fbpx

ვუდი ალენი – სიცილით სავსე სახე და ცრემლებით გაჟღენთილი თვალები


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

(უფალი დუმს, – ახლა ერთი იმისთვის მიგვაღწევინა, ადამიანმაც ჩაიგდოს ენა!)

ვუდი ალენი

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვუდი ალენმა სარეჟისორო კარიერა დაასრულა და დარჩენილი დროის წერისთვის დათმობა გადაწყვიტა.

დავით კლდიაშვილის შემოქმედებაზე ამბობენ, ცრემლნარევი იუმორითაა დაწერილი და მკითხველშიც მსგავს განცდებს აღძრავსო. მართლაც, ძნელია, არ გაგეცინოს კირილესგან მასხრად აგდებულ პლატონსა და მათ მოგზაურობაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, არ დაგანაღვლიანოს იმ კაცის ამბავმა, რომლის ცხოვრების მთავარ მიზნად ძმის ყოლისგან განპირობებული შესაძლო საფრთხის არიდება ქცეულა. „პატარა თაღლითებშიც“ „გაალმასებული დაუხვდა“ ქალი მეუღლეს და ზენათიც ეგრე ხვდებოდა ოჯახის უფროსს – მკითხველი იცინოდა, მაგრამ არც ვუდის ფილმში შველოდა ოჯახს რამე და არც ბაკულას ღორები წყვეტდნენ ყოველდღე ღობის გადმონგრევას. 

დაბალი ჭაღარა კაცი სათვალეებითა და შეშლილი სახით.  ნიუიორკელი ინტელექტუალი, რომელმაც უამრავი ფილმი გადაიღო და სიკვდილს, სიცოცხლესა და სექსს გვერდი არსად არ აუარა. სულ სიკვდილს დასდევდა, მაგრამ გამონათქვამი სხვაგვარი დატოვა: „არ მეშინია სიკვდილის, უბრალოდ მინდა, იმ დროს იქ არ ვიყო“.  ცნობილს თვითკრიტიკულობითა და ახირებულობით, არ მოსწონდა თითქმის არცერთი თავისი ფილმი, „მანჰეტენს“ ისე გაუღიზიანებია, რომ კინოსტუდიისთვის მომდევნო ფილმის უანგაროდ გადაღება შეუთავაზებია. ფილმის – „შუაღამე პარიზში“ პრემიერა რომ შედგა, განაცხადა,  “ყელში ამოვიდა რომანტიკული კომედიები…” თვითონ არაფერი არ მოსწონდა რასაც იღებდა, ხალხს კი – პირიქით. 

ალენ სტიუარტ კონიგსბერგი, ჩვენთვის ცნობილი, როგორც ვუდი ალენი, ებრაულ ოჯახში დაიბადა. სწორედ ებრაული გაზეთისთვის იუმორისტული ტექსტების წერიდან დაიწყო, კინემატოგრაფიის ფაკულტეტი, გარიცხვის გამო, ვერ დაამთავრა, მაგრამ სასაცილო ამბების წერას არ შეეშვა და პოპულარულიც გახდა. ხუმრობდა თავის თავზე ტულუზ-ლოტრეკის ტანის ბიჭი, და საზოგადოებას თვითირონიით ართობდა. ამას მერეც ვერ გადაეჩვია და კინოც საკუთარი თავის დაცინვაზე ააგო, ხან ბანდიტად მოგვევლინა, ხან კი ფილოსოფიური აზრებით გაჟღენთილ შეყვარებულად. მერე იყო ბროდვეისთვის პიესები, ჯაზის საღამოები და მის ცხოვრებას რეფრენად გადევნებული სევდიანი, მაგრამ ძალიან სასაცილო პათოსი. 

