სხვა სათქმელი, სხვა ენა, სხვა რეალობა – ბუბა ბებოშვილის კინოშემოქმედება
ავტორი: ქეთო შურღაია
განსხვავებული ენა, ცხოვრების განსხვავებულ ხედვას ნიშნავს.
– ფედერიკო ფელინი
ენა, რომელზეც ბავშვობიდან ვლაპარაკობთ, განსაზღვრავს გარემოს ჩვენეულ აღქმას და მისი ლიმიტები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მჭიდრო ხდება. ხანდახან ლექსიკონის გაფართოებაზე გვიწევს ფიქრი, რომ აღვწეროთ ჩვენი ინდივიდუალური რეალობა, ხანდახან საერთოდ ახალი ენის შესწავლაც, იმისთვის, რომ ჩვენი გარემო უფრო მასშტაბური გახდეს. ეს პროცესი თავისთავად ხდება და ლიმიტებიც მასთან ერთად ბლაგვდება. ასეა ნებისმიერ სასაუბრო ენაში, განსაკუთრებით – ხელოვნებაში. არტისტები, რომლებიც მედიუმის მჭიდრო საზღვრებს გრძნობენ, კომფორტის ზონას თმობენ და ახალი შესაძლებლობების ძიებას იმავე მედიუმსა და ახალში იწყებენ.
ეს ტრანსფერი ახალ საჭიროებებზეა მორგებული და ხელოვანისთვის მნიშვნელოვანი ბიძგია, რომ ახალი სიტყვა თქვას, რაც შეიძლება აქამდეც თქმულა, თუმცა არა მისი პერსპექტივიდან. ეს ნაბიჯი დასაწყისშივე გულისხმობს არტისტის პრეტენზიას მეტ გულახდილობაზე.
ტრანზიცია, რომელზეც ქართველ ხელოვანთან, ბუბა ბებოშვილთან ვისაუბრე, ფოტოგრაფიიდან ვიდეოგრაფიაში მოხდა.
ბუბა იმ მუდმივმა სურვილმა, აღეწერა რეალობის, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ფრაგმენტები, კადრების ამოძრავებამდე მიიყვანა და კინემატოგრაფიის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები შეაქმნევინა.
ბუბა, შენი ვიზუალური ხელოვნება იწყება ფოტოგრაფიით. რა არის ის, რასაც კინო გაძლევს და ფოტოგრაფიამ ვერ მოგცა?
ფოტოს და ვიდეოს ერთ სამყაროდ აღვიქვამ და მიმაჩნია, რომ სთორითელინგისთვის – ამბის თხრობისთვის – ორივე იდეალური მედიუმია. გარკვეული პერიოდი, როცა აქტიურად ვიყავი ფოტოგრაფიით დაინტერესებული, ხშირად ვიღებდი რეალურ სიტუაციებს და მოვლენებს, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. ვგულისხმობ იმას, რომ ფოტონამუშევრები საკუთარი პერსპექტივიდან გამომდინარე, შედარებით პერსონალური იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფოტოსივრცე აღარ იყო საკმარისი. გამიჩნდა იმის სურვილი, რომ პერსონალური რეფლექსიები სხვა ადამიანების გავლით გადმომეცა და სწორედ ვიდეომ მომცა ამის ულიმიტო საშუალება.
შენი პირველი ვიდეოგრაფიული ნამუშევარია – Girl With One Eye. როგორი იყო პროცესი და საბოლოო პროდუქტამდე მისვლა?
იქიდან გამომდინარე, რომ Girl With One Eye ჩემი პირველი ვიდეონამუშევარია, პროექტს ფოტოგრაფიის დიდი გავლენა აქვს. ეს იყო ჩემი ტრანზიცია ერთი მედიუმიდან მეორეში.
პროცესი, რა თქმა უნდა, იდეიდან დაიწყო, რომელიც დროს და კამერას ეფუძნება, როგორც მის განმსაზღვრელ ობიექტს.
პროცესში გაჩნდა გარკვეული გამოწვევები, თუმცა გადასაღებ მოედანზე და უკვე საბოლოო პროდუქტის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ სწორედ ეს სივრცე იყო ჩემი კომფორტის ზონა.
ყოველთვის წინასწარ იცი რა გინდა მიიღო საბოლოოდ. გრჩება თუ არა ექსპერიმენტების ადგილი პროცესში?
ეს პროცესი ყოველთვის იმაზეა დამოკიდებული, რამდენად თავისუფალი ვარ პროექტის დაგეგმვის და შექმნის დროს.
ის იდეა, რაზეც ვმუშაობ, პრეპროდუქციის ფაზაში არასდროს იცვლება და, რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგის სამუშაო ვერსია ყოველთვის დაგეგმილია.
რადგან ჩემი პროექტები რაღაც დონეზე ექსპერიმენტულია და არ ეყრდნობა კლასიკური ფილმის სტრუქტურას, გადასაღებ მოედანზე ცვლილებები ხშირად განიხილება. ეს უფრო კრეატიულ გადაწყვეტილებებს და პერსონალურ რეფერენსებს ეყრდნობა.
ამბობ, რომ ყველა ვიდეო, რომელზეც გიმუშავია, ერთი დიდი პროექტია. რა აერთიანებს შენს ყველა ნამუშევარს?
შეიძლება ითქვას, რომ ეს უფრო ჩემი პირადი ჩანაფიქრია, რადგან მსურს, პერსონაჟები და სივრცეები ერთმანეთთან დაკავშირდეს. თემები, რომლებიც ინსპირაციას მაძლევს, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა რეალობა, სადაც მოქმედება ხდება – ერთია. ამ ელემენტის აღქმა კი სრულად მნახველზეა დამოკიდებული.
რა უფრო საინტერესოა შენთვის – ალტერნატიული სამყაროს შექმნა თუ რეალობაზე რეფლექსია?
რეალობაზე რეფლექსია ერთ-ერთი მთავარი წყაროა. პროექტები, რომლებსაც ვქმნი, შემთხვევით ან თუნდაც კომპლექსურ სიტუაციებს ეყრდნობა, რომელსაც უეცრად ვაწყდებით, ან თუნდაც ჩვენი პირადი სივრცის გარეთ ხდება, ხოლო ალტერნატიული სამყარო ენაა, რომლითაც შემიძლია საუბარი.
შენი არცერთი გმირი არ ლაპარაკობს. მათი სამყარო ტანსაცმლითა და მოძრაობითაა გადმოცემული. არსებობს თუ არა ერთი უნივერსალური თვისება, რომელიც შენს ყველა აქამდე არსებულ პერსონაჟს ჰქონდა და ფიქრობ, რომ მომავალშიც ექნება?
არსებობს სიტუაციები, რომელთა გაგებაც ხშირად შედარებით მარტივია მოძრაობით, სივრცით და დროით. ეს მომენტები უფრო მეტს გადმოსცემს, ვიდრე სიტყვები.
სთორითელინგის ეს ფორმა ჩემთვის საინტერესო იყო რამდენიმე წლის წინ. თუმცა, პროექტებზე, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობ, ფოკუსი სრულად დიალოგებზე და ნარატივზეა. შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ ერთი ტრანზიციაა ვიდეოში, როგორც მედიუმში.
ბუბა ამჟამად ბაუჰაუს უნიში სწავლობს და თავის სადებიუტო მოკლემეტრაჟიან ფილმზე მუშაობს.