fbpx

ბაია გალერეა წარმოგიდგენთ ვახო ბუღაძის გამოფენას „კავკასიურ ორანჟერეა“


გააზიარე სტატია

ბაია გალერეა წარმოგიდგენთ ვახო ბუღაძის გამოფენას „კავკასიურ ორანჟერეა“,  მისი შემოქმედების ახალ ეტაპს რომელიც ყვავილებს ეძღვნება.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Baia Gallery (@baiagallery_)

ვახო ბუღაძე და ბაია გალერეა – თანამშრომლობის 14 წელი და მეექვსე გამოფენა „კავკასიური ორანჟერეა“ –  2022 წლის 24 სექტემბრიდან გალერეის ახალ სივრცეში (რაზმაძის ქ.68).

ვახო ბუღაძე ქართულ ხელოვნებაში “სხეულის ენის” სპეციფიკურ ვერსიას ამკვიდრებს. პროფესიით მოქანდაკე, მუშაობს სხვადასხვა მედიაში, აინტერესებს სხეული, და, იმ განცდებს, გრძნობებს, კონფლიქტებს და აღმოჩენებს გვიზიარებს, რასაც სხეულის სამყაროსთან კონტაქტი იწვევს.  სხვადასხვა გარემოებებით გამოწვეული სხეულთა მეტამორფოზა, განცდებისა და თავგადასავლების წნეხის ქვეშ მოქცეული  სხეულის მეტყველება მისი ნამუშევრების განსაკუთრებულ ექსპრესიას განაპირობებს. სამყარო მხატვრისთვის – სხეულის თავგადასავალია. მას აინტერესებს სხეულებრივი მდგომარეობის ის კულმინაცია, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ დროს შეწყდეს, დასრულდეს, სხვა ფორმაციაში გადავიდეს. ნამუშევრებისთვის არჩეული მასალა და ტექნიკა მრავალგვარია – ფერწერის, გრაფიკის, კოლაჟის, ფოტომონტაჟის ჩათვლით. ზომა მონუმენტურია, სერიულობა კი – მეთოდი.

ვახო ბუღაძის თვალთახედვის არეში ყვავილები რამდენიმე წლის წინ მოხვდა. მან „აღმოაჩინა“ ყვავილები,  თითქოს პირველად ნახვის აღფრთოვანებით შეხვდა მათ არსებობას და ამ დამოკიდებულების გადმოცემას შეუდგა მათი მრავალჯერადი პროდუცირებით.  ყვავილი აქამდე შექმნილ მის  არც ერთ ნამუშევარზე არ გვხვდება,   ლანდშაფტიც კი არსადაა  მცენარეული. პირობითი თუ არქიტექტურული ფონით შემოსაზღვრული მისი მხატვრული სამყარო ამ კომპონენტის გარეშე არსებობდა და უეცრად, 2021 წლიდან, დიდი ზომის ტილოებზე და სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილებზე ჩნდება ყვავილების გამოსახულებები –  შესრულებული ზეთის საღებავით ან აკვარელით და გაჟღენთილი ფერწერული ლაქებით. მცენარეულ ობიექტებზე გადასვლა ახალი ეტაპია ამავე ტექნიკით შესრულებული აბსტრაქციების შემდგომ. მხატვარს თითქოს საკუთარი შემოქმედებაც გაჰყავს ურბანული პეიზაჟებიდან ჰაეროვან  სივრცეში, სადაც მცენარეული ნარატივით იდეალური  სამყაროს მოდელს ქმნის და მის უპირატესობას გვიჩვენებს.