თავისი ფილმების სიუჟეტის მთავარ ხაზად საუბრის ხელოვნება აირჩია, საუბრისა, რომელიც სავსეა სარკაზმითა და შავი იუმორით, რომელსაც მატერიალური ან სულიერი სიდუხჭირით განცდილი დრამა მოჰყვება. „მატჩ პოინტი“, „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“, „შუაღამე პარიზში“, „მანჰეტენი“, „ენი ჰოლი“… უცბად აღმოაჩენ, რომ მისი ყველა ფილმის ჩამოთვლა შეუძლებელია. 50 წლისას 50-ზე მეტი ფილმი ჰქონდა გადაღებული. ერთხელ ვიღაცამ სტივენ კინგზე იხუმრა, თავის ასაკზე მეტი წიგნი აქვს დაწერილიო – ვუდი ალენმა კი, თითქოს ეგ ხუმრობა გაიგო და შეასრულაო, ლამის თავის წლოვანებაზე მეტი ფილმი გადაიღო (86 წლის არის). 

უიმედობასა და მოულოდნელობაზე იღებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ მისი ფილმები ჰარმონიამდე მისაღწევად კი არა, არამედ ჰარმონიამდე მიუღწევლობების სიცხადეზე დასაკვირვებლადაა. სულ იმეორებდა, რომ მოულოდნელობის, როგორც უზარმაზარი მოვლენის გააზრება ქალის და კაცის ურთიერთობის მაგალითზე საუკეთესოდ ხერხდება და გვიჩვენებდა კიდეც იუმორში შეფარულ, ხშირად ყოველგვარი მორალისგან დაცლილ, უბედურ, მაგრამ სასაცილო, ძალიან სასაცილო ოჯახებსა თუ წყვილებს. 

ძალიან პირდაპირი რეჟისორი იყო, მარტივად ლაპარაკობდა ფინანსებზე, ევროპაში ფილმის გადაღების მატერიალური თვალსაზრისით უკეთესობაზე, გამოირჩეოდა არაორდინალური გამონათქვამებით და მაყურებელსაც მისნაირად აქცევდა. ეჭვგარეშეა, მისი ფილმების ყურების შემდეგ მნახველში გარკვეული დროით თავზეხელაღებულობა იღვიძებს და მისი შემდეგი ფილმის ნახვამდე არ ცხრება…

 

“ღმერთმა შეიძლება გვაპატიოს ჩვენი ცოდვები, მაგრამ ნერვულმა სისტემამ – არასოდეს…”

ვინმე ნეიტრალურად იყოს მის მიმართ განწყობილი, არ გამიგია – ან გიჟდებიან და სულ მას უყურებენ, ან არადა დასანახად ვერ იტანენ მისი ფილმებისთვის მახასიათებელ ხელწერას. მაგათაც მოულბო გული და „შუაღამე პარიზში“ გადაიღო – აბა, ვის არ გაუხარდებოდა პარიზის იმ გენიალური მცხოვრებლების –  ფიცჯერალდების, სალვადორ დალის, გერტრუდას, ჰემინგუეისა და სხვა გენიოსების ნახვა? მთავარ გმირს კი აბსურდი აარჩევინა, რეალობა დაავიწყა და იმ სამყაროში დატოვა, რითაც გვითხრა, რომ სამუდამო ბედნიერება, ჰარმონია და სიამოვნება ილუზიაა და მხოლოდ არარეალურ სივრცეში შეგიძლია მასთან მიახლოება. 

ადრე, მახსოვს, მისი ინტერვიუ წავიკითხე – სიყვარულზე ამბობდა, რომ გაუგებარიაო – შეიძლება სრულიად წარმოუდგენელი, სხვათა აზრით, შენთვის შეუფერებელი ქალი შეგიყვარდესო. მის ფილმებსაც ეს განწყობა დაატყო – ზუსტად რა მოგწონს, ვერასდროს იგებ. უამრავ სკანდალში გაეხვა, პერიოდულად პრესა მისი ქაოსური ამბებით იყო აჭრელებული, მაგრამ ფილმები გამოდიოდა და გამოდიოდა, მეტად სარკასტული, სევდიანი და ამავდროულად სასაცილო ხდებოდა. რეჟისორს სახეც ხომ ეგეთი აქვს – ღიმილისმომგვრელი, მაგრამ ნაღვლიანი. 

