პეტრე ოცხელით შთაგონებული თანამედროვე ხელოვნება ქუთაისში
26 სექტემბრიდან ქუთაისელების და ქალაქის სტუმრების ყურადღების ცენტრში დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის ფასადზე გამოსახული ნეონის ნათურებით შექმნილი “მფრინავი მღებავი” და პეტრე ოცხელის მხატვრობის მოტივებით მოხატული ნიკიტინის სკვერის კედლები მოექცა.
სიმბოლურია, რომ ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 115 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მის მშობლიურ ქალაქ ქუთაისს თიბისიმ საჩუქრად გადასცა თანამედროვე არტისტების – მარიამ საშას და თემო მაჭავარიანის მიერ შექმნილი პეტრე ოცხელის შემოქმედებით შთაგონებული ნამუშევრები.
“არსებობენ ხელოვანები, რომელთა ნამუშევრებიც ავტორისგან დამოუკიდებლადაც აგრძელებენ ცხოვრებას – ცოცხლდებიან ახალ მედიუმებში, განსხვავებულ სიბრტყეებზე, სხვადასხვა ადამიანის ხელით. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო ფორმაა, რაშიც არტისტის გავლენა მჟღავნდება საზოგადოებასა თუ ეპოქაზე. საქართველოში პეტრე ოცხელი ამის ნათელი მაგალითია”. – მარიამ საშა, გრაფიკული დიზაინერი.
თიბისიმ პეტრე ოცხელის შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო თუ სახელოვნებო პროექტი განახორციელა.
2017 წელს თიბისის მხარდაჭერით რესტავრაცია ჩაუტარდა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის კოლექციებში დაცულ პეტრე ოცხელის ესკიზებს. ესენი გახლდათ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ესკიზები, რომლებსაც მხატვარი სახელოსნოში, შემოქმედებითი ძიების პროცესში ქმნიდა, ვიდრე საბოლოო სახეს მისცემდა. სწორედ აღნიშნული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი თიბისის გალერეაში პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ექსპოზიციაზე “პეტრე ოცხელი – მუდმივად თანამედროვე”.
მომდევნო წელს კი, პროექტ 12-ის ფარგლებში, თიბისიმ თანამედროვე ხელოვანებთან ერთად, პეტრე ოცხელის ნამუშევრები ახალი ინტერპრეტაციით გააცოცხლა. ციფრული ხელოვნება, ნეონი, ვიდეო-არტი, ანიმაცია, 3D ხელოვნება და სკულპტურული ინსტალაცია – ეს ის სახელოვნებო მიმართულებებია, რომლებშიც ოცხელის ნამუშევრებმა ახალი შინაარსი და კონტექსტი შეიძინა. ეს იყო მცდელობა თანამედროვე არტისტებს ოცხელის შემოქმედებაზე დაყრდნობით შეექმნათ ახალი ნამუშევრები, რომელთა გამოფენას დედაქალაქმა 2018 წელს უმასპინძლა.
სწორედ პროექტ 12-ის მონაწილეები იყვნენ მარიამ საშა და თემო მაჭავარიანი, რომელთა შემოქმედება დღეს ქუთაისში გამორჩეულ ადგილს იკავებს. პროექტი ქუთაისის მერიისა და თიბისის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.