის პირადი არქივის ჩანახატები და ესკიზები, სადაც შენობის ფასადის გადაწყვეტის ვარიანტები ინახება და კარგად ჩანს, როგორ მუშაობდნენ მის კონცეფციაზე. 

სპორტის სასახლის სახურავზე / წინა პლანზე: არჩილ ქურდიანი, დავით ქაჯაია / უცნობი ქალი სპორტის სასახლის თავზე / ფოტოების ავტორი და თარიღი უცნობია / © დავით ქაჯაიას პირადი არქივი


გუმბათის მშენებლობა / ფოტოს ავტორი და თარიღი უცნობია / © დავით ქაჯაიას პირადი არქივი

ინტერიერი / ფოტოს ავტორი უცნობია / © “ნოვი ტბილისი”, ჯანბერიძე მაჩაბელი, 1981

ტანმოვარჯიშე მზია ნინოშვილი, სპორტის სასახლე / ფოტოს ავტორი და თარიღი უცნობია / © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

მიხეილ ქორქია, კალათბურთის მატჩი, სპორტის სასახლე / © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.