fbpx

რას გავიგებ დღეს? – Trivia Facts


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთი ბზიკაძე     

 

ბევრი ვიბოდიალე ზაფხულში და უამრავ გასაანალიზებელ და გასაზიარებელ ინფორმაციას ი წარმოგიდგენთ. 

ზოოლოგია, ანთროპოლოგია, ხელოვნება, ეტიმოლოგია და გასტრონომია – ამ თემებიდან რომელიმეზე მინდოდა მესაუბრა სტატიაში. პატარა ბავშვებზე რომ ამბობენ, ღრუბელივით არის, გარემოდან ყველაფერს იწოვსო, რაღაც მსგავსი ორგანიზმი მქონდა ამ ზაფხულს, მე კიდევ ბავშვის ასაკში აღარ ვარ და შესაბამისად, დავიღალე, ამიტომ სტატიაშიც ღრმად გასაანალიზებელ და ოდნავ რთულ თემებს არ შევეხები.

ჩემი ლამაზი სახლის ტერასაზე ვზივარ და ბაღს ვათვალიერებ, როგორც გითხარით, დიდი ხანი ვიბოდიალე და სახლი მომნატრებია. შემოდგომის მზიანი ამინდია, თუმცა სიმწვანის დეფიციტი არ იგრძნობა ნამდვილად, ამავე ბაღის ხილს მივირთმევ და თან ვუყურებ, რა შესანიშნავად ლივლივებს მსუბუქი ნიავისგან ფოთლები. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს რაც კი პერცეფციული გამოცდილება დავაგროვე ამ ორ  თვეში, ყველა ერთად ამობიბინდა ჩემს ბაღში და თავს მახსენებს. 

საერთოდ, სახლში დაბრუნება რომ არ უნდათ, ეგ არასდროს მესმოდა, ჩემთან ყოველთვის ისეთი გარემო იყო ხოლმე, პირიქით – ოღონდ აქაურობა არ დამეტოვებინა. მოკლედ, კარგია სახლში დაბრუნება დიდი მოგზაურობის მერე – არსად გაგვიანდება, სარეცხი თავისთვის შრება, პიტნის ჩაი დუღს და ყვითელი ყვავილები, ანუ მიწავაშლები (Jerusalem artichoke) გიგანტურ ზომას აღწევს. ამ მიწავაშლების ბოლქვებისგან რომ კერძები მზადდება, ეგ გავიგე დღეს, ჰოდა აუცილებლად გავაკეთებ კრემ-სუპს, თან რკინით და B12-ით ყოფილა მდიდარი.

სახლის სიმყუდროვით ტკბობისას გამახსენდა, რომ სვანეთიდან მანქანის სახურავით ჩამოვიტანე კი არა, ჩამოვზიდე გრანდიოზული გამხმარი დიყები (Heracleum), რომლებიც ინტერიერში როდის აღმოჩნდებოდა, ერთი სული მქონდა. ერთ-ორ სიტყვას გეტყვით დიყზე: სულ ახლახან გავიგე, რომ ეს მონუმენტური ქოლგისებრი მცენარეები, რომლებითაც სავსეა საქართველოს ფლორა, ძალიან საშიში არსებები არიან, ისინი შეიცავენ ფოტო-ტოქსიკურ ნივთიერებას – ფურანოკუმარინს, რომლებიც აქტივირდება ულტრაიისფერ სხივებზე. და მერე რა? ის, რომ თუ ამ მცენარეს შევეხებით მზიან ამინდში, რამდენიმეკვირიან დამწვრობას მივიღებთ. ესე იგი, ფოტო-ტოქსიკურობა ნიშნავს – მდგომარეობას, რომელშიც კანი ან თვალები ძალიან მგრძნობიარე ხდება მზის შუქზე ან რომელიმე სხვა სინათლეზე. დიყების ოჯახის ყველა წევრი არ არის იმდენად ტოქსიკური, მაგრამ ცოდნად ღირს. დამატებითი და უფრო ღრმა ინფორმაციისთვის: გუგლი.