მცენარის ხატს მხატვარი მისი არაიდენტიფიცირებული სახეობით ქმნის და  ხშირად ნახატის ზედა და ქვედა მხარეს არც განსაზღვრავს –  გამოსახულების აღქმა თავდაყირაც  არის შესაძლებელი, რასაც ობიექტის რეალური სივრციდან მოწყვეტა და მისთვის დამახასიათებელი ლოგიკური განზომილებიდან ამოვარდნა განაპირობებს. პირდაპირი მნიშვნელობით ფესვებიდან მოწყვეტაა, თავისუფალი ვარდნა, არამიზნობრივი ფრენა;  წყალი რომ წაიღებს და ქარი რომ გაფანტავს, ისეთი ამბავია და გაქრობა-გაუჩინარების დაძაბულობაც იგრძნობა. დიდი ზომის ვერტიკალური ფორმის ტილოებზე გაშლილი თავისუფალი ფონი იაპონური მხატვრობის  სიცარიელის კონცეპტთან ასოცირდება  და მასზე ფერადი ლაქების სპონტანური განლაგებით შექმნილი ყვავილების „ჩანჩქერები“ მოედინება; ყვავილების ტევრი ან ცალკეული ყვავილის გვირგვინი მიცურავს თუ მიფრინავს ნამუშევრის ზედაპირზე, რითაც ხან წყალში არეკლილი გამოსახულების ეფექტი იქმნება – საღებავის გაჟღენთილი ფაქტურით, რომელიც თითქოს წყალში ჩავარდნილი კენჭისგან წამოსულ წრიულ  წრეებს ქმნის, ხან  ყვავილების და ფოთლების ჰაერში მიმოფანტვის ილუზია ჩნდება –  მათი მთრთოლარე აბრისით. ეს ლაქები თითქოს ფერადი „სიგნალებია“, რომელიც მცენარის მდგომარეობის ორ ფაზას ერთდროულად აფიქსირებს – ყვავილებით შემოსვას და მისგან განძარცვას, რითაც მხატვარი ყვავილის მოკლევადიანი არსებობის უცნაურ, ლამაზ და ჯადოსნურ ეფექტს გვაზიარებს და მცენარეს სილამაზის გამოფრქვევის, გაყვავილების კულმინაციურ პროცესში ხატავს; ხატვის „სასწაულით“ სილამაზის გაუჩინარების ტკივილს ამძაფრებს და ამ მეთოდით კიდევ ერთხელ გვახსენებს მისი მხატვრობის ძირითად თემას – ემპათიურ პოზიციას იმ სხეულებრივი მეტამორფოზების მიმართ, რომელიც ძლიერ განცდებს და  ფიზიკური არსებობის დასასრულის გარდაუვალობას მოიცავს. და, თუ ადრე ამ პოზიციას იგი დრამატული ემოციით გადმოსცემდა („პიეტა“, „სტელას ბაღი“), ექსპრესიული ფაქტურით ახერხებდა სხეულის „თავგადასავლების“ დემონსტრირებას („იპოდრომი“, „კენტავრის სიყვარული“), ახლა, ყვავილების სერიაში, ეს განცდა სიმძიმის რეგისტრიდან ფაქიზ მღელვარებაში გადააქვს. შთაბეჭდილება ისეთია,  თითქოს ავტორი შეეგუა სხეულებრივი აღსასრულის კანონზომიერ გარდაუვალობას და მას სადღესასწაულო ბრწყინვალება მიანიჭა. გამჭვირვალე ლაქების დეფორმირებული მოხაზულობით შექმნილი მცენარეული ობიექტები დატვირთულია მოციმციმე და კაშკაშა ყვავილებით ან აღვსილია ნაზი ფერადოვნებით. ნახატის ვერტიკალურ სქემაში ჩასმული ღეროების და ფოთლების რიტმით, ცარიელი ფონის და დინამიკური გამოსახულების კომბინაციით  მხატვარი ქმნის ფორმულას, რომლის მეშვეობითაც მის შემოქმედებაში ობიექტის სხეულებრიობამ სხვა სუბსტანციის ზღვარს მიაღწია, „მატერია(ლურობა)“ დაიკარგა და არსებობის ეფემერული კონტექსტის ტკივილიანობა მოიხსნა.

 

სერია თორმეტი ნამუშევრისგან შედგება და მხატვარი მასზე 2021 – 2022 წლებში მუშაობდა.

„კავკასიური ორანჟერია“ –  ეს სახელწოდება პირობითია, გამოფენის სახელდების  კურატორული პოზიციაა,  რომელსაც მხატვარიც დაეთანხმა; გალერეის პროექტის  -„ბაღის მოდელი“ და მხატვრის შემოქმედების ახალი ეტაპის თანხვედრა და პრეზენტაციაა ბაია გალერეის ახალ სივრცეში, რომელიც ვახო ბუღაძის ამ გამოფენით იხსნება. თემის სახელწოდებაში გეოგრაფიული ლოკალიზება ჩვენი ფიზიკური არსებობის ადგილის მინიშნებაა,  ფესვების და მისგან მოწყვეტის  თემაა, რომელიც გლობალიზაციის, ომის და მუდმივი გადაადგილების პირობებში  განსაკუთრებით აქტუალურია – კავკასიის პრობლემაა, რომელიც მუდმივად გეოპოლიტიკური საშიშროების პულსაციით  ფეთქავს.

