fbpx

სერიალების ინდუსტრიის საშემოდგომო პრემიერები


გააზიარე სტატია

ავტორი:  ნინო იმერლიშვილი

 

ჩვენ ირგვლივ რთულად აღმოვაჩენთ ადამიანს, რომელიც სერიალების მაყურებელი არ არის. წლიდან წლამდე იზრდება სატელევიზიო და სტრიმინგ სერვისების წარმოებული შოუების მასშტაბები და ამასთან ერთად, იცვლება მათი მნიშვნელობაც. მაგალითად, თუ წლების წინ გამოკვეთილად იყო გამიჯნული კინოს და სერიალების მსახიობები ერთმანეთისაგან, დღეს მსგავსი კლასიფიკაცია აღარ არსებობს. უფრო მეტიც – არაერთ თანამედროვე სატელევიზიო შოუში მთავარ როლებზე სწორედ ჰოლივუდის რჩეული ვარსვლავები ვიხილეთ. უდიდესია სერიალების გავლენა თანამედროვე ცხოვრების წესზე და მის თანმდევ ტრენდებზე. ინდუსტრიის უახლესი ისტორიიდან შეგვიძლია გავიხსენოთ არაერთი შემთხვევა, როცა რომელიმე ახალმა შოუმ პრემიერისთანავე დაიპყრო სოციალური მედია და პოპკულტურის ნამდვილ ფენომენადაც იქცა. 

თუ სანახავი შოუების სიაში გსურთ შემოდგომის სეზონის რჩეული პროექტები დაამატოთ, მაშინ გირჩერვთ ამ სტატიას გაეცნოთ. ჩვენ თავი მოვუყარეთ ხმაურიანად დაანონსებულ რამდენიმე სერიალს, რომლებიც შთამბეჭდავ სანახაობას და გმირების საინტერესო თავგადასავლებს გვპირდება. 

 

The Lord of the Rings: The Rings of Power

შემოდგომის სეზონის პირველივე დღე ინდუსტრიისათვის ხმაურიანად დაიწყო, რადგან Amazon Prime Video-ზე “ბეჭდების მბრძანებლის” მიხდვით გადაღებული სერიალი გამოვიდა. “ძალაუფლების ბეჭდები” ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანის სერიული ეკრანიზაციაა.  Amazon-ის მონაცემებით, პირველივე დღეს გლობალური მასშტაბით გამხსნელი ეპიზოდი 25 მილიონმა მაყურებელმა ნახა. აღსანიშნავია, რომ “ძალაუფლების ბეჭდები” ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტის სტატუსსაც ფლობს – მხოლოდ პირველი  სეზონის გადაღებაზე, 465 მილიონი დოლარი დაიხარჯა. 

 

The Handmaid’s Tale

სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრემიერა სტრიმინგ სერვისმა HULU-მ  მოგვიმზადა. 14 სექტემბერს მარგარეტ ეტვუდის ბესტსელერის – “მხევლის წიგნის” სერიული ეკრანიზაციის ახალი, მეხუთე სეზონი გამოვიდა. ტრეილერის გამოქვეყნებისთანავე ცხადი იყო, რომ მაყურებელს წინ კიდევ უფრო კულმინაციური და დაძაბული სიუჟეტი ელოდებოდა. “მხევლის წიგნში” დისტოპიური სამყაროა აღწერილი. ეს არის თანამედროვე ამერიკის ალტერნატიული რეალობა, რომელშიც დემოკრატიული სახელმწიფოს მაგივრად, რელიგიური დოგმებით მართული გილიადა ჩამოყალიბდა. ამ სისტემაში სრულიად უგულებელყოფილია ადამიანების და განსაკუთრებით, ქალთა უფლებები. სერიალს ფინალური სეზონი უკვე დაუმტკიცდა.

 

Wednesday

შემოდგომის ყველაზე ხმაურიანად დაანონსებულ შოუებზე თუ ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ლეგენდარული ტიმ ბარტონის დებიუტი სერიალების სამყაროში. უნიკალური ხედვითა და ხელწერით გამორჩეული რეჟისორის კომედიური საშინელებათა სერიალის პრემიერა Netflix-ზე შედგება. სერიალის გმირი ადამსების ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი – ვენდსდეი ადამსია. პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც სერიალის შემქმნელებმა დააანონსეს, მაყურებელი მას შემოდგომის ბოლომდე იხილავს.   

 

Cabinet of Curiosities  

ტიმ ბარტონი ერთადერთი სახელგანთქმული რეჟისორი არ არის, რომელმაც ბოლო პერიოდში Netflix-თან ითანამშრომლა. მალე სტრიმინგ სერვისზე გილიერმო დელ ტოროს საშინელებათა ჟანრის სერიალის პრემიერა შედგება. Cabinet of Curiosities ანთოლოგიური სერიალია, რომელიც დელ ტოროს მოკლე მოთხრობებს ეფუძნება. როგორც შოუს შემქმნელები მაყურებელს აუწყებენ, ეს სერიალი სრულიად შეცვლის ჰორორის ჟანრის აღქმას და მას განსხვავებული, ჯერ არნახული კონტექსტით წარმოაჩენს. სერიალის პრემიერა 25 ოქტომბერს შედგება. 

 

 

American Gigolo

შემოდგომის სეზონის ერთ-ერთი გახმაურებული სერიალია American Gigolo, რომლის პრემიერა 11 სექტემბერს Showtime-ზე შედგა. სერიალი გასული საუკუნის 80-იანი წლების ამავე სახელწოდების ცნობილ ფილმზეა დაფუძნებული და მისი სიუჟეტური გაგრძელებაა. სერიალისადმი მოლოდინი სწორედ ფილმმა გამოიწვია. პოლ შრეიდერის 1980 წლის სარეჟისორო ნამუშევარმა, თავის დროზე, მაყურებლის დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სწორედ ამ კინოსურათმა აქცია მთავარი როლის შემსრულებელი რიჩარდ გირი ჰოლივუდის ვარსკვლავად. რაც შეეხება სერიალს, ისტორიის გაგრძელებაში მთავარ როლს ჯონ ბერნტალი ასრულებს.   

 

The White Lotus

2022 წლის ოქტომბერში HBO Max-ზე ბოლო პერიოდის ერთ-ერთი წარმატებული მინი სერიალის, The White Lotus-ის მეორე სეზონი გამოვა. სერიალის სიუჟეტს კონკრეტული ხაზი აქვს, რომელიც ყველა სეზონში უცვლელია  – ისტორია ყოველთვის კონკრეტულ კურორტზე, რამდენიმე ტურისტის ირგვლივ ვითარდება. “თეთრი ლოტუსის” პირველი სეზონი 2021 წელს გამოვიდა, მან მაყურებლისა და მიმომხილველი მედიის დადებითი შეფასებები დაიმსახურა. პირველი სეზონის მოვლენები ჰავაის ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში ვითარდებოდა, მეორე სეზონის გმირების თავგადასავლებისათვის კი, შოუს შემქმნელებმა სიცილია შეარჩიეს.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.