ნან გოლდინი: ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე
ავტორი: ნინკა მამულაშვილი
„ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე“ გოლდინის პირველი და ყველაზე სახელგანთქმული წიგნია. ის ეტალონად რჩება იმ ფოტოგრაფებისთვის, რომლებსაც ისევე, როგორც თავად გოლდინს, ერთდროულად საჯარო და კერძო გამოფენის – „ყოფნის“ (being) სწამთ. 173 სურათი ქალსა და მამაკაცს, მამაკაცსა და მამაკაცს, ქალსა და ქალს შორის ურთიერთობებს საძინებლებში, ბარებში, ბორდელებში, მანქანებში, სანაპიროებზე, ბოსტონში, ნიუ-იორკში, ბერლინში და მექსიკაში აღწერს – ადგილებში, სადაც გოლდინი (რომელმაც სახლი 14 წლის ასაკში დატოვა) ცხოვრობდა და რომლებიც ფოტოგრაფის და მისი მეგობრების თავგადასავლების ერთგვარ ფოტოარქივს წარმოადგენს. გამოსახულებები სამყაროს შავ-თეთრ ფერებში არ წარმოაჩენს, გოლდინის ინტერესის სფერო სექსის, სიზმრების, ლტოლვის და დაშორების სამყაროს ჟესტები და ფერები იყო – წითელი და ვარდისფერი, მუქი შავი და ლურჯი.
გოლდინის მშობლები, ჰაიმანი და ლილიანი, სიღარიბეში ცხოვრობდნენ. როგორც თავად გოლდინი ამბობს, „ისინი ინტელექტუალი ებრაელები იყვნენ, რომლებსაც ფული ნაკლებად აინტერესებდათ: „ერთადერთი რაც მამაჩემს ადარდებდა, ჰარვარდში მოხვედრა იყო.“ ჰაიმანი და ლილიანი ერთმანეთს ბოსტონში შეხვდნენ და 1939 წლის 1-ელ სექტემბერს იქორწინეს, იმ დღეს, როდესაც გერმანია პოლონეთში შეიჭრა. ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსი, ნენსი, 1953 წელს დაიბადა და სილვერ სპრინგის გარეუბანში გაიზარდა. გოლდინს ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან სურდა კონვენციური სამყაროს მიღმა გასულიყო.
ოჯახში მუდმივი დაძაბულობის და კონფლიქტის დროს გოლდინის ემოციური თავშესაფარი მისი უფროსი და, ბარბარა, იყო, რომელიც მოზარდობის პერიოდში ფსიქიკურ აშლილობას ებრძოდა. გოლდინი 11 წლის იყო, როდესაც ბარბარამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ფოტოგრაფი წიგნში ჰყვება, რომ გლოვის პერიოდში, ის უფროსმა მამაკაცმა შეაცდინა. მისი თქმით, „ამ უდიდესი ტკივილისა და დანაკარგის პერიოდში, ძლიერმა სექსუალურმა მღელვარებამ თითქოს გამომაღვიძა. დანაშაულის მიუხედავად, დაუოკებელი სურვილით ვიყავი შეპყრობილი.“
13 წლის ასაკში გოლდინი „The East Village Other“-ს კითხულობდა, Velvet Underground-ს უსმენდა და ნარკოტიკებს ეტანებოდა. მას სურდა იმ შემზღუდველი სოციალური როლებისგან გათავისუფლებულიყო, რომლებითაც ქალების უმრავლესობა განსაზღვრავდა საკუთარ თავს: ქალიშვილი, ცოლი, დედა. ერთი წლის შემდეგ გოლდინმა ოჯახი დატოვა და ბავშვთა სახლში ამოყო თავი. ის Satya Community სკოლაში სწავლობდა, სადაც მან პირველად აიღო ხელში კამერა და მისი ტრანსფორმაცია ნენსიდან „ნან“-ადაც სწორედ ამ პერიოდში მოხდა – აღნიშნული მეტსახელი გოლდინს მორიგმა ფოტოგრაფმა და ჰომოსექსუალმა მეგობარმა დევიდ არმსტრონგმა შეარქვა. მეგობრები განუყრელები იყვნენ: დადიოდნენ კინოში, გატაცებული იყვნენ ენდი უორჰოლითა და 30-იანი წლების კინოვარსკვლავებით: ბეტი დევისითა და ჯოან კროუფორდით. ფოტოგრაფია მალე გოლდინის და მისი მეგობრების ცხოვრების ვიზუალურ დღიურად იქცა.
