ერთა ლიგის ტურნირის შეფასება
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
ერთა ლიგის ტურნირი ახალი მოვლენაა თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში და მის სტატუსთან დაკავშირებით ბუნებრივია, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.
მისი შეფასებისას კი აუცილებლადაა გასათვალისწინებელი საფეხბურთო გარემო, რომელშიც ის ცდილობს, რომ მოიპოვოს პოპულარობა და დაიმკვიდროს ადგილი.
ჯგუფურ ეტაპზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა A კატეგორია, სადაც პირობითად ევროპის 16 უძლიერესი ნაკრები განთავსდა და მაყურებელიც თითქოს ევროპის მინიჩემპიონატის სანახავად მოემზადა.
მესამე ჯგუფში თავი მოიყარეს იტალიის, ინგლისის, გერმანიის და უნგრეთის ნაკრებებმა.
ნებისმიერი კენჭისყრისთვის დამახასიათებელია ე.წ. საფეხბურთო ლირიკა, უახლოესი პერიოდის თუ წარსულში დამკვიდრებულ ტრადიციებს რომ ემყარება.
ტრადიციები კი რაოდენ უცნაურადაც უნდა გვეჩვენოს, აქტუალობას ათწლეულების შემდეგაც არ კარგავენ, რაც თუნდაც ინგლისის ნაკრების სამარცხვინო თამაშმა ცხადყო უნგრელთა წინააღმდეგ, რომლის ორმატჩიან რაუნდშიც ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენლებმა ერთი ბურთიც ვერ გაიტანეს და ხუთი გაუშვეს.
განა უნგრეთის ნაკრებმა არ აგრძნობინა ინგლისელებს გასული საუკუნის 50-იან წლებში, რომ ისინი ათი თავით აღემატებოდნენ მათ სათამაშო კლასით? ნუთუ ისტორია განმეორდა?
უახლესი წარსულის ტრადიციის გაგრძელება კი იმავე ინგლისელთა მარცხია იტალიის ნაკრებთან, რომელთანაც გარეთ საუთგეიტის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალში წაგების შემდეგ, ალბათ ვალდებულიც იყო, რომ ერთი თამაში მაინც მოეგო.
მაგრამ ნურას უკაცრავად. მეხუთე ტურის შემდეგ ინგლისელებს ერთადერთი ბურთი ჰქონდათ გატანილი და B კატეგორიის საგზური განაღდებული.
აი ბოლო ტურის მატჩი კი ზედმეტად ბანალური გამოდგა როგორც მათთვის, ისე მათი მოწინააღმდეგე გერმანიის ნაკრებისთვის.
მტკიცებით ვერაფერს ვიტყვით მატჩის სცენარის წინასწარ დაგეგმვის შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ ზედიზედ ორი მატჩის წაგება, ორივე გუნდის ისედაც შელახულ ღირსებას უფრო მეტად დასცემდა საკუთარ ქომაგთა წინაშე.
უხვგოლიანი ფრე კი საუკეთესო საშუალება იქნებოდა მებრძოლი სულისკვეთების და რაინდული ბრძოლის აღსაბეჭდად მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მაყურებელთა წინაშე, რომელთაც ფეხბურთში მხოლოდ გოლების ნახვა თუ აინტერესებთ…
შოუ შედგა და ყველა კმაყოფილი დარჩა მწვრთნელების, გარეთ საუთგეიტის და ჰანს-დიტერ ფლიკის თაოსნობით, რომლებიც დიდი ხნის უნახავი ძმებივით ეხვეოდნენ ერთმანეთს მატჩის დასრულების შემდეგ.
ჯგუფში პირველი ადგილი კი იმ გუნდმა დაიკავა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების გამო, აუცილებლად ესაჭიროებოდა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია.
იტალიის ნაკრებმა გასვლაზე „ცალი ფეხით“ მოუგო გადამწყვეტი მატჩი სწორედ ინგლისის გამამწარებელ უნგრეთს, რომელმაც სამი დღით ადრე, ასევე სტუმრად, დაამარცხა ჰანს-დიტერ ფლიკის იქამდე წაუგებელი ბუნდესნაკრები.
ბოლო ტურის შემდეგ ლიდერი მეორე ჯგუფშიც შეიცვალა, თუმცა აქ სიუჟეტი განსხვავებული იყო.
ესპანელები შინ შვეიცარიელებთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ ჯგუფში გალიდერებულ პორტუგალიის ნაკრებს ეწვივნენ, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუს თაოსნობით თითქოს უნდა მოეხერხებინა სასურველი ქულის მოპოვება.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ესპანეთის ნაკრები მისთვის ჩვეულ პირველ ნომრად „დასახლდა“ მეტოქის ნახევარზე, მაგრამ გაუთავებელი „ტიკი-ტაკა“ ხშირად ბურთის დაკარგვით მთავრდებოდა ხოლმე, რასაც ერთოდა მასპინძელთა ხშირი, საკმაოდ მწვავე კონტრიერიშები.
