fbpx

ფესტივალ „საჩუქარის“ საიუბილეო სეზონი 2022 წლის 15 ოქტომბერს გაიხსნება


გააზიარე სტატია

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ 25-ე საიუბილეო სეზონი 2022 წლის 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი თავის ერთგულ მაყურებელს, ხელოვანებს და კრიტიკოსებს წელსაც ტრადიციულად წარმოუდგენს უახლესი სახელოვნებო მოვლენების საინტერესო პანორამას.

დღევანდელ პოსტ-პანდემიურ დროში, კონტინენტზე მიმდინარე ომის ფონზე, საშემსრულებლო ხელოვნების ფუნქციის ხელახალი გადააზრება ევროპის ფესტივალებისთვის მთავარ ამოცანად იქცა. ამიტომაც, 2022 წლის ფესტივალი „საჩუქარი“ ბერძნულ სათავეებთან ბრუნდება, ევროპული თეატრის დასაბამთან და სეზონს „ბერძნული ფოკუსით“ იწყებს: რადგანაც ბუნების კანონზომიერება ხშირად გვიბიძგებს დავუბრუნდეთ საწყისს, გენეზისს, რათა მეტი გავიგოთ საკუთარი თავის შესახებ, იმ კულტურის შესახებ, რომლის შექმნაც გვჭირდება ახლა. „ბერძნული ფოკუსის“ ფორმატში მსოფლიოში წამყვანი ხელოვანების დადგმები, ვორკშოფები, ლექციები, მასტერკლასები და საგანგებოდ დადგმული საპრემიერო წარმოდგენა ფესტივალის მასპინძელ თეატრებში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბაზაზე გაიმართება.

წელს ფესტივალი მასპინძლობს სამ ბერძენ ხელოვანს, რომელთა შემოქმედებაც სრულყოფილების მაგალითია: თბილისს ეწვევა ბერძნული თეატრის ლეგენდარული რეჟისორი, მეცნიერი და პედაგოგი – თეოდოროს ტერზოპულოსი. 1993 წლიდან იგი მსოფლიო თეატრალური ოლიმპიადის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარეა – ჩვენი სამყაროს მთავარი და უპირველესი მულტიკულტურული და მულტიდისციპლინარული ფესტივალის დამფუძნებელი.

„ბერძნულ ფოკუსს“ გააგრძელებს გამოჩენილი ბერძენი მწერლის – დიმიტრის დიმიტრიადისის – ჩამობრძანება საქართველოში. კრიტიკოსთა შეფასებით, ცოცხალ მწერალთა შორის სწორედ დიმიტრიადისია ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძენი დრამატურგი, რასაც უახლესი სტატისტიკაც ამტკიცებს: მისი ნაწარმოებების კრებულები, გაყიდვების მიხედვით, მე-3 ადგილზეა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ჩვენს ფესტივალზე გაიმართება მისი ნაწარმოების – “ვკვდები, როგორც ქვეყანა” – ქართული პრემიერა, ზურა ყიფშიძის მონაწილოებით (მონოდრამის რეჟისორი – ქეთი დოლიძე). პიესის ტექსტი თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს და ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მრავალწახნაგოვან ტექსტად ითვლება მე-20 საუკუნის ბერძნულ ლიტერატურაში.

ასევე ფესტივალს ბათუმიდან ეწვევა ზვიად ბოლქვაძის მუსიკალური მონოდრამა “მედეას ვნებები”, ოთარ ჭილაძის ტექსტის მიხედვით. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი – ზაზა სიხარულიძე. დადგმა გაიმართება ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში „ბერძნული ფოკუსის“ ფარგლებში, რომელსაც დაასრულებს ავანგარდული ბერძნული თეატრის საკულტო ფიგურა, ცნობილი ბერძენი რეჟისორი და ფესტივალის „საჩუქარი“ საერთაშორისო დირექტორი, მიხაილ მარმარინოსი, საფესტივალო შეხვედრით „საუბრები თეატრზე“.

ასევე, გვინდა აღვნიშნოთ იტალიის საელჩოს განსაკუთრებული წვლილი. მასთან თანამშრომლობით ფესტივალის 25 წლის საიუბილეო სეზონზე მილანური თეატრალური დასი – PROXIME RES – წარმოგვიდგენს იტალიური კომედიის დიდი რეფორმატორის, კარლო გოლდონის, ცნობილ პიესას – „სასტუმროს დიასახლისი“ (La Locandiera). ეს პიესა საკმაოდ პოპულარულია საქართველოში, იგი არა ერთხელ დაიდგა თბილისის, სოხუმისა და ბათუმის თეატრებში.

საყურადღებოა წლევანდელი ფესტივალის საგანგმანათლებლო პროგრამაც, რადგან პირველად მისი არსებობის 25-ე საიუბილეო წელს „საჩუქარი“ სტუდენტურ ფრინჯ (eng: FRINGE) ფესტივალს აარსებს. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სტუდენტური ფრინჯ ფესტივალი „საჩუქარის“ ფარგლებში ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება და მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენად იქცევა ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო და სახელოვნებო ცხოვრებაში.

სტუდენტური ფესტივალი საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს ისწავლონ ერთმანეთისგან, შთააგონონ და ითანამშრომლონ, შექმნან ახალი პროფესიული კავშირები, რომლებიც შესაძლებელია მთელი მათი კარიერის მანძილზე გაგრძელდეს. ისე, როგორც თბილისის კამერული თეატრი, რომელიც ახალგაზრდა თანამოაზრეების დიდი სურვილისა და ძალისხმევის შედეგად დაარსდა, გიორგი აფხაზავას ხელმძღვანელობით, სადაც ფესტივალის ფარგლებში “დონ კიხოტ ლამანჩელის” მისტერია გაიმართება.

წელს ფესტივალი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ქართველ მსახიობებს, მონაწილეობა მიიღონ თეოდორ ტერზოპულოსის საერთაშორისო სახელოსნოში, სამდღიან სავარჯიშო პროგრამაში, სამსახიობო ოსტატობის ტერზოპულოსის მეთოდის შესასწავლად.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.