ბაია წიქორიძე

 

ყვავილების ხატვა სპონტანურად დავიწყე, რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ ყოფილა… მანამდე ზოგჯერ,  პეპლების გამოსახულების ხატვის დროს, მიფიქრია, რომ პეპელა არის ცოცხალი ყვავილი, რომელიც დაფრინავს. ყვავილები და სხვა გამოსახულებები, რასაც ვხატავ, სხეულები, ფიგურები, საგნები –  ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან. ყვავილიც  სხეულია, რომელიც განიცდის ცვლილებას, გარდაქმნას და ამ პროცესის გამოხატვა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო აკვარელის საღებავებით, რომელიც თვითონ ძალიან მსუბუქია, არც ფორმა აქვს და არც მასა და საინტერესო ეფექტს ქმნის სხვადასხვა ფაქტურის ტილოებზე. ტილო გაჟღენთილია საღებავით, რომელიც თავისთავად თითქოს არც არსებობს, იმდენად არამატერიალურია. რა თქმა უნდა, ამ პროცესში თეთრი ფონიც მონაწილეობს, სიცარიელის შეგრძნებას ქმნის, სიმსუბუქის.

პანდემიის პერიოდში დავიწყე იმ მასალაზე მუშაობა – სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილებზე, რომელიც   ყვავილების სერიაშიც არის გამოყენებული. დიდი ზომის ქსოვილებზე ვხატავდი აბსტრაქციებს.  ამ პერიოდში წიგნისთვის ვაკეთებდი კოლაჟებს და შემდეგ ეს კოლაჟები დაბეჭდილი გამოსახულების სახით გადავიტანე აბსტრაქტულ კომპოზიციებზე. ამ კოლაჟური აბსტრაქციების შემდეგ დავიწყე ყვავილების სერიაზე მუშაობა.  თავიდან  ამ ტექნიკას – ქსოვილზე აკვარელით ხატვას უფრო ექსპერიმენტული სახე ჰქონდა, ზოგჯერ ზეთსაც ვიყენებდი და მუშაობის პროცესში მუდმივად იყო სიურპრიზები. ახლა, ამ ტექნიკამ ყვავილების სერიაში სპეციფიკური სახე მიიღო, როცა თვითონ შესრულების პროცესი იქცევა გამოსახულების ეფექტად.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ნამუშევარში მკაფიოდ ჩანს, რომ ყვავილია დახატული,   ვცდილობდი, რომ გამოსახულება უფრო აბსტრაჰირებული ყოფილიყო, ისე, რომ არ  დამეკარგა ის ფორმა,  რაც არის მცენარე და მცენარის სტრუქტურა;  ვცდილობდი, შემენარჩუნებინა მისი მოცემულობა,  ყვავილის ფორმა და შეგრძნება. ამ სერიის შესრულება, სპონტანურობის გარდა, მოიცავს იმ მდგომარეობას, როცა არაცნობიერი – ცნობიერი ხდება და თან ამ პროცესს მასალის სპეციფიკურობაც მართავს. მასალაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. რეალურად, ეს „თამაში“ მასალიდანაც გამომდინარეობს და ამ შემთხვევაში სწორედ  აკვარელი, მისი „უფორმობა“ და უტექსტურობა გვაძლევს სიმსუბუქის შეგრძნებას; თუმცა მას თავისი ტექსტურა მაინც აქვს.

თითოეულ ნახატში რაღაც გარკვეული ფერების დომინაციას ვირჩევდი ან რაღაც ერთი  ფერის, ან მთლიანად გამის – ისე, რომ ერთი მომწვანო ყოფილიყო, მეორე – მოყვითალო და ა.შ. ყველა ნამუშევარს ამის მიხედვით ვაწყობდი. ფერებს ძალიან დიდხანს უნდა მომზადება,  ზოგჯერ 2-3 საათი, შეიძლება უფრო მეტიც;  ამიტომ  წინასწარ უნდა მოსინჯო, ცდები ჩაატარო – როგორ შრება თითოეული საღებავი, რა ფერს იღებს, რომ საბოლოოდ მიიღო ისეთი შედეგი,  როგორიც გინდა. გაშრობის შემდეგ ფერის სიძლიერე იკლებს, ამიტომ საბოლოოდ ფერის ინტენსივობა როგორი უნდა იყოს, ამას ინტუიციით და პრაქტიკით ხვდები. და, პრინციპში, ამას ვითვალისწინებდი, რომ სხვადასხვა ფერადოვნების გამოსახულებები მიმეღო. ეს იყო ერთ-ერთი ამოცანა – რომ  ყველა ერთნაირი არ ყოფილიყო.

ვახო ბუღაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.