სტუმრებმა საბოლოოდ მაინც იმარჯვეს და ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს მატჩი, რომლის მიხედვითაც მათ უამრავი შეცდომა აქვთ გამოსასწორებელი, თუკი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვების სურვილი ამოძრავებთ…
ნიდერლანდების ნაკრები A კატეგორიიდან ერთადერთია, რომელმაც ჯგუფური ეტაპი თავიდან ბოლომდე მაღალ დონეზე ჩაატარა და უელსის ნაკრებთან ორივე მატჩის მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მოგების მიუხედავად, ახალი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის ხელში საკუთარ გულშემატკივრებს აშკარა წინსვლა დაანახვა.
თუმცა, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ნიდერლანდელთა უმთავრესი მეტოქე – ბელგიის ნაკრები მასზე ღირსეულად იასპარეზებს და უკეთეს შედეგს მიაღწევს.
განა ჩვეულებრივი ამბავი არაა დიდი გუნდებისთვის სერიოზული ტურნირის წინ არასახარბიელო შედეგების ჩვენება და შემდეგ ამ ტურნირის მოგება?
მაგრამ ამჯერად მდგომარეობა განსხვავებულია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის არც წინ და არც შემდგომ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება არ ეძლევათ და თუკი ამჟამად ესა თუ ის გუნდი საუკეთესო თამაშს ვერ უჩვენებს, სავსებით შესაძლებელია, რომ მან ამის გაკეთება მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ შეძლოს.
საუკეთესო ფეხბურთი კი ერთა ლიგის გათამაშების ბოლო ორ ტურში ხორვატებმა და დანიელებმა აჩვენეს.
ხორვატიის ნაკრები თავდაჯერებულობით თითქოს მადრიდის „რეალსაც“ კი ემსგავსება და ამ საიდუმლოს ამოხსნა არც ისეთი რთულია, რადგან საუკეთესო ფორმაში მყოფი ლუკა მოდრიჩი, როგორც ჩანს, შესანიშნავი დესპანია მადრიდელთა და ხორვატიის ნაკრების მწვრთნელთა შორის…
ხორვატებმა თავდაპირველად შესანიშნავ სტილში მოუგეს გონივრულად მოთამაშე დანიის ნაკრებს, შემდეგ კი ლიდერობის შესანარჩუნებლად გასვლაზე ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე დაამარცხეს ავსტრიის ეროვნული გუნდი, რომელმაც ნამდვილად კარგი მატჩი ჩაატარა და არაერთი საგოლე მომენტი შექმნა მოდრიჩის და მისი თანაგუნდელების კართან.
თუმცა მაშინ, როდესაც უნდა გაეტანა, ავსტრიამ ორი გოლი თავად გაუშვა და საბოლოოდ მაინც ვერ აიცდინა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე B კატეგორიაში დაქვეითება.
ხორვატებმა იცოდნენ, რომ პარალელურ შეხვედრაში დანიის ნაკრები ორბურთიანი უპირატესობით ამარცხებდა საფრანგეთს და მსოფლიო ჩემპიონს საწყის 45 წუთში ნაჩვენები თამაშის მიხედვით, მეორე ტაიმში მდგომარეობის გამოსწორების იოტისოდენა შანსი არ გააჩნდა.
სწორედ ამითაა დასაფასებელი ხორვატების მიერ მეორე ტაიმში გატანილი ორი უპასუხო გოლი, რაც მათ მყარ, გნებავთ, მადრიდის „რეალის“ დონის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მეტყველებს. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშის გამოცდილება კი ხორვატებს უკვე აქვთ…
ყოველივე ზემოთქმულის თანახმად, ერთა ლიგის ტურნირს მთლიანობაში სტატუსით ალბათ შუალედური პოზიცია უკავია ამხანაგურ მატჩებსა და თვით ევროპის ჩემპიონატს შორის, შესარჩევ ციკლზე საინტერესო კი იმითაა, რომ აქ ერთმანეთს თანაბარი კლასის გუნდები უპირისპირდებიან.
ერთა ლიგის ტურნირის კონკრეტულად A კატეგორიის უარყოფითი მხარე კი სწორედ დიდი გუნდების არათანაბარ მოტივაციასა და ამა თუ იმ მატჩის მოგების შემთხვევაშიც კი მათი მომზადების არასაკმარის დონეში გამოიხატება.
მაგრამ მათი ამგვარი დამოკიდებულება ტურნირის მიმართ, მისი დროში გაწელვიდან გამომდინარე, აბსოლუტურად გასაგებია.
ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი გადამწყვეტი მატჩების მოსაგებად ორი წლის მოუთმენელი ლოდინი კი B და C კატეგორიების გუნდების, მათ შორის საქართველოს ნაკრების და მის გულშემატკივართა ხვედრია.
თუმცა, ვინ იცის? საქართველოს ნაკრებს, რომელმაც წლეულს სანაკრებო სეზონი სარეკორდო 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაასრულა, იქნებ არც დასჭირდეს ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის ლოდინი და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზური მან შესარჩევი ციკლიდან მოიპოვოს?!