შესაძლოა, გოლდინის მოთხოვნილება – საკუთარი ცხოვრების დოკუმენტაცია მოეხდინა და მოგონებები ფოტოებზე აღებეჭდა, მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების კომპენსაცია იყო, კერძოდ, დის სიკვდილის. ფოტოგრაფის თქმით, ოჯახის დატოვების შემდეგ და ახალი იდენტობის შექმნისას მასში დის მოგონება განელდა: „მისი ჩემებური ვერსია მახსოვს, რას ამბობდა, რას ნიშნავდა ის ჩემთვის. მაგრამ არ მახსოვს სინამდვილეში ვინ იყო იგი…როგორ გამოიყურებოდა მისი თვალები, როგორ ჟღერდა მისი ხმა…მინდა ეს მოგონებები მუდმივად ცხოვრობდნენ ჩემში.“ ეს სურვილი გოლდინის ფოტოების ისეთივე მნიშვნელოვანი ატრიბუტია, როგორიც ადამიანი; სურათების გადაღება მისთვის ერთგვარი გაცვლაა, რომელიც სავსეა ლტოლვით, მიუხედავად იმისა, რომ მომენტი რეალურ დროში ქრება.
როდესაც გოლდის 18 წელი შეუსრულდა, ის ბოსტონში, მასზე ბევრად უფროს მამაკაცთან ცხოვრობდა. აღნიშნული პერიოდი მისი „ბალადის“ სერიის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრის: „Nan and Dickie in the York Motel, New Jersey“ ინსპირაცია გახდა. შემდეგ გოლდინი drag queen-ების ჯგუფს გადაეყარა და მათი გადაღება დაიწყო. ფოტოგრაფს drag queen-ების მემორიალიზაცია და Vogue-ის გარეკანზე მოხვედრა სურდა. მას არ აინტერესებდა ეჩვენებინა ვინ იყვნენ ისინი ბუმბულების და ფანტაზიის მიღმა: გოლდინს უყვარდა მათი თვითშემოქმედების სიმამაცე და განსხვავებულობა.
1974 წელს გოლდინი ბოსტონში, სახვითი ხელოვნების მუზეუმის სკოლაში არმსტრონგთან, ფილიპ-ლორკა დიკორციასა და მარკ მორისროსთან ერთად სწავლობდა. იქ გოლდინმა პენტაქსით, ფართოკუთხიანი ლინზებით და ფლეშით დაიწყო მუშაობა. 1976 წლის ზაფხულში მან არმსტრონგთან და მის საყვარელთან ერთად Provincetown-ში სახლი იქირავა, სადაც მწერალი და მსახიობი კუკი მიულერი გაიცნო, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გოლდინის მუზად იქცა. ზაფხულის დასასრულს ფოტოგრაფს მის მეგობრებთან ერთად გატარებული თითოეული მომენტი კამერაზე ჰქონდა აღბეჭდილი. იმის გამო, რომ მას ბნელ ოთახზე ხელი არ მიუწვდებოდა, გოლდინმა სლაიდ ფილმი გამოიყენა, რომელიც აფთიაქში დაამუშავა.
1978 წლისთვის გოლდინი ნიუ-იორკში გადავიდა. მისი ნამუშევრებით კურატორი მარვინ ჰეიფერმანი დაინტერესდა, რომელიც მაშინ Castelli Graphics-ში მუშაობდა. თუმცა, Castelli Graphics-ის ხელმძღვანელი, არტ დილერის, ლეო კასტელის ცოლი, ანტუანეტა, მიიჩნევდა, რომ გოლდინის ფოტოები ზედმეტად „უხეში“ იყო და წუხდა, რომ საზოგადოებაში გაღიზიანებას გამოიწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰეიფერმანმა ნან გოლდინი საბოლოოდ ჩართო ჯგუფურ გამოფენაში, ფოტოგრაფს თითქმის 10 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ სახელი მოეხვეჭა. იმ დროისთვის ფოტოგრაფიაში და ზოგადად, ხელოვნებაში გამოუთქმელი წესი იყო: ქალები მხოლოდ ხელოვნების ატრიბუტები უნდა ყოფილიყვნენ.
