fbpx

1 ოქტომბერს ბექა გოჩიაშვილი ქართველ მსმენელს დაემშვიდობება


გააზიარე სტატია

მელომანებისთვის, განსაკუთრებით კი ჯაზის მოყვარულთათვის ბექა გოჩიაშვილი დიდი ხანია საყვარელ შემსრულებლად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებული ტალანტის დამსახურებით, ის ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოექცა ქართველი და უცხოელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში და მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ბექას საზღვარგარეთ საცხოვრებლად და სასწავლებლად გამგზავრება ნიუ იორკიდან დაიწყო, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ სასწავლებელში – Juilliard-ში მიიღო განათლება. მრავალი წლის შემდეგ, სამშობლოში მისი  ხანგრძლივად დაბრუნდება პანდემიამ გამოიწვია და გასული ორი წლის განმავლობაში არაერთხელ წარდგა ქართველი მსმენელის წინაშე. თუმცა დადგა დრო, რომ ძველებურ რიტმს და ამერიკას დაბრუნდეს ახალი მიზნებისა და გეგმების განსახორციელებლად.

მანამდე კი, ბექა გოჩიაშვილის წლის ბოლო კონცერტი თბილისში, ნინო ქათამაძესთან ერთად დაიგეგმა – დიდ გზაზე მიმავალი მუსიკოსი ქართველ მსმენელს დიდი ხნით დაემშვიდობება. მათი ერთობლივი კონცერტი1 ოქტომბერს, მონოჰოლში შედგება. უფრო ვრცლად დაგეგმილ პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე, ბექა გოჩიაშვილი მარკეტერთან ინტერვიუში საუბრობს.

 

მოგვიყევი შენი და ნინო ქათამაძის კოლაბორაციის შესახებ. რა მუსიკალური გამოცდილება გაკავშირებთ ერთმანეთთან?

მე და ნინო ქათამაძეს მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. არაერთხელ ვყოფილვართ ერთმანეთის კონცერტებზე სპეციალურ სტუმრად მიწვეულები. თუმცა ყოველთვის იყო ერთად რაც უფრო დიდის და მასშტაბურის შექმნის სურვილი. საბოლოოდ, კონკა ჯაზის მეშვეობით დაიგეგმა ჩვენი საერთო კონცერტი, რაც ძალიან გვახარებს. მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვილი მუსიკალური გამოცდილება და ერთმანეთთან გაცვლილი ენერგია სპეციალურ ამ დღისთვის მომზადებულ პროგრამაში გავაერთიანოთ. როგორც ნინო ამბობს, ჩვენ ერთმანეთს ფიქრში ვენდობით. ეს ნდობა არის მთავარი – რაც განსაზღვრავს ჩვენი მუსიკალური თავგადასავლის მიმართულებას, სადაც გვჯერა რომ მსმენელი სიამოვნებით შემოგვიერთდება.

 

რით იქნება განსხვავებული 1 ოქტომბრის კონცერტი და ნინო ქათამაძის გარდა ვის გაუნაწილებ სცენას?

პირველ რიგში ამ კონცერტის განსაკუთრებულობას განსაზღვრავს ის, რომ მე და ნინო ქათამაძე პირველად ვმუშაობთ საერთო პროგრამაზე. მანამდე ჩვენი გადაკვეთები სპონტანური და იმპროვიზაციული იყო. ცხადია ამ ელემენტებს 1 ოქტომბრის კონცერტზეც შევინარჩუნებთ, თუმცა ამჯერად, არა მხოლოდ ერთი ან რამდენიმე თემით, ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შედეგად მომზადებული, ნაფიქრი და შეთანხმებული კომპოზიციებით წარვდგებით მსმენელის წინაშე. შევასრულებთ ახალ, განსხვავებულ და სხვადასხვა მუსიკალური ენერგიებით გაჯერებულ პროგრამას. ჩვენს კონცერტს დამატებით მნიშვნელობას აძლევს ფაქტი, რომ სწორედ ამით დაიწყება კონკა ჯაზის მასშტაბური ივენთების სერია. გარდა ამისა, ეს ჩემთვის წლის ბოლო კონცერტი იქნება საქართველოში და ამით დავემშვიდობები ქართველ საზოგადოებას, რადგან მალე ნიუ იორკში ვბრუნდები. დარწმუნებული ვარ გამორჩეული და ყველასთვის დასამახსოვრებელი კონცერტი შედგება.

ჩვენთან ერთად სცენას დაიკავებენ ჩვენი მეგობრები და საუკეთესო მუსიკოსები: ზაზა ცერცვაძე და ლევან დეისაძე. საღამოს კი ლუკა თოფურიას ტრიო გახსნის.

 

პანდემიამდე, დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში არ გიცხოვრია. როგორ იმოქმედა შენს შემოქმედებაზე აქ გატარებულმა ხანგრძლივმა პერიოდმა?

13 წლის ასაკში წავედი ნიუ იორკში და მას შემდეგ საქართველოში არ მიცხოვრია. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ძირითადად აქ ვიყავი. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ მსმენელს, რომ გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დამეხმარნენ. ეს უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და ძალიან ვაფასებ. ამ პერიოდის განმავლობაში, მქონდა ბევრი კონცერტი და ქართველ მსმენელთან მუსიკის გაზიარებისა და სიახლოვის შესაძლებლობა. კარანტინისა და პანდემიისას, მეტი დრო გამომიჩნდა მუსიკალურად საკუთარ თავზე სამუშაოდ, რაც აუცილებელი იყო მომავლისთვის. ნამდვილი მუსიკოსი ყოველთვის, ყველა პრობლემიდან იპოვის გამოსავალს და სასარგებლო გამოცდილებად აქცევს მას. მეც ყველანაირად ვეცადე რომ ასე მოვქცეულიყავი. ახლახან მოვრჩი მუშაობას ალბომზე – Cosmic Blues Mixtape, რომელიც თბილისში შეიქმნა. მისი მოსმენა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ საქართველოში გატარებული ორი წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო.

 

რით განსხვავდება ახლანდელი ბექა გოჩიაშვილი, მისგან ვინც რამდენიმე წლის წინ ნახა ბოლოს ნიუ იორკმა? რა გეგმებით უბრუნდები ამერიკას?

ნიუ იორკში ბოლოს 2019 წელს დავუკარი სტენლი კლარკთან ერთად. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მაშინდელი რიტმიდან, რომელიც წელიწადში 150-მდე კონცერტს მოიცავდა, გადავედი სრულიად განსხვავებულ რიტმზე. აღვიდგინე ენერგია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ის რასაც ვაკეთებ, ნაკლებად დატვირთული პერიოდი მუსიკალური განვითარებისთვის გამოვიყენე, დავისახე ახალი მიზნები და მოვემზადე მათ განსახორციელებლად. მოუთმენლად ველოდები მონატრებულ ამერიკელ მსმენელთან შეხვედრას და ვფიქრობ შევძლებ მათ შევთავაზო რაღაც ახალი და განსხვავებული კუთხითაც გავაცნო თავი. 1 ოქტომბრის კონცერტის შემდეგ ნიუ იორკში მივემგზავრები. ამ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ 3 ნოემბერს Blue Note -ში მაიკ მიჩელთან და სხვა უმაგრეს მუსიკოსებთან ერთად მექნება კონცერტი. ამით დავუბრუნდები ნიუ იორკს როგორც მუსიკოსი და ეტაპობრივად შევუდგები სხვა გეგმების განხორციელებას.

კონცერტის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

ღონისძიებაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.