fbpx

ტონთიო – ამბავი ოქროს მთებზე


გააზიარე სტატია

გორის ხელოვნების სახლი და ტურისტულ-ალპინისტური კლუბი “ტონთიო”  11 სექტემბრიდან წარმოადგენს გამოფენას: „ტონთიო – ამბავი ოქროს მთებზე“.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როცა ცხოვრების უკვე განსაზღვრული სცენარი ადამიანისთვის ტიპურ მომავალს წარმოადგენს, გორში ახალგაზრდა მეგობრები სირთულეების საძებნელად მთაში სიარულს იწყებენ. 1982 წელს კი საერთო მისწრაფების გარშემო შეკრებილი ენთუზიასტები „ტონთიოს“ ქმნიან. ეს მოვლენა დღევანდელი გადმოსახედიდან მათი ახალგაზრდული გულწრფელობისა და სპონტანურობის ბუნებრივი გამოვლინებაა.

გამოფენა აგებულია ქრონოლოგიურად და მოიცავს ექსპედიციებს 1980-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე. 

 

ალპინიადა, 19 მაისი, 1989

ექსპოზიცია ლოკალური მოვლენების გარდა აირეკლავს საქართველოში მიმდინარე სოციალურ პროცესებს.

 

მწ. 9 აპრილი

1989 წლის 9 აპრილის მოვლენები თავისებურად აირეკლა ტონთიოზე. 1989 წლის 26 ივნისს გორელ ალპინისტთა ჯგუფი ხდის ხეობაში, უსახელო მწვერვალზე ადის და გორიდან საგულდაგულოდ წაღებულ ფირფიტას ამაგრებს წარწერით: „1989 წლის 9 აპრილის ბარბაროსული აქციის დროს დაღუპულ თანამემამულეთა უკვდავსაყოფად „9 აპრილის“ სახელს ვაკუთვნებთ ამ მწვერვალს. გორის საზოგადოება“.

გლობალურ მასშტაბს იღებს ექსპოზიცია მთის ფოტოგრაფიის მიმართულებითაც, რადგან ქართული ალპინიზმის საუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, საქართველოში მთის ფოტოგრაფია ჯერ კიდევ აღმოუჩენელ, დაფარულ სივრცედ რჩება. ამასთან ერთად, ექსპოზიცია მნიშვნელოვან ადგილს უთმობს პერსონაჟებს და ხაზს უსვამს “ტონთიოს” იდეოლოგიას – მთას, როგორც ადამიანური ურთიერთობების საწყისს.

ფოტომასალის გარდა ექსპოზიცია სხვადასხვა დოკუმენტურ არტეფაქტს მოიცავს: სტატიები, ამონარიდები, პირადი ჩანაწერები და მწვერვალებიდან წამოღებული წერილები.

ხელოვნების სახლი ღიაა ყოველდღე, 12:00-19:00

გორი, გურამიშვილის 5 (ლომჭაბუკის სკვერი)

პროექტი “Art House 20 22” ხორციელდება გორელ ფოტოგრაფთა კლუბი / Gori Photographers Club-ის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.