„ბალადა“ დროთა განმავლობაში ვითარდებოდა. გოლდინმა მუსიკოსთან დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც მუსიკას მის სლაიდებს უსადაგებდა, კერძოდ, 1980 წლის „Times Square Show“-სთვის – ახლა უკვე ლეგენდარული ჯგუფური გამოფენისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გოლდინმა სლაიდებისთვის საკუთარი საუნდტრეკის შექმნა დაიწყო.
ამის შემდეგ გოლდინმა ყოფილი საზღვაო ქვეითი, ბრაინაი, გაიცნო, რომელთან ერთადაც ნარკოტიკებში ჩაეფლო. 1984 წელს წყვილი ბერლინში იმყოფებოდა, სადაც ბრაიანმა მასზე ფიზიკურად ძალადობა დაიწყო, რის შედეგადაც გოლდინს თვალი დაუზიანა. ფოტოგრაფი ამერიკაში დააბრუნეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რათა მისი თვალი გადაერჩინათ. გამოჯანმრთელების პერიოდში მან ავტოპორტრეტი – „Nan one month after being battered“ (ნანი ცემიდან ერთი თვის შემდეგ) გადაიღო, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ „ბალადის“ ყველაზე შემზარავი იმიჯია.
გოლდის ფიზიკური ძალადობის შემდეგ მამაკაცების მიმართ შიში გაუჩნდა, მისი ნარკოდამოკიდებულება კი სულ უფრო ნაკლებად კონტროლირებადი ხდებოდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ბალადის“ ზოგიერთი სლაიდი გაკაწრულია, სწორედ ნარკოტიკების ზემოქმედებით იყო გამოწვეული.
Aperture Foundation-ის რედაქტორმა, მარკ ჰოლბორნმა „ბალადა“ 1985 წელს, Whitney Biennial-ზე ნახა. მისი თქმით, „ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვიზუალური გამოცდილება“ იყო, რაც კი ოდესმე ჰქონია. „ის საკუთარ ვიზუალურ ენაზე საუბრობდა, რაც უჩვეულო იყო.“ ჰოლბორნმა და გოლდინმა გადაწყვიტეს „ბალადა“ წიგნად ექციათ. ჰოლბორნი და გოლდინი დაუახლოვდნენ ერთმანეთს და მათი ურთიერთობა ემოციურად ინტენსიური გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლბორნი დაოჯახებული იყო. წიგნი 1986 წელს გამოიცა. „ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე“ იგივეა 80-იანი წლებისთვის, რაც რობერტ ფრანკის „ამერიკელები“ იყო 50-იან წლებში“. – ასე შეაფასა გოლდბერგის შემოქმედება New York Times-ის რეცენზიაში ენდი გრუნდბერგმა.
გოლდინის ნარკოტიკებზე დამოკიდებულება იმდენად გაუარესდა, რომ ის იშვიათად ტოვებდა სახლს. 1989 წელს ფოტოგრაფი სარეაბილიტაციო ცენტრში წავიდა, რის შემდეგაც ყოფილ საყვარელს, მოქანდაკე სიობჰან ლიდელს დაუკავშირდა. მისი ახალი, ფხიზელი სიყვარულის პორტრეტები, რომლებიც მან 80-იანი – 90-იანი წლების დასაწყისში გადაიღო, ყველაზე ესთეტიკურად ლამაზ ფოტოებს შორის არის და რაც მთავარია, „ბალადის“ ინტენსივობა არ აკლია. მოგვიანებით, გოლდინმა „ბალადა“ რამდენიმე მუზეუმს, მათ შორის Whitney-ს და MoMA-ს მიჰყიდა.
„დევიდ არმსტრონგი ფოტოგრაფიას მარგალიტების ძებნას ადარებდა. თუ მილიონ ფოტოს გადაიღებთ, გაგიმართლებთ, მათგან ერთი ან ორი თუ ივარგებს…მე არასოდეს მისწავლია კამერის კონტროლი. წიგნში ყველა შეცდომა დავუშვი. მაგრამ ტექნიკურმა შეცდომებმა განაპირობეს მაგია…შემთხვევითი ფსიქოლოგიური ქვეტექსტები, რომლებსაც განზრახ ვერასოდეს ჩავიფიქრებდი.“ – ნან გოლდინი.