როგორ იქცა ბენქსის „გოგონა ბუშტით“ 21-ე საუკუნის ხელოვნების ხატად
ავტორი: ნინკა მამულაშვილი
20 წლის წინ ლონდონში, კერძოდ, შორედიჩში, თეთრად შეღებილ კედელზე ანონიმი ქუჩის მხატვრის, ბენქსის ერთი შეხედვით უბრალო გამოსახულება გამოჩნდა – გოგონა წითელი, გულის ფორმის ბუშტის დაჭერას ცდილობს.
მაშინ ბენქსი ჯერ კიდევ შორს იყო ცნობილი არტისტისგან. მან თავდაპირველად ბრისტოლის ანდერგრაუნდ ტეგერებს შორის გაითქვა სახელი. ორი ათწლეულის შემდეგ ბენქსი (ჯერ კიდევ ანონიმი) გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა, ხოლო შორედიჩის უბრალო სტენსილი 21-ე საუკუნის წარუშლელი იმიჯი გახდა.
შორედიჩის საწყისი სტენსილის და კიდევ ერთი, ლონდონის საუთბანკის ვერსიის შემდეგ, რომელიც 2002 წელს გამოჩნდა, ნამუშევარი მხოლოდ ადგილობრივ street art-ს გასცდა, თუმცა კულტურის ფართო გარემოსთვის ის ჯერ კიდევ უცნობი იყო.
2004 წელს, სტენსილ „გოგონა ბუშტით“ გამოჩენიდან 2 წლის შემდეგ, ბენქსიმ გადაწყვიტა გამოსახულების პოტენციალი ბოლომდე გამოეყენებინა, როდესაც ფოტოგრაფ და კურატორ სტივ ლაზარიდესთან თანამშრომლობის შედეგად სტენსილის ბეჭდური ვერსია გამოსცა. მათ 600 ხელმოუწერელი და დაუნომრავი, 150 ხელმოწერილი და დანომრილი პრინტი და 88 მხატვრის მტკიცებულება დაამზადეს, რომელიც ბენქსიმ როგორც ონლაინ, ასევე ყოველწლიურ „squat art concept store“-ში, სახელწოდებით Santa’s Ghetto-ში გაყიდა. ხელმოწერილი და დანომრილი გამოცემები 150 ფუნტად გაიყიდა, ხელმოუწერელი კი 75-ად. ამასთან ერთად, არტისტმა რეპროდუქციებიც შექმნა.
2004 წლისთვის ბენქსის უკვე საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავდა, თუმცა „გოგონა ბუშტით“ და არტისტი კიდევ რამდენიმე წელი ვერ იხვეჭდნენ ფართო პოპულარობას. მეტიც, როდესაც აღნიშნული ანაბეჭდი 2005 წლის მარტში მეორად ბაზარზე 300-დან 400 ფუნტამდე იყიდებოდა, მას მყიდველი არ ჰყავდა. ბაზრის ენთუზიაზმის ნაკლებობა დღეს წარმოუდგენლად გვეჩვენება, განსაკუთრებით, როდესაც ხელმოუწერელი პრინტები აუქციონზე რეგულარულად 100,000 ფუნტად, ხოლო მხატვრის მტკიცებულება მილიონ ფუნტზე მეტად იყიდება.
2007 წლიდან პრინტის ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შემთხვევითი არ არის, რომ მომდევნო წელს ბენქსიმ ნამუშევრების ავთენტიფიკაცია ვებგვერდის, The Pest Control-ის მეშვეობით დაიწყო. აღნიშნული პროცესის დანერგვით, კოლექციონერებს მეორად ბაზარზე შეძენილი ბენქსის ნამუშევრების ლეგიტიმურობაში შეეძლოთ დარწმუნებულიყვნენ, განსაკუთრებით – ბეჭდურ გამოცემებში. ბაზარი განაგრძობდა გაფართოებას, ხელმოუწერელმა გამოცემებმა 1000 ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა. მეორად ბაზარზე შეზღუდული რაოდენობის ნახატების გამოცემა დაიწყო და 2008 წელს „გოგონა ბუშტით“ ფილიპსის აუქციონზე 158,500 აშშ დოლარად გაიყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ The Pest Control-ის ავთენტიფიკაციის ზომებმა სტენსილის – „გოგონა ბუშტით“ მზარდ პოპულარობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, კიდევ ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი თავად ბენქსის ჩართულობა იყო პოპულარულ კულტურასა და მედიაში 2000-იან და 2010-იან წლებში. არტისტმა ათწლეულების განმავლობაში აღნიშნული იმიჯის მრავალი ვერსია შექმნა, რომლითაც თანამედროვე სოციალურ საკითხებს ეხმაურებოდა. მან 2005 წელს ერთ-ერთი ვერსია ისრაელისა და დასავლეთ სანაპიროს საზღვრის კედელზე დახატა. 2014 წელს გამოსახულება სხვადასხვა საერთაშორისო ღირსშესანიშნაობებზე გამოჩნდა, რომელიც ბენქსიმ სირიელ ლტოლვილებს მიუძღვნა.
„გოგონა ბუშტით“ იმაზე მეტია, ვიდრე სტენსილი, ის დღეს სოციალური უთანასწორობის და დაკარგული უმანკოების სიმბოლოა. ბენქსიმ პროვოკატორის როლიც მოირგო: მისმა 2010 წლის დოკუმენტურმა ფილმმა – „Exit through the Gift Shop“ და 2015 წლის ინსტალაციამ – Dismaland ხელოვნების სამყაროს სტრუქტურები შეარყია.
2010-იანი წლების ბოლოს ბენქსის, როგორც გლობალური მხატვრის სტატუსი გამყარდა და მისი ნამუშევრები მილიონობით აუქციონზე რეგულარულად იყიდებოდა. ამ კლიმატში საბედისწერო აუქციონმა კვლავ შეცვალა საზოგადოების აღქმა არტისტის მიმართ და მისი ბაზარი კიდევ უფრო გააფართოვა.
2018 წლის ოქტომბერში Sotheby’s-ის აუქციონზე ანონიმურმა კოლექციონერმა „გოგონა ბუშტით“ 1,1 მილიონ ფუნტად შეიძინა. გაყიდვიდან მალევე ნახატის ჩარჩოში დამალული მექანიზმი გააქტიურდა, რომელმაც ნამუშევარი ადგილზე დააქუცმაცა. მომხდარი ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა, რის შედეგადაც ბენქსის პოპულარობამ პიკს მიაღწია.
2019 წლიდან მოყოლებული ანაბეჭდების – „გოგონა ბუშტით“ უმეტესობა ექვსნიშნა რიცხვზე ნაკლებად არ გაყიდულა, ხოლო არტისტის მტკიცებულება – მილიონ დოლარზე ნაკლებად. 2021 წლის მარტში მტკიცებულება Sotheby’s-ის აუქციონზე 1,1 მილიონ ფუნტად გაიყიდა და ბენქსის პრინტში რეკორდი დაამყარა. აღსანიშნავია, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის დროს ბენქსის ნამუშევრების მიმართ ინტერესი შენარჩუნდა და გაიზარდა კიდეც.
ზუსტად ერთი წლის წინ– 2021 წლის ოქტომბერში, ,,Love is in the Bin“ Sotheby’s-ის აუქციონზე 25.4 მილიონ დოლარად გაიყიდა, რამაც ბენქსის ნამუშევრებისთვის აუქციონის ახალი რეკორდი დაამყარა.