fbpx

ფესტივალი “საჩუქარი” – 25 წლის საიუბილეო პროგრამა


გააზიარე სტატია

ავტორი:  ნინა გოჩიტაშვილი

 


მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო კინოხელოვნების ფესტივალი წელს 25-ე იუბილეს აღნიშნავს და მისი ფოკუს-ქვეყანა საბერძნეთი იქნება. პოსტპანდემიური სიტუაციიდან და მიმდინარე ომებიდან გამომდინარე, როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, საშემსრულებლო ხელოვნების ფუნქციის ხელახალი გადააზრება ევროპული ფესტივალების მთავარ ამოცანად იქცა. სწორედ ამიტომ, იგი უბრუნდება მის ფესვებს – საბერძნეთს, რომელიც დრამატურგიის აკვანს წარმოადგენს.

ფესტივალის ფარგლებში, “ბერძნული ფოკუსის” ფორმატში, დაინტერესებულ პირებს მასტერკლასები და ვორქშოფები ჩაუტარდებათ როგორც ფესტივალის მასპინძელ თეატრებში, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტისტიკისა და ნეოგრეციული ინსტიტუტის ბაზაზე.

წელს ფესტივალის სტუმარი იქნება სამი ბერძენი ხელოვანი: ბერძნული თეატრის გამოჩენილი  რეჟისორი, მეცნიერი და პედაგოგი – თეოდორ ტერზოპულოსი, ასევე მსოფლიოს პირველი მულტიკულტურული და მულტიდისციპლინური  ფესტივალის ხელმძღვანელი 1993 წლიდან, მწერალი-დიმიტრი დიმიტრიადისი, რომლის ნაწარმოების პრემიერა – ”ვკვდები, როგორც ქვეყანა”, სწორედ ფესტივალზე შედგება ზურა ყიფშიძის მონაწილეობით, ხოლო მონოდრამის რეჟისორი ქეთი დოლიძე იქნება. ასევე, ფესტივალს ეწვევა ზვიად ბოლქვაძის მუსიკალური მონოდრამა “მედეას ვნებები”, ოთარ ჭილაძის ტექსტის მიხედვით, ინსცენირების ავტორი და რეჟისორი – ზაზა სიხარულიძე. დადგმა გაიმართება ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში “ბერძნული ფოკუსის” ფარგლებში, რომელსაც დაასრულებს ავანგარდული ბერძნული თეატრის საკულტო ფიგურა და ფესტივალ “საჩუქარის” საერთაშორისო დირექტორი – მიხეილ მარმარინოსი, საფესტივალო შეხვედრით – საუბრები თეატრზე.

აღსანიშნავია ასევე იტალიის საელჩოს წვლილი ფესტივალის ფარგლებში. სწორედ მათთან თანამშრომლობით 25-ე სეზონზე მილანური თეატრალური დასი – Proxime Res წარმოგვიდგენს იტალიური კომედიის რეფორმატორის – კარლო გოლდონის ცნობილ პიესას – ”სასტუმროს დიასახლისი”.

საინტერესოა  ფესტივალის წლევანდელი საგანმანათლებლო პროგრამაც, რადგან “საჩუქარის” ფარგლებში გაიმართება აგრეთვე სტუდენტური ფრინჯ-ფესტივალი. პროექტი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სტუდენტური ფრინჯ-ფესტივალი ფესტივალ “საჩუქარის” ფარგლებში ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. ფესტივალი შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს ისწავლონ ერთმანეთისგან, შთააგონონ, შექმნან ახალი და საინტერესო პროფესიული კავშირები. ფესტივალის ფარგლებში თბილისის კამერული თეატრი, რომელიც დიდი ძალისხმევის შედეგად დააარსა გიორგი აფხაზავამ,  გამართავს “დონ კიხოტ ლამანჩელის” მისტერიას. 


წელს ფესტივალი საშუალებას აძლევს ქართველ მსახიობებს მონაწილეობა მიიღონ თეოდორ ტერზოპულოსის საერთაშორისო სახელოსნოს სამდღიან სავარჯიშო პროგრამაში სამსახიობო ოსტატობის ტერზოპულოსის მეთოდის შესასწავლად.

ფესტივალის პროგრამის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.