ამასობაში მზე ზენიტს გასცდა და უკვე საღამოვდება. ჩემი ბაღი საუკეთესო მწვანედ მევლინება ხოლმე ამ დროს ან დილას, მზის ამოსვლამდე. გადავწყვიტე, მწვანე ფერზე საინტერესო ფაქტებს მოვიძიებ მეთქი, 1400-იანებში საქორწილო კაბების ფერი რომ მწვანე იყო, მაგის გარდა “საინტერესო” ვერაფერი ვნახე. ისიც საინტერესო იმიტომ გამოდგა, რომ ბავშვობაში  მინდოდა ქორწილში  მწვანე კაბა მცმოდა. ამ ფერების სიმბოლიკების ძიებაში აღმოვაჩინე – ოჰაგურო. 

იაპონურ ენასა და კულტურასთან სკოლის პერიოდში ხანგრძლივი შეხება მქონდა – ვიცი და აღარ მიკვირს, რომ სამყაროს თავისებური, არასტანდარტული  აღქმა აქვთ. სილამაზის სტანდარტებზეც რომ ვრცელდება ეს თავისებურება, ესეც თავისთავადია და მსმენია. მოკლედ, რაც დრო გადის, არ წყდება აღმაფრთოვანებელი ფაქტების შემეცნება იაპონიასა და იაპონელებზე. რაც შეეხება ოჰაგუროს – ეს არის ქალების მიერ კბილების გაშავების პრაქტიკა (იაპონიაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში) მერჯის ეპოქამდე (1868 – 1912), როცა იაპონელებს ეკრძალებოდათ ასიმილირება დასავლურ სამყაროსთან. რკინის ნაქლიბის, ძმრის და ბოსტნეულის საღებავების ხსნარს კბილებზე ისვამდნენ ყოველდღე ან რამდენიმე დღეში ერთხელ, რომ სრულფასოვნად შავი კბილები ჰქონოდათ, რაც იმ დროისთვის ლამაზად მიიჩნეოდა. ლამაზის გარდა ეს მასა (kanemizu) კარიესის და ღრძილების დაავადებისგანაც იცავდა. აქვე ვიტყვი ორ სიტყვას იაებაზეც (yaeba) – თანამედროვე იაპონიაში გავრცელებულ სტომატოლოგიურ-კოსმეტიკურ პრაქტიკაზე, რომელიც გულისხმობს ხელოვნური ღოჯის (წინ წამოშვერილი კბილი) მიწებებას ბუნებრივ  კბილზე.

უცნაურია, რომ ჩემი ბაღით ტკბობიდან როგორ გადავედი კბილებზე, მაგრამ აღფრთოვანებული ვარ, ერთ პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანებს სილამაზის ამდენად განსხვავებული სტანდარტები რომ აქვთ. რის გამოსწორებაშიც ადამიანები დასავლეთში უამრავ ფულს ხარჯავენ და სტომატოლოგიურ კოშმარად ითვლება, აღმოსავლეთში პირიქით – უამრავ ფულს ხარჯავენ, რომ ეგ უსწორმასწორობა შექმნან. ვერც კი ვხვდები, რომელი მიდგომა მომწონს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად მაფიქრებს სილამაზეზე, რაზეც გამახსენდა ვაბი-საბი (Wabi sabi) – იაპონური ცხოვრების წესი, ფილოსოფია, კონცეფცია, რომელიც არასრულყოფილებაში სილამაზის ძიებასა და ბუნებრიობის მიღებაზეა ორიენტირებული, რაც თავისთავად ყველაფრის წარმავლობის ერთგვარი აღიარება და ტრფობაა.

ამ კარგ ტალღაზე, რომ არც ბუნება, არც ცხოვრება და არც ჩვენ ვართ იდეალურები და გაზვიადებული სწრაფვა სრულყოფილებისკენ შესამსუბუქებელია, მოვრჩები დღევანდელ სტატიას და თუ რას ნიშნავს ვაბი და რას – საბი, ესეც  გუგლში მოიძიეთ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.