საქართველოში ფილმების გარდა წიგნებითაც გაიცნეს. „თანამდევი მოვლენები“ და „ჩემი აპოლოგია“ სასაცილო სკეტჩების კრებულებია, მაგრამ ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს და, საბოლოოდ, რეჟისორის პორტრეტს ხატავს. 

უხეშად და პირდაპირ თუ ვიტყვით, უეჭველია, რომ მისი ფილმები ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი დამაახლოებელი იყო ხელოვნებისა და ცხოვრების. უყურებ და ამჩნევ, რომ მსგავსი ან გადაგხდენია, ან თავისუფლად შეიძლება გადახდეს. მესმის, ჰემინგუეის ვერ ვნახავთ, მაგრამ არ მჯერა, რომ ვინმე არის ისეთი, ვინც „განუყრელი დღესასწაული“, „მშვიდობით, იარაღო“, „ვაიომინგის ღვინო“, „მოხუცი და ზღვა“ და მისი სხვა მოთხრობები წაიკითხა და ჰემინგუეისთან საუბარი არ მოუნდა. „შუაღამე პარიზში“ არის ჩვენს სურვილებზე, ჩვენს გონებაში გაცოცხლებულ წარმოდგენებზე, არარეალურზე და სწორედ ამიტომ, მშვენიერზე. 

თხრობა დავით კლდიაშვილზე საუბრით დავიწყეთ. ქართველ პროზაიკოსებში ყველაზე მეტად ის მიყვარს, სწორედ „ცრემლნარევი იუმორის“ გამო, – ეგრე ზუსტად და ძლიერად ამდენი სხვადასხვა ემოციის აღძვრა და დატაკება მკითხველისთვის არავის შეუძლია. ვუდი ალენის ფილმებიც ეგეთია, პატარ-პატარა სასაცილო ფრაზებითა და აბსურდული, მოულოდნელი წინადადებებით გაჟღენთილი საუბრებით. ნიუიორკელი, როგორც დავახასიათეთ, ტულუზ-ლოტრეკის ტანის, ასაკოვანი კაცი, უკვე კარგა ხანია, ამ ორი კონტრასტული ხასიათითა და განწყობით გვითრევს საკუთარ სამყაროში და თავს არასოდეს გვავიწყებს.

კოლუმბიელმა მწერალმა, ნობელისა და სხვა არაერთი პრემიის მფლობელმა, გაბრიელ გარსია მარკესმა პირველი რომანი „ფოთოლცვენა“ რომ დაწერა, –  არავინ არ დაუბეჭდა, მეტიც, გაბო იხსენებს, ერთმა გამომცემელმა დამცინა კიდეცო… ასეთი ისტორიები გენიოსებზე ბევრი გამიგია, – აინშტაინი მათემატიკაში ჩაიჭრა, ვუდი ალენი კინემატოგრაფიის ფაკულტეტიდან გამოაგდეს და უთხრეს არაფერი გამოგივაო… მსგავსი ამბები, მართლაც, მრავლადაა, მაგრამ მოცემულობაა ერთი: ვუდი ალენსაც დასცინეს, მარკესსაც, აინშტაინსაც, მაგრამ გადის წლები და ჩვენ ამ გენიოსებზე მოცინარ ხალხს დავცინით ხოლმე…

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვუდი ალენმა სარეჟისორო კარიერა დაასრულა და დარჩენილი დროის წერისათვის დათმობა გადაწყვიტა. ესეც უსასრულო დროის დასასრულივითაა, ამდენი ფილმი, ამდენი სკანდალი, ამდენი ქება და ამდენი კრიტიკა, მაგრამ მისგან დატოვებული უზარმაზარი კინომემკვიდრეობა, ჩვენი სიცილით სავსე სახე და ცრემლებით გაჟღენთილი თვალები.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.